24 ნოემბერი, კვირა, 2024

საჯაროობა – დაცვის ყველაზე კარგი საშუალება

spot_img

22 იანვარს, განათლების კოალიციისა და ღია სივრცე კავკასიის ორგანიზებით, რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის ანგარიშის – „სკოლების დეპოლიტიზება: ძირითადი ტენდენციები, მიგნებები და გამოწვევები“ – პრეზენტაცია გაიმართა.

კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ განათლების კოალიციისთვის სკოლების დეპოლიტიზების საკითხი, დაფუძნების დღიდან, პრიორიტეტია. თუმცა, ფოკუსირებულად ამ თემაზე მუშაობა 2020 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ დროიდან თანამშრომლობს კოალიცია „ღია სივრცე კავკასიასთან“. მუშაობის პროცესშივე გამოიკვეთა, რომ: „შეუძლებელი იქნებოდა რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა, თუ ადგილებზე, ჩვენთან ერთად, არ იქნებოდნენ ადამიანები, ვინც ამ თემაზე იმუშავებდნენ, ასე ვთქვათ, ქვემოდან ზემოთ არ წამოვიდოდა ძალისხმევა. ვიცით, რომ ეს პრობლემა ფესვგადგმულია, მაგრამ სკოლებშიც და სკოლის გარეთაც არიან ადამიანები, ვინც ასე ინდივიდუალურად, ფრაგმენტულად მუშაობდნენ ამ საკითხებზე. ჩვენი სურვილი იყო, ამ პროექტით, გვინდოდა, ყველასთვის დაგვენახებინა, რომ პრობლემა რეალურად არსებობს და ინდივიდუალური ძალისხმევა ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა, „მოძრაობაში მოგვექცია“ – რასაც უკე სკოლის დეპოლიტიზების მოძრაობას ვეძახით. პროექტის მთავარი ამოცანაც ეს არის და ვფიქრობ, გარკვეულწილად გამოგვივიდა. იმედია, ნელ-ნელა ერთობლივი წინსვლა გვექნება.“

✔️2020 წელს, განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიციატივით, შემუშავდა განცხადება განათლების დეპოლიტიზების შესახებ, რომელსაც 38-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. აღნიშნული განცხადება საფუძვლად დაედო სკოლების დეპოლიტიზების, განათლების სპეციალისტების, უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული, საზოგადოებრივი კომისიის შექმნას, რომლის მიზანია ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანების (მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ.) პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან დაცვა.

მოცემულ კონტექსტში განათლების კოალიციამ, აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით და ორგანიზაციასთანღია სივრცე კავკასიაპარტნიორობით, განახორციელა პროექტისკოლების დეპოლიტიზებადა მოამზადა ანგარიში, რომელშიც 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების/ფაქტების ანალიზი და რეკომენდაციებია წარმოდგენილი.

პროექტისსკოლების დეპოლიტიზება“ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად მკაფიოდ გამოვლინდა, რომ შიშისა და უნდობლობის გამო, ადგილობრივ დონეზე, საჯარო სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს უჭირთ პოლიტიკური დევნის შესახებ საუბარი დედაქალაქიდან ჩასულ მკვლევრებთან თუ უფლებადამცველებთან. მათ არ აქვთ სათანადო ცოდნა სფეროში არსებული სამართლებრივი ნორმების, თავიანთი უფლებებისა და მათი დაცვის შესაძლებლობების შესახებ. ასევე, რეგიონულ სამოქალაქო ორგანიზაციებში სუსტადაა განვითარებული კომპეტენციები საარჩევნო, განათლებისა და დისკრიმინაციის საკითხებში, იმისათვის, რომ მათ ადგილებზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი მოახდინონ და კვალიფიციური დახმარების გაწევა შეძლონ განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

