16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ნუ შეუწყობთ ხელს მავნე პრაქტიკას!

spot_img

„პედაგოგების საყურდღებოდ! გამოცდებისთვის საჭირო მასალა სრულად გვაქვს. დაემატა კანონებიც. ფასი 220. შეგვიკვეთეთ“ – ამ განცხადებას ერთ-ერთი ფეისბუქგვერდი ავრცელებს, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ მასალას საკმაოდ სოლიდურ თანხად ასაღებს. შავ ბაზარს დაწაფებულ, სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი, როგორც ჩანს, წამოეგო ბიზნეს „ხრიკს“ და დაქსეროქსებული, სტეპლერით შეკრული მასალა უკვე შეიძინა. თუმცა, შემდეგ, უკმაყოფილების გამოსახატვად, სტატუსები დაწერეს –  როგორ არ ინდობენ ისედაც კაპიკებზე მომუშავე პედაგოგებს და რამდენ ფულს ახდევინებენ მასალაში, რომლითაც გამოცდებისთვის უნდა მოემზადონ. უკმაყოფილების ადრესატი ამჯერად სამინისტრო და მასწავლებელთა სახლია.

„მესიჯებს ვპასუხობთ საღამოობით, სხვანაირად ვერ ხერხდება, შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ და დაელოდოთ, უკლებლივ ყველას გავცემთ პასუხს.“ – ეს კიდევ ერთი განცხადებაა იმავე ფეისბუქგვერდზე.

წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლების ნაწილი, რომლებისთვისაც, თურმე, ჯერ კიდევ უცნობია, რომ საგამოცდო მასალა ცენტრის ვებგვერდზე დევს, რიგს ელოდება და გაგებით ეკიდება „შავი ბაზრის“ წესებს და დიდ თანხას იხდის დაქსეროქსებულ ფურცლებში…

მივმართავთ პედაგოგებს, ნუ გადაიხდით თანხას იმაში, რაც უფასოდ გაქვთ! თქვენს კითხვას: რატომ გახდევინებენ ამდენ თანხას, ადრესატი არ ჰყავს!

ცოტა ხნის წინ, ხათუნა ბარაბაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, პედაგოგების ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, სწორედ ამ საკითხს ეხება.

იცით რა გამკვირვებია?

ელექტრონული რესურსი აბსოლუტურად უფასოდ მოგაწოდათ მასწავლებლის სახლმა. მავანი და მავანი ამ პროცესებს საკუთარი ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებს. ამობეჭდეს ეს რესურსი და მასწავლებლებს კოლოსალურ ფასად შესთავაზეს.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ნუ შეუწყობთ ხელს ამ მავნე პრაქტიკას. თუ გინდათ ყიდვა, იყიდეთ, მაგრამ ნუ აღშფოთდებით და აგრესიას ჩვენკენ ნუ გამოუშვებთ.

ჩვენ მიერ ატვირთული მასალა არ არის მხოლოდ გამოცდისთვის. ეს არის ის, რაც კომპლექსური შეფასებისთვისაც (პრაქტიკული ნაწილისთვისაც) გამოგადგებათ. 

XXI საუკუნეში, წამყვანობასა და მენტორობაზე თუ აქვს მასწავლებელს პრეტენზია, ელრესურსის გამოყენებაც უნდა შეეძლოს.

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენეთ ელრესურსი და თუ თქვენი ნებით იყიდით ვიღაცის მიერ ამობეჭდილ და აკინძულ იგივე მასალას, ჩვენზე ნუ განაწყენდებით!“

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები