29 მარტი, პარასკევი, 2024

ერთი – პირველი ნატურალური რიცხვი

spot_img

ბავშვებო, დღეს რიცხვებზე საუბარს განვაგრძობთ. თქვენ, ამ ინფორმაციის საფუძველზე,  საინტერესო მასალის მომზადება შეგეძლებათ, რომელსაც სასკოლო ღონისძიებაზე მოხსენების სახით წარადგენთ ან თანატოლებს გააცნობთ საუბრის დროს და დააინტერესებთ…

1 (ერთი) პირველი ნატურალური რიცხვია, რომელსაც მხოლოდ ერთი გამყოფი (თავად 1) აქვს და თავად კი ნებისმიერ რიცხვის გაყოფა შეუძლია. ათენელი ფილოსოფოსი პლატონი ამ რიცხვს იდეალურს უწოდებდა, რადგან თავის თავზე გამრავლებისა თუ გაყოფისას მაინც 1-ს ვღებულობთო. ამ ფილოსოფოსის აზრით 1 ღმერთია.

ახლა 2-ზე (ორზე) ვისაუბროთ. ეს რიცხვიც გამორჩეულია, რადგან მხოლოდ ისაა ისეთი, რომელიც ლუწია და თან მარტივი (აქვს მხოლოდ ორი გამყოფი: 1 და 2). გამოჩენილი მოაზროვნის, პითაგორას, მიმდევრები ამბობდნენ, რომ 2 მდედრობითი სქესის გამომხატველი რიცხვია და ზოგი უფრო მკვეთრ განცხადებასაც აკეთებდა: ლუწი რიცხვები გაორებულებია, ახასიათებთ ორპირობა და უთანხმოებაო. ეს რიცხვი გამორჩეული იყო მარია კიურის ცხოვრებაში. მარიას სამეცნიერო მისწრაფება განსაზღვრა ორმა ადამიანმა: მამამ და უფროსმა დამ; მარია ამბობდა, რომ გააჩნდა ორი სამშობლო: პოლონეთი (სადაც დაიბადა) და საფრანგეთი (სადაც სახელი გაითქვა, როგორც დიდმა მეცნიერმა); მან მეუღლესთან ერთად აღმოაჩინა ორი ელემენტი: პოლონიუმი და რადიუმი; ატარებდა ორ გვარს (საკუთარსა და მეუღლისას); ჰყავდა ორი ქალიშვილი; იყო ნობელის ლაურეატი ორ მეცნიერებაში (ფიზიკასა და ქიმიაში); გახსნა ორი ინსტიტუტი (პარიზსა და ვარშავაში); ამერიკაში იყო ორჯერ; შეხვდა ორ პრეზიდენტს, რომელთაგან საჩუქრად მიიღო ორი გრამი რადიუმი!

ახლა კი მის უდიდებულესობა 3-ს (სამს) შევეხოთ. ის თავის წინა ორი ნატურალური რიცხვის ჯამის ტოლია; 3 წერტილით, რომლებიც არ მდებარეობს ერთ წრფეზე, განისაზღვრება სიბრტყე. სამი ქრისტიანული რელიგიისთვისაც მნიშვნელოვანი რიცხვია: ღმერთი სამსახოვანია (მამა, ძე და სულიწმინდა), სამი ნაწილისგან შედგება სამყარო (სკნელი, ქვესკნელი, ზესკნელი ანუ ზეცა). სხვა რელიგიებშიც სამს დიდად მისტიკური მნიშვნელობა მიენიჭა. ინდური ღმერთები – ბრამა, შივა და ვიშნუ – სამსახოვანია. გერმანიის იმპერიის დამაარსებელი ბისმარკი სამს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან სამ იმპერატორთან მოუწია „მსახურებამ“. ვილჰელმ პირველი, ფრიდრიხ მესამე და და ვილჰელმ მეორე მას პატივს მიაგებდნენ; ბისმარკმა სამ ქვეყანასთან ომში მიიღო მონაწილეობა (დანიასთან, ავსტრიასა და საფრანგეთთან); ხელი მოაწერა სამ სამშვიდობო ხელშეკრულებას; ებრძოდა სამ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ გაერთიანებას (კათოლიკეებს, პროგრესისტებსა და სოციალისტებს); ჰყავდა სამი შვილი და ფლობდა სამ მამულს.

არც 4 (ოთხი) არის ნაკლებად საყურადღებო. პითაგორელები მას წმინდა, სამართლიანსა და საწყისის რიცხვს უწოდებდნენ. პითაგორელებს მიაჩნდათ, რომ 10 (ათი), როგორც სრულყოფილი და ჰარმონიული რიცხვი მიიღება 4-ისა და მის წინ მდებარე რიცხვების დაჯამებით: 4+3+2+1;  ამ რიცხვს ჯანმრთელობის, ჰარმონიისა და გონიერების სიმბოლოდ აღიარებდნენ;  ძველ ფილოსოფოსებს მიაჩნდათ, რომ სამყაროს 4 ელემენტი (მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი) ქმნიდა; ანტიკური პერიოდის მედიკოსები თვლიდნენ, რომ 4 დიდი „ექიმი“ არსებობს: წყალი, ჰაერი, მოძრაობა და დიეტა; არსებობს ჰორიზონტის 4 ძირითადი მხარე და 4 ოკეანე.

6 (ექვსი) საკუთარი გამყოფების ჯამისა და ნამრავლის ტოლია (1+2+3/1*2*3). მათემატიკოსები ამბობენ, რომ ასეთი „სრულყოფილი“ რიცხვი 24-ია ჯერჯერობით ცნობილი.

7 (შვიდი)  წმინდა რიცხვად მიიჩნეოდა. 7 მაღლობზე იყო ქალაქი რომი აშენებული; 7 დღეა კვირაში; არსებობდა 7 არქიტექტურული საოცრება (პირამიდები, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი, ალექსანდრიის შუქურა); ბიბლიაში 7 ხუთასჯერ მაინცაა მოხსენებული; 7 მუსიკალური ბგერა (დო, რე, მი, ფა, სო, ლა, სი); ცისარტყელა 7 ფერისგან შედგება (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი); სამყაროს შექმნა მე-7 დღეს სამყაროს შემოქმედის დასვენებით დასრულდა; ნიუ-იორკში არსებულ „თავისუფლების ქანდაკებას“ 7 ქიმი აქვს; ბაბილონის ბაღებს 7 მეტრი სისქის გალავანი ჰქონდა; არსებობს 7 კონტინენტი; ლონდონის ბიგ-ბენის კედლებში ჩამონტაჟებულია 7 მეტრის დიამეტრიანი საათები (მსოფლიოს უდიდეს საათებადაა მიჩნეული); ადამიანს უნდა ამკობდეს 7 თვისება: რწმენა, იმედი, გულმოწყალება, სამართლიანობა, თავშეკავება, მომჭირნეობა, სულის სიმტკიცე.

ჩემო პატარა მეგობრებო, არსებობს ბევრნაირი საპრეზენტაციო პროგრამა, რომლითაც ეს და სხვა ინფორმაციები ლამაზ სლაიდებად ააწყოთ და უჩვენოთ თანატოლებსა თუ უფროსებს. შეგიძლიათ, რომ დესკტოპ-ვერსიაც გადაიღოთ სპეციალური პროგრამებით და სოციალურ სივრცეებში განათავსოთ, ან სულაც სკოლის ვებგვერდზე, ან კიდევ ბლოგზე. იცოდეთ, რომ ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ!

ხათუნა სვანაძე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები