23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რჩევები მობილობის მსურველ სტუდენტებს – სოფო უგრეხელიძე

spot_img

როგორც ცნობილია, 2022 წლის სტუდენტთა საგაზაფხულო მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა 2022 წლის 28 იანვრიდან დაიწყო და 8 თებერვლის 18.00 საათზე იწურება – https://students.emis.ge/-ზე. თუმცა, უპირველესად, ვიდრე სტუდენტი მობილობის უფლების მოსაპოვებლად დარეგისტრირებას გადაწყვეტს, აუცილებელად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პირობა – სულ მცირე, ერთი სასწავლო წელი რეესტრში უნდა ფიქსირდებოდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით.

🟦🔍რა დეტალების გათვალისწინება სჭირდებათ მობილობის მსურველ სტუდენტებს, რომ თავიდან აიცილონ შეცდომები, რომელმაც შესაძლოა ისინი კონკურს გარეშე დატოვოს ან რითი განსხვავდება წლევანდელი მობილობა გასული წლების მობილობისგან – ამის შესახებ მცირე განმარტებები ვთხოვეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უმაღლესი განათლების მიმართულების მენეჯერს, სოფო უგრეხელიძეს, რომელიც სტუდენტებს გარკვეულ რეკომენდაციებს იმის შესახებაც აძლევს, რას მიაქციონ ყურადღება პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალის გაკეთების დროს.

– მობილობის დროს ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სტუდენტმა, პირველ რიგში, უნდა მიაქცოს ყურადღება?

– რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველ რიგში, სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ვადებს და გაითვალისწინონ, რომ პორტალზე რეგისტრაციის დასრულებისთანავე, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც პორტალზევე აისახება, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში საბუთების წარდგენის ვადები არ გაუშვან ხელიდან. აქვე განვმარტავ, სანამ დაიწყებდნენ რეგისტრაციისა და განაცხადის გაკეთების პროცედურას მობილობაზე, მანამდე აუცილებლად ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის წესსა და პროცესს. როგორც კი სტუდენტი ელექტრონულ პორტალზე შედის და იწყებს მობილობის მსურველად დარეგისტრირების პროცესს, დასაწყისშივე გამოაქვს შეტყობინება ყველა საჭირო ინფორმაციის მითითებით – ყურადღებით წაიკითხონ ეს ინფორმაცია და გაეცნონ მთელ რიგ დეტალებს. მნიშვნელოვანია თანხის გადახდის პროცედურებიც. სტუდენტი ჯერ უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე მომხარებლად, შემდეგ გააკეთოს განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა აირჩიოს სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროგრამები, რომელზეც სურს გადასვლა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხადოს მობილობის თანხა – მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ შევა მისი განაცხადი ძალაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონკურსში ვერ ჩაერთვება.

რით განსხვავდება წლევანდელი მობილობა წინა წლების მობილობისგან?

– რეალურად, წინა მობილობაც ასეთი იყო, თუმცა, არის რამდენიმე სიახლე, რასაც მინდა განსაკუთრებულად მიაქციონ ყურადღება.

პირველი სიახლე – მობილობის პროცესი, 2020 წელს და შედგომ ჩარიცხული სტუდენტებისთვის, მიება ეროვნული გამოცდების ფორმატს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ გამოცდებზე გაიზარდა ჩასაბარებელი საგნების ნუსხა, გარდა ქართულისა და უცხო ენისა, დამატებულია მესამე სავალდებულო სწავლის სფეროების მიხედვით. ამ ჩამონათვალის შესახებ მობილობაში მონაწილე პირები კარგად არიან წინასწარ ინფორმირებული, ვინაიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ცნობარს, სადაც მითითებულია რომელ პროგრამაზე რა საგებნით ცხადდება მიღება. შესაბამისად, მობილობის მსურველმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მათთვის სასურველ პროგრამებზე რა სავალდებულო საგნების ჩაბარებაა დადგენილი წინაპირობად კანონმდებლობის მიხედვით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ეხება მხოლოდ 2020 წლის ეროვნული განმოცდებით და შემდგომ ჩარიცხულ სტუდენტებს. მანამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კი ძალაში რჩება იგივე წესი, რაც წლების განმავლობაში არსებობდა.

ახალი ფორმატი ასევე გულისხმობს იმას, რომ სტუდენტებს, მათთვის სასურველ პროგრამაზე გადასასვლელად, აუცილებლად, უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული ის საგნები, რაც კანონმდებლობითაა დადგენილი კონკრეტულ პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობად.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პორტალი ზოგადად იმგვარადაა მოწყობილი, რომ თუ სტუდენტს ეს წინაპირობები დაკმაყოფილებული არ აქვს, განაცხადის გაკეთების დროს არ მიეცემა იმ პროგრამის არჩევის საშუალება,  სადაც მის მიერ ჩაბარებული საგნები არ შეესაბამება კანონმდებლობის წესით დადგენილ წინაპირობებს. ამიტომ, სტუდენტებს ვურჩევ გაითვალისწინონ ეს. ამასთან, თუკი სტუდენტს სასურველ პროგრამაზე გადასვლისთვის საჭირო საგნები არ აქვს ჩაბარებული,  მათ საშუალება ექნებათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ, ჩააბარონ განსხვავებული საგნები და შემდგომ ზაფხულის მობილობაში ამ საგნებით მიიღონ მონაწილეობა.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას საფასურის გადახდის გზებსა და და საშუალებებზე. ცხადია, ესეც განთავსებულია პორტალზე და მინდა, ახალგაზრდები ყურადღებით გაეცნონ ამ საკითხსაც. აქვე ვიტყვი, რომ გადახდის გზები ბევრად უფრო გამარტივებულია, თუმცა, სასურველია, წინასწარ კარგად გაეცნონ თანხის გადახდის სხვადასხვა გზებს. ეს წესი და პროცედურა საქართველოს ბანკზეა მიბმული იმისთვის, რომ მომენტალურად, გადახდისთანავე, აისახოს და განაცხადი ძალაში შევიდეს.

პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, სტუდენტების მხრიდან, სწორედ ასეთ დეტალებს უკავშირდება – ხშირად ჰგონიათ, რომ მხოლოდ საიტზე რეგისტრაცია ნიშნავს მობილობაში მონაწილეობას, რაც შეცდომაა, განაცხადი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, როგორც გითხარით, რეგისტრაციის ვადის დასრულების დროისთვის, მობილობის საფასურიც გადახდილი ჰქონდეთ. მაგალითად, 8 თებერვლის 6 საათზე რეგისტრაცია სრულდება და სტუდენტმა, თუნდაც შვიდის ერთ წუთზეც რომ გადაიხადოს თანხა, ის კონკურსს გამოეთიშება. ამიტომ, რეალურად, სამივე თანაბრად მნიშვნელოვანია – მომხმარებლად რეგისტრაციაგანაცხადის გაკეთება და თანხის გადახდა – ხვალ საღამოს მითითებულ ვადამდე დაასრულონ.

დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა, რაც მინდა მობილობის მსურველებმა გაითვალისწინონ, კონკურსს და საკონკურსო ქულას უკავშირდება.

მოგეხსენებათ, პორტალზე რეგისტრაციის წესის მიხედვით, სტუდენტებმა უმაღლესი სასწავლებლებისა და პროგრამების საკუთარი არჩევანი განაცხადში პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაალაგონ, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკურსში ისინი სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით მონაწილეობენ. პორტალზე გამოტანილია და ჩანს როგორია მათი ინდივიდუალური საკონკურსო ქულა, ასევე კონკრეტულ პროგრამაზე არსებული  მინიმალური საკონკურსო ზღვარი უკვე რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობის მიხედვით. შესაბამისად, ყველა სტუდენტს ვურჩევ, რომ თუკი პირველ პრიორიტეტად მითითებულ პროგრამაზე ხედავენ, რომ მინიმალური საკონკურსო ზღვარი ასცდა მათ ინდივიდუალურ საკონკურსო ქულას და ამით კონკურსს გამოეთიშნენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ საკუთარი საკონკურსო ქულა მეორე პროგრამაზე ჰყოფნით, ამით არ დამშვიდდნენ!!!. განაცხადში პირველ პრიორიტეტად დააფიქსირონ ის პროგრამა, რომელზეც ჰყოფნით ქულა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან საკონკურსო ქულების გარდა, კონკურსში ყურადღება ექცევა იმასაც, პრეტენდენტს რომელ პრიორიტეტად აქვს მითითებული ესა თუ ის პროგრამა. მაგალითად, თუ მე რომელიმე პროგრამა პირველ პრიორიტეტად მაქვს მითითებული და სხვას – მეორედ, პროგრამა ჯერ მათ შორის განიხილავს კონკურსს, ვისაც პირველ პრიორიტეტად აქვს მითითებული და შემდეგ მეორედ და მესამედ მითითებულებს შორის და ა.შ. ძალიან ბევრი დეტალია, რაზეც დამოკიდებულია მობილობის უფლების წარმატებით განხორციელება, ამიტომაც სტუდენტები ყურადღებით და გულისხმიერად უნდა გაეცნონ რეგისტრაციის წესსა და პროცედურებს, რომელიც განთავსებულია მართვის სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და მობილობის ელექრტონულ პორტალზე.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია მობილობის შესახებ 

რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს მობილობის უფლება

ა) მობილობის უფლება სტუდენტს ეძლევა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი;

ბ) მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში;

გ) 2013-2019 წლებში ჩარიცხულ მაგისტრანტებს მობილობის უფლება მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ეძლევათ, რომელსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი;

დ) უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩარიცხულ სტუდენტებს მობილობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებსაც შეესაბამება მათ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები, რის კონტროლსაც უზრუნველყოფს ელექტრონული პორტალი. საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობისთვის აუცილებელი საგანი/საგნების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პორტალზე.

მნიშვნელოვანია, რომ მობილობის მსურველ, 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩარიცხულ სტუდენტებს, თუ 2020 წლამდე მიღებული აქვთ მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში და შესაბამის საგანში გადალახული აქვთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საშუალება ეძლევათ, მიღებული შედეგი მობილობის მიზნებისათვის გამოიყენონ.

სტუდენტს მობილობის ელექტრონულ განაცხადში რამდენიმე არჩევანის დაფიქსირება შეუძლია

♦მობილობის მსურველს შეუძლია, პორტალზე აირჩიოს და დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე, პრიორიტეტის მიხედვით, არაუმეტეს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა. პრიორიტეტულობის პრინციპი არჩეული პროგრამების უპირატესობის მინიჭების მიხედვით დალაგებას ნიშნავს.

სტუდენტს შეუძლია შეცვალოს მის მიერ პორტალზე გაკეთებული არჩევანი

♦ სტუდენტთა რეგისტრაციის დასრულებამდე, მობილობის ელექტრონულ პორტალზე, შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (თანმიმდევრობის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.).

 ელექტრონულ პორტალზე კონკურსი სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიჭებული ქულა) გათვალისწინებით მიმდინარეობს

♦ ორი ან მეტი თანაბარი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტის ბოლო საკონკურსო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პორტალზე მობილობის უფლებას თითოეული მათგანი მოიპოვებს.

♦ სტუდენტები, რომლებსაც რეესტრში არ უფიქსირდებათ საკონკურსო ქულა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები), პორტალზე მობილობით გადასვლის უფლებას კონკურსის გარეშე (უკონკურსოდ) მოიპოვებენ.

♦ მობილობის წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, პირველ რიგში, ის სტუდენტები მოიპოვებენ, რომლებსაც აღნიშნული დაწესებულება პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული. დარჩენილი ადგილები განაწილდება მეორე, მესამე და ა.შ. პრიორიტეტებად რეგისტრირებული განაცხადების შესაბამისად.

ამის გარდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სტუდენტების მობილობით ჩარიცხვასთან დაკავშირებით (გამოცდა, შემოქმედებითი ტური, გასაუბრება და ა.შ) ან/და შეზღუდოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება კონკრეტული პირობით (სწავლების წელი, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და ა.შ.).

დამატებითი მოთხოვნები აისახება ელექტრონულ პორტალზე, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შენიშვნების გრაფაში. სტუდენტი ვალდებულია, აღნიშნულ მოთხოვნებს გაეცნოს და გაითვალისწინოს.

ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა, დაუყოვნებლივ, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.

დაუშვებელია პირადი საქმის ასლების მიღებაში სტუდენტისთვის ხელის შეშლა.

სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს, სტუდენტის მიერ წარდგენილ პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან.

შეგახსენებთ, რომ მობილობის საფასურის გადახდისგან თავისუფლდება სტუდენტი, რომლის ოჯახიც, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

მობილობის საფასური (40 ლარი) სტუდენტს სრულად დაუბრუნდება იმ შეთხვევაში, თუ:

ა) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მას არ აქვს გაკეთებული/დაფიქსირებული განაცხადი/არჩევანი მობილობაზე.

 ბ) საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა.

საფასურის დაბრუნების შესახებ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს, საფასურის გადახდიდან, 3 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

საფასური ბრუნდება, დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან, 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

რა ეტაპები და რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა მობილობის განსახორციელებლად?

⇒ გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელპორტალზე https://students.emis.ge/; აირჩიოს სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასურველი პროგრამა/პროგრამები და დაალაგოს პრიორიტეტის მიხედვით (გააკეთოს მობილობის ელექტრონული განაცხადი);

⇒ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებში, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკით, მობაილბანკი ან epay.ge-ს გადახდის სერვისებით (მენიუში მოძებნეთ: სხვა->განათლება->სტუდენტთა მობილობა);

გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე;

⇒ დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობითი განცხადებით მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;

⇒ გაეცნოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები