19 აპრილი, პარასკევი, 2024

საშუალოვადიან მიზნად აღიარებული კომპლექსური დავალების ტიპი მათემატიკაში

spot_img

მათემატიკის სწავლების დროს საშუალოვადიან მიზნად აღიარებული კომპლექსური დავალების ტიპი შეიძლება იყოს:

♦ პროექტული ტიპის დავალება;

♦ პრობლემის გადაწყვეტა (ღია ტიპის დავალება);

♦ პრობლემების გადაჭრა ტექნოლოგიების გამოყენებით;

♦ ინტერდისციპლინური დავალება, სამეცნიერო ექსპერიმენტის დაგეგმვა-შესრულება;

♦ კვლევითი ხასიათის დავალება;

♦ სამეწარმეო, სოციალური იდეა და სხვა.

ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ ე.წ. კომბინირებულ კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც არაერთ კოლეგას გამოადგება (ბუნებრივია, კლასისა და მოსწავლეების შესაძლებლობისა და ინტერესების გათვალისწინებით, მოდიფიცირება იოლია).

შენიშვნა: ამ შემთხვევაში, კომბინირებულ კომპლექსურ დავალებაში ვგულისხმობთ ინტერდისციპლინურ-პროექტული დავალებების სახეების შერწყმას.

შესაძლოა, ამ ტიპის დავალება საკლასო, ფორმალური სწავლებისას შესრულდეს, ასევე საკლუბო მუშაობის დროსაც. ავიღოთ საგრადა ფამილიას დეტალი „იუდას ამბორი“ და დავაკვირდეთ, რამდენად გამოგვადგება სწავლებისთვის.

მოსწავლეებს ეტაპებად შევთავაზოთ შემდეგი პუნქტები:

♦ მოიძიეთ ინფორმაცია ბარსელონაში მდებარე ტაძრის „საგრადა ფამილია“ შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე, გამოიყენეთ ინგლისური ენის მასწავლებლის კომპეტენცია ან ვებთარჯიმნები, საჭიროების შემთხვევაში; მოამზადეთ 5-წუთიანი პრეზენტაცია;

♦ „საგრადა ფამილიას“ შესახებ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, მოამზადეთ სხვადასხვა ტიპის დიაგრამები, სქემები (მონაცემთა შეგროვება და ანალიზი) კომპიუტერული პროგრამით (ექსელის ან რომელიმე სხვა პროგრამის გამოყენებით);

♦ მოცემული ფოტოს მიხედვით გეომეტრიული ფიგურების ანალიზი;

♦ მოცემულ ფოტოსთან დაკავშირებული სახარებისეული ინფორმაციის წარმოდგენა (ტექსტური ინფორმაცია), თხრობითი ტექსტის შედგენა;

♦ „33“-ის ანალიზი (ფოტომასალაზე დაყრდნობით);

♦ სამეწარმეო ბიზნესიდეის ჩამოყალიბება „ტური ბარსელონაში“ და წარმოდგენითი მოგზაურობა.

ჩამოთვლილი პუნქტების საფუძველზე მზადდება ერთი,  კოლაბორაციული პროექტი, რომელსაც ეყოლება რამდენიმე წარმდგენი. დავალების შესრულებისას ვითარდება რამდენიმე უნარი, თუმცა, ძირითადი უნარები, რომელიც მიიღწევა ამ დავალების შესრულებით, გახლავთ:

მოდელირების უნარი:

მოსწავლეს შეუძლია რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის (მოვლენის) ან არსებული ფაქტობრივი მტკიცებულების შესაბამისი მათემატიკური მოდელის შექმნა.

პრობლემის გადაჭრის უნარი:

მოსწავლეს შეუძლია ნასწავლის დაკავშირება ცხოვრებასთან და სხვა დისციპლინებთან.

მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მოსწავლემ შეძლოს: პრობლემის გააზრება, გეგმის შემუშავება, გეგმის მიხედვით მოქმედება, შეფასება (ჯორჯ პოლიას მეთოდი).

აქვე გთავაზობთ საორიენტაციო შეკითხვებს, რომლებიც დაგვეხმარება კომბინირებულ-კომპლექსური დავალების შესრულებაში:

♦ რას გულისხმობს შესასრულებელი დავალება?

♦ როგორ ეხმარება მათემატიკა ადამიანს აღნიშნული დავალებიდან გამომდინარე?

♦ რატომ გაჭირდებოდა „საგრადა ფამილიის“ აგება მათემატიკის გარეშე?

♦რატომ არის გამოყენებული რიცხვი 33 „საგრადა ფამილიაზე“ (მართკუთხედში ციფრთა ჯამი, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და დიაგონალურად, გვაძლევს ქრისტეს ასაკს – 33 წელს)?;

♦ რამდენად გვეხმარება მონაცემთა შეგროვება და ანალიზი დავალების შესრულებაში, რეალურ ცხოვრებაში?

♦ რატომ არის საჭირო პრობლემის კრიტიკული გააზრება?

♦ რატომ ადგენენ ადამიანები გეგმას? რატომ არის საჭირო გეგმის მიხედვით მოქმედება?

♦ როგორ შეაფასებდით საკუთარ ნაშრომს? რამდენად უმჯობესი გახდა დავალება ინდივიდუალური ნაშრომების შეჯერებით?

♦ რატომ ავარჩიეთ სამუშაოდ ინფორმაციები, რომელიც უკავშირდება „საგრადა ფამილიას?“ გარდა მათემატიკოსებისა, კიდევ ვის გამოადგება ის ინფორმაციები და უნარები, რაც დავალების შესრულებისას გამოიკვეთა?

♦ მსგავსი დავალების შესრულება არის თუ არა საინტერესო პროცესი? რა ისწავლეთ ამ დავალების შესრულებისას? რისთვის სწავლობენ ამგვარ ინფორმაციას ადამიანები?

გია შეყილაძე – სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები