20 აპრილი, შაბათი, 2024

 კომპლექსური დავალება ხელოვნებაში

spot_img

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ხშირად იყენებენ შედარებით ახალ ტერმინს – სამიზნე ცნებას. სამიზნე ცნება არის გრძელვადიანი მიზანი, რომელსაც საფეხურის განმავლობაში უნდა დაეუფლოს მოსწავლე. ამ მიზნის მისაღწევად ვიყენებთ კომპლექსურ დავალებას.

პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცნებათა რაოდენობა საფეხურებზე განსხვავებულია.

I-IV კლასებში გამოიყოფა შემდეგი ცნებები:

  1. სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები);
  2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა;
  3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები.

V-VI კლასებში:

  1. სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები;
  2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა;
  3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები;
  4. სხვადასხვა ეპოქის/კულტურის ხელოვნების სახასიათო ნიშნები/მხატვრული მახასიათებლები.

VII-IX კლასებში:

  1. სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები;
  2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა;
  3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები;
  4. სხვადასხვა ეპოქის/კულტურის ხელოვნების სახასიათო ნიშნები/მხატვრული მახასიათებლები.

შემოგთავაზებთ დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაში დაეხმარება. აქვე დავძენ, რომ ქვემოთ მოცემული კომპლექსური დავალების პირობა მიემართება ისეთ ცნებას, რომელიც გრძელვადიან მიზნად გვაქვს შემდგომ საფეხურებზეც, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლოა სხვადასხვა კლასებშიც.

პროდუქტის სახელწოდება: გარემო წლის სხვადასხვა დროში

კომპლექსური დავალების პირობა: დაამატე  ნახატზე (ნახ.1) შენთვის ნაცნობი  ფორმები და ფერები,  შეუსაბამე შენი წარმოსახვის გარემოს გამოსახულებები ისე, როგორც სინამდვილეში იარსებებდა.

ნახატი 1

შემდეგ წარმოიდგინე, როგორი იქნება იგივე გარემო  წელიწადის სხვა დროში. მეორე ნახატზე გამოსახე იგივე გარემო, ოღონდ შეცვლილი ფერებით.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე:

♦ აღწერე შენ მიერ დახატულ-შევსებული ორივე გარემო;

♦ როგორი ფორმები, ფერები გამოიყენე გარემოს ხატვისას პირველად, მეორედ?

♦ როგორ შეუცვალა განწყობა გარემოს შერჩეულმა ფერებმა?

კომპლესური დავალების პირობა სურვილის მიხედვით შეგიძლიათ, შეცვალოთ. ვთქვათ:

♦ დღისა და ღამის გარემო;

♦ კეთილი/ბოროტი ჯადოქრის მიერ შეცვლილი გარემო;

♦ ბუნებრივი და ადამიანის ხელით შეცვლილი გარემო და სხვა.

აღნიშნული კომპლექსური დავალება მიემართება ცნებას: სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები)

მუშავდება ქვეცნებები:

♦ ფორმა – მარტივი გეომეტრიული, ბუნებაში არსებული

♦ ფერი – სხვადასხვა

ძირითადი საკითხია: ფერების ცვლილების საშუალებით სხვადასხვაგვარი განწყობის შექმნა ნამუშევარში

იმისათვის, რომ არ დავიკარგოთ ბმა კომპლექსურ დავალებასა და ცნებას შორის, გამოვიყენოთ საკვანძო შეკითხვა: როგორ იცვლება ნამუშევარში განწყობა და ხასიათი სხვადასხვა ფერების გამოყენებით?

კომპლექსური დავალების შესრულების მერე ყალიბდება მკვიდრი წარმოდგენა: სათქმელის (ამბის, გრძნობის, აზრის, შთაბეჭდილების, განწყობილების, ემოციების, დამოკიდებულებების, დაკვირვების შედეგების), მხატვრული ჩანაფიქრის გადმოსაცემად ადამიანი იყენებს ხელოვნების ენას, ანუ სახვითი ხელოვნების ელემენტებს (ფერი, ხაზი, ფორმა) და პრინციპებს (მაგ., რიტმი, ძირითადის გამოყოფა, კონტრასტი და სხვ.)

როცა ამგვარ დავალებას ვავალებთ მოსწავლეს, ამისთვის აუცილებელია რამდენიმე აქტივობის განხორციელება. აუცილებელია წინარე ცოდნის გააქტიურებითა და კომპლექსური დავალების პირობის გაცნობით დავიწყოთ სასწავლო პროცესი.

♦ წინარე ცოდნის გააქტიურება გულისხმობს ნაცნობი კონტექსტის გახსენებას. ამისთვის, შესაძლოა, გამოვიყენოთ კითხვები. კითხვა-პასუხი მთლიანად ორიენტირებული უნდა იყოს მომავალი პროდუქტის შექმნის ხელშეწყობაზე.

♦ კომპლექსური დავალების პირობის გაცნობის  დროს ყურადღება ექცევა ყველა იმ ელემენტს, რომელიც საჭიროა დავალების შესაქმნელად. მოსწავლეებს უნდა ვათქმევინოთ, თუ რას მოითხოვს დავალების პირობა მათგან, რა არის ნაცნობი/უცნობი, რაში დასჭირდებათ დახმარება და ა.შ.

♦ კომპლექსური დავალების კრიტერიუმები სრულ კორელაციაში უნდა იყოს ცნების მკვიდრ წარმოდგენასთან.

შემდგომი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს ამ კონკრეტული დავალების შესასრულებელი ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებას. რამდენიმე აქტივობა შეიძლება დავუთმოთ ფორმასა და ფერებს, რომლებიც დაგვჭირდება დავალების შესასრულებლად (შესაბამისი აქტივობების სახეები მოცემულია მასწავლებლის წიგნში, საგანმანათლებლო პორტალებზე ან თავად შეგვიძლია მოვიფიქროთ). პროდუქტის შექმნამდე ყველა საკითხსა და ქვეცნებას ვუთმობთ გონივრულ ვადებს. როცა ჩავთვლით, რომ უკვე ყველა „ინგრედიენტი“ გვაქვს დავალების შესასრულებლად, ამის შემდეგ იწყებს კლასი პროდუქტის შექმნას. პროდუქტის შექმნის დროს მოსწავლეებს ვაძლევთ რეკომენდაციებს უკუკავშირის სახით (მიმდინარე განმავითარებელი შეფასება) და პროდუქტის პრეზენტაციის ბოლოს – შემაჯამებელ განმავითარებელ შეფასებას. განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტის გონივრული გამოყენება მოსწავლეებში ზრდის მოტივაციასა და აკადემიურ შედეგებს.

შენიშვნა: წარმოდგენილი ნახატის ნაბეჭდი ფორმის გარდა, შესაძლოა, გამოიყენოთ კონტურული ნახატი, რომელიც ბევრად მეტ შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის.

ლეილა გოგოხია – სსიპ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები