19 აპრილი, პარასკევი, 2024

განხორციელებულ ცვილილებას განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია სამწუხარო გადაწყვეტილებას უწოდებს

spot_img

მიმდინარე წლის 20 მაისს გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება (ბრძანება №61/ნ), რომლის თანახმად „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში“ცვლილება შევიდა:

„კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა, საჯარო სკოლის შემთხვევაში კი არანაკლებ 5 წევრისა.“

,,კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.“

განხორციელებულ ცვილილებას განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია სამწუხარო გადაწყვეტილებას უწოდებს და ცენტრალიზაციისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს.

გიორგი ჭანტურია: „ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებაა ისევე, როგორც წინა არაერთი გადაწყვეტილება (მაგ. ჭადრაკის სავალდებულო საგნად დამატება). სამწუხაროა იმ მიზეზით, რომ ცენტრალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც უკვე ზეცენტრალიზაციამდე მივყავართ.

ერთი და იმავე წრეზე ტრიალს ჰგავს ჩვენი განათლების სისტემაც. ისტორიას რომ გადავხედოთ, ამ ტიპის გადაწყვეტილებები არაერთხელ მიუღიათ. მაგალითად, შეგვიძლია სამეურვეო საბჭოები მოვიყვანოთ, რომელთა არჩევნებიც სულ მალე არის.

სამეურვეო საბჭოების შექმნა, იდეაში, პოზიტიური ნაბიჯი იყო. თუმცა, მასში განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა ჩასმა უკვე კონტროლის მექანიზმია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა ვერ განვითარდა, პირიქით, სულ უფრო უკან მიდის.

სამწუხაროა, რომ დღემდე გადაწყვეტილების მიმღებნი ვერ იაზრებენ თუ რამდენად საზიანოა სკოლის დამოუკიდებლობისა და ავტონომიის შეზღუდვა, რამდენად მოკლევადიანი და არასწორი გათვლაა მათივე ძალაუფლებისთვისაც.

წარმოიდგინეთ, დირექტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სკოლის ფუნქციონირებასა და მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, თავისი ნებით ვერ აჰყავთ სკოლაში მასწავლებლები, ამ კუთხითაც კონტროლდებიან.

გარდა ამისა, ვიცით, რომ მასწავლებლის პროფესიაში როტაცია თითქმის არ ხდება, ანუ კადრები, ფაქტობრივად, არც შედიან და არც გამოდიან სისტემიდან. ამასთან, საშუალო ასაკი საკმაოდ მაღალია. ამ ტიპის გადაწყვეტილებები საკითხს კიდევ უფრო დაამძიმებს და ხელს შეუშლის სისტემაში ახალი კადრების შესვლასა და პროფესიის პოპულარიზებას. გარდა ამისა, სკოლის ადმინისტრაციას გაურთულებს ცხოვრებას.

პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესო იქნება გადაწყვეტილების მიმღებთა არგუმენტაცია, რა მოტივით შეიტანეს ბრძანებაში ცვლილება და რა მიზანს ემსახურება ის.

დაბოლოს, როგორც იცით, ვმუშაობდით და მომზადებული გვაქვს სასკოლო განათლების ისტორიის კვლევა, სადაც აღწერა 2020 წელს წყდება. ბუნებრივია, მის განახლებასა და გაგრძელებაზე ბევრს ვფიქრობთ. როგორც წინა პერიოდებში მიღებული გადაწყვეტილებები იყო ნეგატიურად შეფასებული, დარწმუნებული ვარ, ახალ ანგარიშში, ეს გადაწყვეტილებაც უკიდურესად ნეგატიურად შეფასდება.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები