26 აპრილი, პარასკევი, 2024

აბიტურიენტთა რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყება

spot_img

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტ 10:00 საათზე დაიწყება და  4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. 

 ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

 

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

2022 წელს  აბიტურიენტებს საშუალება აქვთ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი. მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატა საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

აბიტურიენტები ჩაირიცხებიან ისევ სამი საგნის მიხედვით. ცვლილება არ ეხება ჯანდაცვის მიმართულების არც ერთ პროგრამას და ასევე გრანტის გაცემის წესს.

2022 წლის სიახლეები და რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. ამავე ვებგვერდზე 1 მარტს გამოქვეყნდება დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები