27 ივლისი, შაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

ესპანური კემპი ქართველებისთვის

გრძელდება წარმატებული თანაშრომლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია „სასკი ბასკონიას“ შორის – 7-12 ივნისს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზმა „ბასკონიას“ მორიგ კემპს უმასპინძლა. 2015 წლიდან მოყოლებული, ანალოგიური კემპი ყოველწლიურად ტარდება, წლევანდელ ვარჯიშებში 12-15 წლის 120-მდე მოზარდი ქართველი კალათბურთელი მონაწილეობდა. მათგან ესპანელები 16 საუკეთესოს აარჩევენ და ვიტორიაში, გენერალურ კემპზე მიიწვევენ. აღსანიშნავია, რომ მათ მიწვევას ესპანური მხარე უზრუნველყოფს.

„სასკი ბასკონია“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო სკოლაა, რომელსაც ევროლიგის გამორჩეული კლუბი „ბასკონია“ ჰყავს. ნბა-სა და ევროპის წამყვან კლუბებში მოთამაშეთა სელექციის მხრივ ეს სკოლა წამყვან სამეულში შედის. კემპის სასწავლო-საწვრთნელ და სამწვრთნელო პროგრამებს წამყვანი უცხოელი სპეციალისტები ატარებენ. სწორედ ისინი არჩევენ საუკეთესოებს, რომლებიც მერე ვიტორიაში, გენერალურ კემპზე მიჰყავთ, მათ უმეტესობას მომავალი განვითარებისთვის კონტრაქტს უფორმებენ და თავის კლუბში იტოვებენ. ამ კემპებზე არაერთი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა აღმოაჩინეს, რამაც სოლიდური შევსება მისცა ქართულ კალათბურთს. მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, საამისოდ კი გადაწყდა, ვერის ბაღში ბასკონიას საკალათბურთო აკადემია გაიხსნას.

ქუთაისმა უცვლელი ჩემპიონი შეცვალა

11 ივნისს „თბილისი მოლში“ გაიმართა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2006-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის – „ოქროს ლიგა“, რომელშიც 12 კლუბი მონაწილეობდა, საპრიზო ფონდი კი 260 ათასი ლარი იყო.

წლევანდელი „ოქროს ლიგა“ იმთავითვე განსხვავებული ჩანდა, რადგან არ მონაწილეობდა ამ ტურნირის უცვლელი ჩემპიონი – თბილისის „შევარდენი-2005“, რომელიც შესარჩევ ეტაპზე დამარცხდა და ფინალურ სტადიაზე ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე იმთავითვე გაცხადდა, რომ ტურნირს წლეულს ახალი ჩემპიონი ეყოლებოდა.

ტრადიციულად, მონაწილეთა შორის აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლები ჭარბობდნენ, დასავლეთიდან მხოლოდ ორი კლუბი იყო – ქუთაისის „ბაგრატი 2015“ და წყალტუბოს „წყალტუბო“. მცირერიცხოვნობის მიუხედავად, გამარჯვება დასავლეთის კლუბს დარჩა – ქუთაისელებმა ყველა მეტოქეს სძლიეს. წინასწარ ეტაპზე მათ „თელავს“ მოუგეს, ნახევარფინალში „ბაზალეთს“ აჯობეს, ფინალში კი თბილისის „ელვა“ დაამარცხეს. „ელვამ“ ფინალამდე „გორი“ და თბილისისავე „მებრძოლი – 2015“ ჩამოიცილა. ქუთაისელთა გამარჯვებას კიდევ უფრო ფასეულს ის გარემოება ხდის, რომ ბრინჯაოს მედლებს მათ მიერ დამარცხებული გუნდები – „ბაზალეთი“ და „თელავი“ დაეუფლნენ. თან, თელაველებმა ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში „მებრძოლი“ დაამარცხეს, რომელიც ბოლო წლებში მუდამ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, ამჯერად კი უმედლოდ დატოვეს.

უფროსებს არც ახალგაზრდები ჩამორჩნენ

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დარად, ქომაგთა გახარებას აგრძელებს საქართველოს ახალგაზრდული, 21-წლამდელთა ნაკრებიც – ამ დღეებში მათ გორში რუმინელი თანატოლები 2:0 დაამარცხეს. ჩვენებმა ორივე გოლი მეორე ტაიმის მეორე ნახევარში გაიტანეს, გამარჯვება კი „თელავის“ ფეხბურთელმა ცოტნე კაპანაძემ მოგვიტანა – დუბლი შეასრულა.

ეს გუნდები შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ რუმინულ ვოლუნტარიში გამართული პაექრობა ფრედ დასრულდა: 1:1. შეგახსენებთ, რომ ამას მალევე მოჰყვა ისტორიული წარმატება, როცა ჩვენებმა საფეხბურთო სამყარო გააოცეს და ბათუმში ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 დაამარცხეს.

რამაზ სვანაძის დამოძღვრილი 21-წლამდელები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და რუმინელებთან ახლანდელი თამაშიც იმ ტურნირისთვის მზადებას ისახავდა მიზნად. უფრო ადრე ჩვენებმა ისევ გორში, ამავე პროგრამის ფარგლებში,  ესტონელებიც დაამარცხეს – 4:1.

აღსანიშნავია, რომ საქართველო და რუმინეთი ევრო-23-ის თანამასპინძლები არიან და ორივე გუნდი მასპინძლის სტატუსით პირდაპირაა დაშვებული ფინალურ ეტაპზე.

დასასრულ, ახლადშექმნილ 18-წლამდელთა ნაკრებზეც ვთქვათ, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი ავარჯიშებს და – დიდი წარმატებითაც. ბოლო 1 კვირაში – 6 და 8 ივნისს, მათ რუსთავში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს სომეხ თანატოლებთან და ორივეში იმარჯვეს: პირველი პაექრობა 3:2 მოიგეს, მეორეში კი დიდი ანგარიშით, 5:1 იმარჯვეს.

მანამდე ჩვენმა 18-წლამდელებმა ასევე 2-2 შეხვედრა გამართეს სტუმრად შვეიცარიასთან და უნგრეთთან და ორივეში წარმატებით გამოვიდნენ: მეტოქეებს თითო შეხვედრა მოუგეს და თითოც ფრედ დაუმთავრეს.

ირაკლი თავაძე

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები