10 ივნისს, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით, პრაქტიკის კვლევის ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებში პროგრამის 8 პარტნიორმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ის მიგნებები, რომელიც საჯარო სკოლებში ჩატარებული მასწავლებელთა პრაქტიკის კვლევების შედეგად გამოვლინდა. USAID საბაზისო განათლების პროგრამაში პრაქტიკის კვლევის კომპონენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით განხორციელდა. პრობლემების იდენტიფიკაციისა და ფორმულირების შემდგომ მიღებული დასკვნები უნივერსიტეტების მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში აისახება.
USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნენსი პარკსიმ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც პროგრამა აკეთებს, სწორედ ეს პროექტია – პრაქტიკის კვლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ: „უნივერსიტეტები მუშაობენ სკოლებში და, ფაქტობრივად, მათ კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაცია მოაქვთ. შემდეგ ეს ყველაფერი აისახება მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებში, რომელსაც თავად ახორციელებენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც სკოლებში პრაქტიკის კვლევის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა.“
ფორუმს ესწრებოდა საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი, რომელმაც განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მასწავლებელთა მომზადების პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ლეა კაპლანი ამბობს, რომ პრაქტიკის კვლევა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, უკეთ ისწავლონ და გააუმჯობესონ თავიანთი მიღწევები. ასევე, კვლევა დაეხმარება პედაგოგებს, აღიჭურვონ ისეთი უნარ-ჩვევებით, რომ შეძლონ, სწავლასთან და განათლებასთან მიმართებაში, ქვეყანაში არსებული საჭიროებების დაკმაყოფილება. „USAID–ის საბაზისო განათლების პროგრამა, სწორედ ამ ფუნდამენტით, ამ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებითა და ტრენინგებით უზრუნველყოფს პედაგოგებს, რომლებიც მათემატიკასა და კითხვით უნარ-ჩვევებს შეასწავლიან მოსწავლეებს. ეს ყველაფერი კი, მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ მომავალი ლიდერები, განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და, საბოლოო ჯამში, დაეხმარონ საქართველოს გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვახორციელებთ ამ პროექტს. მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი პროგრამების მხარდაჭერას საქართველოში.“–ის
რით განსხვადება პრაქტიკის კვლევა ტრადიციული კვლევისგან და რეალურად რა დატვირთვა აქვს მას? USAID–ის საბაზისო განათლების პროგრამის მენეჯერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე ხაზგასმით ამბობს, რომ, ტრადიციული კვლევისგან განსხვავებით, პრაქტიკის კვლევის დროს ხდება ინტერვენცია და ცვლილება. „მთავარია, ეს იყოს ცვლილება უკეთესობისკენ – პრაქტიკის გაუმჯობესება. კვლევა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც კლასის დონეზე, ისე სკოლის. ბუნებრივია, კლასის საჭიროება სკოლის საჭიროებაში შედის. კონკრეტულად, ჩვენ შემთხვევაში, რასაც პედაგოგები ახორციელებენ უნივერსიტეტებთან, სტუდენტებთან და სკოლებთან ერთად, დაწყებით საფეხურზე სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. მისი მიზანი პროექტში ჩართული თითოეული მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაა, რაც, საბოლოოდ, სკოლის პარქტიკის გაუმჯობესებაცაა. რადგან USAID–ის საბაზისო განათლების პროგრამა დაწყებითი საფეხურის განათლებას მოიაზრებს, თავისთავად, კვლევაც ამ საფეხურზე განხორციელდა. აქ მთავარი ისიც არის, რომ სკოლა თავად ირჩევს საკვლევ საკითხს. ბუნებრივია, ჩვენ შევდივართ ჩვენი კომპეტენციით, სფეროებით და სკოლა კონკრეტდება, ამ სფეროში რა არის მისი საჭიროება: მათემატიკის სწავლების მიმართულება იკვლიოს, ქართულის თუ, ზოგადად, საკლასო მენეჯმენტის ან მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიმართულება.“
