24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

აღწერის, როგორც ფუნქციური სამეტყველო ქმედების სწავლება

spot_img

 

 

ლენა ბიწაძე

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერმინი გახლავთ გრძელვადიანი სასწავლო მიზანი – სასწავლო ცნება. ცნებათა პედაგოგიკაზე არაერთი მასალაა გამოქვეყნებული, ამიტომ მასზე ყურადღებას აღარ შევაჩერებ და შემოგთავაზებთ პირად გამოცდილებას ერთი ქვესაკითხის მიმართებაში. სტრუქტურულად, ქვესაკითხი – სამეტყველო ქმედებები უკავშირდება ცნებას – სიტყვა, წინადადება, ტექსტი და ქვეცნებას – სამეტყველო ქმედებები და მათი სტრუქტურა/აგებულება.

სამეტყველო ქმედებება:

♦ თხრობა – თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული);

♦აღწერა – აღწერის შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (ატრიბუტები/ნიშან-თვისებების კატეგორიები და მათი შესაბამისი მაგალითები);

♦ შედარება – შედარების შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით დაჯგუფებული მსგავსება-განსხვავების გამომხატველი მაგალითები);

♦ დასაბუთება – დასაბუთების შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (მოსაზრება, ახსნა/არგუმენტი, გამამყარებელი მაგალით(ებ)ი).

დღეს ვისაუბრებთ აღწერაზე. აღწერისთვის გამოიყენება ნიშანთვისებების (მაგ.: ზომის, ფორმის, ფერის, გემოს, სუნის, ტექსტურის, ტემპერატურის, რაოდენობის, შემადგენლობის) აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები.

აღწერა შეიძლება იყოს:

* გარეგნობის (ადამიანი-პერსონაჟის შემთხვევაში – პორტრეტი, ზოგჯერ პერსონაჟად არაადამიანიცაა და მისი გარეგნობის აღწერაც ჩავთვალოთ პორტრეტად);

♦ გარემოს (გარემოს აღწერა – პეიზაჟი);

♦ მოქმედებისა.

გარეგნობის აღწერისათვის კლასში შეგვაქვს მაქსიმალური რეზოლუციის ელექტრონული ან მატერიალური სურათი და ვიწყებთ გონებრივი შტურმით მუშაობას. ვთქვათ, კონკრეტულად

პირველ რიგში, ვთხოვთ მოსწავლეებს, დააკვირდნენ გამოსახულებას (უმჯობესია, თუ რესურსს ვაჩვენებთ პროექტორით, რადგან კლასში მისი ხედვის მასშტაბი დიდია, ადვილად ვმანიპულირებთ მაუსით და გრაფიკული რედაქტორებით შეიძლება ნახატის სეგმენტირება) და ვიწყებთ ყველა პასუხის ასახვას ფლიპჩარტსა თუ დაფაზე, თუნდაც ასეთი ფორმით:

კაცs, რომელიც ზის გზის პირას, აქვს: ნაღვლიანი თვალები, დანაოჭებული კანი, ჭაღარა წვერი, წითელი ქუდი…

ან სულაც ასე:

ინფორმაციის ორგანიზების ფორმას სიტუაციურად ვიყენებთ და სხვადასხვა დროს ვცვლით ხოლმე.

კარგ შედეგს გვაძლევს ამგვარი საკლასო აქტივობის ტრანსფერირება:

  1. ხელოვნების ჭრილში (მოსწავლე, ცნობილ ფერწერულ ტილოზე დაკვირვებით, წარმოადგენს პორტრეტის აღწერას წერილობითი ან ზეპირი პრეზენტაციით);
  2. საყოფაცხოვრებო ჭრილში (მოსწავლე აღწერს მისთვის ნაცნობი ადამიანის გარეგნობას პიროვნული იდენტიფიკაციის გარეშე, ეთიკის ნორმების დაცვით);
  3. გარეგნობის აღწერის ჩასასმელად რომელიმე ჟანრის ნაწარმოების ნაწილად (იდეის, ან დავალების დონეზე).

რაც შეეხება გარემოს აღწერას, ანუ პეიზაჟს, ამისთვისაც ვიზუალურ მასალას ვიყენებთ. ვთქვათ,

ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც პორტრეტის დროს, აღვწერთ ბუნების სურათს ყველა მახასიათებლის მიხედვით (უმჯობესია, თუ სხვა გრაფიკულ მაორგანიზებლებს გამოვიყენებთ):

პეიზაჟზე გამოხატული კომპონენტები კომპონენტის ნიშნები
მწვერვალი თოვლიანი…
ნაკადული მჩქეფარე…
მინდორი მწვანე…
ღრუბლები ქულა, ქათქათა, ბამბის მსგავსი…
ჩრდილი გაწოლილი…
კლდე სალი, ტინი…
ცა ლურჯი, ლაჟვარდისფერი…

 

ბუნების აღწერა (პეიზაჟი) არ უნდა დარჩეს იზოლირებულ ცოდნად და მისი გამოყენება ბავშვმა წერისა და ზეპირმეტყველების დროს უნდა შეძლოს.

მოქმედების აღწერისთვის გამოვიყენოთ, ვთქვათ, ნაწყვეტი მულტიპლიკაციური ფილმიდან „წუნა და წრუწუნა“ https://www.youtube.com/watch?v=FZRW1TrQTCU

მოქმედების აღწერაზე დასაკვირვებლად უმჯობესია ვიდეომასალა, რადგან ამ დროს მოსწავლეს არ უჭირს მოქმედების (დინამიკის) აღქმა. მდიდარი წარმოსახვის ბავშვებს ნახატზეც შეუძლიათ მოქმედების „დანახვა“, მაგრამ უმჯობესია, მოქმედების აღწერის სწავლებისთვის, ჯერ კინო/ვიდეომასალები გამოვიყენოთ და მერე – ფოტომასალაც, ვთქვათ, მულტიპლიკაციური ფილმი „ბემბის“ „სქრინი“.

ფუნქციური სამეტყველო ქმედების ნებისმიერი სახე, საბოლოოდ, მოსწავლის მეტყველების (წერითი, ზეპირი) ორგანული ნაწილი უნდა გახდეს.

წარმოდგენილი რესურსები სახელმძღვანელოებიდან არ არის აღებული, მაგრამ ნებისმიერი სახელმძღვანელოს ტექსტის გაგება-გააზრებისთვის აღწერის სახეების ასე სწავლება ეფექტიანია და ტრანსფერირებისთვის კარგ პლატფორმას იძლევა, განსაკუთრებით ვიზუალისტ მოსწავლეებში. აუდიალისტებისთვის, შეგვიძლია, მოვამზადოთ აუდიოტექსტიც. თუ აღწერის სახეების სწავლებას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად გადაწყვეტთ, მაშინ შედეგი ბევრად უკეთესი იქნება: მოსწავლე ორგანულად უკავშირებს ერთმანეთს ორი საგნის ცოდნას. ამისთვის საჭიროა, მოსწავლეებს შევთავაზოთ კონტურული ნახატები პორტრეტისა და პეიზაჟისთვის, ხოლო მოქმედების აღსაწერად ჩავატაროთ „ოპერატორის სახელოვნებო მასტერ-კლასი“ და თუნდაც მობილური ტელეფონის კამერით გადავაღებინოთ სიტუაციები, როლური თამაშები და სხვა ქმედებები, კლასშივე. ასეთი აქტივობები კინესთეტი ბავშვებისთვის სახალისოცაა და ეფექტიანიც, რადგან „სწავლა კეთებით“ ისევ რჩება ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები