ლეილა ხონელიძე
სსიპ ქ. ფოთის ილ. ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შესახებ ბევრჯერ დაწერილა, უამრავი (ხშირად ურთიერთგამომრიცხავი) შეფასებაც მოგვისმენია გრიფირებამდეც და გრიფირების შემდეგაც. ბევრი მათგანი თვალადაც არ გვინახავს, ისე ხელდახელ „აგვარჩევინეს“ წლების წინ, ბევრი მართლაც დახვეწილი გემოვნებით შედგენილი წიგნი დარჩა გრიფირების გარეშე (ეს კიდევ სხვა პრობლემაა!), მაგრამ, ალბათ, ყველა მასწავლებელი დამეთანხმება, რომ, სანამ სახელმძღვანელოს საგაკვეთილო პროცესში არ გამოვცდით, ნამდვილად გაგვიჭირდება მისი სრულყოფილად შეფასება. ჩემი წერილის მიზანი ქართულის სახელმძღვანელოების ავ-კარგის შეფასება სულაც არაა (თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი, მასწავლებლების, შეფასება ნამდვილად არ უნდა იყოს უმნიშვნელო). ამჯერად სულაკაურის გამოცემლობის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოზე მოგახსენებთ – მე-9 კლასის წიგნზე, რომლის ავტორებიც არიან მაია მენაბდე, ნათია ფურცელაძე, ნანა სახეჩიძე. ბევრი რამის გამო ეკუთვნით მათ მადლობა, უპირველესად კი, იმ მწერლებისა და ნაწარმოებების გამო, რომლებსაც ამ წიგნში შევხვდებით. მახსოვს, ბავშვებს ვუთხარი კიდეც, რა ბედნიერი ვიქნებოდი, თქვენს ასაკში რომ ამგვარი ნაწარმოებები ესწავლებინათ ჩვენთვის სკოლაში-მეთქი.(და არა – „მუშა ბოქულაძე“ და „25 თებერვალი“ („თებერვალო, საქართველოს გაზაფხული ხარ!“). ავტორებს უამრავი არაჩვეულებრივი მწერლის ნაწარმოები შეუტანიათ სახელმძღვანელოში, აქ ვერც კლასიკოსებს მოისაკლისებს ლიტერატურის გულშემატკივარი (რუსთაველი, გურამიშვილი, სულხან-საბა, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა…), ვერც თანამედროვეებს (ნაირა გელაშვილი, აკა მორჩილაძე, შოთა იათაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე…), ვერც უცხოელ მწერლებს (შარლ ბოდლერი, რეი ბრედბერი, ედვარდ ჰეილი, ასტრიდ ლინდგრენი, ჰარპერ ლი, დანიელ პენაკი…).
სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, სახელმძღვანელოში არაერთი საინტერესო დავალებაცაა – ისეთი, მოსწავლეებს რომ სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილეებად აქცევს, წერის უნარების დახვეწა-გაუმჯობესებაში დაეხმარება და საკუთარი თავის შეცნობაშიც დაეხმარება. ერთ-ერთი მათგანის შესახებ მინდა გესაუბროთ: სარა შვარტისა და ასტრიდ ლინდგრენის მიმოწერის (წიგნიდან „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“) ფრაგმენტების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეერჩიათ ადრესატი იმ თანამედროვე ქართველ მწერალთაგან, რომელთა შემოქმედებაც უსწავლიათ ან წაუკითხავთ და, სარას მსგავსად, უნდა მიეწერათ პირადი წერილი, რომელშიც ადრესატს საკუთარ თავსაც წარუდგენდნენ, ასტრიდისა და სარას მიმოწერის შესახებ შთაბეჭდილებებს გაუზიარებდნენ, სარას ერთ-ერთ წერილში ასახულ პრობლემას გააცნობდნენ და ამ პრობლემის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზეც ისაუბრებდნენ.
გარდა იმისა, რომ ამგვარი აქტივობა წერილის სტრუქტურის დაცვას, პირადი წერილისთვის აუცილებელი კრიტერიუმების ცოდნას, უფროსისადმი მისაწერი წერილისთვის განკუთვნილი უშუალო სტილის მოძებნას უწყობს ხელს, ჩემთვის მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებაშიც დამეხმარა მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები.
უპირველესად, საინტერესო აღმოჩნდა, რატომ აირჩიეს მოსწავლეებმა კონკრეტული ადრესატები: ნაირა გელაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლელა კოტორაშვილი, დათო ტურაშვილი, თამარ გეგეშიძე, ვაკო დარჩია, ლაშა ბუღაძე… წერილში ბავშვები თვითონვე უხსნიდნენ ადრესატებს, რატომ გადაწყვიტეს სწორედ მათთვის წერილის მიწერა:
ლიზი – ანა კორძაია-სამადაშვილს: „თქვენი ნაწარმოები „გიმნაზისტკა“ ვისწავლეთ, სადაც გოგონას თავისი აზრის გამოხატვა უნდა და არავინ უსმენს, ასე ვთქვათ, იჩაგრება. იგივე ხდება სარასთანაც, ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ სიტუაციას უფრო უკეთ თქვენ შეაფასებდით და უფრო კომპეტენტურ რჩევას მომცემდით. მიუხედავად იმისა, რომ დედასა და მამასაც წავაკითხე, მათ მითხრეს, რომ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ თავს და სავარაუდო რჩევებით შემოიფარგლნენ, მე მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ?“ (მოსწავლეთა ნაწერებს რედაქტირების გარეშე გთავაზობთ – ლ.ხ.).
დათო – თამარ გეგეშიძეს: „თქვენი ერთ-ერთი წიგნი – „სული-ჩიტი“ ძალიან მომეწონა, მაშინვე მინდოდა წერილის მოწერა, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა გააკეთა, მაგრამ.ახლა მომეცა შესაძლებლობა და რატომაც არა?“
ნინო – ვაკო დარჩიას: „მე ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რადგან თქვენს წიგნში „სიკვდილთან დიალოგი“ ნათლად ჩანს, როგორ არაჩვეულებრივად შეუძლია მთავარ პერსონაჟს, ჯეიკობს, სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა, თანაც ისე, რომ სხვები არ დააზიანოს.თქვენმა წიგნმა და მისმა პერსონაჟებმა ძალიან ბევრ საკითხზე შეცვალეს ჩემი ხედვა, ზოგან უფრო გაამყარეს ჩემი შეხედულებები, სწორედ ამიტომ მაინტერესებს თქვენი შეხედულებები. მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, როგორშიც სარაა, ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ვეცადო, სარას ადგილას თავის წარმოდგენას და მისი თვალებით ყველაფრის დანახვას ვერ შევძლებ. თქვენ სიკვდილის შიშიც კი სრულიად გამიქრეთ, სწორედ ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი ბულინგზე, ჩაგვრაზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე, რადგანაც ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელმაც სიკვდილის შიში სრულიად გამიქრო, ნამდვილად შეძლებს სარას პრობლემის გადაჭრას და მის დამშვიდებას“.
სოფო – ნაირა გელაშვილს: „გამარჯობა, ქალბატონო ნაირა, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო წერა. ალბათ, მეტისმეტად თამამი ვარ, რომ გადავწყვიტე, მოგწეროთ, მაგრამ სურვილი იმოდენაა, არ შემიძლია, ეს არ გავაკეთო. მე თქვენი მკითხველი… არაა… მგონი, მკითხველს ვერ დავარქმევ ჩემს თავს. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც თქვენი ერთ-ერთი ნაწარმოები „ჩვენება“ („ანაბეჭდები“) წაიკითხა და მხოლოდ ამ ერთი ნაწარმოებით გაუჩნდა სურვილი, თქვენთვის მოეწერა“.
სალომე – ლელა კოტორაშვილს: ,,თქვენი წიგნი „მოსიარულე გაკვეთილები“ ძალიან მომწონს (ზუსტად ამ წიგნის შემდეგ შემიყვარდით ასე ძალიან), დავინახე, როგორია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრობა, სიყვარული, ძალიან მინდა თქვენს ერთ გაკვეთილს მაინც დავესწრო.“
საბა – დათო ტურაშვილს: „მინდა, რომ გემეგობროთ, რადგან საერთო ინტერესები გვაქვს – ფეხბურთი. მე მაქვს თქვენი წიგნი წაკითხული „მე რომ ფეხბურთელი ვიყო“.
დავალებამ შესაძლებლობა მისცა ბავშვებს, აქამდე გამოუთქმელი გულისტკივილიც ამოეთქვათ, საკუთარი მდგომარეობა სარას მდგომარეობისათვის შეედარებინათ, ბევრ რამეზე დაფიქრებულიყვნენ, რასაც ეს ფრაგმენტებიც მოწმობს: „სიმართლე გითხრათ, მეც მაქვს მსგავსი გამოცდილება – იყო პერიოდი, როდესაც ერთი ბავშვი ცდილობდა ჩემსა და ჩემს მეგობრებს შორის წყალი აემღვრია, წავეჩხუბებინეთ, მაგრამ ჩვენი მეგობრობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს მაინც ვენდობოდით და ყველაფერს ერთმანეთში ვარკვევდით.“
„ბევრი ადამიანი შემხვედრია სარას თანაკლასელ „ა-ს“ მსგავსი. ბევრს ველაპარაკებოდი, „ტვინს ვუბურღავდი“ და ამან გაამართლა, რითიც კმაყოფილი ვარ ძალიან. ერთხელ გავიფიქრე კიდეც, სააგენტო გამეხსნა, სადაც ასეთ ხალხს დავეხმარებოდი, მაგრამ სხვა ოცნებები მაქვს.“ (J)
„სარას ნახსენები აქვს, რომ მას შეუძლია, სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა შთაბეჭდილება დატოვოს და როცა ეს წავიკითხე, ასე მეგონა, რომ ეს წერილი სარას კი არა, ჩემი დაწერილი იყო… მეც, სარას მსგავსად, გამომიცდია მსგავსი რამ მეგობრების მხრიდან და მართლაც, ძალიან ცუდი გრძნობაა, როცა შენთვის საყვარელი ადამიანები ზურგს შეგაქცევენ, თუმცა მეც მყავდა ისეთი ადამიანები, როგორიც სარასთვის ასტრიდ ლინდგრენი იყო და ისინი ჩემ გვერდით იყვნენ, სულ ცდილობდნენ, რომ გავემხნევებინეთ.’“
ყველაზე დასაფიქრებელი კი ჩვენი მოსწავლეების მიერ შემოთავაზებული, სარას წერილში ასახული პრობლემის გადაჭრის გზები იყო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ ეცადა თითოეული ადრესანტი, დაფიქრებულიყო, რატომ იქცევა ასე სარას თანაკლასელი „ა“, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება: „ალბათ, როგორ უჭირდა სარას. რთულია, როცა შენი არავის ესმის და ყველა პრობლემას გულში იკლავ, როცა გრძნობებს ვერავის უზიარებ, მარტოსულად გრძნობ თავს. სარას ადგილას წარმოვიდგინე თავი. წარმოვიდგინე, თუ როგორ მამცირებს და მაბულინგებს ჩემი კლასელი. არაა, ეს ნამდვილად არ არის ადვილი. თავიდან, რომ წავიკითხე ეს ეპიზოდი, ვიფიქრე, რა საშინელი თანაკლასელია-მეთქი და მართლაც ასეა. როგორ შეგიძლია, შენი კლასელი ასე დაჩაგრო? ძალიან გავბრაზდი, მაგრამ, რომ დავფიქრდი, შესაძლოა, გოგონას ოჯახში აქვს პრობლემები (სარა თავადაც ამბობს, რომ მისი მშობლები განქორწინებულნი არიან), ან შეიძლება მეგობრები არ ჰყავს და უნდა თავი დააჯეროს, რომ კლასელების მანიპულირებით გაიჩენს მეგობრებს. მარტოობის შიში აქვს. ეშინია, რომ დასცინებენ… არ ვიცი… არ ვიცი… სარას ადგილას მივიდოდი და დაველაპარაკებოდი. იქნებ, ისიც მარტოსულია და გაუგონ ერთმანეთს. იქნებ, „ა-ს“ გულის გადაშლა, გულახდილად ლაპარაკი სჭირდება’“.
„შეიძლება, ვინც აბულინგებს, იმ ბავშვს უფრო სჭირდება დახმარება, ვიდრე მსხვერპლს.“
„მე ვფიქრობ, რომ ბულერებს სერიოზული პრობლემები აწუხებთ და სწორედ ამიტომ ახდენენ ზეწოლას სხვებზე. ალბათ, ამ გზით უნდათ, რომ საზოგადოებაში ადგილი მოიპოვონ, ამ პრობლემის გადასაჭრელად მშობლებმა უნდა დაამყარონ კონტაქტი შვილებთან. უნდა დაელაპარაკონ და აუხსნან ეს ყველაფერი. მე დედამ ამიხსნა და ძალიან მადლიერი ვარ მისი. ასევე, აუცილებლად უნდა იყოს სკოლაში ფსიქოლოგი.“
„მე ვფიქრობ, რომ თუ ისინი ერთმანეთს წერილს მისწერენ, ოღონდ გულწრფელს, მათი ურთიერთობა აუცილებლად დალაგდება.წერილი ხომ საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი გრძნობები თამამად გამოვთქვათ.“
„ეს „ა“-ს ბრალი არ არის, რადგანაც გოგონას მშობლები გაყრილი არიან და ალბათ ის ამასთან დაკავშირებით ბევრს დარდობს, მას ეშინია მარტოობის და ძალითა და დაშინებით ცდილობს კლასელების დამეგობრებას, მაგრამ ეს არასოდეს არის გამოსავალი. ჩემი აზრით, სარამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, რათა დაანახოს, რომ მზად არის დასამეგობრებლად“.
მართლაც ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება. როგორც ნახეთ, ვეცადე, უფრო ბავშვების ნაწერებიდან შემომეთავაზებინა ფრაგმენტები. ბოლოს კი ამავე კლასის ერთი მოსწავლის მთლიან წერილს შემოგთავაზებთ:
„გამარჯობა, ქალბატონო ანა!
მე მეგი ვარ, თოთხმეტი წლის, თქვენი მოთხრობის ეპიგრაფის მიხედვით, ის პატარა ადამიანი, რომელიც იმდენად პატარა სამყაროში ცხოვრობს, რომ პრობლემებს ვერ ხედავს ისევე, როგორც წრუწუნა – მთას… ძალიან მიყვარს ხელოვნება (ხატვა, მუსიკა, ცეკვა) და „ერთი მაგიური სიტყვა“, რომლითაც ჩემს თავს დავახასიათებდი, ალბათ, იქნება ცნობისმოყვარე. პატარა სარას სიტყვების მსგავსად, „სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ შთაბეჭდილებას ვტოვებ. ეს იმის გამოა, რომ ასეთი განსხვავებული შემიძლია ვიყო. ზოგჯერ ისეთი შტერი ვარ!.. ზოგჯერ კი უფრო ჭკვიანურად ვიქცევი.“ რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ გიკვირთ, თქვენ რატომ გწერთ. ალბათ, იმიტომ, რომ მწერალი ხართ, ათასი ცხოვრებით გიცხოვრიათ და ვფიქრობ, რაც კი თავს გადამხდა, ყველაფერი იცით (ლამის იდეალურად აღწერეთ ჩემი ცხოვრება).
ახლა ძალიან სულელურ კითხვას დაგისვამთ: ხომ გაქვთ წაკითხული ასტრიდ ლინდგრენის „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“? ვიცი, ვიცი, სისულელე გკითხეთ! დღეს ხელმეორედ წავიკითხე სარას მეორე წერილი და ხელახლა განვიცადე… ჩემს სათქმელსა თუ დარდს, ვფიქრობ, ყველაზე კარგად თქვენ გაიგებთ. არ ვიცოდი, რომ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს (ასაკით, ხასიათით თუ გემოვნებით) ასე სიღრმისეულად შეეძლო ერთმანეთთან დაკავშირება, მხოლოდ ფურცლისა და კალმის საშუალებით. ასტრიდი, ალბათ, ერთ-ერთი გულითადი, გულწრფელი ადამიანია, რომელიც, რაც არ უნდა მოხდეს, აგრძნობინებს ადამიანს, რომ ის მნიშვნელოვანია. თქვენც ასეთი წარმომიდგენიხართ, ამან ინსპირაცია მომცა, რომ მოგწეროთ და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ ჩემი „ასტრიდ ლინდგრენი“ იქნებით.
ნაწარმოების კითხვისას დამეუფლა თანაგრძნობა, თვითკრიტიკის სურვილი, ყველაზე მეტად კი პროტესტი ძალადობის მიმართ… ამჯერად „იმ პატარა წრუწუნამ“ მთა დაინახა!..
სარა წერილში გვიყვება ვიღაც „ა“-ზე, რომლის მიზანი თურმე კლასში გაბატონება იყო. (უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამას თავისი ფიზიკური უპირატესობით ცდილობდა). მოკლედ, რასაც „ა“ იტყოდა, ყველა იმას აკეთებდა, სარა კი, შიშის მიუხედავად, შეეპასუხა. ამ მომენტში 12 წლის გოგონათი სრულიად აღვფრთოვანდი!
მართლა თანავუგრძნობ პატარა სარას და მესმის მისი! წარმომიდგენია, რა დღეში ვიქნებოდი, მთელი კლასი რომ ჩემ წინააღმდეგ იყოს განწყობილი და კიდევ უარესი, საცემად იწევდეს… მართლაც, არ არის ეს ისეთი სიტუაცია, რომელზეც თვალი უნდა დახუჭო! პირადად მე,მარტივად რომ ვთქვა, ვაიგნორებ ხოლმე. მართლაც, მწარეა, ძალიან მწარე და მთელი ცხოვრება თან გაგყვება, მაგრამ ამ ყველაფრის მერე თავს ვგრძნობ უძლიერეს ადამიანად. მგონი, თქვენც გესმით ჩემი და იცით, რას ვგრძნობ, ან გინახავთ მაინც… მართლა ვფიქრობ, რომ ყველანაირ სიტუაციაში არსებობს გამოსავალი, უბრალოდ, ადამიანები არ ეძებენ მათ.
ჩემი აზრით, ბულინგი არის ცხრათავიანი გველეშაპი, რომელსაც, რაც უფრო აჭრიან თავს, ორი იმდენი ამოსდის. ანუ ბულინგს მთელი მსოფლიო ებრძვის, რამდენს ლაპარაკობენ ამის შესახებ, რამდენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ მის აღმოფხვრას. ნებისმიერი ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, ამიტომ მის დაძლევაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ მასწავლებლებსაც და მშობლებსაც. საქართველოში ამ პრობლემას ვერ უმკლავდებიან, არ იციან, როგორ ებრძოლონ მას. ამის გამო კი მრავალი ბავშვის ცხოვრება სუიციდით დასრულებულა.
მაშ ასე, ჩემო დიდო მეგობარო (ალბათ, ცოტა უცნაურად ჟღერს, ადამიანს, რომელიც არც კი გიცნობს, მეგობარს რომ უწოდებ), მაგრამ ამ წერილის დაწერისას თავი ნამდვილად თავისუფალ ადამიანად ვიგრძენი. თქვენ თუ ოდესმე ჩემს წერილებს წაიკითხავთ, დიდი იმედი მაქვს, რომ გამიზიარებთ თქვენს შეხედულებებსაც და მომცემთ ძალიან საინტერესო რჩევებს, რაც ჩემი პრობლემების დაძლევაში დამეხმარება. თქვენს პასუხს, რაც დრო გადის, მეტი ინტერესით ველოდები. იქნებ, რაღაცით ვგავართ კიდეც ერთმანეთს და ერთნაირად ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა წარმოდგენა შეგექმნათ ჩემზე და როგორ ადამიანად წარმომიდგინეთ!
ახლა კი გემშვიდობებით და იმ იმედით ვიქნები, რომ ოდესმე თქვენი საინტერესო პასუხის მოსმენის (უფრო სწორად, წაკითხვის) საშუალება მომეცემა!
P.S. ვიცი, ძალიან დაკავებული ხართ და შეიძლება ვერც მოახერხოთ ამ წერილისთვის პასუხის გაცემა. მაგაზე ნუ ინერვიულებთ, ჩემს თვალში მაინც გასაოცარი ადამიანი იქნებით.
პატივისცემით, მეგი
12/12/2021“