მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შექმნილი პროექტის — CineDOC თვალსაწიერის არეში წელს პირველად მოექცნენ ქართველი მასწავლებლები. CineDOC სკოლა, შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების მეშვეობით და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით, მიზნად ისახავს სასკოლო განათლებაში წვლილის შეტანას და მოსწავლეებისთვის, შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით, ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
ხანგრძლივი და რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის შედეგად, რომელიც მოიცავდა, საინტერესო მეთოდოლოგიით, დოკუმენტური ფილმების ანალიზს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 29 მასწავლებელი გახდა პროექტის მონაწილე. დოკუმენტური ფილმებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, მენტორმა მასწავლებლებმა, სკოლებში, CineDOC-კინოკლუბები შექმნეს, რომელშიც ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს შეუძლია გაწევრიანება. პროექტის ფარგლებში გაიმართება კინოჩვენებები და დისკუსიები.
თითოეული მასწავლებელი შეეცდება, მოსწავლეებს შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაში, თვითგამოხატვასა და პიროვნულ განვითარებაში დაეხმაროს, ამის გარდა, პროექტი წამახალისებელ აქტივობებსა და პრიზებსაც ითვალისწინებს.
Noosfera Faundation-ის პროექტის – „CindeDOC-სკოლის“ ხელმძღვანელი არჩილ ხეთაგური, სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ამბობს, რომ პროექტის გაფართოებას გეგმავენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე: „მოგეხსენებათ, პროექტში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 29 სკოლა და მასწავლებელი. მომავალში, არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად, საქართველოს სკოლებში CineDOC კლუბების ჩამოყალიბება იგეგემება, ასევე, საერთაშორისო კომპონენტის გააქტიურება — ჩვენი ქვეყნის სკოლის მოსწავლეების დაკავშირება ფინეთის, ჩეხეთის, ნიდერლანდების მოსწავლეებთან. კინოსკოლის ფარგლებში, მასწავლებლების საერთაშორისო ბანაკებში ჩართვასაც ვფიქრობთ, რაც უცხოელ კოლეგებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის საუკეთესო გზაა.“
პროექტში შერჩეულ მასწავლებლებს შორის ერთ-ერთია გორის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მენტორი მასწავლებელი ლელა წურწუმია, რომელიც ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი მოსწავლეების განვითარებისა და გამოცდილების შეძენისთვის.
ლელა წურწუმია: „2021-2022 სასწავლო წელი CineDOC სკოლის არსებობის პირველი წელია. პროექტი მუდმივად ვითარდება, იხვეწება და ითვალისწინებს მოსწავლეების საჭიროებებსა და გამოწვევებს. ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება.
რაც შეეხება მთავარ მიზანს, ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების საშუალებით მრავალფეროვანი იდეების გაცნობა, თვითგამოხატვისა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა, შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირება და ზოგადად, მოსწავლეებისთვის განსხვავებული და საინტერესო სივრცის შექმნაა. CineDOC სკოლა ქმნის ერთგვარ ქსელს, რომელიც პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, სკოლებსა და მოსწავლეებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხელს უწყობს გამოცდილებისა და იდეების გაზიარებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება გაერთიანებული ჩვენებები და დისკუსიები როგორც პროექტში ჩართული სკოლების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სხვადასხვა ქვეყნის სკოლების მონაწილეობით.
კინოკლუბებში დაიგეგმა CineDOC-ფილმების ჩვენება, დისკუსიები, სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობები, მათ შორის, მოკლე ფილმების, ვიდეორგოლების, პოსტერების, ჩანახატების შექმნა, უცხოენოვანი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების გახმოვანება მოსწავლეების მიერ.
პროექტის ხანგრძლივი პერიოდი საინტერესოდ იყო გაწერილი, მასწავლებლებს სხვადასხვა მეთოდოლოგიის ათვისებისა და გაზიარების შესაძლებლობა გვქონდა. საშუალება მოგვეცა, შევხვედროდით მსოფლიო კინოფესტივალზე წარდგენილი, ნომინირებული დოკუმენტური ფილმების რეჟისორებს, მონაწილე გმირებს, პერსონაჟებს, დაგვესვა შეკითხვები ფილმის გადაღებისა თუ მიმდინარეობის თითოეულ დეტალზე, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო ორივე მხარისთვის.
პროექტში ჩართული მასწავლებლების სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის მთელ გუნდს და მათ ხელმძღვანელებს — ბატონ არჩილ ხეთაგურს და ქალბატონ ილეანა სტანკულესკუს.“