ფარნაოზ იორდანიშვილი
მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
🔷🔹 საზოგადოება ელის რეფორმის იმგვარ შეუქცევად სახე-ხასიათსა და მიმდინარეობას, სადაც თითოეული პიროვნების/მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობები, ტალანტი, განვითარების პერსპექტიული ვექტორები სიღრმისეული განხილვა-შესწავლის საგანი იქნება, როგორც ფასდაუდებელი რესურსი, მისი აღმოჩენა-წარმოჩენა, უწყვეტი განვითარება და რეალიზება კი – მთელი საზოგადოების, ერის, სახელმწიფოს მდგრადობის უმთავრესი საზომი.
თუ დეკლარირებული გრძელვადიანი საბოლოო მიზნები რაც შეიძლება მალე არ დაუახლოვდა რეალობას, რესურსცენტრის როლის გამოკვეთა რთული იქნება!..
🔷🔹 ჩვენ გვაქვს ამბიცია, იქნებ ჯანსაღიც, რომ კი არ მოვირგოთ სხვისი, თუნდაც საუცხოო რეფორმა, არამედ შევქმნათ ჩვენი, მხოლოდ ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული განათლების მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს და დაეყრდნობა საუკეთესო მსოფლიო გამოცდილებას.
თემის ინიცირება, საჭიროების განცდა, ცალსახად, ზემოდან მოდის, პროცესის სრულფასოვან მონაწილედ ჯერჯერობით საკუთარ თავს ვერ აღიქვამს ქვედა დონე – რეფორმის უმთავრესი ადრესატი.
უამრავი სახის აქტივობა-ჩართულობის უზრუნველმყოფი მცდელობები საკმაო მაინც ვერ არის. ალბათ, საჭიროა კომუნიკაციის ფორმების არსებითი, ხარისხობრივი გადახედვა-განახლება, აქაც რესურსცენტრის როლი შეუცვლელია.
🔷🔹 უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის არეალის შესაბამისად, აქტიურად ვართ ჩართული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. აქ რამდენიმე მიმართულებაა ჩაშლილი, რომელმაც უნდა მოახდინოს გაწეულ და გასაწევ ძალისხმევათა კონსოლიდირება — სად ვდგავართ ამ ეტაპისთვის და საით მივდივართ — ამ უმნიშვნელოვანესი კითხვებისთვის რეალისტური პასუხების გაცემა თავად განათლების სისტემის უკომპრომისო გამოცდაა.
🔷🔹 იმ რეალობაში გვიწევს არსებობა, როცა თავისუფლების და პასუხისმგებლობების ცნებების ძნელად თავსებადობის გამოვლინებები თავისი უამრავი სახესხვაობითაა წარმოჩენილი… თუმცა ამგვარ მოცემულობასთან არშეგუებაა განათლების სისტემის მთავარი გამოწვევაც.
🔷🔹 ზოგადად, საზოგადოების, ადგილობრივი თემის, მშობელთა წინაშე ანგარიშვალდებულების ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, გარდაუვალ აუცილებლობად მესახება სამეურვეო საბჭოების დაკომპლექტების პრინციპის რადიკალური ცვლილება. როგორც ცნობილია, სხვა მრავალ დანიშნულებასთან ერთად, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებას ევალება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის მისი მხრიდან ე.წ. „დემოკრატიის სკოლის“ ფუნქციის განხორციელება, რაც დღევანდელი მოცემულობით, სრულიად აცდენილია იმ რეალობასა და გამოწვევებს, რომელთაც განვითარების თანამედროვე სტანდარტები გულისხმობს.
🔷🔹სამეურვეო საბჭო, იმ საყოველთაო გამოცდილებით, რაც დაგროვდა,
მსუბუქად რომ ვთქვათ, ქმედუუნაროა და, შესაბამისად, შეუძლებელია, მუდმივად მიბმული იყოს მხოლოდ ერთ სკოლაზე.
ალბათ, განსახილველია ალტერნატიული მოდელები, თუნდაც სასკოლო ოლქების ფორმირების სახით, სადაც ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, სულ მცირე, 4-5 სკოლა გაერთიანდება, ასევე შესაძლოა, არჩევითობის პარალელურად, საბჭოში არსებობდეს სახელმწიფოს/თვითმმართველობის წარმომადგენლობითი პოზიცია პროფესიული პრინციპით და ა.შ.
🔷🔹 მაღალი ანაზღაურების დამსახურება-მოპოვება სკოლებში ვერ იქცა საკმარის პირობად სწავლა-სწავლების ხარისხობრივი გაუმჯობესებისთვის.
მასწავლებელი მეტ-ნაკლებად შეეგუა იმას, რომ პედაგოგის პროფესიული განვითარება სახელმწიფოს მზრუნველობის სფეროა, ხოლო მისი საპირწონე, საზოგადოებაში მასწავლებლის ავტორიტეტისა და პროფესიის მოთხოვნადობის ზრდის თვალსაზრისით, არასაკმარისადაა შეფასებულ-გააზრებული.
რესურსცენტრების ორგანიზებით, და რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, ადგილებზე ერთ-ერთ აქტუალურ/პოპულარულ კონკურსად შესაძლებელია განიხილებოდეს საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენი მუნიციპალური/რეგიონული კონკურსები — შესაბამისი მყარი პერიოდულობით და ყველასთვის მისაღებ-გასაგები დებულებით. ამგვარი კონკურსების ეფექტიანი ორგანიზება-წარმართვით არამხოლოდ სასკოლო საზოგადოებები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამ მოძრაობამ თვისებრივად ახალი ორიენტირების, ახალი კულტურის ფორმირებას შეუწყო ხელი ადგილობრივ თემებსა და საზოგადოებებში.
🔷🔹 ახალს არაფერს ვამბობ – ყველა ბავშვი იმსახურებს საუკეთესო სასკოლო გარემოს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სკოლებში რეაბილიტაციის არაერთი მიმართულება გადაიფარა (სან-ჰიგიენური კვანძები, ე.წ. დათბუნება-გადახურვის, კარ-ფანჯრების განახლება, გათბობის სისტემების მონტაჟი), სასურველ ნიშნულამდე მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სახელმწიფოს მხრიდან დაანონსებული პროგრამის ფარგლებში, ინტენსიურად განიხილება რამდენიმე სკოლის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტი.
🔷🔹 მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზებამდე ერთი წლით ადრე, რესურსცენტრის ინიცირებითა და ორგანიზებით, სკოლების საკმაოდ მაღალი ჩართულობით ჩატარდა მრავალსახეობრივი სპორტული ფესტივალი.
ჯიპრაიდის პროგრამის ფარგლებში, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას, ისე მოხდა, რომ ერთ-ერთმა სკოლამ, სხვადასხვა ფაქტორის გამოისობით, გარკვეულწილად, დისტანცირება მოახდინა თანამშრომლობის სივრციდან. რესურსცენტრის ინტერვენცია ამ შემთხვევაში (თხოვნის შესაბამისად და შედეგად), ჩვენდა მოულოდნელად, იმდენად ეფექტიანი გამოდგა, რომ ჯიპრაიდის ანგარიშში აისახა, როგორც უნიკალური გამოცდილება.
🔷🔹 ყველა სკოლა ინდივიდუალური ორგანიზმია, საკუთარი შიდა კულტურით, ფასეულობებით, ქცევისა და ურთიერთობების მოდელებით, რომელიც მოსწავლის შესაძლებლობების სრულყოფილად წარმოჩენის, მრავალმხრივი აღზრდა-განვითარების ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის უმთავრეს ამოცანებზეა ორიენტირებული.
ეს, ასე ვთქვათ, „გაკვალული გზაა“, თუმცა არის შემთხვევები, როცა დროული ინტერვენცია გარდაუვალი ხდება და ოდენ დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა პრობლემათა სიმწვავეს მხოლოდ აღრმავებს, კრიზისებს გადაულახავს ხდის. მსგავსი გამონაკლისების არსებობა მთელი სისრულით წარმოაჩენს ადეკვატური ბერკეტების საჭიროებას.