რუმინეთში გოგონებიც გამოჩნდნენ
3-5 ივნისს, რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში, უმცროსი ასაკის ჭაბუკთა, 15-წლამდელთა შორის, ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ეს შედარებით ახალი, ბოლო წლებში შემოღებული წონითი კატეგორიაა, რომელსაც სხვანაირად სასკოლო ასაკსაც უწოდებენ და ერთგვარი გარდამავალი საფეხურია დამწყები სპორტსმენობიდან ჭაბუკთა ნაკრებისკენ.
შეჯიბრება სახელოვანი რუმინელი ვეტერანების – იოან მურეშანისა და ვასილ ბულარჩას – სახელობისაა. ჩვენი სპორტსმენები სამივე საჭიდაო სტილში გამოდიოდნენ – ბიჭებთან ერთად, გოგონების ნაკრებიც ასპარეზობდა. მართალია, სულ ორი წარმომადგენლით, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საჭიდაო ტურნირში მონაწილე გოგონათა შორის საქართველოც გამოჩნდა.
ჩვენმა 15-წლამდელებმა რუმინეთში დიდი წარმატებითაც იჭიდავეს და სამივე სტილში მოიპოვეს მედლები, ჯამში – 29 ჯილდო, აქედან 16 თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე მოდის, 11 – ბერძნულ-რომაულზე, 2 კი – გოგონებზე. გასაკვირიც არაა, რომ ბიჭების ორივე ნაკრებმა, თავისი სტილით ჭიდაობაში, გუნდურ ჩათვლაშიც გაიმარჯვა.
რუმინეთში ჩვენები განსაკუთრებული წარმატებით მაინც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამოვიდნენ, სადაც 16 მედალი დაისაკუთრეს – 8 ოქრო, 3 ვერცხლი, 5 ბრინჯაო. ამ გუნდმა 10 წონიდან 8-ში დაისაკუთრა ოქროს მედალი, ხოლო სამ წონაში – 52, 62 და 68-ში – სულაც ქართული ფინალი გაიმართა და გუნდური პირველობა მოიპოვეთ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენებმა 10-ივე წონაში მოიპოვეს მედალი.
ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ცურიაშვილი (38), მათე ცინაძე (41), გიორგი მაისურაძე (44), დავით პაპუკიშვილი (48), დიმა გოგიტიძე (52), ანრი გოგუაძე (62), კონსტანტინე პეტრიაშვილი (68) და ლუკა კვატაშიძე (75); ფინალში თანაგუნდელებთან დამარცხდნენ და მეორე ადგილზე დარჩნენ: დაჩი ჩალაძე (52), ლუკა ტატიაშვილი (62) და ნიკოლოზ მაისურაძე (68); ბრინჯაოს მედალოსნები არიან: ნიკოლოზ ბუხრაშვილი (44), საბა ტყემალაძე (48), იაკობ ქობულაშვილი (57), დავით გოგშელიძე (75) და გიგია ლუკუნიძე (85).
როგორც ვხედავთ, ჩვენები ჩემპიონები მხოლოდ ორ წონაში – 75-85-ში ვერ გახდნენ, თუმცა უმედლოდ არც ამ წონებში დავრჩენილვართ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კონსტანტინე პეტრიაშვილი ეროვნული ნაკრების ლიდერის, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონის, ოლიმპიადის ფინალისტის, გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმაა, ხოლო დავით გოგშელიძე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ოლიმპიადის ფინალისტის, გიორგი გოგშელიძის შვილი. ალბათ, ბევრს გახსოვთ კადრი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადიდან, ბრინჯაოს მოპოვების შემდეგ, გიორგი გოგშელიძემ კამერებს რომ ჩასძახა – დათუნა, შვილო, ოქრო ახლა არაა, მაგრამ შემდეგში იქნებაო. სამწუხაროდ, ოქრო არც მომდევნო თამაშებზე არ იყო, თუმცა მის მოსაპოვებლად უკვე დათუნა ემზადება. ისე, ოლიმპიური ოქრო ჯერ არც გენო პეტრიაშვილს აქვს და ღმერთმა ნუ ჰქნას, მისი მოსაპოვებელი კოტემ მოიპოვოს (მით უფრო, გენოს ჯერ კიდევ რჩება შანსი) – ვინძლო, პეტრიაშვილების ოჯახი პირველი აღმოჩნდეს საქართველოში, ორი ოლიმპიური ჩემპიონი რომ ეყოლება.
რაც შეეხებათ ბერძენ-რომაელებს, მათ რუმინეთში 11 მედალი დაისაკუთრეს – 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ: დავით გაბედავა (44), ერეკლე თავბერიძე (58), გიორგი როყვა (57), ლუკა კოჩალიძე (68) და გიორგი ალადაშვილი; (75). ტურნირის ვიცე-ჩემპიონები არიან: ნიკა დუმბაძე (38), სიმონ ბასილია (41), ლუკა ფიფია (52) და ლუკა მარტიაშვილი (75); მესამე ადგილზე გიორგი ბერიძე (48) და ვლადიმერ მინაძე (85) გავიდნენ.
გოგონათა დუეტიდან, ანა გოდელაშვილი (66) ფინალშიც კი გავიდა, თუმცა იქ დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ბრინჯაო მირანდა კაპანაძემ (50) მოიპოვა.
15-წლამდელებისთვის ეს ტურნირი ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპი იყო სეზონის უმთავრესი შეჯიბრების – 16-19 ივლისს ზაგრებში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მონაწილეთა გამოსავლენად.
„ახალგაზრდული ევროპის თასი“ – ქართველი ძიუდოსიტების წარმატება
4-5 ივნისს, თბილისის „დიდი მუზარადის“ პარალელურად, ავსტრიულ გრაცში ძიუდოისტთა „ახალგაზრდული ევროპის თასი“ ჩატარდა, სადაც საქართველოს ახალგაზრდული გუნდიც გამოვიდა – ბიჭებიც და გოგონებიც. თუმცა, მედლები მხოლოდ ბიჭებმა მოიპოვეს, მათი მონაგარი 6 ჯილდოა: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ჩემპიონი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე გახდა, მეორეზე გიორგი ჯაბნიაშვილი (81) და უჩა ტაბატაძე (+100) გავიდნენ, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები კოტე კაპანაძე (73) და მძიმეწონოსნები – გიორგი ტაბატაძე და საბა ქარდავ გახდნენ.
საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავედით. აღსანიშნავია, რომ მეორეზე გასულ ყაზახეთსაც, ასევე, 6 მედალი ჰქონდა, თუმცა მათ ოქროებით გვაჯობეს. თან, ჩვენს მეტოქეებს აქტივში გოგონების მედლებიც ეთვლებათ, ჩვენი მანდილოსნები კი გრაცში წარუმატებლად გამოვიდნენ.
ავსტრიაში ჩვენები, განსაკუთრებული წარმატებით, მძიმე წონაში გამოვიდნენ, სადაც კვარცხლბეკი მთლიანად ქართველებმა შეავსეს. საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორედ ხდება – 2 კვირის წინ, პოლონურ პოზნანშიც ასე იყო. თუმცა, მაშინ ახალგაზრდებში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ჭაბუკებში მსოფლიო ჩემპიონმა ირაკლი დემეტრაშვილმა იჩემპიონა, ახლა კი ის სულ უმედლოდ დარჩა – V ადგილი. ის და გურეშიძე, გრაცში, ერთ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათთან ერთად კიდევ ერთი ქართველი იყო – გერმანიიდან მოჭიდავე დანიელ უძილაური, რომელსაც დემეტრაშვილმა მოუგო, ჩვენი გუნდის წევრთა დაპირისპირებაში კი გურეშიძემ გაიმარჯვა. დემეტრაშვილი დამამშვიდებელ წრეში წარმატებით გადაერთო და 2 შეხვედრაც მოიგო, რითაც დამამშვიდებლის ფინალში გავიდა, მაგრამ იქ ქარდავასთან დამარცხდა. თავის მხრივ, ქარდავამ, ნახევარფინალში, უჩა ტაბატაძესთან წააგო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნახევარფინალის ოთხივე მონაწილე ქართველი იყო – პოზნანშიც ასე მოხდა.
დასასრულს, გეტყვით, რომ პოზნანის მედალოსანთაგან გრაცში მედლების მოპოვება ძმებმა ტაბატაძეებმა, გურეშიძემ და კაპანაძემ შეძლეს. 81 კილოგრამში, პოლონეთში, ქართული ფინალი ვიხილეთ – ალექსანდრე ლოლაძემ ალექსანდრე გულბიანს მოუგო. ამჯერად, ისინი უმედლოდ დარჩნენ, თუმცა ამ წონაში მედალოსანი მაინც გვყავს – გიორგი ჯაბნიაშვილი.