21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის პირველი გამოცდის შთაბეჭდილებები

spot_img

დღევანდელი საგამოცდო დღის პირველი სესია წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებს დაეთმო. დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 85%-მდე პედაგოგი, დაიგვიანა ორმა გამოსაცდელმა.როგორი იყო წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა, ამის შესახებ თვითონ გვიყვებიან გამოცდიდან გამოსული პედაგოგები.

 

მაია ბარბაქაძე, მარნეულის №3 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი

საგამოცდო ცენტრი – თბილისის №103 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი

გამოცდაზე ძალიან არამოტივირებულად შევედი, წინასწარი განწყობა მქონდა ძალიან დაბალი იმიტომ, რომ აქტიურად განიხილებოდა საგამოცდო საკითხები, თითქოს ადმინისტრაციული საკითხებიც იქნებოდა და ა.შ. ბუნებრივია, დამაინტერესა ამ საკითხებმა და მოსამზადებელ პერიოდში ამაზე ძალიან ბევრი დროც დავკარგე და დათრგუნულიც ვიყავი. რეალობა კი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. რაც დღეს გამოცდაზე ვნახეთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ პედაგოგებმა. ისეთი არაფერი შემხვედრია იმ 32 საკითხიდან, რაც ჩვენთვის სენსაცია იქნებოდა, მხოლოდ აუცილებელი საკითხები იყო, ძალიან კარგად გათვლილი. მაგალითად, გენდერული უთანასწორობა, მედიაწიგნიერება, ციფრული მოქალაქეობა და სხვ. კარგი გარემო იყო, მშვიდი, მომეწონა.

ვფიქრობ, ფუნქციურ წერაზე დრო სწორად ვერ გავანაწილე და უკმაყოფილო ვარ, თუმცა 8-ქულიანი კარგი იყო. ძალიან კარგი კითხვარი იყო, ჩვენი არგუმენტები რომ უნდა მოგვეყვანა, მაგალითად, შენი გამოცდილებით რას იზამდი, პლუს რა სტრატეგიებს დასახავდი, სადაც უკვე კარგად ჩანს ჩვენი შესაძლებლობები – თუ სტრატეგიები ვიცით და ყველაფერს სწორად მოვარგებ, ე.ი. კარგია.

ვფიქრობ, თუ კარგი შედეგი არ მექნა, შემოდგომაზე უკეთ მომზადებული გავალ, ახლა უკვე ვიცი რას გავაკეთებ – ასეთი განცდით გამოვედი გამოცდიდან, უკმაყოფილო ნამდვილად არ გამოვსულვარ. ჩემი ესე, როდესაც საგნის გამოცდაზე გავედი, კარგი ქულით შეფასდა და იქნებ, არგუმენტირებულად რაც ვწერე, ცუდი არ იყოს და მაინც იმედს დავიტოვებ, რომ კარგი შედეგი იქნება.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, კარგია, რომ ის განცდები, რაც წინასწარ მქონდა, არ გამართლდა. ბოლო ორი დღე ბატონ როლანდ ხოჯანაშვილთან და თიკო ლობჟანიძესთან მოტივირებულში ვუსმენდი ვებინარებს და კმაყოფილი ვარ. არგუმენტებზე (ჯერ დაწერეთ პრობლემა, შემდეგ განიხილეთ) კარგად მოვარგე, მაგრამ რაღაც მითითებები, რჩევები აუცილებელი იყო. ამ მხრივ, ტრენინგები არ გაგვივლია, როგორ და რა იქნებოდა, თუმცა გვაშინებდნენ, რომ მეტი რამ იქნებაო, რეალურად კი არაფერი არ იყო ისეთი, რაც მასწავლებელმა არ უნდა იცოდეს. მე ვერ შევაფასებ ჩემს თავს, წინა საგანზეც ასე მეგონა, რომ ვერ გავართვი თავი და 10 კრედიტი მოვიდა. ცოტა დაბალი თვითშეფასება მაქვს, მაგრამ ვნახოთ.

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, როგორ უნდა მოვიპოვო სტატუსი, პორტფოლიოს შევსებაში არ ვარ კარგად ინფორმირებული, ასეთ საკითხებში დახმარება გვინდა. აქ ისევ ბატონი როლანდის აზრებს გამოვიყენებ. რაღაც პატარა სასკოლო პროექტი მაქვს გასახორციელებელი, მერე რაიონისთვის მინდა დავგეგმო და ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს. მითხრეს, მერე ძალიან რთულიაო. 3 ღია გაკვეთილი, რომელიც სავალდებულო იყო, ჩატარებული მაქვს, სავალდებულო ტრენინგსაც, 20-საათიანს, 2-ჯერ დავესწარი – ერთს შარშან, ამ დროს და მეორეს წელს, მაისში. ეს არის, ჯერჯერობით, ჩემი პორტფოლიოს აქტივობა. ჯერ ჩემს შედეგს დაველოდები და მერე დავაზუსტებ რა აქტივობები დამჭირდება, რომ წამყვანი გავხდე. მე მარნეულში ვასწავლი და ჩვენი რაიონი ამ მხრივ ცოტა რთულია და მინდა, რომ ჩემს თავზე ცოტა მეტი ვიმუშავო.

 

სოფო ხვადაგიანი, ქუთაისის №23 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

საგამოცდო ცენტრი – ქუთაისის №1 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი

რთული გამოცდა ნამდვილად არ იყო. მომზადებულ მასწავლებელს ჩაბარება არ უნდა გასჭირვებოდა. ძალიან საინტერესო იყო ღია დაბოლოებიანი შეკითხვები იმიტომ, რომ ფაქტობრივად მანდ ჩანდა მასწავლებლის კომპეტენცია, პრაქტიკული ცოდნა, ანუ პრაქტიკულად როგორ მიუდგებოდა ამა თუ იმ საკითხს; შეძლებდა თუ არა პრობლემების ამოცნობას;  შესწევდა თუ არა ანალიტიკური უნარი, განესაზღვრა რა შედეგები მოჰყვებოდა ამ პრობლემს; მოეძებნა მათი გადაჭრის გზები.

საინტერესო იყო ასევე ფუნქციური წერაც. მოცემული იყო გენდერული პრობლემა – გოგონები არ იღებდნენ მონაწილეობას ციფრულ წიგნიერებაში ან ნაკლებად ინტერესდებოდნენ ტექნიკური საგნებით, მაგალითად, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. შესაბამისად, სკოლის დირექცია წუხდა ამაზე, უნდოდა ისეთი პროექტის დაგეგმვა, რომ ეს ბავშვები გააქტიურებულიყვნენ და ამისთვის დონორ ორგანიზაციას მიმართავდა. მართლა ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორ დაინახავდა მასწავლებელი ამ პრობლემას და როგორ მოაგვარებდა მას.

ერთი დავალება კვლევასთან იყო დაკავშირებული და აქ გული დამწყდა იმიტომ, რომ თვითონ დავალების პირობა იყო ცოტა ბუნდოვანი. შეიძლებოდა, თვითონ კითხვის სტრუქტურა ყოფილიყო ისეთი სრულყოფილი, რომელიც მიგვახვედრებდა, რას ითხოვდნენ ჩვენგან. ამ დავალებით მე ვერ გავიგე, რა უნდოდათ – იყო მონაცემი და რა უნდა გვექნა ამ მონაცემით, ბუნდოვანი იყო. ერთადერთი ამ დავალებაზე დამრჩა უკმაყოფილების შეგრძნება, სხვა მხრივ არანაირი სირთულე არ იყო, საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლებოდა შკითხვებზე პასუხების გაცემა. თან ისეთი საკითხები იყო, რომელთა შესახებ სულ ტარდება ტრენინგები და სულ გვაქვს ხოლმე ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებლებს. აქედან გამომდინარე, ვერც ერთ თემაზე ვერ ვიტყვით მასწავლებლები, რომ არ გაგვიგონია, ამის შესახებ ტრენინგი არ ჩაგვტარებია ან რესურსი/მასალა არ გვქონია. პირიქით, სულ რომ ტრიალებს ჩვენს სივრცეში, ისეთი თემები იყო შეტანილი საგამოცდო საკითხებში.

დახურული კითხვები უფრო რთული იყო და უფრო მეტად მოითხოვდა თეორიულ ცოდნას, ვიდრე ღია დაბოლოებიანი კითხვები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ღია დაბოლოებიანი დავალებები იმიტომ მომეწონა, რომ იქ კარგად გამოჩნდა მასწავლებლების პრაქტიკული უნარები.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ერთ გამოცდას აბარებენ და შემდეგ ქულების მოხედვით განისაზღვრება სტატუსი. ესეც ცოტა არასწორი მგონია. იმედია, სამომავლოდ ამასაც გაითვალისწინებენ იმიტომ, რომ ერთი ტიპის დავალებების მიცემა უფროსებისა და წამყვანებისთვის არა მგონია, სწორი იყოს. თავისთავად, წამყვანს მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე უფროსს, ამიტომ, ჩემი აზრით, არასწორი მიდგომაა, ორივე სტატუსის მასწავლებლისგან ერთი და იგივე მოითხოვო.

რაც შეეხება თვითონ გამოცდას, ვფიქრობ, ამ გამოცდის ჩაბარება არაფერს არ განსაზღვრავს მასწავლებლისთვის, ფინანსური სარგებლის გარდა. გამოცდაც და სტატუსიც მხოლოდ გარეგანი მოტივაციაა, რადგან ფინანსურ თემასთანაა მიბმული. შინაგანი მოტივაცია სულ სხვა რამაა, როცა მასწავლებელი მუდმივად დაინტერესებულია, სიახლეებს კვალდაკვალ მიჰყვეს, ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში და დანერგოს სიახლეები. მასწავლებლისთვის სწორედ ეს შინაგანი მოტივაციაა მთავარი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები