პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მარტიდან იწყება. ამ პროცესს თან ახლავს ხოლმე მშობლების მღელვარება, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ნაწილი შერჩეულ სკოლაში რეგისტრაციას ვერ ახერხებს, ნაწილისთვის კი, სერიოზული სირთულეა თავად სკოლის შერჩევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გარკვეული რჩევები შევთავაზოთ მშობლებს, როგორ აირჩიონ სკოლა, რა გაითვალისწინონ, რაზე გააკეთონ აქცენტები და რა უფრო მნიშვნელოვანია 6 წლის ასაკის ბავშვისთვის.
განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგის, ნინო კობალაძისა და განათლების სპეციალისტის, თათა ჭანტურიას რეკომენდაციები, ვფიქრობთ, სერიოზულ დახმარებას გაუწევს მშობლებს, რომლებიც ამ სირთულის წინაშე დგანან.
ნინო კობალაძე – განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგი
♦ სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ელიტარულ სკოლებს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ, არადა, ამ დროს, ყურადღების მიღმა რჩება მთავარი ღირებულებები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა.
სკოლის შერჩევისას, უმჯობესია, მშობლებმა სწორად შეარჩიონ მასწავლებელი — კარგი მასწავლებელი, ანუ კონკრეტული პიროვნება ეძებონ. მესმის, რომ ჩვენთან სკოლებში სხვადასხვანაირი მიდგომაა დაწყებითებში, ზოგან ისევ ძველი სისტემაა დარჩენილი, როცა ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, ადრე როგორც ვეძახდით — დაწყებითების მასწავლებელი (თუმცა, რა თქმა უნდა, არის სკოლები, სადაც საგნობრივი მასწავლებლები ჰყავთ). ამ შემთხვევაში, რთულია ეძებო კონკრეტული ადამიანი, როგორც ინდივიდი, მაგრამ მე ამ რჩევას მაინც ვერ ავარიდებ თავს. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კრიტიკულია ბავშვის განვითარებისთვის ეს პერიოდი, მეტიც, ერთ-ერთი გარდამტეხია ადამიანის განვითარების გზაზე. ძირითადად, კრიზისული პერიოდები, რომელსაც გამოვყოფთ ხოლმე ბავშვის განვითარებაში, დამოკიდებულია ხოლმე იმ საჭიროებებზე, რა ამოცანის გადაწყვეტა უწევს კონკრეტულ მომენტში ბავშვს. იმ პერიოდში, როცა ბავშვი სკოლაში შედის, მისთვის მთავარი ამოცანაა ნაბიჯის გადადგმა დამოუკიდებლობისკენ. ფაქტობრივად, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სეპარაციისკენ, ჩამოშორდეს მშობლის მზრუნველობას, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ზომიერების ფარგლებში; კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ზრდასრულობისკენ და დამოუკიდებლობისკენ, უფრო მეტად ისწავლოს მაკროსოციუმში ადგილის დამკვიდრება. იდეაში, სკოლამდელი განათლების პერიოდი სასკოლო პერიოდისგან იმით განსხვავდება, რომ ბავშვი, ამ პერიოდში, ინტენსიურ დონეზე, ფიზიკურ დონეზეც კი, მშობლის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. სკოლაში წასვლამდე მისი მთლიანი სამყარო ოჯახი იყო, იქ იწყებოდა და მთავრდებოდა ყველაფერი. როდესაც სკოლაში შედის, ყველაფერი იცვლება, ანუ მისი მთავარი სამყარო აღარ არის მხოლოდ ოჯახი. ფაქტობრივად, ოჯახი უკვე მისი ზურგია. აქედან გამომდინარე, თუკი ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობებია, თუკი ის მხარდამჭერია და ფუნქციური, ფსიქოლოგიურად უმაგრებს ბავშვს ზურგს საიმისოდ, რომ გავიდეს დიდ მაკროსოციუმში, მისი წევრი გახდეს, თავი დაიმკვიდროს და ა.შ. და რაც ყველაზე მთავარია, სკოლამდელ პერიოდში, მისთვის ქცევის მთავარი წამყვანი ფორმა თამაშია, სკოლაში შესვლის შემდეგ კი, უკვე სწავლა — ხდება სასწავლო აქტივობა.
ამ გაგებით, ეს გარდამტეხი პერიოდია, თითქოს ცხოვრების ერთი დიდი ეტაპი სრულდება. რეალურად, ეს მართლაც ასეა, ბავშვი ახალ ეტაპს იწყებს. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ადეკვატური ფსიქოსოციალური გარემოს მხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ სკოლაში შესვლა უკავშირდება ბავშვის დახვეწილი სოციალიზაციისა და სწავლების პროცესში ჩართვას, უმნიშვნელოვანესია მისი ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხი. სწორედ ამ საბაზისო მოთხოვნილების — ფსიქოლოგიური უსაფრთხოების — დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო განსაკუთრებულად მზრუნველი და თბილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ამიტომ, ჩემი პირველი რჩევა იქნება, სწორედ ამაზე გაკეთდეს აქცენტი. როდესაც სკოლას ვარჩევთ, უპირველესად, ყურადღება გავამახვილოთ, როგორი ფსიქოლოგიური გარემო ხვდება ბავშვს სკოლაში. არ შეიძლება უცებ მოვისხლიტოთ კალთიდან, შევუშვათ კლასში და დაველოდოთ, რომ შეეჩვევა გარემოს. ასეთი ხისტი მიდგომა სასიკეთოს ნამდვილად არაფერს მოგვიტანს. კარგად უნდა ვიცოდეთ სად ვუშვებთ, რა ფსიქოლოგიურ გარემოში ვტოვებთ ჩვენ გარეშე ჩვენს შვილს. აი, ეს არის მთავარი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა. თუ შესაძლებელია, უმჯობესი იქნებოდა, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი შვილის მომავალი მასწავლებელი ძალიან გულისხმიერი და თბილი ადამიანია.
♦ პირველი რა კითხვა უნდა დაუსვას მშობელმა თავის თავს ან სკოლას
პირველი კითხვაც სწორედ ეს არის — რამდენად უსაფრთხო იქნება ფსიქოლოგიურად სკოლაში გარემო, როცა ჩემი შვილი რამდენიმე საათს ჩემგან დამოუკიდებლად გაატარებს. სწავლა არ არის მარტივი საქმიანობა, რთული მენტალური შრომაა, მით უმეტეს, რაც უფრო პატარაა ბავშვი. ფაქტობრივად, მას სწავლის უნარ-ჩვევა ჩამოყალიბებული არ აქვს, სწორედ ახლა უნდა შეიძინოს ეს უნარ-ჩვევა, რაც მისთვის დიდი გამოწვევაა. დააკვირდით, სკოლაში შესვლისას, მის წინაშე ორი სერიოზული გამოწვევა ჩნდება — დიდ სოციალურ გარემოში მოხვედრა და, ამასთან ერთად, ასეთი სერიოზული უნარ-ჩვევის ათვისება. ეს ყველაფერი კი, სასურველია, მშვიდ და კეთილგანწყობილ, მოსიყვარულე გარემოში მოხდეს. მასწავლებელი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც, პირველ რიგში, უპირობოდ უყვარს ბავშვები იმისგან დამოუკიდებლად, რა განსხვავებაა მათ შორის, ეს მისი პროფესიული ვალდებულებაა, მეტიც, პროფესიული ეთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია. ამიტომაც, მშობელი, პირველ რიგში, ამით უნდა დაინტერესდეს — რა კულტურა აქვს სკოლას (ვგულისხმობ ბავშვებთან კომუნიკაციის კულტურას); რა სტილი აქვს ბავშვებთან ურთიერთობის, მშობლებთან კომუნიკაციის, რა დამოკიდებულებები, რიტუალები (ვგულისხმობ იმ სასწავლო რიტუალებს, რომლის გარეშეც საგანმანათლებლო ინსტიტუციები, ფაქტობრივად, არც არსებობენ), მიდგომები და ა.შ.
სკოლის შერჩევისას აუცილებლად უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს — ჩვენი შვილი მზადაა სერიოზული სეპარაციის აქტისათვის და ასე ფართო სოციუმში შესასვლელად? ზემოთაც ვთქვი, რომ სწავლა საკმაოდ რთული პროცესია, შესაბამისად, მას ადეკვატური ემოციები სჭირდება. ზოგი ემოცია ხელს უწყობს სწავლების პროცესს, ზოგი პირიქით — ხელს უშლის. აი, ამ აღმოჩენას მივყავართ იქამდე, რომ აუცილებელია, ბავშვი, სწავლების პროცესში, რაღაც დონეზე მაინც, კომპეტენტური იყოს ემოციური რეგულაციის თვალსაზრისით, ანუ ჰქონდეს სოციალური უნარ-ჩვევების ელემენტარული კომპეტენციები.
♦ რას უჩევთ იმ ბავშვების მშობლებს, რომლებიც სკოლაში მისვლას აპროტესტებენ, ხშირად ტირიან, მოწყენილები არიან, განსაკუთრებით, პირველ დღეებში, როგორ მოიქცეს მშობელი ამ დროს?
თუ წინარე პერიოდში ვგულისხმობთ მხოლოდ სკოლის დაწყებამდე 2-3 თვეს ან თუნდაც ერთ თვეს, მაშინ არასწორია საკითხის ასე დაყენება. იმ დონის ზრდასრულობისთვის, რა დონის კომპეტენციებიც აუცილებელია სკოლაში შესასვლელად, ცხადია, ეს პერიოდი საკმარისი არ არის. ნებისმიერ ქვეყანაში სკოლაში შესვლის საშუალო ასაკად მიჩნეულია 5-6-7 წელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასე სასწრაფო დახმარება და რაღაც ტიპის დიდაქტიკური საუბრების ჩატარება კი არ გვყოფნის ბავშვის მოსამზადებლად, არამედ მზაობის პროცესი უნდა გულისხმობდეს, დაბადებიდან ექვს წლამდე, ბავშვის ფსიქოსოციალურად და ემოციურად განვითარებაზე ზრუნვას. ყოველ ჯერზე ბავშვს გონივრული მოთხოვნების წინაშე უნდა ვაყენებდეთ და ყოველ ეტაპზე ვუწყობდეთ ხელს მისი ემოციების რეგულაციას. ამაზე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა საიმისოდ, რომ ბავშვი ჩვენი (მშობლის) ან უშუალო მზრუნველის გარეშე გავუშვათ, რამდენიმე საათის განმავლობაში, ახალ სივრცეში და თან სერიოზული საქმიანობით იყოს დაკავებული. რაც არ უნდა თამაშით ვასწავლოთ, სკოლა სასწავლო ინსტიტუციაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ბავშვის მზადება სკოლისთვის, ფაქტობრივად, პირველი დღიდანვე იწყება. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ფსიქოგანათლება არც თუ ისეთი პოპულარულია. არსებობს მშობელთა სკოლები, სადაც ისინი ფრაგმენტულად ცდილობენ, შეითვისონ და გაზარდონ კომპეტენციები ამ თვალსაზრისით. მაგალითად, როგორ მივიყვანო ბავშვი ერთ წლამდე, სამ წლამდე, შემდეგ სკოლამდე და ა.შ., რომ ყოველ ეტაპზე ვიყო მაქსიმალურად მხარდამჭერი და მზრუნველი მშობელი. მხარდაჭერაში, პირველ რიგში, განმავითარებელს ვგულისხმობ როგორც პიროვნული, ისე ფსიქოსოციალური თვალსაზრისით. რამდენადაც მრავალფეროვანია მშობლის კომპეტენციები, მით უფრო მომზადებული ხვდება სკოლას მისი შვილი. ბავშვს აბსოლუტური მზაობა იმ შემთხვევაში აქვს, თუკი მასთან, წლების განმავლობაში, სწორად მუშაობენ, ჯანსაღ გარემოში იზრდება, ოჯახში სწორ ქცევას აკვირდება, კომუნიკაციის სტილი ჯანსაღია. როგორც წესი, მცირეწლოვან ასაკში განსაკუთრებით ძლიერია მოდელირებით სწავლების ძალა, ბავშვი, უმცროს ასაკში, ძირითადად, დაკვირვებით სწავლობს, ხედავს იმის მაგალითებსაც როგორ დაარეგულიროს თავისი ემოციები იმ დონეზე, რა დონეზეც მის ასაკშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, ის აბსოლუტურად მზად იქნება, ფსიქოსოციალური თვალსაზრისით, სკოლაში შესასვლელად. მაგრამ თუკი ვსაუბროთ იმაზე, რომ ამ ექვსი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ მიიღო შესაბამისი და ადეკვატური მზრუნველობა ფსიქოსოციალური განვითარებისთვის და უცებ მოვკიდეთ ხელი და შევიყვანეთ სკოლაში, რა თქმა უნდა, ჭირვეული იქნება (აქაც, თავისთავად, გააჩნია ბავშვის ინდივიდუალურ მახასიათებლებს). შესაძლოა, ამ თვალსაზრისით, ზოგი უფრო მეტად მოწყვლადი იყოს, ტიროდეს ან კომუნიკაციაში არ შედიოდეს მასწავლებელთან და თანაკლასელებთან, შესაძლოა პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდეს, თუნდაც უსუსურობის… ეს იმის სიგნალს უნდა აძლევდეს მშობელს, რომ ბავშვის სასკოლო განათლება ერთი წლით გადაავადოს ან, პარალელურ რეჟიმში, ფსიქოლოგთან ინტენსიური კონსულტაციების საშუალებით, დაიწყოს ის პროცესი, რაც ექვსი წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო — ინტენსიური ფსიქოგანვითარების პროცესი. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს ისეთი მაგიური და ჯადოსნური სიტყვები, რომლითაც ბავშვს გავაგებინებთ, რა არის სკოლის მნიშვნელობა და როგორ უნდა მოიქცეს კლასში. ეს არასერიოზული მიდგომა იქნება, ყველაფერს სჭირდება დრო.
თათა ჭანტურია – განათლების სპეციალისტი
სკოლის არჩევა, ზოგადად, რთულია. ბევრ ჩემს ახლობელს ხშირად დაუსვამს ეს შეკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია განათლების სფეროში ვარ და ვაკვირდები ამ პროცესებს, მზა პასუხი მაინც არ მაქვს.
♦ ვფიქრობ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე ფიქრი, არის ის, რომ დავსახოთ პრიორიტეტები. შვილის აღზრდის პროცესში მშობელს ხომ აქვს პრიორიტეტებად დალაგებული ღირებულებები (რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც — ნაკლებად), რომელსაც ითვალსიწინებს ოჯახში ბავშვთან ურთიერთობისას, აღზდისას. ასევე უნდა დაალაგოს პრიორიტეტები შვილის სკოლაში შეყვანისას, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს უსაფრთხო ან ეკოლოგიური გარემო თუ სხვ. შემდეგ, სკოლის შერჩევისას, ამოსავლად ვაქცევთ მას და შემოვაშენებთ დანარჩენ ღირებულებებს. მშობელთა ნაწილისთვის ეს შეიძლება იყოს სწავლის ხარისხი, მაგალითად, რომელი საგნები ისწავლება გაძლიერებულად, აქცენტები მშობლიურ ენაზე, უცხო ენაზე და ა.შ. თუმცა, როდესაც პრიორიტეტირებას ვახდენთ, მთავარია, გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, ანუ ჩვენ კი არ განვსაზღვროთ რა გვინდა ბავშვისთვის, არამედ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მის ინდივიდუალურ მიდრეკილებებს, ინტერესებს, ხასიათს, შტრიხებს, რაც აქვს 6 წლის ასაკში. თუკი მას განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს (არის ძალიან მოძრავი, უყვარს ხატვა, სიმღერა და სხვ.), აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენად კომფორტული იქნება მისთვის სასკოლო გარემო. ბავშვი პირდაპირ კი არ უნდა ჩაერთოს რუტინაში (სკოლა, რასაკვირველია, გულისხმობს გარკვეულ რუტინებს), არამედ ვეცადოთ შევუმსუბუქოთ ეს პროცესი და მის ნიჭს კიდევ უფრო მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. მაგალითად, თუ ჩემი შვილი მოძრავი და აქტიურია, როგორი იქნება მისი სპორტის გაკვეთილები, რამდენად შეძლებს ფიზიკურად აქტიურად ყოფნას, მოხდება თუ არა ეს ყველაფერი სუფთა ჰაერზე; თუკი ბავშვი უფრო ინტროვენტია და უყვარს ჯდომა, მშვიდ გარემოში მეცადინეობა — რამდენად აქცენტირებული იქნება ეს ყველაფერი? მაგალითად, მიდრეკილება აქვს უცხოური ენებისკენ ან საბუნებისმეტყველო საგნებისკენ, აქვს თუ არა სკოლას ეკოკლუბი, გაყავთ თუ არა ბავშვები ბუნებაში, სადაც აკვირდებიან გარემოს და ატარებენ ექსპერიმენტებს და ა.შ.; არის თუ არა თანხვედრა სკოლისა და მშობლის პრიორიტეტებს შორის, რომელიც ბავშვთან ერთად აქვს შემუშავებული.
♦ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლას შევარჩევთ, შესწავლილი გვქონდეს ბავშვის ინდივიდუალიზმი, მისი ხასიათის და ინტერესების მახასიათებლები იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სკოლაში ბავშვს გარკვეულ რუტინასთან შეხვედრა აუცილებლად მოუწევს. ხშირად ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან ბავშვი უფრო მეტად მიჩვეულია თავისუფალ გარემოს, ოჯახურ წიაღს, უფრო რბილ მოქცევას, მსუბუქ დღის რეჟიმს, სკოლა კი მისგან მოითხოვს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთ ადგილას ყოფნას, განსაკუთრებით, როცა წერა-კითხვას სწავლობს ან ელემენტარულ უნარ-ჩვევებს იძენს მოტორიკის თვალსაზრისით. ამ დროს, მას უწევს შრომა და ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ გარდა იმ ძირითადი შრომისა, რომელიც ნებისმიერ სკოლას თან სდევს, დრო ისეთი რამით შევუვსოთ, რაც მას აინტერესებს და დავაკვირდეთ პროცესებს.
♦ აუცილებლად უნდა გაამახვილონ მშობლებმა ყურადღება იმაზე, არის თუ არა უსაფრთხო სივრცე, სადაც მათ შვილს გარკვეული დროის გატარება მოუწევს, დაცულია თუ არა შენობაში უსაფრთხოების წესები; დაათვალიერონ საკლასო ოთახი, არის თუ არა ნათელი, რამდენადაა თითოეული ბავშვისთვის მიკროსივრცე გამოყოფილი, სადაც ის თავისუფალდ შეძლებს გადაადგილებას; ექნება თუ არა ბავშვს კლასშივე იმის საშუალება, შესვენების დროს, შეძლოს ფეხმორთხმით დაჯდომა თავის კლასელთან ერთად; რამდენად უსაფრთხოა დერეფანი — შესვენებისას, პირველკლასელები და, პირობითად, მეექვსეკლასელები ერთად დარბიან; დაათვალიერონ საპირფარეშოები, ხელსაბანი, ნახონ ნიავდება თუ არა კლასი. ეს, რაც შეეხება, გარედან თვალის შევლებას. შინაარსში რომ შევიდეთ, პირველი, ალბათ, რაც უნდა გააკეთონ, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციას შეხვდნენ და დაელაპარაკონ დეტალებზე — რა არის სკოლის პრიორიტეტები, რა საგნებზეა მეტად აქცენტი გაკეთებული და როგორია გარემო, ამავდროულად, გაიცნონ კლასის დამრიგებელი. სწავლების ყველა საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია დამრიგებლის როლი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი, განსაკუთრებით პირველ კლასში, როდესაც ბავშვი სრულიად ახალ სამყაროში შედის, ბევრ ახალ ადამიანთან ერთად. რეალურად, აქ ხდება მისი ფორმირების დასაწყისი, როგორც ინდივიდის, როგორც საზოგადოების წევრის. ასეთ დროს დამრიგებელი მნიშვნელოვანი ადამიანია. ზოგადად, ჩემი რჩევა იქნება, რომ მხოლოდ ზოგადი შეკითხვებით არ შემოიფარგლოთ, რადგან, როგორც წესი, მერე რომ ჩაუღრმავდებით, აღმოაჩენთ, რომ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგრჩათ. მაგალითად, ჰკითხეთ — როგორ გაატარებენ ბავშვები თქვენთან თავისუფალ დროს? გასაგებია, რომ დაისვენებენ, მაგრამ ყველა პროცესი, თუნდაც გართობასთან დაკავშირებული, სასურველია, შემეცნებასთანაც იყოს კავშირში, განსაკუთრებით ამ ასაკში, როცა ჯერ კიდევ გრძელდება სამყაროს აღმოჩენა. ბავშვისთვის სკოლაც ხომ სრულიად ახალი სამყაროა; ან ჰკითხეთ, როგორ წარმოუდგენია მას ბავშვების პირველ სტრესთან გამკლავება, რომელიც სკოლაში შესვლას ახლავს ხოლმე, რა ხერხებს გამოიყენებს მის დასაძლევად, როგორ გაითვალისწინებს ბავშვების ინდივიდუალურ თავისებურებებს წახალისებისას ან თუნდაც მაშინ, როცა რამეს კარგად ვერ გააკეთებენ (ასეთი შემთხვევებიც ხომ აუცილებლად იქნება). დამრიგებელს ამაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნაფიქრი.
♦ ასევე საინტერესო იქნება, თუკი მოისმენთ მისგან, როგორ მუშაობს კლასში გუნდის შეკვრისთვის. ვიცით, რომ ერთ-ერთი არასასიამოვნო მომენტია, როცა კლასში ბავშვები პატარ-პატარა ჯგუფებად ყალიბდებიან, მაგალითად: შენთან დაჯდომა არ მინდა, ან პირიქით — შენთან მეგობრობა მინდა, ან შენ არ გათამაშებ ჩემთან ერთად. ძალიან ბევრი კლასისთვის ეს, ფაქტობრივად, ტიპური სურათია. რას გააკეთებს მასწავლებელი/დამრიგებელი ამის პრევენციისთვის, მისი პასუხები ძალიან კონკრეტული უნდა იყოს. მე პირადად მოლოდინი მექნებოდა, რომ კონკრეტული აქტივობები და ხედვა მომესმინა კონკრეტული პასუხებით.
♦ ჩემთვის სკოლა მაინც მასწავლებელია და მიჭირს ხოლმე იმის გაგება, რას წარმოიდგენენ, როცა ამბობენ „კარგი სკოლაა“. ნებისმიერ სკოლაში, არა „ელიტურშიც“ და „ელიტურშიც“, შეიძლება იყოს კარგი მასწავლებელი, რომელიც განსაზღვრავს კლიმატს და ნაკლებად კარგი მასწავლებელი, რომელიც პირიქით — არასწორად წარმართავს სასწავლო პროცესს/ბავშვის აღზრდას. ამიტომ ვურჩევდი ყველას, ნუ მიაქცევენ ყურადღებას სკოლის პრესტიჟულობას, ნურც მის „სახელს“, პირადად დაელაპარაკონ იმ მასწავლებელს, რომელსაც უნდა ჩააბარონ ყველაზე ძვირფასი ადამიანი, თავისი შვილი და დაუსვან ძალიან კონკრეტული და მკაფიო შეკითხვები.
ვინაიდან წიგნიერების სპეციალისტი ვარ და ამ მიმართულებით ვმუშაობ, აუცილებლად ვკითხავდი ჩემი შვილის მასწავლებელს, მაგალითად, როგორ ასწავლის ანბანს. თუკი მოვისმენ, რომ ასწავლის ძველი მიდგომებით — თითი გამიყოლე, 50-ჯერ წამიკითხე, აქედან აქამდე გააგრძელე, შენ დაიწყე — ეს ჩემთვის იქნებოდა ინდიკატორი, რომ არ მინდა, ჩემმა შვილმა ასე ისწავლოს მაშინ, როცა ანბანის შესასწავლად გაცილებით ბევრი სახალისო, პროდუქტიული მეთოდი არსებობს. მაგრამ, თუკი ის მეტყვის, რომ ანბანის შესწავლის პროცესში, ზოგადად, წიგნიერების სამყაროში შესაბიჯებლად, ვიყენებ, მაგალითად, დიდ წიგნებს, აუდიოწიგნებს, მულტიმედია ფაილებს, აქტივობის ბარათებს, სიტყვის ბარათებსა და ფონოლოგიურ თამაშებს, ვუყვები ამბებს, თავად ვათხზვევინებ, ბევრს ვახატინებ, ვაძერწინებ, ანუ თამაშისა და შემეცნების სინთეზურ მიდგომებს იყენებს, რასაკვირველია, მომინდებოდა, რომ ასეთმა მასწავლებელმა ასწავლოს ჩემს შვილს. ეს გარკვეულ რუტინასთანაც იქნება დაკავშირებული და ბავშვებს მოუწევთ მის მიღმა გავლა, რომ შეაღწიონ კარგი მკითხველის სამყაროში, თუმცა, ეს გზა შეიძლება, ძალიან მსუბუქად, მოქნილად, თამაშ-თამაშით და ეფექტური რესურსებით გაიარონ. აუცილებლად მიმოვიხედავდი იმ საკლასო ოთახში, სადაც ჩემი შვილი ისწავლიდა, ვნახავდი თუ არის გაკრული პოსტერები, ბავშვების ნამუშევრები…
თუკი მასწავლებელი მისახელებს იმ რესურსებს, რომელზეც ვისაუბრე, მივხვდებოდი, რომ ჩვენ, ანბანის სწავლების მხრივ, ერთ აზრზე ვართ და, დაახლოებით, ერთნაირად ვუყურებთ წიგნიერებას. ჩვეულებრივ ტიპურ საჯარო სკოლაში მომუშავე ასეთი მასწავლებელი გადაწონიდა ნებისმიერ „ელიტურ“ სკოლას.
♦ ჩემი რჩევა იქნება მშობლებისადმი:
პირველი — ნუ აირჩევთ ისეთ პრიორიტეტს, რომელიც მხოლოდ თქვენ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, აქ უმნიშვნელოვანესია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების, ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინება;
მეორე — ნუ შეარჩევთ სკოლას მხოლოდ შენობის მახასიათებლებით ან სახელით, კარგად შეიხედეთ სკოლაში და ღრმად შეისწავლეთ გარემო, სივრცე, რომელშიც თქვენი შვილი უნდა იყოს; ასევე, კარგად გაიცანით ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება თქვენზე მეტ დროსაც კი გაატარებენ, კვირის განმავლობაში, თქვენს შვილთან. მათ უნდა ასწავლონ გუნდურობა, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა, საკუთარი და სხვების მიმღებლობა და სიყვარული, მადლიერება; ასწავლონ რა არის ლიდერობა, დროის მართვა და ა.შ. ვინმეს შეიძლება 6 წლის ბავშვთან ასეთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება ნაადრევადაც მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ბაღიდან თუ დავიწყებთ, კიდევ უფრო კარგი იქნება.
♦ მოუსმინეთ სკოლის ადმინისტრაციას, რა არის სკოლის პრიორიტეტები და ღირებულებები, ხედვა, რადგან ეს თქვენი შვილის კლასზეც აირეკლება. თუკი თქვენთვის ეს ღირებულებები მიუღებელია, მაშინ იმ სკოლაში შვილის მიყვანისგან თავი უნდა შეიკავოთ.
♦ძალიან მოკლედ კი, ასე ჩამოვაყალიბებ — სკოლის არჩევისას, მთავარია: ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, ჩვენი ღირებულებების შეჯერება, სკოლის ღირებულებების მკაფიოდ მოსმენა, შენობასა და სივრცეზე დაკვირვება და აუცილებლად შეხვედრა მასწავლებლებთან, დამრიგებელთან და მათი პრიორიტეტების, მიდგომების, ხერხების მოსმენა და გაანალიზება.