მეგი როსტიაშვილი-წიკლაური
თბილისის ისან-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
რესურსცენტრის როლი ზოგადი განათლების რეფორმაში
ზოგადი განათლების რეფორმის მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ისეთი უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა, რომელიც კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
თავის მხრივ, რეფორმა ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს მოსწავლეებისთვის, გახდნენ საზოგადოების წარმატებული წევრები.
მოგეხსენებათ, რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. შესაბამისად, რესურსცენტრის, როგორც სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ძირითადი საქმიანობა მიმართულია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:
♦ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისკენ;
♦უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, სკოლების მხარდაჭერისკენ;
♦ სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სასკოლო კულტურის განვითარების ხელშეწყობისკენ;
♦ ლოკალურ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდაჭერისკენ.
რეფორმის ყველაზე დიდი გამოწვევა
ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვან გამოწვევად მიმაჩნია განათლების სფეროში მომუშავე სტრუქტურების ერთ მთლიან ორგანიზმად ჩამოყალიბება, სადაც ყველა რგოლს აქვს თავისი უნიკალური შესაძლებლობა გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და თავისი წვლილი შეიტანოს რეფორმის წარმატებულად განხორციელებაში.
რესურსცენტრი – სკოლების მხარდამჭერი და წარმატების გამზიარებელი
რესურსცენტრი, როგორც განათლების რეფორმის ერთ-ერთი განმახორციელებელი რგოლი, აქტიურად არის ჩართული მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კონტექსტი, რაც გულისხმობს, თითოეული სკოლის შემთხვევაში, გამოწვევებისა თუ პრობლემების დასაძლევად, სკოლის ინდივიდუალური საჭიროებების გააზრებას.
აღნიშნულ პროცესებში რესურსცენტრი გვევლინება როგორც მხარდამჭერი და წარმატების გამზიარებელი – ერთი სკოლის წარმატება მხოლოდ ამ სკოლის წარმატებად არ რჩება, ხდება წარმატებული მაგალითის გაზიარება სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლისთვის, რაც მათი თანამშრომლობითი კულტურის ნათელი მაგალითია.
მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. რაც უფრო მჭიდრო კავშირები იქნება სკოლებს შორის, მით უფრო წარმატებული იქნება რეფორმა და მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს სკოლა, მოსწავლე, მასწავლებელი.
მნიშვნელოვანი ეტაპი
რეფორმის მნიშვნელოვან ეტაპად მიმაჩნია, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში მიმდინარე პროცესებმა უკვე გადაინაცვლა საკლასო სივრცეში და სასკოლო საზოგადოების ძალისხმევა სრულად მიმართულია საკლასო სივრცეში წარმატების მიღწევაზე, რის სარგებელსაც მოსწავლეები უკვე გრძნობენ.
ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო სივრცეში მთავარ გამოწვევად რჩება მულტიკულტურული სასკოლო საზოგადოების და მოწყვლადი ჯგუფების სრული ინტეგრაცია სასკოლო ცხოვრებაში. ინტეგრაციაში, რასაკვირველია, ვგულისხმობ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისთვის. ხელმისაწვდომობა კი, გულისხმობს სხვადასხვა შესაძლებლობის ან ეთნიკურ-რელიგიური კუთვნილების მოსწავლეებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც აუცილებელია სასკოლო საზოგადოების მხრიდან დიფერენცირებული, თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება.
დასკვნის სახით
კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რატომ არის რესურსცენტრის როლი მნიშვნელოვანი რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში.
რესურსცენტრი რეფორმის მხარდამხარ, უწყვეტ რეჟიმში იკვლევს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებს და ხელს უწყობს მათ განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში, რაც, თავის მხრივ, ემსახურება მთავარ მიზანს – ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ სკოლა შეძლებს დაიმკვიდროს სოციალურ-კულტურული ცენტრის წამყვანი როლი თემის მოსწავლეებისთვის.