📌🟦 შორენა ხუხუა – მარნეულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლის დირექტორი — რას მოითხოვს მისგან სახელმწიფო, საზოგადოება
სკოლის დირექტორი, კანონმდებლობის მიხედვით, უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერი და საზოგადოება უნდა უკვეთავდეს მას ქვეყნის მომავალი თაობის ჩამოყალიბებას. რა გვაქვს რეალობაში? საჯარო სკოლის დირექტორი დღეს არის ყველაზე მოწყვლადი თანამდებობის პირი განათლების სისტემაში, რომელიც ადვილად შეგვიძლია გავწიროთ, დავადანაშაულოთ, გავათავისუფლოთ, დავსაჯოთ.
რას გვიკვეთავს საზოგადოება?
მშობლების 90% მხოლოდ ამ კითხვას მისვამს: „რა ნიშნები ჰყავს ჩემს შვილს.
დაუწერეთ მაღალი ნიშანი. ყველა საგანში თუ ათი ჰყავს, დაუმატეთ ნიშნები იმ ერთშიც.“
დაახლოებით ეს რეალობაა.
დირექტორი – საგანმანათლებლო ლიდერი
სკოლის დირექტორთა სერტიფიცირებამ აჩვენა თუ რა სირთულეა ლიდერთა მიმართულებით. მარნეულის მუნიციპალიტეტში 74 საჯარო სკოლაა და მხოლოდ 14 სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავდა სკოლებს.
ზოგადად, კარგი მენეჯერი შეიძლება იყო, მაგრამ სასკოლო თემის ლიდერობა ნამდვილად მოითხოვს პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის საკითხების სათანადო ცოდნას.
სკოლის ხარისხის მართვა
ხარისხის მართვას ჩემთვის მასწავლებლის დისციპლინა იწყებს და პასუხიმგებლობების გადანაწილების პროცესი. მიმართულების მიცემა დირექტორის მოვალეობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგი მართვა ნიშნავს შიდა ლიდერებზე საქმეების სწორ გადანაწილებას. ჩემზე და მასწავლებლებზე უკეთეს ღონისძიებას ატარებს ჩვენი სკოლის თვითმმართველობა, იურისტებს ტოლს არ უდებენ კანონმდებლობის ცოდნასა და შესრულებაში დისციპლინური კომიტეტის წევრები.
გული მწყდება სამეურვეო საბჭოს სუსტ ფუნქციონირებაზე. მშობლებს არ აქვთ დიდი სურვილი რეალური მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში. პატივისცემით უფრო გვერთვებიან, ვიდრე მოტივაციით.
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, პრობლემები იცვლება, წყდება, ახალი ჩნდება.
დღემდე მიჭირს სსსმ მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობისას მივაღებინო მათი შვილების რეალობა. ზოგჯერ მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ ბავშვის შეფასებას სოციალური სამსახურის დახმარებით ვაღწევ.
რთულია, როცა ოჯახურ ძალადობას ვაწყდები. ძნელია შვილების დაცვა მოძალადეებისგან. მშობლების იძულებით ნაადრევი ქორწინების მცდელობები მეტწილად შევაჩერეთ.
ღამით გამოუგზავნია გოგონას ხმოვანი შეტყობინება და უთხოვია შველა, იყო ასეთი მომენტებიც და 112 გამოგვიძახებია.
დირექტორობის პირველ წლებში საქმროებს, სადედამთილოებს და მშობლებს სათითაოდ ვუხსნიდი, რომ სახელმწიფო არასრულწლოვანს დაიცავს ოჯახის წევრებისგანაც.
მქონია მარცხიც, როცა გადაუჭრელ პრობლემასთან მარტო დავრჩი. პოლიცია, სოციალური სამსახური, სახალხო დამცველი, ბავშვთა უფლების დაცვის ორგანიზაციებიც რომ ვერაფერს გახდნენ. არის კანონმდებლობაში საკითხები, სადაც მეტი სიმკაცრეა საჭირო მშობლების მიმართ, როცა ოჯახური გარემო ბავშვის განვითარებას ხელს არ უწყობს.
ყველაზე კარგად ბავშვებთან ურთიერთობა გამომდის. მათში თავისუფლების ნაპერწკლების ანთება და იმ ძალის ფორმირება, რაც მოსწავლეებს ძლიერ პიროვნებებად ზრდის.
ძალიან მიყვარს გაკვეთილების ჩატარება.
როგორ აისახება კონკრეტული სკოლის სასწავლო მოდელი კონკრეტული მოსწავლეების შედეგებზე
ჩემი ბავშვებისთვის სკოლა თავისუფლების სამყაროა და ფერადი სივრცე, ადგილი, რომელსაც საზოგადოება ნდობას უცხადებს. მარნეულის რეალობა განსხვავებულია, ჩემი შეფასებით. დიდ დროს ვუთმობთ არაფორმალურ განათლებას, კულტურულ ღონისძიებებს, რადგან ვთვლით, რომ ტრადიციულ გაკვეთილებზე მეტს აძლევს ეს აქტივობები მოზარდს.
ბავშვებს ვეუბნები: აჰა, ფუნჯი და საღებავი, რაც გინდათ დახატეთ სკოლის კედლებზე. ჩვენი ძველი, პატარა სკოლის კედლები და კიბეები სულ მოხატულია.
მაღალ ნიშნებს ისე არ გაუხარებია ბავშვები, როგორც ეზოში გამართულმა თავისუფალმა ცეკვებმა გააბედნიერა ისინი.
დღევანდელი სკოლის მთავარი მისია და გამოწვევა
საჯარო სკოლის ლიდერები სანამ არ იქნებიან თავისუფალი, ძლიერი და აღიარებული ადამიანები განათლების სისტემაში, სკოლა ცხოვრების გამოწვევებს ვერ უპასუხებს, რადგან მოწყვლადი დირექტორი ვერ შექმნის თავისუფალ გარემოს და დამფრთხალი მასწავლებლები როგორ შექმნიან ძლიერი ქვეყნის მომავალს სასკოლო სივრცეში?
დღევანდელი სკოლის მთავარი მისია და გამოწვევა
თავისუფალი სივრცე, დამოუკიდებელი ლიდერი, უსაფრთხო სასწავლო გარემო, სრული ადაპტირება.
გუნდური მუშაობის როლი
სსიპ ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლა მულტიეთნიკური თემისგან შედგება. ამჟამად სკოლაში 1304 მოსწავლეა, რომელთაგან 46% სწავლობს ქართულ, ხოლო 54% არაქართულენოვან სექტორზე. სკოლაში დასაქმებულია 81 პედაგოგი (მათ შორის 2 სპეციალური მასწავლებელი) და 11 ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი.
2015 წელს, როდესაც სკოლის დირექტორი გავხდი, სკოლაში ერთადერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი იყო. სკოლის მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. სკოლის ბაზაზე დაიწყო მასწავლებლების მომზადება სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის. ამასთანავე, სკოლაში შეიქმნა სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფი. პედაგოგიურმა საბჭომ შეარჩია ფასილიტატორები, რომლებიც დიდი წარმატებით მუშაობდნენ მასწავლებლებთან. 2016 წლის დასაწყისისთვის სკოლის ქართული სექტორის მასწავლებლების თითქმის 100%-მა წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდები. პარალელურად, სქემით დაინტერესდნენ არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებიც, რომლებმაც ასევე წარმატებით ჩააბარეს საგნის გამოცდები. მათმა უმრავლესობამ ქართულ ენაზე შეძლო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა.
რა ხელშეწყობა სჭირდება დღეს სკოლის დირექტორს
გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად მაქვს დიდი მხარდაჭერა ყველა სტრუქტურიდან, ნჯო სექტორიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, ქალთა და ბავშვთა უფლების დამცველებისგან, ჟურნალისტებისგან, სასკოლო თემისგან.
ეთნიკური უმცირესობის სკოლაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირების აქტიური ხელშეწყობა აღიზიანებთ გარკვეულ, რუსულ ძალებს, მაგრამ მათ წინააღმდეგობას და დაგებულ მახეებს თავს ვართმევთ.
ჩვენს სკოლას არ აქვს ტიპური სასკოლო შენობა, სპორტდარბაზი, თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორია, არის პატარა, ორ ცვლაში, ამ ეტაპზე, ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში. საზოგადოების მოთხოვნა დიდია, მაგრამ არ გვყოფნის საკლასო ოთახები. ალბათ ძალიან დაგვეხმარებოდა ოთხსართულიანი, ადაპტირებული, თანამედროვე შენობა, თუმცა დიდ მადლობას ვიტყვი, ვინმე ნახმარ კომპიუტერებს მაინც თუ გვაჩუქებს.
რა არის ახალი დირექტორების სტანდარტში
ვფიქრობ, ახალი სტანდარტი მეტ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ამკვიდრებს, მთავარია, ფურცლებზე არ დარჩეს და რეალურად განხორციელდეს.
სერტიფიცირება — როგორ შეარჩიოს სკოლამ დირექტორი
დირექტორი, რომელიც სერტიფიცირების გამოცდას ვერ აბარებს, არ უნდა იყოს მოვალეობის შემსრულებელი.
ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, სამეურვეო საბჭო რეალურ გადაწყვეტილებებს იღებდეს. მახსოვს, ექვსი წლის წინ, ერთი ხმაც კი ვერ მივიღე, სადაც წარვადგინე გეგმა. გულით მითხრეს, დაგნიშნონ და მიგიღებთ, ჩვენ ვერ გავუშვებთ მოქმედ დირექტორს, მერე რა, რომ გამოცდა ვერ ჩააბარაო. სამეურვეო საბჭოს ერჩივნა, გადაწყვეტილება არ მიეღო.
ამიტომაც მინისტრის ბრძანებით დავინიშნე.
რას დაამატებდით
„მიდექ-მოდექი“, „წყნარად იყავი“, „პრობლემას ნუ ქმნი“ — ეს პოლიტიკაა დამკვიდრებული, სამწუხაროდ.
ძალიან ბევრი ძლიერი და კარგი მენეჯერი დირექტორი გვყავს. უამრავ პროექტს, საოცარ პროგრამებს ახორციელებენ, თუმცა გაბედულება აკლიათ.
მორჩილი დირექტორი, დამფრთხალი და მოწყვლადი ვერ მოგვცემს ისეთ განათლების სისტემას, როგორზეც ახლა ვოცნებობთ.
სახელმწიფოებრივი აზროვნების, პრინციპულობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითი უნდა იყოს დირექტორი სასკოლო თემისთვის.