სკოლებში განათლების რეფორმის გუნდის ჩართულობითა და STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა STEAM პროექტების გამოფენა-კონფერენცია, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობდნენ.
განათლებაში STEAM მეთოდოლოგიის გამოყენება პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელების შესაძლებლობას გულისხმობს. STEAM განათლებას წვლილი შეაქვს ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა.
გამოფენაზე კერძო სკოლამ „მზეკაბანი 2007“, პროექტის ფარგლებში, წარადგინა რამდენიმე მოდელი: „შუქნიშანი“, „ხაზზე მავალი რობოტი“, „ავტომატური მორწყვის სისტემა“, „სახლის ელექტრონული განათება“, „ხელის ავტომატური დისპენსერი“ და „სუნთქვა“. პროექტს ხელმძღვანელობდნენ ისტ-ის წამყვანი პედაგოგი თეა დოლაკიძე და ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი თეა სამხარაძე.
ყველა მოდელმა შეხვედრის ორგანიზატორთა მოწონება დაიმსახურა და პროექტის მონაწილე მეშვიდე კლასის მოსწავლეები: ივა კვახაჯელიძე, ბექა შუღლაძე, ლუკა კირკიტაძე, ბარბარე მაჭარაშვილი, ანასტასია ქოჩიაშვილი, ლიკა გურული და ნიკოლოზ კლდიაშვილი (პედაგოგი – თეა დოლაკიძე) და მერვეკლასელები: ლიზი ბუიძე, ლიზი ტოფაძე, ნინი ლილუაშვილი და თეკლა არაბიძე (პედაგოგი – თეა სამხარაძე) სერტიფიკატებითა და მოდელების დამზადებისათვის საჭირო რესურსებით დაჯილდოვდნენ.
კონფერენციაზე მოპოვებული წარმატება უდიდესი სტიმულია როგორც პედაგოგებისთვის, ასევე მათი შეგირდებისთვის. მათ უკვე აქვთ გეგმა, თუ რომელ მოდელებზე უნდა იმუშაონ ახალი სასწავლო წლიდან!
აზა მემანიშვილი
კერძო სკოლის „მზეკაბანი 2007“ ხარისხის მენეჯერი