რუბრიკაში – „თვის ავტორი“ წარმოგიდგენთ მწერალსა და კინოსცენარისტს, გურამ მეგრელიშვილს, რომელიც 2009 წლიდან „აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლის მასწავლებელია და მოზარდებთან ლიტერატურის მიმართულებით მუშაობს. მარტის თვის ავტორი საუბრობს ბავშვებთან ურთიერთობის იმ გამოცდილებაზე, რომელიც მწერალმა წლების განმავლობაში დააგროვა, როგორც მშობელმა და მასწავლებელმა. მან მკითხველს ეს გამოცდილება უკვე შესთავაზა წიგნის სახით – „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“. ვფიქრობთ, გურამ მეგრელიშვილის შეხედულებები, თუ „როგორი ენით ველაპარაკოთ შვილებს, რომ კავშირი შედგეს მაშინაც კი, როცა თითქოს ჩვენი ინტერესები და შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია“, კარგ მეგზურობას გაუწევს როგორც პედაგოგებსა და მშობლებს, ისე განათლების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ბავშვებთან ურთიერთობისას.
გურამ მეგრელიშვილი
„წერითი თერაპიის კურსზე“, რომელსაც მოზარდებისთვისაც და მშობლებისთვისაც ვატარებ, პირველ შეხვედრას ყოველთვის „გმირის მოგზაურობის“ ფორმულით ვიწყებ. ამ ფორმულაში ერთი მნიშვნელოვანი გაჩერებაა და „მენტორი“ ჰქვია. ეს ადამიანია, ვინც ჩვენს და ლიტერატურული გმირის ცხოვრებაში უცნაური ფორმით შემოდის ხოლმე. თავისი სიტყვით, საქმით, არსებობით უნებურად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების მომდევნო არჩევანს. „მენტორს“ შესაძლოა არავითარი წინასწარგანზრახვა არ აქვს, თავის საქმეს აკეთებს, თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ გვეხმარება და ჰოი, როგორ.
არის კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი „გადაუხადე სხვას“, ავტორი ქეთრინ რაიან ჰაიდია და მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც სამყაროს შეცვლა გადაუწყვეტია და ამ ცვლილებას ერთი მარტივი ფორმულით აპირებს: როდესაც მე სიკეთეს გამიკეთებენ, სამაგიეროს სხვა უცნობ ადამიანს გადავუხდი, რომ ეს ჯაჭვი გამრავლდეს და დედამიწას შემოერტყასო.
ჩემი მასწავლებლობა ორივე ამბავს მაგონებს, ჩემი ცხოვრების რამდენიმე „მენტორი“ პედაგოგისა და ჰაიდის იდეის შერწყმას. ვცდილობ, ის სიკეთე, რაც ჩემი პედაგოგებისგან მივიღე, ჩემთვის უცნობ, ასაკით პატარა დიდ ადამიანებს გავუზიარო და გადავუხადო მათ, რათა რაღაც მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ დაიკარგოს.
დიდი მასწავლებელი, იანუშ კორჩაკი წერდა: ბავშვები ჩვეულებრივი პიროვნებები არიან, ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილებითო. მე ეს იდეა მომწონს და ვიზიარებ. ჩემს მოსწავლეებთან და შვილებთან ვცდილობ არ დამავიწყდეს, რომ ჩემი და მათი სოციალური როლის იქით, არის რაღაც, რისი ხელშეხების უფლებაც არავის აქვს – ეს ჩვენი პიროვნული „მე“-ა.
„პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის პიროვნული ზრდა მნიშვნელოვანი რამაა. ყოველი გაკვეთილის ჩატარება ნიშნავს ასწავლო და ისწავლო, გაუზიარო და გაიზიარო და მაინც, მასწავლებლის ცხოვრება „ცდისა და შეცდომის“ ერთი დაუსრულებელი ამბავია.
ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეკითხები, რა სწყინთ პედაგოგებისგან, რა უხარიათ, რა ახსოვთ და როგორი მასწავლებლები იქნებოდნენ თვითონ, ეს პროფესია რომ აერჩიათ. პასუხები გონივრული და დამაფიქრებელია. როგორც ჩანს, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა საერთო ადამიანური სიკეთეცაა და შეცდომებიც, რომელიც ნაგვაზაოს მათემატიკის მასწავლებელმაც და ლუცერნის ქიმიის პედაგოგმაც ერთნაირად შეიძლება დაუშვან.“ („როგორ ველაპარკოთ შვილებს“)
ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც ვუსმენთ. ვუსმენთ ნამდვილად და გულისყურით, ჩვენც ვუყვებით და ისინი გვისმენენ. კომუნიკაცია ყველაზე მეტად უხარიათ, ამიტომ ჩემი მათთან ურთიერთობა ამ მოსმენაზე დგას.
თურმე ბავშვები ინდივიდუალურად აღიქვამენ ხმის ტონალობას. ის, რაც ერთისთვის უბრალოდ ენერგიულად ნათქვამია, მეორესთვის ცოტა მკაცრი ტონია, მესამესთვის კი უბრალოდ შეურაცხმყოფელი მიმართვაა. შვილთან თითქოს მარტივია, რაღაც ერთს შეურჩევ, ჯგუფთან რთულია – ინდივიდუალურად უნდა მიუდგე ყველას. მე პირველი უფრო მიჭირს, რადგან ყოველთვის მძლევს ხოლმე ემოცია და იმ ქირურგს ვგავარ, საყვარელი ადამიანისთვის ოპერაციის გაკეთებისას ხელი რომ უკანკალებს.
ერთი, რაც მოსწავლეებთანაც და შვილებთანაც ასი პროცენტით ამართლებს, სამართლიანობაა. სამართლიანი მენტორის შენიშვნა, მასწავლებელია იგი თუ მამა, მიუღებელი არაა ბავშვისთვის, რაგინდ მწარე სიმართლე უთხრას მას. მოზარდმა უნდა იცოდეს, როდესაც მობილური ტელეფონის მავნებლობაზე ველაპარაკები და თან ეკრანს თავაუღებლივ „ვსქროლავ“, არ ვარ სამართლიანი და სანდო კაცი და ამას, შეიძლება სიტყვით ვერ ხსნიდეს, მაგრამ ბავშვური გულისგონებით აუცილებლად ხვდება.
მეორე და მნიშვნელოვანი შენიშვნის მიცემის კულტურაა. ხშირად, ჩვენ გვავიწყდება ცხოვრების ყველა რთული ამბავი, მაგრამ ვერასოდეს ვივიწყებთ შენიშვნას, რომელიც უსამართლოდ მივიღეთ. ბავშვები შენიშვნების მიმართ მგრძნობიარეები არიან, უფროსებთან შედარებით და ზოგადად, მეჩვენება, რომ ადამიანებს არც ერთ ასაკში არ მოგვწონს შენიშვნა, განსაკუთრებით, როცა ის დაუმსახურებელი გვგონია.
როდესაც ორი ადამიანი კონკრეტულ საკითხზე თანხმდება და პირობის შეცვლის შემდეგ, ერთი დასაბუთებულად მიიღებს შენიშვნას მეორისგან, ეს გაცილებით ადვილი გადასატანია, ვიდრე გაუგებარი შენიშვნები, რომელსაც გუნება-განწყობისამებრ და არა პრინციპებიდან გამომდინარე ვაძლევთ ხოლმე შვილებს.
„რვეულს თავზე გადაგახევ, მერამდენედ უნდა დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა?!“ – როგორი მოსასმენია? მოდი, ვითომ შევარბილოთ და ასე ვთქვათ: „მგონი უნიჭო ხარ ამ საქმეში, ვერ იგებ, არადა მესამედ გიხსნი!“ ან კიდევ უფრო გავამარტივოთ: „ვერ იგებ ამ ამოცანას?“ თითქოს მესამე ვარიანტი ყველაზე მსუბუქია, ამ დროს სამივე ჩანასახშივე მცდარია, რადგან არ ვიცით რატომ ვერ ართმევს ბავშვი თავს ამოცანას. მე ვკითხავდი ასე: „ხომ არ დაიღალე? გინდა ცოტა დაისვენე, ეს ამოცანა შენთვის რა მარტივია, ხომ იცი?“
კომუნიკაციის პოზიტიური მიმართულებით წარმართვამ შეიძლება მამა-შვილს, მასწავლებელ-მოსწავლეს შორის ურთიერთობა რადიკალურად შეცვალოს და შეცვალოს კარგისკენ, რადგან საითაც ქარი ქრის, იალქნიანი ნავიც იქით უკეთესად მიცურავს. სკოლაშიც და ოჯახშიც, ზოგადად, საზოგადოებაში დღეს ყველაზე მეტად მოსმენის დეფიციტია. ადამიანები აღარ ვურთიერთობთ, რეალურ ურთიერთობას ვგულისხმობ. ერთი ბეწო ბინაშიც კი შეიძლება გვერდი-გვერდ ისხდნენ დედა, მამა და შვილები და ვიღაც სხვას, გარე სამყაროს ეკონტაქტებოდნენ. ფეისბუკი, სხვა სოციალური ქსელები, ტელევიზია, ეს ის საკომუნიკაციო არხებია ნამდვილი, ხელშესახები ცხოვრება რომ წაგვართვეს. ჩვენ გვაკლია სინამდვილე და გულწრფელობა, აღფრთოვანება და ემოციებისთვის გასაქანის მიცემა. ბოლოს როდის გაგიხარდათ, იტირეთ, შეგეშინდათ, ისიამოვნეთ ნამდვილად? აბა, კარგად დაფიქრდით და აღიარეთ, იყო კი ეს ნამდვილობა თუ სუროგატული? სმაილებად ქცეული ემოციები რეალური არაა. ადამიანს შეიძლება დედის გარდაცვალება მიუსამძიმრო და არც მიხვიდე მასთან ჩასახუტებლად, არც გეტკინოს და ეს ყველაფერი იყოს ყალბი.
სიყალბე კლავს ადამიანობას.
„თავაზიანობით აღზრდილი ბავშვი სხვებთან კომუნიკაციას თავაზიანადვე ცდილობს, ყვირილითა და ხისტი შეგონებებით „მორჯულებული“ მოზარდი კი იმავე ქცევის მოდელის დანერგვას ჯერ სკოლაში, შემდეგ სამსახურში და ბოლოს ახალშექმნილ ოჯახში ეცდება. ეს ხაზი, კომუნიკაციის ხაზი არასოდეს შეიცვლება და არც გამოსწორდება თუ შვილებთან ლაპარაკი, როგორც მომავალში უდიდეს პიროვნებებთან, ახლავე და სწორად არ დავიწყეთ.“ („როგორ ველაპარაკოთ შვილებს“)
ჩემი სწავლება წახალისებაზეა აგებული. რაკი დასჯა აღზრდის ნაწილია, ჩემი სასჯელი ისაა, რომ არ ვახალისებ მაშინ, როცა მინიმუმსაც არ ცდილობს (გამონაკლისებიც არსებობს და პირიქით, შეიძლება საწვავი იყოს დაუმსახურებელი შექება).
ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სასჯელი – ამას გამოუსწორებელი ტრავმები ახლავს თან. ფიზიკურ დასჯას კიდევ მოინელებს ადამიანი, ხშირად, ფსიქოლოგიური ტერორია მოუშუშებელი.
„როდესაც წინ მოსწავლე მიზის და გაბრაზებული, ნაწყენი ტონით გრძელი და მომაბეზრებელი წინადადებების ერთბაშად თქმას ვლამობ, ვცდილობ, წარმოვიდგინო ხოლმე, რომ ჩემ წინ ახლა პატივსაცემი ადამიანია, ვინც იმ თავისი შეცდომებითა და მიღწევებით ძალიან მიყვარს. ბრაზი სადღაც მიდის, მოდის ხოლმე ღიმილი და სიხარული, რომ შეიძლება ოდესღაც ასეთი ცელქი, მოუსვენარი და საყვარელი ბიჭუნა ან გოგო იყო ფშაველა ან აინშტაინი, იოჰან სებასტიან ბახი ან ელლა ფიცჯერალდი.
და სწორედ იმ, ჩემთვის გაურკვეველი მომავლის ხათრითა და დათქმით, აქ, დღევანდელ ყოფაში, შვილთან კომუნიკაცია გაცილებით მიადვილდება. მე ხომ საკუთარი ბავშვობაც მახსოვს?!“ („როგორ ველაპარაკოთ შვილებს“)
პატარა ერებს და ჩაკეტილ საზოგადოებებს განსხვავებულის ეშინია, ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, იყო დრო საქართველოში სხვანაირად ვცხოვრობდით და ამან მოგვიყვანა აქამდე.
ბავშვები ჩვენი სარკეა. მოზარდის ნებისმიერი ქცევა განპირობებულია რეაქციითა და პასუხით იმაზე, რასაც ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ინდივიდები ვართ და ამ რეაქციას განსხვავებულად ვიძლევით, გამღიზიანებელი ჩვენში აისახება. ბავშვი ამ მხრივ განსაკუთრებით დაუცველია. მას არ აქვს ის სოციალური ფარი, რაც უფროსებს გაგვაჩნია. მე შემიძლია, ჩემი ცხოვრების 40 წლის თავზე, რაღაც ავისხლიტო, თავი დავიცვა, მივიღო ან არ მივიღო, ბავშვი ამას ვერ ახერხებს და უბრალოდ, ირეკლავს. მთელ ჩემს პრობლემებს ჩემი შვილების ქცევაში ვხედავ ხოლმე, ჩემდა სამწუხაროდ.
იდეალური სამყარო არ არსებობს. მთავარია, სუბიექტი იყოს ღირსეული. ღირსეულ ადამიანს დანიაშიც უჭირს და აზერბაიჯანშიც, პორტუგალიაშიც და ყირგიზეთშიც, რადგან მას ყოველდღიურ რუტინაში დიდ ან მცირე უსამართლობებთან შეჭიდება უწევს.
„ელონ მასკის დედა იხსენებდა პერიოდს, როცა მისი შვილი საჯარო სკოლაში წასვლის წინ ცხარე ცრემლებით ტიროდა, რადგან სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის სწავლობდა, „მახინჯი იხვის ჭუჭული იყო“. მასწავლებლები „სულელ, მეოცნებე ბავშვს“ ეძახდნენ კლასში ყველაზე პატარა ელონს, არასტანდარტულად რომ ფიქრობდა და აზროვნებდა, სკოლელები ათასგვარ განსაცდელს უწყობდნენ ბიჭს, რომელიც ამტკიცებდა, ერთ დღესაც მარსზე უნდა გავფრინდეო (ალბათ, მარსზე გაფრენა მისთვის ასე საშიშ გარემოსგან მოწყვეტის სურვილი თუ იყო). ემინემს, რომლის სახელიც ალბათ ყველა ადამიანს გაუგია დედამიწაზე, სკოლის საპირფარეშოში იატაკზე აგორავებდნენ უფროსკლასელი ბიჭები, რადგან ის „ზანგებივით“ (სლენგი) ბედავდა სიმღერას.
ახლა ეს ხალხი ერთსაც და მეორესაც ტაშს უკრავს. მასკი მართლაც გაფრინდა მარსზე, ემინემი კი ყველა აფროამერიკელ რეპერზე ცნობილი მომღერალია დღემდე.
ადამიანური ბუნება ასეთია – სადაც ნახავს თავისზე უკეთესს, იქ უჭირს ტაშის დაკვრა, მაგრამ ტაში მაინც გარდაუვალია სიმართლისა და შრომის წინაშე…“ („როგორ ველაპარაკოთ შვილებს“)
ხანდახან, რთული სოციალური გარემო უკეთესი მოცემულობაცაა ჩვენს „გამოსაბრძმედად“. შენი წრიდან გაქცევა არაფერს შეცვლის თუ თავადაც არ შეიცვალე. გადავსახლდები ამერიკაში და ნამდვილი ამერიკელი გავხდები, ტყუილია. აქედან შენი თავი მიგყავს და თუ არ იმუშავე მასზე, რაც და ვინც იყავი, იგივე იქნები სადაც გინდა წახვიდე. ხარ მომხვეჭელი და აგერ რუისპირშიც ეცდები, მეზობლის მიწა „მეტი მოიზომო“. საბოლოოდ კი, 2 მეტრი მეტრზე ორმოში ეტევა ყველა.
ბავშვები მთელ დედამიწაზე ყველაზე დაუცველები არიან, თუმცა არის კულტურები, სადაც მათი ფიზიკური არსებობა მაინც გარანტირებულად უზრუნველყოფილია. ყველაზე დიდ საფრთხეს ბავშვისთვის მოზრდილი ადამიანები წარმოვადგენთ და ხშირად, ეს ოჯახიდან იწყება.
ვფიქრობ, ჩემი, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოვალეობა ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანების დაცვაა, ზრდასრულები თავებს მივხედავთ რამენაირად.