პროგრამის მენეჯერი პროექტის მრავალმხრივ სარგებელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ პრაქტიკის კვლევა აუცილებელია სკოლის განვითარებისთვის და თითოეული მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის, მას შემდეგ, რაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიზანმიმართულად ხორციელდება რელევანტური ჩარევა, ინტერვენცია, იმის შეფასებაც ხდება, რამდენად ეფექტიანი იყო ესა თუ ის ინტერვენცია, იმუშავა თუ არა. პროექტის კიდევ ერთი სარგებელი მომავალი მასწავლებლების ცოდნით შეიარაღება და პროფესიული საქმიანობისთვის მომზადებაა. „კვლევით იკვეთება პრობლემა/საჭიროება, რომელიც აქვს მასწავლებელს კლასში, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მთავარი. კლასში შევიდა აკადემიური სფერო – უნივერსიტეტი და შევიდა სტუდენტი, ანუ მომავალი მასწავლებელი. აი, ასეთი სამკუთხედი შეიქმნა. ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს – აკადემიური ცოდნით, გამოცდილებით მივდივარ სკოლაში და ვეხმარები მასწავლებელს, ვაძლევ რეკომენდაციას, როგორ აწარმოოს ეს კვლევა. ყველა მხარეს – სკოლას, უნივერსიტეტს (ლექტორსა და სტუდენტს) თავისი ნიშა და ფუნქცია აქვს კვლევის პროცესში. როგორც უნივერსიტეტი, ვეხმარები მასწავლებელს ლიტერატურის მოძიებაში, კვლევის მეთოდების შერჩევაში და ა.შ. რაც მთავარია, პროცესებში ჩართული მყავს სტუდენტები. ბუნებრივია, ისინიც იზრდებიან ამ მიმართულებით და მასწავლებელი, საბოლოოდ, ამ ყველაფერს ნერგავს კლასში. ცხადია, მასწავლებელი იძენს მეტ ცოდნას, რომელიც შემდეგ კოლეგებთან უნდა მიიტანოს. პროექტის მდგრადობაც ეს იქნება. სწორედ ამიტომ გვჭირდება მოტივირებული მასწავლებლები, მათ თავად უნდა ჰქონდეთ პროცესებში ჩართვისა და, რაც მთავარია, პრაქტიკის გაუმჯობესების სურვილი.“
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრაქტიკის კვლევამ უნივერსიტეტები დააახლოვა. ყოველკვირეულ შეხვედრებზე, კვლევის ყველა ეტაპზე, მონაწილეები პრეზენტაციებს მართავდნენ და ონლაინ სივრცეში, სადაც ყველა მასალა იტვირთებოდა, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო იყო ორი უნივერსიტეტის მაგალითი, რომლებმაც კვლევა ერთი და იმავე საკითხზე განახორციელეს, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. მსგავს შეხვედრებზე, გამოცდილების გაზიარებისას, ერთმანეთს აცნობდნენ დეტალებს, რა პრობლემები იკვეთებოდა და როგორი იყო მათი დაძლევის მეთოდები. როგორც პროექტის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, საბოლოო ჯამში, ეს ძალიან ეფექტური მიდგომა აღმოჩნდა როგორც სკოლის განვითარებისთვის, ისე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
პროექტში სულ 8 უნივერსიტეტია ჩართული და თითოეულმა, თავის რეგიონში, მთელი წლის განმავლობაში, მინიმუმ, ერთ სკოლაში განახორციელა პრაქტიკის კვლევა. თუმცა, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც – ქუთაისისა და თელავის უნივერსიტეტების სახით, როცა ერთი და იმავე საკითხზე ორ სკოლაში ჩაატარეს კვლევა და გააანალიზეს, როგორ იმუშავა კვლევის ფარგლებში დაგეგმილმა ინტერვენციებმა ორ სხვადასხვა ტიპის სკოლაში.
კვლევას წინ უძღოდა მასწავლებლებისა და უნივერსიტეტების გადამზადება. პროგრამის ფარგლებში, ტრენინგები ჩაუტარდათ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, რომლებმაც შემდეგ მასწავლებლები მოამზადეს პრაქტიკის კვლევისთვის. მათ პედაგოგებთან იმუშავეს და გაუზიარეს, რა არის პრაქტიკის კვლევა, რაში მდგომარეობს მისი არსი, რა ეტაპებისგან შედგება და ა.შ., გააცნეს შესაბამისი ლიტერატურა/მასალა. თუმცა, როგორც სოფიკო ლობჟანიძე ამბობს, ამ მიმართულებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ. „კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ ვასწავლოთ სკოლებს, უნივერსიტეტებს, რა არის ნამდვილი პრაქტიკის კვლევა, განსაკუთრებით კი, მასწავლებლებს“.
პრაქტიკის კვლევის შესახებ საუბრობს ახმეტის მუნიციპალიტეტის მაღრაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნონა პაპუნაშვილი, რომელმაც ახმეტის №2 საჯარო სკოლის პედაგოგთან, თამილა ჯანგირაშვილთან ერთად, განახორციელა კვლევა – „სასვენი ნიშნების გამოყენება მეხუთე კლასში“. პედაგოგი გვიყვება, რომ მათი კვლევა იმით იყო განსხვავებული, რომ ორმა პედაგოგმა იმუშავა ერთობლივად იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც საერთო აღმოჩნდა მათ კლასებში. ამის გარდა, საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ სხვადასხვა ტიპის სკოლებში განხორციელდა – მცირეკონტინგენტიან და მრავალრიცხოვან სკოლებში. სწორედ ამის გათვალისწინებით გაანალიზდა, თუ როგორ იმუშავა მათ მიერ შერჩეულმა ინტერვენციებმა 4 და 24-მოსწავლიან კლასებში. ნონა პაპუნაშვილის თქმით, კვლევის შედეგებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ განმსაზღვრელი აღმოჩნდა არა მოსწავლეთა რაოდენობა, არამედ ინტერვენციების სიხშირე. „მაღრაანის საჯარო სკოლაში ჩემი კვლევა ჩატარდა კლას-კომპლექტში, სადაც 4 მოსწავლეა, ხოლო ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში 24-მოსწავლიან კლასში. თითქოს შედეგი ჩემთან უკეთესი უნდა ყოფილიყო, რადგან უფრო ცოტა მოსწავლეა კლასში, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. ინტერვენციების სიხშირე და ფოკუსირება უფრო მეტად განმსაზღვრელი აღმოჩნდა, ვიდრე მოსწავლეთა რაოდენობა. ანუ, როცა ინტერვენციებს, დიაგნოსტიკურ ტესტებს, მუდმივ მუშაობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ამან შედეგიც მოიტანა. სულ სხვაგვარად ვფიქრობდი დასაწყისში, ბოლოს კი, სულ სხვა სურათი მივიღეთ. არა აქვს მნიშვნელობა კლასში ერთი მოსწავლე გყავს თუ ათი, მთავარია, მაქსიმალურად დაიხარჯო, თუ გინდა, რეალურ შედეგებზე გახვიდე.“
კვლევის ავტორი მასწავლებელი ამბობს, რომ კვლევის პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლდათ ის, რომ უშუალოდ იყვნენ ჩართული სტუდენტები, მომავალი მასწავლებლები: „ფაქტობრივად, ისინი პირდაპირ აკვირდებოდნენ ცოცხალ პროცესს, ლიტერატურის მოძიებასთან დაკავშირებით იქნებოდა ეს, კვლევის მეთოდების შერჩევასთან, ინტერვენციების შემუშავებასთან თუ სხვ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი რეალურ საკლასო სივრცეში აღმოჩნდნენ, დაინახეს მოსწავლეების საჭიროება, ამ ყველაფრის თანამონაწილეები გახდნენ, დააკვირდნენ პროცესებს და დასკვნები გამოიტანეს. ჩვენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვითანამშრომლეთ. ფაქტობრივად, ეს იყო კვლევა, რომელმაც მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან მომავალი და მოქმედი მასწავლებლები.
უმნიშვნელოვანესია USAID–ის საბაზისო განათლების პროგრამის როლი, ასევე უნივერსიტეტების, ჩვენი მენეჯერებისა და ტრენერების. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი, რომელიც მასწავლებლებს კვლევის განხორციელებაში მუდმივი რჩევებითა თუ უკუკავშირით დაგვეხმარა. ძალიან მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები და ცოდნა შევიძინეთ, რომელსაც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ კონკრეტული კვლევის დროს, არამედ მომავალშიც გამოვიყენებთ. საბოლოო ჯამში, კვლევის შედეგად, გამოიკვეთა პრობლემები, შემუშავდა ინტერვენციები და ეს პროგრესზეც აისახა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. პუნქტუაცია არ არის სასვენი ნიშნების გამოყენების მარტივი წესი, რომელთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრასაც, თუნდაც, ერთ წელში შეძლებ მოსწავლეებში და, ზოგადად, საზოგადოებაში. ასე რომ, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუაშო.
უდავოდ, მნიშვნელოვანი და ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდა პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის. გარდა იმისა, რომ კონკრეტული კლასის საჭიროებებზე ვიმუშავეთ, ზოგადად, შევიძინეთ კვლევის ჩატარების გამოცდილება. ჩემთვის ეს პირველი კვლევა იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ შემძინა პრაქტიკის კვლევამ – როცა ვვითარდები მე, ვითარდება ჩემი მოსწავლე, როცა მე ვცდილობ რაიმე უკეთ გავაკეთო, თავისთავად, ამას ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვცდილობ. საბოლოოდ, თუ როგორია ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა, ამას მოსწავლეების შედეგები აჩვენებს.“
პრაქტიკის კვლევის მეორე ეტაპი დასრულდა, გაგრძელდება თუ არა მომავალში, ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, პროცესი უნდა გაგრძელდეს და გარდა ამისა, პროექტის მდგრადობისთვის, როგორც პროექტის მენეჯერი ამბობს, კვლევაში ჩართულ სკოლებთან მუშაობის გაგრძელებაც მნიშვნელოვანია: „ესეც კვლევაა – ვნახოთ, როგორ იმუშავა პროექტმა, რა შედეგამდე მივედით და თუ დაგვრჩა სუსტი მხარე, რომ შემდეგ წელს მის გასაძლიერებლად ვიმუშაოთ. ამ ეტაპისთვის, ეს არ ხდება, თუმცა, შესაძლებელია, ამაზეც ვიფიქროთ.“ – ამბობს სოფიკო ლობჟანიძე.
ლალი ჯელაძე