გოჩა შეყილაძე
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი
სტატიაში წარმოდგენილია რამდენიმე რჩევა, რომელიც ქიმიის მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვაში.
ქიმიის სწავლება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის. არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგანთა სწავლებაში რადიკალური ცვლილებებია შესატანი. ამ საგანთა სწავლებისას ყველაზე მეტად გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი:
- სწავლება მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით (არ შეიძლება ამ საგანთა სწავლება მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით. მოსწავლემ უნდა დაინახოს, რომ საბუნებისმეტყველო ინფორმაცია მის გარშემო მუდამ არსებობს და თავადაც ამ ინფორმაციის მატარებელია);
- ტრანსფერირების არეალის გაუთვალისწინებლობა (ტრანსფერირების გარეშე ინფორმაცია მალე ეძლევა დავიწყებას, ასევე, მოსწავლე ვერ ხედავს სწავლის მიზნებსა და კარგავს მოტივაციას).
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დროის თვალსაზრისით, გამოყოფილია სამგვარი მიზანი:
- მოკლევადიანი (თემა, საკითხი);
- საშუალოვადიანი (კომპლექსური დავალება);
- გრძელვადიანი (სასწავლო ცნება).
დინამიკურ სასწავლო პროცესზე ორიენტირება, რომელშიც ორგანულადაა ჩაშენებული სასწავლო შინაარსი (ფაქტობრივი, დეკლარატიული ცოდნა) და სასწავლო მიზნები (პირობისეული ცოდნა), წარმატების მომტანია. პროცედურული, დეკლარატიული თუ პირობისეული ცოდნის იზოლირებულად მიწოდების მცდელობა აუცილებლად უშედეგოდ დასრულდება. იმისთვის, რომ ცოდნის სამივე კატეგორია მოსწავლემდე ეფექტიანად მივიდეს, კონსტრუქტივისტული მიდგომები უნდა გამოვიყენოთ და მოსწავლეებს კომპლექსური დავალებების შესრულება შევთავაზოთ. კომპლექსური დავალება შემოქმედებითი პროდუქტია, რომლის შესასრულებლად მოსწავლეს ესაჭიროება შემეცნებითი ნაკადის ეტაპობრივი მიწოდება. ის მიდგომა, რომ ბავშვს საბოლოოდ პროდუქტი აქვს შესაქმნელი და ამ პროდუქტის შესასრულებლად ესაჭიროება საკითხთა და თემების შესწავლა, ქმნის მოტივაციასა და ბუნებრივ ბმას მოკლევადიან და საშუალოვადიან მიზნებს შორის. საშუალოვადიანი მიზნის სწორად განხორციელება კი, სასწავლო ცნებამდე მიგვიყვანს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს მკვიდრ წარმოდგენებს.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურზე ერთ-ერთ სასწავლო ცნებას წარმოადგენს ნივთიერება, მასთან კავშირშია ქვეცნება ნაერთთა კლასი (ოქსიდი, მჟავა, ფუძე, მარილი, ფუძე/მჟავა ოქსიდი, მჟავიანობა). აქვე წარმოგიდგენთ ცნებასთან დაკავშირებულ მკვიდრ წარმოდგენებს:
♦ ნივთიერებები (არა ყველა!) შედგება მოლეკულებისგან, მოლეკულები — ატომებისგან. ატომი შედგება სუბატომური ნაწილაკებისგან: პროტონებისგან, ნეიტრონებისა და ელექტრონებისგან. ერთი სახის ატომების ერთობლიობა არის ქიმიური ელემენტი;
♦ ყოველ ნივთიერებას თვისებათა უნიკალური ნაკრები აქვს და ნივთიერებები კლასიფიცირდება სხვადასხვა ნიშნით (მყარი, თხევადი, აირადი, სუფთა ნივთიერებები და ნარევები; მარტივი და რთული ნივთიერებები და ა.შ.);
♦ ნივთიერებებს აქვთ რაოდენობრივი მახასიათებლები: ფარდობითი ატომური და მოლეკულური მასა, მოლური მოცულობა, პროცენტული შედგენილობა;
♦ არაორგანული და ორგანული ნაერთები იყოფა კლასებად: ოქსიდები, მჟავები, ფუძეები, მარილები, ნახშირწყალბადები, სპირტები, ალდეჰიდები, კეტონები, კარბონმჟავები, ამინები, ამინომჟავები ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები;
♦ ქიმიური ელემენტების თვისებები, მათი ნაერთების ფორმები და თვისებები განპირობებულია ამ ელემენტთა ატომების ელექტრონული გარსის აღნაგობით;
♦ პერიოდულობის ცხრილში ელემენტები გარკვეული კანონზომიერებითაა განთავსებული: ატომური მასის ზრდის მიხედვით, ქიმიური თვისებების გათვალისწინებით;
♦ პერიოდულობის ცხრილში ელემენტები განლაგებულია ატომბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით. ქიმიური ელემენტების თვისებები პერიოდულ დამოკიდებულებაშია ატომბირთვის მუხტის სიდიდესთან.
იმისათვის, რომ კომპლექსურ დავალებასა და სასწავლო მიზანს შორის კავშირი არ გაწყდეს, ვიყენებთ ე.წ. საკვანძო შეკითხვას. საფეხურის საკვანძო შეკითხვების საშუალებით, გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე ორიენტირებითაც უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. კონკრეტულ შემთხვევაში, გამოგვადგება ასეთი საკვანძო შეკითხვა:
♦ რატომ განსხვავდება ნივთერებები ერთმანეთისგან და რა გავლენას ახდენს ნივთიერების აგებულება ნივთიერების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე? (სამიზნე ცნება — ნივთიერება)
დავსვათ რამდენიმე შეკითხვა, რომლებზე პასუხიც, ზოგადად, ქიმიის მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება:
კითხვა 1. რა არის საჭირო ესგ-ით განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნის (სასწავლო ცნების) მისაღწევად?
პასუხი: გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად საჭიროა, სასწავლო პროცესი დაიყოს შუალედურ სასწავლო მიზნებად.
კითხვა 2. როგორ განისაზღვრება საშუალოვადიანი (შუალედური) სასწავლო მიზნები?
პასუხი: შუალედურ სასწავლო მიზანს სკოლა განსაზღვრავს საკუთარი საჭიროებებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. საგნის მასწავლებელი/მასწავლებლები კათედრაზე განიხილავენ კომპლექსური დავალების პირობებს და აყალიბებენ სასწავლო გეგმას.
კითხვა 3. რა არის საჭირო შუალედური მიზნების გამოსაყოფად?
პასუხი: შუალედური მიზნების გამოყოფა ხდება გრძელვადიანი მიზნების საფუძველზე. შუალედური მიზნების გამოსაკვეთად საჭიროა სასწავლო თემის, როგორც სტრუქტურული ერთეულის, მნიშვნელობის გააზრება. ესგ-ის მიხედვით, თემა წარმოადგენს კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც უნდა დამუშავდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება. მაგალითად, თუ თემად ავარჩევთ წყალსა და ხსნარებს, არ უნდა დაგვავიწყდეს შედეგები და გრძელვადიანი მიზნები.
რაც შეეხება აქტივობათა სახეებს, თანამედროვე პედაგოგიკა უპირატესობას „სწავლას კეთებით“ ანიჭებს და არა ინფორმაციის წაკითხვას, მოსმენას ან ნახვას. რასაკვირველია, სწავლების შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ბევრ ასპექტს (მოსწავლის დასწავლის ტიპი, ბუნებრივი ინტელექტი…). პროექტული და კომპლექსური დავალებების საკუთარ პრაქტიკას სხვა წერილის საშუალებით გაგიზიარებთ, რომლითაც ნაჩვენები იქნება, რამდენად ოპტიმალური შედეგები მიიღწევა მაშინ, როცა მასწავლებელი ფასილიტატორი და მოდერატორია, ხოლო სასწავლო პროცესის აქტორი თავად მოსწავლეა.