„ღია სივრცე კავკასიის“ დირექტორის, ირმა პავლიაშვილის აზრით, პირველი და არსებითი ამ პროცესში ადგილზე ქსელის გაძლიერების ხელშეწყობაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ პროცესში და, რა თქმა უნდა, მეტი წილი განათლების სფეროს წარმომადგენლთა ჩართულობა უნდა იყოს. „შევქმენით ქსელი, სადაც, დაახლოებით, 120 ადამიანი გაწევრიანდა. სხვადასხვა ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, აქტივისტები, მედიის სფეროს წარმომადგენლები. ჯამში, უკვე შეხვედრებში მონაწილე პირთა რაოდენობამ (ნდობის ჯგუფებმა სულ 60 შეხვედრა გამართეს), ქვეყნის მასშტაბით, 850 ადამიანი შეადგინა. კოორდინატორების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებში საინტერესო იყო ის მიგნებები, ფაქტები და პოლიტიზირების ინსტრუმენტები, რომელიც შემდეგ უკვე სისტემურად შევაფასეთ. საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ გამონაკლისი არ არის რომელიმე რეგიონი, ადმინისტრაციული რესურსი ყველგან ერთნაირი სისტემით მუშაობს და ცდილობს ბერკეტების გამოყენებას.

მთავარ მიგნებებში გამოვკვეთეთ საკითხები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე კი არ სუსტდება, არამედ უფრო ძლიერდება. 2006-2012 წლებშიც ვიყავი ჩართული კომისიაში, რომელიც განათლების სისტემიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების საქმეებს სწავლობდა. თუ შევადარებთ იმ პერიოდს და 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ვნახავთ, რომ ერთმანეთისგან არ განსხვავდება. სისტემური პრობლემა რჩება და ის ერთჯერადი ინტერვენცია, რომლის განხორციელებაც სცადა მაშინ იმ კომისიამ, არ მუშაობს და რომ ამ პროცესში მხოლოდ სფეროს წარმომადგენლების, უფლებადამცველების და დამკვირვებლების მონაწილეობა საკმარისი არ არის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ამ პრობლემებზე, ვისაუბროთ ხმამაღლა და უკეთ დაგეგმილი სტრატეგიით წავიდეთ წინ, მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროცესში იმისთვის, რომ ეს სისტემური პრობლემა მოგვარდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ, ერთი მხრივ, გვყავს საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები – მასწავლებლები, დირექტორები და სხვა პირები, მეორე მხრივ კი, არიან ბავშვები, მომავალი თაობა, რომელიც იზრდება ამ გარემოში და ხედავს, თუ რა ბერკეტებს იყნებს სახელმწიფო, როგორ არიან დაჩაგრული ეს ადამიანები, როგორ იწესებენ თვითცენზურას და შეზღუდული აქვთ როგორც პოლიტიკური უფლებები, ასევე გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, ანგარიშში მიგნებებიც სწორედ ამ კუთხით დავაჯგუფეთ.“ – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა ათი რეგიონული ნდობის ჯგუფი, რომლის დაკომპლექტება ადგილებზე სწორედ მულტიდისციპლინური შემადგენლობით მოხდა – მოქმედი საზოგადოებრივი, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, უფლებადამცველები და განათლების სფეროში დასაქმებული პირები.

ნდობის ჯგუფების ძირითად მიზანს წარმოადგენს ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე პოლიტიკური ზეწოლის, იძულებისა თუ სხვა შესაბამისი უკანონო ქმედებების იდენტიფიცირება, ინფორმაციის შეგროვება და რეაგირება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ სასკოლო საზოგადოებაში ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა და პოლიტიკურ პროცესებში მათი უკანონო ჩართვის პრევენცია.

დეპოლიტიზების კამპანიამ საზოგადოებრივი მოძრაობის სახე შეიძინა და გრძელვადიანი ამოცანები დაისახა. სკოლების დეპოლიტიზების პროექტი და რეგიონული ნდობის ჯგუფები აქტიურად თანამშრომლობდნენ ადგილობრივ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და მედიასაშუალებებთან. წარმოდგენილი ანგარიში სწორედ პროექტის „რეგიონული ნდობის ჯგუფები განათლების დეპოლიტიზებისთვის“ ფარგლებში გამოკვეთილ ტენდენციებსა და გამოწვევებს მიმოიხილავს, სისტემის ყველა დონეზე, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიზაციის ინსტრუმენტებისა და ბერკეტების გამოყენების შესახებ.

ქსელის საქმიანობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანების დასარწმუნებლად, რომ საჯაროობა ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა და თამამად შეეწინააღმდეგონ მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, გათავისუფლდნენ თვითცენზურისგან და არსებულ გამოწვევებზე საჯაროდ ისაუბრონ.

🔘✔️რეგიონული ჯგუფების მიერ მოკრებილი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, აღმოჩნდა, რომ:

🔗განათლების სისტემაში პოლიტიზების ინსტრუმენტების გამოყენება სისტემური პრობლემაა და არა ფრაგმენტული, წლებია მეორდება და მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტსა და საჯარო სკოლას. მასში ჩართულია განათლების სისტემის თუ სხვა უწყებების (თვითმმართველობის, სამართალდამცავი ორგანოების…) და პოლიტიკური ვერტიკალის თითქმის ყველა აქტორი; ჩამოყალიბებულია გავლენის მოხდენის მეთოდოლოგია, მათ შორის განათლების სისტემაში არსებული სამართლებრივი მექანიზმების ჩათვლით (განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი, მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილება საჯარო სკოლის დირექტორთა მოვალეობის შემსრულებლებად დანიშვნის, საგაკვეთილო საათების გადანაწილება);

🔗განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები (საჯარო სკოლის მასწავლებლები, დირექტორები და სხვა თანამშრომლები) თვითცენზურას მიმართავენ. პოლიტიკური წნეხი მასწავლებლებში/დირექტორებში აღვივებს/აღძრავს შიშს, რის საფუძველზეც, ისინი თავს იკავებენ განსხვავებული პოლიტიკური აზრის დაფიქსირებისგან, იძულებით ერთვებიან საარჩევნო/პოლიტიკურ აქტივობებში და საჯაროდ ვერ გამოხატავენ სოლიდარობას იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც სისტემის მსხვერპლი გახდნენ სწორედ განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო.

ციტატა ნდობის ჯგუფების ანგარიშებიდან: „ერთ-ერთ შეკრებაზე პედაგოგებმა თვითცენზურის მოტივად დაასახელეს საათების განაწილების პრაქტიკა. „მყვირალა“, აქტიური მასწავლებლების დასჯის ერთ-ერთ გავრცელებულ მეთოდს სწორედ საათების შემცირება/ჩამორთმევა წარმოადგენს“.

🔗საარჩევნო პერიოდში პოლიტიზების ინსტრუმენტები და წნეხი ძლიერდება. მაღალი ალბათობით, ზეწოლისა და შევიწროების პრაქტიკა რისკს ქმნის, რომ მას რეგულარულად იყენებენ არამართლზომიერი გავლენების, კლიენტარიზმისა და პატერნალიზმის თუ მიკერძოებული მიდგომების დასანერგად. ძალაუფლებასა და სოციალურ უთანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა კი ხელს უწყობს მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში არაჯანსაღ კულტურას და მანკიერი პრაქტიკის დანერგვას, რაც წინააღმდეგობაში მოდის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებთან.

ციტატა ნდობის ჯგუფების ანგარიშებიდან: „მასწავლებლები ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვა ჩვეულებრივი მოვლენაა და მათი საქმიანობის თანმდევ აქტივობას წარმოადგენს…“

📌ანგარიშში პოლიტიზების ინსტრუმენტებად სახელდება: დაშინება, მუქარა, იძულება, ძალადობა

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზეწოლის შემთხვევები, ძირითადად, იკვეთება მმართველი პარტიის კოორდინატორების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, რესურსცენტრის თანამშრომლებისა და დირექტორების მხრიდან. ფორმებიც მრავალფეროვანია – პირდაპირი და ირიბი, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, იძულება, დაშინება (გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების/დაკარგვის, მათი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების, თანამდებობრივი სტატუსის შეცვლის, წახალისების ან დაქვეითების, რაც პირდაპირ აისახება მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე).

◾️ კეთილი რჩევებიდა საგაკვეთილო საათების ჩამორთმევა. მავნე პრაქტიკად იქცა საჯარო სკოლების დირექტორების მხრიდან მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირებისთვის ე.წ. „კეთილი რჩევების“ მიცემა (განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში). ეს „კეთილი რჩევები“ ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმას იძენს – თანამშრომლებს ურჩევენ, რომ „პრობლემები“ არ შეექმნებათ, თუ მმართველ პარტიას დაუჭერენ მხარს. მიანიშნებენ, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, არავინ იცის, რა მოუვა მათ სამსახურს. მასწავლებლების მხრიდან სამოქალაქო თუ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო, დირექტორები, ხშირ შემთხვევაში, დასჯის ბერკეტად საათების განაწილების მექანიზმს იყენებენ. თავის მხრივ, სკოლის დირექტორებიც იღებენ მითითებებს, რომელთა უსიტყვოდ შესრულება უწევთ თანამდებობის შენარჩუნების ან დამატებითი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. სკოლაში დასაქმებული ადამიანები, პოლიტიკური გავლენით გამოწვეული შიშის გამო, ხმამაღლა ვერ/არ საუბრობენ პრობლემებზე.

◾️ გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების, პოლიტიკურ პარტიაში საქმიანობის უფლების შეზღუდვა – კონტროლდება პედაგოგებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ ქსელებში აქტივობა. ოპოზიციური პარტიების პოსტების მოწონების ან სხვა დადებითი ემოციის გამოხატვის, კომენტარის დატოვების ან მათთვის მხარდაჭერის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა განხილვის თემა ხდება. ხშირად მსგავსი კომენტარების წაშლას აიძულებენ ან მმართველი პარტიის კანდიდატებისთვის ღია მხარდაჭერას, სააგიტაციო შეხვედრებსა თუ აქციებში მონაწილეობას, ამის არაერთი მაგალითია, მათ შორის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას.

◾️ ონლაინ საგაკვეთილო საათების ხარჯზე შეხვედრებში პედაგოგთა მონაწილეობა/მობილიზება. მმართველი პარტიის სასარგებლო საარჩევნო ღონისძიებებში ჩართული პედაგოგები დამატებითი შეღავათებით სარგებლობენ.

◾️ პოტენციურ მხარდამჭერთა სიებზე მუშაობის იძულება, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გამოცხადების და ნების გამოხატვის კონტროლი; წინასაარჩევნო პერიოდში მხარდამჭერთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება და მხარდამჭერთა მობილიზება. ნდობის ჯგუფის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა, რომ გავრცელებული პრაქტიკაა, მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლების მიერ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასწავლებლებთან განხორციელებული ზარები. პოლიტიკური წნეხი მასწავლებლებში/დირექტორებში აღძრავს შიშს, აიძულებს დამალონ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ჩაერთონ მმართველი პარტიის სასარგებლო საარჩევნო აქტივობებში და მინიმუმ, საარჩევნო პერიოდში მაინც, ღიად არ დაუჭირონ მხარი სხვა პოლიტიკურ პარტიებს.

📌ანგარიშს თან ახლავს რეკომენდაციები

რომელიც მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენების შემცირებასა და აღმოფხვრაზე, რაც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტების/ბერკეტების ხელის შემწყობი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, სისტემურ ცვლილებებსა და საინფორმაციო კამპანიის წარმართვას გულისხმობს. ერთ ერთ რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ:

🔘საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა:

✔️უზრუნველყოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების შესრულება და საჯარო სკოლებში ჯანსაღი გარემოს შექმნა;
✔️ უზრუნველყოს საჯარო სკოლების დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება;
✔️ გადახედოს განათლების მინისტრის ბრძანებით დადგენილი შიდა აუდიტის მექანიზმს იმგვარად, რომ იგი არ იქცეს სადამსჯელო ინსტრუმენტად საჯარო სკოლის დირექტორებისთვის, მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო;
✔️უზრუნველყოს საჯარო სკოლების ავტონომიის მეტი გარანტიები, მეტად ფორმალიზებული ანგარიშვალდებულების, სკოლისა და დირექტორის ეფექტიანობის შეფასებისა და ინსპექტირების პოლიტიკისა და მექანიზმების ჩამოყალიბება.

🔘საჯარო სკოლების დირექტორებმა კი:

✔️ უნდა დაიცვან მათ სკოლებში დასაქმებულთა უფლებები;
✔️ თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სცდება მათ კომპეტენციას;
✔️ დაიცვან „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი;
✔️ პოლიტიკური უფლებების რეალიზებისა და საქმიანობისას ბოროტად არ გამოიყენონ სამსახურებრივი უფლებამოსილება და დაიცვან საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები.

კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა სკოლების ავტორიზების პროცესს მოჰყვეს. ამბობს, რომ: „არსებობს საშიშროება, რომ ავტორიზაციის თუ თვითშეფასების პროცესები პოლიტიზების ინსტრუმენტად არ იქცეს. ამიტომ, როდესაც იმავე აუდიტის თუ ინსპექტირების სისტემის რევიზიაზე ვსაუბრობთ, სასურველია, ვიდრე კონკრეტულ რეკომენდაციას შევიმუშავებთ, პროცესი ერთიანი სისტემის ფარგლებში დავინახოთ. რაკი სკოლების ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესის დაწყებაზე უკვე რეალური საუბარი მიმდინარეობს, სასურველია, ეს ორი ერთიან ინსტრუმენტად დავინახოთ, რომელსაც სისტემა სკოლების მონიტორინგისთვის გამოიყენებს. მონიტორინგი და სკოლების ანგარიშვალდებულება, რა თქმა უნდა, აუცილებლია და წლებია ვლაპარაკობთ, რომ აუცლებელია სასკოლო ანგარიშვალდებულების და სკოლების თითშეფასების სისტემის დახვეწა უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს რისკი რეალურად არსებობს. ამიტომ, ვფიქრობთ, იმავე აუდიტის პროცესის გადახედვა და კონკრეტული რეკომენდაციების შემოღება სწორედ ამ ერთიანი სისტემის გააზრების პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ინსპექტირების სამსახურის როლი და არსებობა საერთოდ აღარ იყოს საჭირო. ამიტომ, თავს ვიკავებთ წინასწარი კონკრეტული დასკვნებისგან. სასურველია, სკოლების თვითშეფასებისა და მხარდაჭერის სწორი სისტემის აწყობით, სამომავლოდ, სკოლა მანკიერი პრაქტიკისგან დავიცვათ. თუ კიდევ უფრო ზემოდან შეხედავთ ამ პროცესებს, განათლების სტრატეგიაში, რომელიც გასაჯაროვდა და მალე საბოლოო დოკუმენტის სახით გამოქვეყნდება, წერია, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც უნდა იმუშაოს განათლების სამინისტრომ, სკოლების მართვის მოდელის რეფორმირება იქნება. ვფქირობთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზით და რა მიმართულებით განვითარდება სასკოლო მართვის მოდელი. რეალურად, ახალმა მოდელმაც შეიძლება ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიოს დეპოლიტიზების პროცესში ან პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმოს სიტუაცია და უფრო ხელშემწყობი გარემო შექმნას. ამიტომ, ამ მიმართლებითაც, ძალიან კარგად უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. საუბარია იმაზეც, რომ შეიძლება რესურსცენტრების როლი და ფუნქციაც გადაიხედოს. ჩვენმა კვლევამაც აჩვენა, სამწუხაროდ, რესურსცენტრებიც არიან ამ მანქანაში ჩართული. ისიც ფაქტია, რომ წმინდა საგანმანთლებლო პროცესებში სწორად ჩართვის თვალსაზრისითაც საჭიროა მათი რეფორმირება. როგორი იქნება სასკოლო ქსელის მართვის ახალი მოდელი, ამას შეიძლება პირდაპირი გავლენა ჰქონდეს ამ პროცესებზე. ჩვენი მოძრაობის პრიორიტეტი ისიც უნდა იყოს, რომ ჩვენი ადვოკატირებით, ახალ სისტემაში ამოვქოლოთ შესაძლებლობები და მინიმუმამდე დავიყვანოთ პოლიტიზების რისკები, რეალურად უზრუნველვყოთ სასკოლო ავტონომია. სწორედ ამიტომ, ძალიან კარგი მომენტია ახლა ამ მოძრაობის გაძლიერებისა და თემის აქცენტირებისთვის. ეს მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური თვითგამოხატვის თემა არ არის, ეს პირდაპირ კავშირშია განათლების სისტემის სწორ განვითარებასა და სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხთან, რადგან, ვიდრე სკოლა არ იქნება თავისუფალი პოლიტიკური წნეხისგან, რთულია თუნდაც არაპოლიტიკური თემების, მათ შორის, სწავლა-სწავლების საკითხის სწორად წარმართვა. ამიტომაც, შემდგომ საარჩევნო პროცესამდე ჩვენთვის სწორედ ეს თემები იქნება მნიშვნელოვანი.“

შეხვედრაზე რეგიონული ნდობის ჯგუფების კოორდინატორებმა და წამომადგენლებმა, ასევე, იმსჯელეს დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობის საქმიანობის სპეციფიკის, დაბრკოლებებისა და განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ.

🔗მარიამ გინოსიანი, სამცხე ჯავახეთის კოორდინატორი: „როგორც ყველა რეგიონში, ჩვენთანაც იგივე პრობლემაა, შეიძლება ითქვას, ორმაგი პრობლემაა, რადგან ჩვენს რეგიონში, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ. სამწუხაროდ, მასწავლებლებმა არ იციან თავიანთი უფლებები. ამის გამო, მათზე კიდევ უფრო მეტად ხდება ზეწოლა. ამიტომ, მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლების კუთხითაც ვმუშაობთ, რომ იოლად არ მოექცნენ პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ და არ დაემორჩილონ. არჩევნების დროს, ანონიმურად, პოლიტიკური ზეწოლის ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, ღიად, ხმამაღლა საუბრისგან კი, თავს იკავებენ.“

🔗მედეა პავლიაშვილი, შიდა ქართლის კოორდინატორი: „ძირითადი მიზეზი მაინც განათლების დაბალი დონეა. სამწუხაროდ, ადამიანებმა არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ. თუმცა, ჩვენ ისეთი შემთხვევებიც გამოვკვეთეთ, როცა ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ არ სურდათ პრობლემებზე საუბარი. აქ, გარკვეულწილად, ალბათ, მენტალური პრობლემაც არის – ფიქრობენ, არავინ ხმას არ იღებს და რაღა მე დავიწყო ამაზე ლაპარაკი, მით უფრო, როცა იციან, რომ შეიძლება ამის გამო სკოლაში პრობლემაც კი შეექმნათ. ურჩევნიათ გაჩუმდნენ. კონკრეტულ ფაქტებს რაც შეეხება, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც რეგიონული ნდობის ჯგუფის წევრებს პირადმა ნაცნობებმა გაანდეს პრობლემა იმ პირობით, რომ მათ ნაამბობს არავის გაუზიარებდნენ. ცხადია, შიში აქვთ, შეიძლება სამსახურიდან გაანთავისუფლონ ან რაღაც ბენეფიტები დაკარგონ… ამიტომ, დუმილის მიზეზი მხოლოდ უფლებების არცოდნა არ არის, არასწორი დამოკიდებულებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რასაც კომპლექსურ პრობლემამდე მივყავართ.“

 

პროექტს „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ ახორციელებს განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია,“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები