უკვე რამდენიმე კვირაა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზეა გადასული, თუმცა ამჯერად კოვიდ პანდემია არაფერ შუაშია – სასწავლო ფორმატის მიზეზი სკოლის შენობის ავარიული მდგომარეობაა.
შემოდგომაზე ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ, ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ახლა მუნიციპალიტეტში სარემონტო მხოლოდ ერთი – საჭამიასერის საჯარო სკოლა დაგვრჩა, რომელსაც გამაგრებითი სამუშაოები სჭირდებაო. რემონტის დრო დადგა, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გარკვეული, შენობას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება თუ – დემონტაჟი და შემდეგ ახალს ააშენებენ.
ეს სკოლა იმთავითვე რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა და არა მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში; აქ დადიოდნენ ჩოხატაურის სოფელ ზემოხეთიდან, სამტრედიის მოსაზღვრე სოფლებიდან (მიჯნა მხოლოდ მდინარე ხევისწყალაა) – გორმაღალიდან და ქვაყუდედან, საკუთრივ საჭამიასერის თემში შემავალი სოფლებიდან – ქვემოხეთიდან, ჩომეთიდან, კალაგონიდან და მამულარიდან. ამათგან, ჩემს მახსოვრობაში, ბოლო ორს საერთოდ არ ჰქონდა სკოლა (არადა, საუკუნის წინ, პირველი სკოლა კალაგონში გახსნილა), ქვემოხეთში, ჩომეთსა და გორმაღალში დაწყებითი საფეხურის, ანუ 4-კლასიანი სკოლები იყო, ზემოხეთსა და ქვაყუდეში – 9-წლიანი.
ამ სკოლაში ბოლო ორი წელიწადი მეც ვისწავლე – მაშინდელ IX-X, ანუ დამამთავრებელ კლასებში (ახლანდელი XI-XII), რადგან ჩემს სოფელში – ზემოხეთში 8-წლიანი სკოლა იყო, მისი დასრულების შემდეგ კი დამამთავრებელ კლასებში საჭამიასერში დავდიოდით. ეს სკოლა 1990 წელს დავამთავრე, მაშინ, ახალი შენობის გარდა, სასწავლო პროცესი ძველ, ისტორიულ შენობაშიც ტარდებოდა, რომელიც იმ დროს ახალი ნაწილის უკანა ფლიგელად იყო ქცეული. ვერ ვიტყვი, რომ იქაურობა დიდად იყო დატვირთული, რადგან მაშინვე ეტყობოდა დროის მსახვრალი ხელი – ძირითადად, სათავსოებად იყენებდნენ, თუმცა გარკვეული კაბინეტებიც არსებობდა და გაკვეთილებიც ტარდებოდა. კარგად მახსოვს, რაღაცნაირი პირქუში შენობა იყო, დიდი ქვებით ნაგები, რომლებსაც ორნამენტებიც ეტყობოდა, თუმცა მისი დიდი წარსულის გამო, გვქონდა ერთგვარი მოწიწებაც ამ გოროზი კედლების მიმართ. შიგნით შედარებით ბნელოდა, რადგან მზეც არ უდგებოდა კარგად და არც საკმარისი განათება ჰქონდა – აღმოსავლეთიდან დიდრონი ნაძვების მწკრივი ჩრდილავდა, თუმცა, სქელი კედლების გამო, გვიან გაზაფხულზე, სასიამოვნოდ გრილოდა. მისგან დასავლეთით, ოდნავ ქვევით, რამდენიმე მეტრში, საკმაოდ დიდი სპორტული დარბაზი იყო. სამწუხაროდ, დღეს აღარც ის ისტორიული შენობაა და აღარც სპორტული დარბაზი – იმდენად ავარიული იყო, დემონტაჟი აუცილებელი გახდა, ისევ მოსწავლეთა უსაფრთხებისთვის, ახლა კი ყოფნა-არყოფნა თავად ახალ შენობასაც დაუდგა. მას თურმე სერიოზული ბზარები გაუჩნდა, რაც გარკვეული ინტენსივობით იზრდება და მთავარ პრობლემად იქცა.
ჩემს ბავშვობაში, ანუ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ეს სკოლა ერთ-ერთი წამყვანი და სამაგალითო იყო ჩოხატაურის რაიონში, როგორც ხიდისთავის, ბუკისციხის, დაბლაციხის და კიდევ რამდენიმე სოფლის სკოლა. ბუნებრივია, ეს აღიარება სკოლის შესანიშნავ კოლექტივს უკავშირდებოდა, რომელსაც სათავეში მართლაც რომ უნარიანი და კარგი ორგანიზატორი, რაიონში ცნობილი დირექტორი ვანო ქორიძე ედგა… სკოლას ეს პოზიცია არც მისი შვილის, აწ გარდაცვლილი ბეჟან ქორიძის დროს დაუთმია (ჩემს დროს სწორედ ის იყო დირექტორი, უკვე პენსიონერი ვანო ქორიძე კი გეოგრაფიას გვასწავლიდა. სხვათა შორის, მასწავლებელი იყო მისი მეუღლეც – თინა არჯევანიძე) და წარმატებით აგრძელებს დღესაც მათი მოგვარის – მზია ქორიძე-დუდუჩავას ხელმძღვანელობით. მას და მის კოლექტივს დამსახურებულად აქვთ საამაყოდ ოქროსმედალოსანი მოსწავლე, რაზეც დირექტორი ქვემოთ ისაუბრებს.
სკოლა 8 აპრილამდე იყო ონლაინ სწვალებაზე, 8-ში კი ალტერნატიულ ფართში გააგრძელეს სწავლა. ოღონდ ჩვენი ინტერვიუები სკოლის დირექტორ მზია ქორიძე-დუდუჩავასთან და მის მოადგილე ბესო ყენიასთან რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი.
მზია ქორიძე-დუდუჩავა:
ჩვენს სოფელში პირველი სკოლა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში გახსნილა – საჭამიასერის თემის სოფელ კალაგონში გაუხსნიათ სამრევლო-საერო სკოლა, სადაც, საეკლესიო საგნებთან ერთად, საეროც ისწავლებოდა, ხოლო გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობდნენ. ამის შემდეგ ლუკა ხუნდაძის თაოსნობით, 1904 წელს, ახალი სკოლის მშენებლობა დაუწყიათ იმ ადგილას, სადაც ახლანდელი სკოლაა, რომელიც 1914-ში დასრულებულა. სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ამ კარგი საქმის ერთ-ერთი ინიაციატორი ჩემი ბაბუაც ყოფილა დედის მხრიდან – ვასილ გუბელიძე, რომელიც თურმე მოსახლეობისგან შემოწირულ თანხებს კრებდა და ინახავდა. იმდენად დიდი ნდობა ჰქონია სოფელში, რომ მას ანდეს ამ ფულის მოკრება-შენახვა, მშენებლობისთვის საჭირო ქვებს კი მოსახლეობა აქვე, სოფელში, ქოფათას ხეობაში ამუშავებდა. აქ გახსნილა საშუალო სკოლა, რომლითაც, საჭამიასერის გარდა, სხვა სოფლების მოსახლეობაც სარგებლობდა – გორმაღალიდან, გამოჩინებულიდან, ზემოხეთიდან და სურებიდანაც კი გადმოდიოდნენ სასწავლებლად.
სამწუხაროდ, იმ შენობას, დროთა განმავლობაში, კედლები ჩემოეშალა, ნაწილობრივ სახურავიც ჩაიქცა, იატაკი დალპა. 100 წელზე მეტის იყო, ამიტომ მისი დემონტაჟი აუცილებელი გახდა და 2014 წელს დავშალეთ. ახალი შენობა ძველს წინიდან მოუშენეს. აღმოჩნდა, რომ სწორედ უკანა მხრიდან ჩაედინებოდა წყალი ახლის ფუნდამენტში, რამაც საფრთხე შეუქმნა ახალ სკოლას. თან, ის ისეთი ადგილია, მზე არ ხვდება და არ შრებოდა. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, ესეც მოახდენდა გავლენას ახალი სკოლის ბზარებზე.
ამიტომ გადაგვიყვანეს ონლაინ სწავლებაზე. უკვე შევარჩიეთ სახლი სოფელში და ველოდებით ნებართვას იქ გადასვლაზე, რათა სწავლა დასწრებულ რეჟიმში გავაგრძელოთ, ამასობაში კი, იმედია, გაარემონტებენ სკოლის შენობას. ესაა ახალაშენებული უცხოვრებელი სახლი – მეპატრონეები უცხოეთში ცხოვრობენ. ფართი საკმარისია, ორსართულიანი სახლია, ორივე სართული ყოველმხრივ კეთილმოწყობილია და სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. ვიმედოვნებ, დამრთავენ იქ გადასვლის ნებას, სადაც ერთ ცვლაში დავეტევით.
ჯერჯერობით არ ვიცით, რა დრო დასჭირდება ჩვენი პრობლემის მოგვარებას და როდემდე მოგვიწევს იქ ყოფნა. როცა ამ სახლს ვეძებდით, გვეუბნებოდნენ, რომ პატრონს 1-წლიან იჯარაზე მოვლაპარაკებოდით – ალბათ, ამდენი იქნება საჭირო. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეთი მოცემულობაა და მერე არ ვიცი, როგორ იქნება. ქირის ფული სკოლას აქვს – ბოლო წლებში რემონტი არც გაგვიკეთებია, რადგან აზრი არ ჰქონდა, წყალში გადაყრილი ფული იქნებოდა. სკოლას შეუძლია, თავისი შემოსავლებით დაფაროს ეს თანხა. თუმცა, შეიძლება, ქირაობა მხოლოდ ამ სასწავლო სეზონში დაგვჭირდეს, სექტემბრიდან კი – აღარ. სოფელში საბავშვო ბაღის ახალი შენობა აშენდა, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ამოქმედდება, ჩვენ კი ბაღის ახლანდელ შენობაში შევალთ. ახლაც გვინდოდა იქ შესვლა, თუმცა ვერ მოესწრო ბაღისთვის ახალი შენობის აშენება.
სამწუხაროდ, მიგრაციის გამო, მოსწავლეთა რაოდენობა შემცირებულია – ეს ახალი სკოლა 400 ბავშვზეა გათვლილი, თუმცა ამჟამად 76 მოსწავლე გვყავს. პედაგოგები არ გვაკლია. კვალიფიციური კადრები გვყავს – წამყვანი მასწავლებლები, ყველას ჩაბარებული აქვს გამოცდები. სხვათა შორის, ბავშვებიც კარგები არიან, პირველი ოქროს მედალოსანიც გვყავდა – სევერიან გუბელიძე ჩომეთიდან, შესანიშნავი ახალგაზრდა, ყველაფრით გამორჩეული ბიჭი. მოსწავლეობისას ინგლისა და საფრანგეთშიც მოუწია მოგზაურობა სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებებით. ჩვენი კურსდამთავრებულების უმეტესობა, ყოველ წელს, სტუდენტი ხდება, ბევრს გრანტიც კი მოუპოვებია…
ეს ახალი სკოლა 1972-73 წლებში აშენებულა. ფართი დიდია, შესაბამისად – საკლასო ოთახებიც. ყველაზე პატარა ოთახი 25 კვადრატია, თვითონ შენობა კი 3-სართულიანია. თუმცა, შენობას რაღაც ხარვეზები მაშინვე ჰქონია – მახსოვს, ამის შესახებ აწ გარდაცვლილი ჩვენი პედაგოგი გიგა მეგრელიძე გვეუბნებოდა. მისი თქმით, მაშინ, ინჟინერი დაუჭერიათ კიდეც. 2013 წელს კი შევარემონტეთ, მაგრამ ამან ბზარები ვერ შეაჩერა, ალაგ-ალაგ „მეტლახის“ იატაკიც ამოტყდა. კარ-ფანჯარა მეტალოპლასტმასისაა და ჩვენს თვალწინ მისი კედლებიც გაიბზარა. 2019 წელს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მოვიწვიეთ, რომელმაც დასკვნაში ჩაწერა, რომ შენობა კი არის ავარიული და ბზარებიანი, მაგრამ გამაგრებას ექვემდებარებაო.
ჯერ გეოლოგებს მიწის ანალიზი არ გაუკეთებიათ და არ ვიცით, ისინი რას გვეტყვიან. ასე რომ, ჯერ ისიც არ ვიცით, სკოლას გაარემონტებენ თუ ახალს აგვიშენებენ. ჩვენ კი გვირჩევნია, რომ გაარემონტონ და შენობა შეგვინარჩუნონ, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია ახალ სკოლას თუ ააშენებენ თანამედროვე სტანდარტებით – ადაპტირებული გარემო, ბიბლიოთეკა, სველი წერტილები შიგნით და ა.შ.
სკოლას ღია მოედანი აქვს, დარბაზი ადრე კი გვქონდა, მაგრამ ისიც დავშალეთ, რადგან ავარიული იყო და საფრთხეს შეიცავდა – სახურავიც დალპა და შესარემონტებლადაც ვერ ავუშვებდით ვერავის, ისეთ დღეში იყო. ამ წუთას სხვა განსაკუთრებული პრობლემა არ გვაქვს, ახალ შენობაში კი, როგორც გვეუბნებიან ყველაფერი იქნება. კომპიუტერებით მომარაგებასაც გვპირდებიან, რაც ამ დროისთვის საკმარისი არ არის. ახლა მთავარი საზრუნავია, სად შევინახოთ ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – იმ სახლში ყველაფერი არ დაეტევა და იქნებ ესეც სადმე კერძო ოჯახში დავასაწყობოთ. ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს, ბოლო წლებში ბევრი კარგი წიგნი შევიძინეთ. საბედნიეროდ, კარგი კოლექტივია, ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით და დარწმუნებული ვარ, ერთად მოვაგვარებთ ყველაფერს.
ბესო ყენია:
დაახლოებით 7-8 წელიწადია, რაც ეს პროცესი გააქტიურდა და ბზარები. ცოტ-ცოტას იმატებს. რამდენადაც ვიცი, ხელისუფლების მიდგომა ისეთია, რომ თუ სადმე სკოლას სჭირდება რემონტი, ან ახალია ასაშენებელი, ცდილობენ პრობლემა მთლიანად აღმოფხვრან. ამიტომაც შეჩერდა სასწავლო პროცესი ჩვენს სკოლაში. 2019 წლიდან ყოველწლიურად ვითხოვთ რემონტს და წელს მოგვაქციეს ყურადღება. არ ვიცი რა გადაწყდება, მაგრამ მე რომ მკითხონ, ამ შენობის დანგრევა არ მინდა – მთელი ბავშვობა აქ გავატარე, აქ ვსწავლობდი. მერე კი 35 წელიწადი აქ ვმუშაობ და რაღაცნაირად გული მწყდება, მაგრამ ახალს თუ ააშენებენ, თანამედროვე სტანდარტით, როგორც სოფელ გუთურში, სამებასა და შუა ამაღლებაშია, რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება.
ირაკლი თავაძე