12 თებერვლიდან ძალაში შევიდა პრემიერ-მინისტრის ბრძანება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ. საბჭოს წევრებს, ერთი წლის ვადით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი საბჭოს შემადგენლობა ასე დაკომპლექტდა:
♦ დავით მალაზონია — შპს „თანამედროვე განათლების აკადემიის“ დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე;
♦ თამარ მამსიკაშვილი — აზიის განვითარების ბანკის პროგრამის „თანამედროვე უნარების უკეთესი დასაქმებისთვის“ სკოლების გაძლიერების სპეციალისტი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
♦ პეტრე ბაბილუა — შპს „ევროპული სკოლის“ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
♦ ნატო გაბოშვილი — „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერი პროგრამის მათემატიკის საგნობრივი ექსპერტი;
♦ გიორგი გიგიბერია — ა(ა)იპ – ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი;
♦ ია გიგიბერია — შპს „ქართული სასწავლებლის — თბილისის“ მასწავლებელი, ქიმიის საგნობრივი ექსპერტი;
♦ ზვიად გოგუაძე — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს — ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;
♦ ეკატერინე კვირიკაშვილი — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს — ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;
♦ მაკა მამფორია — შპს „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი;
♦ შალვა მეკრავიშვილი — სსიპ — შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის №2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
♦ ქეთევან ნატროშვილი — შპს „ქართული სასწავლებელი — თბილისის“ დირექტორის მოადგილე;
♦ მანანა ჯინჭარაძე — სსიპ — მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთა ეროვნული სკოლის კონსულტანტი, საბჭოს მდივანი.
♦♦♦
ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით მალაზონია, ჩვენთან საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბჭოს ფუნქცია არასდროს ყოფილა სკოლის დახურვა, მეტიც, ავტორიზაციის პროცესი მიმართულია სკოლების დასახმარებლად, თუმცა, დახმარება, არც ერთ შემთხვევაში, არ გულისხმობს იმას, რომ პრობლემები დაიმალოს.
„ზოგადად ავტორიზაციის პროცესი, რასაკვირველია, გვესმის როგორც გარკვეული სტანდარტების მიხედვით შემოწმება, ანუ რამდენად აკმაყოფილებს სკოლა არსებულ სტანდარტებს, განსაკუთრებით ისეთს, როგორიც არის, მაგალითად: მასწავლებელთა კვალიფიკაცია, როგორ მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი სკოლაში, როგორ არის მოსწავლეთა უსაფრთხოება დაცული/უზრუნველყოფილი, რამდენად არის სკოლის პოლიტიკის ნაწილი, ვთქვათ, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა სწავლებისას. ახლა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მაგალითად, იმას, თუ როგორ გადადის სკოლა უფრო პროექტული ხასიათის კომპლექსურ დავალებებზე, იმიტომ, რომ ეს მარტო დავალებები არ არის, ბევრი რამის ინტეგრირებაა — ფაქტობრივად, საგნობრივი ცოდნის შექმნის პროცესის დანერგვაა.
თავისთავად, გვაინტერესებს რამდენად არის სკოლა ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. თუმცა, მთავარი, ამ შემთხვევაში, კონტროლი არ არის. უმთავრესია, დავეხმაროთ სკოლას, საბჭოს ყოველთვის ასეთი განწყობა ჰქონდა და არა მხოლოდ საბჭოს. პროცესი აქეთ იყო მიმართული და კიდევ უფრო მეტად შეიძლება მისი განვითარება, სკოლების დასახმარებლად. მაგრამ, დახმარება არა იმით, რომ პრობლემები დაიმალოს, არამედ — ექსპერტების შემოწმების გზით გამოვლინდეს და საკმაოდ კვალიფიციური ადამიანებისგან შემდგარი საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სკოლამ ეს ჩავარდნები დაძლიოს. საბჭოს ფუნცია არ არის სკოლის დახურვა. უკვე მეხუთე წელი იწყება, რაც ავტორიზაციის საბჭოში ვარ, აქედან მესამე წელია, რაც ამ საბჭოს ვხელმძღვანელობ, არასდროს გვქონია სადამსჯელო, მკაცრი დისციპლინური გადაწყვეტილების მიღების სურვილი (არც შეიძლება გვქონოდა, რადგან ამ დარგის სპეციალისტები ვართ, განათლების სფეროში ვმუშაობთ — ზოგი პედაგოგად, ზოგი დამსაქმებლად, ზოგი არასამთვარობო სექტორში, მაგრამ ყველა მაინც ერთ საქმეს ვემსახურებით). კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საბჭოს ფუნქციაა, უზრუნველყოს სკოლების აუცილებელ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა, მით უფრო, როცა საქმე ეხება რეგულირებად სფეროს — განათლებას, სკოლას და, რაც მთავარია, მოსწავლის უსაფრთხოებას, მის ჩამოყალიბებას გონიერ, მცოდნე ადამიანად. აი, ამას უნდა უწყობდეს ხელს ნებისმიერი საჯარო თუ კერძო სკოლა. მაგრამ, თუ მას გარკვეული ხარვეზი აქვს, ბუნებრივია, გამოსწორების შესაძლებლობა ეძლევა.
იშვიათად მახსენდება შემთხვევა, როდესაც მრავალგზის მიცემული შენიშვნების გამოუსწორებლობის გამო (როცა მართლა ვეღარ დავინახეთ ვერც რესურსი, ვერც მზაობა, ვერც სურვილი, ვერც გააზრება იმისა, თუ რა აქვს გასაუმჯობესებელი), სკოლისთვის ავტორიზაცია შეგვეწყვიტოს, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია ამ წლების განმავლობაში. ეს არის უკიდურესი გამონაკლისი და უკიდურესად არასასურველი შედეგი. მსგავსი შემთხვევების დროს, საბჭოს წევრები ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს, რადგან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი ფუნქცია ნამდვილად არ არის სადამსჯელო, პირიქით — ვეხმარებით ჩვენი რეკომენდაციებით, გააუმჯობესონ გარემო, სადაც მუშაობენ.“
როგორც საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, ჯერჯერობით, უცნობია სკოლების ზუსტი რაოდენობა, რომელთაც ამ ერთი წლის განმავლობაში მოუწევთ ავტორიზაციის ან რეავტორიზაციის გავლა. „საბჭოს სხდომების ერთი და იგივე რაოდენობა არც ერთ წელს არ ყოფილა იმიტომ, რომ არის პერიოდი, როდესაც უფრო მეტ სკოლას უწევს რეავტორიზაცია ან უფრო ნაკლებს. ამავე დროს, რეავტორიზაციის და ავტორიზაციის გარდა, საბჭო შუალედური მონიტორინგის შედეგებსაც განიხილავს. ვთქვათ, სკოლას ჯერ არ ეკუთვნის ავტორიზაცია, მაგრამ, მონიტორინგის შედეგების გამო, უხდება გავლა. ჯერ ვერ გეტყვით რამდენი სკოლის საკითხის განხილვა მოგვიწევს, რადგან ახალი საბჭოს შეხვედრა ხარისხის განვითარების ცენტრთან უახლოეს დღეებში იგეგმება და ზუსტ ინფორმაციასაც სწორედ მაშინ მივიღებთ. თუმცა, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ წელს საკმაოდ ბევრ სკოლას უწევს რეავტორიზაციის გავლა, ამას შუალედური მონიტორინგის შედეგებიც დაემატება და ვფიქრობ, ბევრ სკოლას მოვიცავთ. წლების განმავლობაში, ძირითადად, მაინც კერძო სკოლებზე ვმუშაობდით, სულ რამდენიმე საჯარო სკოლის საკითხი მახსენდება. საბჭო, უმეტესად, მაშინ განიხილავს საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხს, თუ სკოლა ფუძნდება ან იცვლის სტატუსს, მაგალითად, მანამდე იყო საბაზო და საშუალო საფეხურსაც იმატებს ან იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების მხრიდან, მონიტორინგის შედეგად, შუალედური შემოწმება გახდა საჭირო. ცხადია, ასეთი შემთხვევებიც გვქონია, მაგრამ, უფრო ნაკლები, ვიდრე კერძო სკოლების.
რაც შეეხება საჯარო სკოლების ავტორიზაციას, ახალი სტანდარტით განხორციელდება და ეს ძალიან მიხარია, რადგან ავტორიზაციის პროცესი, კერძო სკოლებთან ერთად, ყველა საჯარო სკოლას შეეხება. გარკვეულწილად, სკოლისთვის ეს არის მექანიზმი, იყოს უკეთ მომზადებული, უფრო ძლიერი, ნაკლები შენიშვნა დაიმსახუროს და რაც მთავარია, თვითორგანიზებასაც შეუწყობს ხელს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა საჯარო თუ კერძო სკოლა ისევ იქნება ავტორიზებული, ოღონდ ახალი სტანდარტით.“ — ამბობს დავით მალაზონია.