23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გზა სტატუსის შესაცვლელად

spot_img

როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა, დავაზუსტებთ, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას ემსახურება, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.

2022 წლის ზაფხულში, სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს, ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახული არ აქვთ, სტატუსის ამაღლების მიზნით, პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის, საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ კარიერული წინსვლისთვის, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას გულისხმობს, მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვ.

იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, კიდევ მიეცემა.

ბუნებრივია, მასწავლებლებს უჩნდებათ კითხვები – რა ეტაპების გავლა მოუწევთ სტატუსის ცვლილებისთვის, როგორ შეფასდება პრაქტიკული ნაწილი და რა აქტივობების შეტანას შეძლებენ პორტფოლიოში. სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებს პასუხობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მენტორი მასწავლებელი თამარ ფაჩულია.

📌სტატუსის შესაცვლელად გასავლელი იქნება შემდეგი ეტაპები

მასწავლებელს საგნის გამოცდაში 50%-ზე მეტი შეფასება უნდა ჰქონდეს; თუ ეს დაკმაყოფილებული აქვს, გადის პროფესიული უნარების (დიდაქტიკის) გამოცდაზე (აქ ბარიერს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი), შემდეგ კი სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელშიც რესურსცენტრის, მასწავლებლის სახლის, ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების ცენტრის თანამშრომლები შედიან, მასწავლებელს პორტფოლიოს გაგზავნას სთხოვს. შეისწავლიან მასწავლებლის საქმიანობას, მას მოუწევს ამ პორტფოლიოს დაცვა და მთავარი კრიტერიუმი იქნება – რა გააკეთა მან მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე და როგორ გავიდა შედეგებზე.

უფროსი მასწავლებლებისათვის – 1 და 4 კრედიტზე გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს წინსვლის უფლება პირდაპირ არ ენიჭებათ.

იმ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახული არ აქვთ, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის, საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ (საგნობრივი კომპეტენცია წინაპირობაა იმისა, რომ მასწავლებელმა წინსვლაზე ზრუნვა დაიწყოს). თუ გამოცდა 1 ან 4 კრედიტზე გაქვთ ჩაბარებული, გადაბარება მოგიწევთ, ოღონდ უნდა მიიღოთ არა 7 კრედიტი, არამედ 10.

წამყვანი მასწავლებლისთვის – წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, ან საგნობრივი კომპეტენცია აქვს დადასტურებული, არანაკლებ, 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია, განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

📌 რას ითვალისწინებს პრაქტიკული ნაწილის შეფასება

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

პრაქტიკული ნაწილის შეფასება მოიცავს:

ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას. მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

ძალიან ბევრი შეკითხვაა პორტფოლიოსთან დაკავშირებითაც, ამიტომ გთავაზობთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რომელიც შეგვიძლია, პორტფოლიოში შევიტანოთ.

📌 რა აქტივობები შეგვიძლია შევიტანოთ პორტფოლიოში

♦ საკუთარ გაკვეთილზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანალიზი;

♦ ტრენინგში/სემინარში მონაწილეობა;

♦ სასწავლო გეგმის/ების შედგენა;

♦ საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა;

♦ ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;

♦ პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა;

♦ თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;

♦ წიგნის განხილვაში მონაწილეობა;

♦ გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;

♦ კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;

♦ პროფესიული ჟურნალებისა და წიგნების გაცნობა;

♦ ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;

♦ საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;

♦ დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

♦ საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;

♦ აუდიოპრეზენტაციების მოსმენა;

♦ საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;

♦ სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;

♦ სტატიების დაწერა;

♦ სასწავლო რესურსების შექმნა;

♦ პრეზენტაციები და დისკუსიები მრავალრიცხოვან პროფესიულ ჯგუფებში;

♦ თანმდევი სესიები და საქმიანობები ახალი იდეების წარმატებული დანერგვისთვის;

♦ დაკვირვება/შეფასება;

♦ განვითარება/გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა;

♦ სასწავლო ჯგუფებში მონაწილეობა და ა.შ.;

♦ პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება;

♦ სამუშაო შეხვედრებში (ე.წ. ვორქშოფებში) მონაწილეობა;

♦ სხვა პედაგოგის მენტორობის ქვეშ ყოფნა;

♦ სხვა მასწავლებლის მენტორობა;

♦ პედაგოგების მიერ ურთიერთსწავლება;

♦ კოლეგებისათვის სამუშაო შეხვედრის ჩატარება;

♦ პარალელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;

♦ მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

♦ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევა;

♦ კვლევაში მონაწილეობა;

♦ ექსპერტთან კონსულტაცია;

♦ „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი – სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება, ეფექტური უკუკავშირის მიცემა და კიდევ მრავალი სხვ.

📌 რამდენი აქტივობის განხორციელებაა საკმარისი ამ ჩამონათვალიდან?

 ჩამოთვლილი აქტივობებიდან ნებისმიერი შეიძლება განახორციელოს მასწავლებელმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უნდა შეასრულოს. მას სურვილის მიხედვით შეუძლია დაგეგმოს ის აქტივობა, რომელსაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ეს არ არის დოგმა. რასაც მასწავლებელი გაართმევს თავს, ის უნდა გააკეთოს ან კიდევ, შეიძლება აქ არ არის დასახელებული, მაგრამ მასწავლებელმა თვითონ მოიფიქროს და შემდეგ განახორციელოს რაიმე აქტივობა, ესეც ჩაეთვლება. აქ სანერვიულო არაფერი აქვთ მასწავლებლებს.

√ ორივეს გამოცდის ჩაბარება და პრაქტიკული ნაწილის შეფასება უწევს წამყვანის სტატუსის მოპოვების მსურველ მასწავლებლებს ისე მენტორობის მსურველებს, ოღონდ გამოცდების ქულებიც განსხვავებულია და ვალდებულებებიც, რა თქმა უნდა, განსხვავდება. დასახელებული აქტივობების შესრულებაც ერთნაირია.

📌 მასწავლებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პროფესიულ ვალდებულებებს:

ა) სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე, საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;

ბ) საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);

გ) თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე, პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა;

დ) ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროფესიული განვითარების მიზნით, განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს განმავითარებელ უკუკავშირს;

ე) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად, აღიარებული ტრენინგ-კურსის/კურსების გავლა:

ე.ა) უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს, მინიმუმ, 20 საკონტაქტო საათს;

ე.ბ) წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს, მინიმუმ, 12 საკონტაქტო საათს;

ე.გ) მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს, მინიმუმ, 6 საკონტაქტო საათს;

ვ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება;

ზ) კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა.

📌 შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა.

📌 დაბოლოს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია, არანაკლებ, 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები