16 მაისი, ორშაბათი, 2022

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშის შესახებ – COVID19 პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე

spot_img

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშის შესახებ:

COVID19 პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშს „COVID19 პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე“. პირველ რიგში, მისასალმებელია საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ინტერესი და კონკრეტული ქმედებები მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების კუთხით, რაც გამოიხატება აღნიშნული კვლევის განხორციელებით და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენით. ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად დააყენებს აღნიშნულ საკითხს პოლიტიკის დღის წესრიგში და სათანადო ზედამხედველობას გაუწევს შესაბამისი ჩარევის გეგმის როგორც შემუშავების, ასევე განხორციელების პროცესს.

განათლების კოალიციამ, ჯერ კიდევ 2020 წელს, წარმოადგინა პანდემიაზე ზოგადი განათლების სისტემის ზოგადი რეკომენდაციები და შემდგომ, უკვე 2021 წელს, განახორციელა კვლევა – „COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება (ორივე მათგანი ხელმისაწვდომია განათლების კოალიციის ვებგვერდზე www.efageorgia.ge). ეს უკანასკნელი იყო პირველი კვლევა საქართველოში, რომლის მიზანს ზოგად განათლებაზე პანდემიის გავლენისა და სასწავლო დანაკარგების მასშტაბის შეფასება წარმოადგენდა. კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ:

♦ ზოგადი განათლების სისტემამ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგები განიცადა. სასწავლო დანაკარგები არათანაბრად ნაწილდება და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ზიანი გაცილებით მაღალია. უთანასწორობა ხარისხიან განათლებაზე მისაწვდომობაში განსაკუთრებით გამოიხატა ციფრულ უთანასწორობაში, რომელმაც ათასობით მოსწავლე განათლების შესაძლებლობის მიღების გარეშე დატოვა.

♦ სასწავლო პროცესის უწყვეტობის აღდგენის მიუხედავად, ზოგადი განათლების სისტემის მიერ განხორციელებული ინტერვენციები ორიენტირებული იყო სასწავლო პროცესის შენარჩუნებაზე და ნაკლებად სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაზე. მაშინაც კი, თუ მოსწავლეებს ჰქონდათ ყველა პირობა დისტანციურ/ჰიბრიდულ სასწავლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფდა სასწავლო დანაკარგების პრევენციას ან შემცირებას.

♦ სკოლაში ხარისხის მართვის სისტემის არარსებობა, მასწავლებლების დაბალი მზაობა, პროფესიული გადაწვის რისკთან ერთად ვერ უზრუნველყოფდა დისტანციური სწავლების ეფექტურად მართვას, ასევე რემედიალური აქტივობების დაგეგმვას და ხარისხიანად განხორციელებას.

საკითხის მნიშვნელოვნების და მასშტაბის გათვალისწინებით, განათლების კოალიციის უპირველეს რეკომენდაციას წარმოადგენდა პოლიტიკის დღის წესრიგში სასწავლო დანაკარგების პრობლემის აქტუალიზება ეფექტიანი ჩარევის მექანიზმების შემუშავების მიზნით. შესაბამისად, შემუშავებული დოკუმენტები წარედგინა როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებს და ფართო საზოგადოებას, მათ შორის საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს.

მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული დოკუმენტი და მასში წარმოდგენილი რეკომენდაციები ანგარიშში, ფაქტობრივად, სრულად გათვალისწინებულია და პარლამენტის თემატური მოკვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, დასახელებული გამოწვევების მნიშვნელობას სასწავლო დანაკარგების გაღრმავებისა და ზოგადად, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით.

მასთან, სრულად ვიზიარებთ ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს და მიგვაჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

  1. შემუშავდეს სასწავლო დანაკარგის შემცირებისა და რემედიაციის ღონისძიებათა მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა. მისასალმებელია, რომ სასწავლო დანაკარგების საკითხი წარმოჩენილია განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში. მეორე მხრივ, სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ – „პანდემიის დროს სასწავლო პროცესის დანაკარგების შეფასება და სტრატეგიის შემუშავება ზოგადი საპასუხო ღონისძიებებისთვის..;“ ვფიქრობთ, როგორც კოალიციის, ასევე პარლამენტის მიერ განხორციელებული კვლევები იძლევა კონკრეტული რემედიალური პროგრამების განხორციელების საშუალებას. შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯების გადავადება, მორიგი შეფასების არგუმენტით, არ იქნება მიზანშეწონილი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების გონივრული ვადაა 2022 წლის იანვარმარტი;
  2. მიზნობრივი რემედიალური პროგრამების შემუშავება. მნიშვნელოვანია კონკრეტული რემედიალური პროგრამების განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება სწავლის გაგრძელების მოტივაციის ზრდაზე, სასწავლო ჩამორჩენის აღმოფხვრასა და ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებაზე;
  3. ინტერვენციები ციფრული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ციფრული უთანასწორობის დაძლევისთვის, აუცილებელია მწყობრი, ღია და შედეგზე ორიენტირებული ინტერნეტიზაციის სტრატეგია, რომელიც იქნება როგორც ეკონომიკური და რეგიონული განვითარების, ასევე სოციალური და განათლების სექტორების გაძლიერების გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილი;
  4. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობა. მიზანშეწონილია, მასწავლებელთა პროფესიული გადაწვის რისკის შემცირების მიზნით, შემდეგი სასწავლო წლისთვის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების გააქტიურება.

როგორც ყოველთვის, განათლების კოალიცია მხარს უჭერს მონაწილეობით მიდგომებს და მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, სამუშაო პროცესი მაქსიმალურად მონაწილეობითი იყოს.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები