რუბრიკის „გაიზიარე გამოცდილება“ სტუმარია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის „მასწავლებელთა აღიარების რეგიონულ კონკურსში“ გამარჯვებული მასწავლებელი შიდა ქართლიდან. კონკურსი სამ რეგიონში — შიდა ქართლი, იმერეთი და კახეთი — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი იყო დაწყებითი განათლების მნიშვნელობის გაცნობიერება და საუკეთესო მასწავლებლების პრაქტიკის წარმოჩენა.
ქალაქ ხაშურის №7 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ლია მეტივიშვილი სახალისო აქტივობებს გვიზიარებს, რომელიც საანბანო პერიოდში პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება, მოსწავლეებს კი, სწავლების სირთულების დაძლევაში ეხმარება. მის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდი საკლასო ოთახში უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ქმნის.
დაწყებით საფეხურზე პირველი კლასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლის ცხოვრებაში, რადგან აქ იწყება პირველი შეხება სკოლასთან, სწავლებასთან, მასწავლებელთან… აქ ხდება სწავლისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც თავისთავად აისახება მოსწავლის შემდგომ განვითარებაზე.
პირველ კლასში მშობლიური ენის სწავლებისას უამრავ სირთულეს ვაწყდებით, რაც დისკომფორტს ქმნის მოსწავლეებისთვის და არა მარტო მათთვის… ასო-ბგერების შესწავლა, დამახსოვრება, კოდირება-დეკოდირება, არც თუ ისე ადვილად დასაძლევი პროცესია და ვცდილობ, რაც შეიძლება გავამარტივო და თამაშ-თამაშით შევასწავლო თითოეული საკითხი. დიდ დროს ვუთმობ თანამშრომლობაზე დაფუძნებული აქტივობების შერჩევა-განხორციელებას, რათა მოსწავლემ სასწავლო პროცესიდან სიამოვნება მიიღოს და იყოს მისი სრულფასოვანი თანამონაწილე.
ჩემთვის, როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს პირველ კლასშივე შევუქმნა სწავლისადმი პოზიტიური განწყობა, შევაყვარო სკოლაში მოსვლა და მათთვის სიხარულად ვაქციო ყოველი დღე. საანბანო პერიოდში, დადებითი ემოციებისა და მოტივაციის გაზრდის ხელშესაწყობად, ვიყენებ მრავალფეროვან აქტივობებს, რაც საშუალებას მაძლევს, სასწავლო პროცესი გავხადო აქტიური, საინტერესო, მოლოდინებით სავსე და აღმოჩენებით დატვირთული.
გთავაზობთ, ჩემ მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს საანბანო პერიოდში პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, ეხმარება მოსწავლეებს სწავლების სირთულეების გადალახვასა და საკლასო გარემოში ქმნის უნივერსალური დიზაინის პრინციპს. რესურსებისა და აქტივობების ნაწილი განხორციელებულია G-pried საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შემუშავებული სარესურსო წიგნიდან „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“, ხოლო ნაწილი არის საავტორო და შექმნილი მაქვს დიდი სიყვარულით.
⇒ ციმციმა ასოები
პლასტმასის კონტეინერს შიგნიდან ვაკრავთ ქაღალდს ისე, რომ სინათლე გარეთ არ გამოვიდეს. შიგ ვათავსებთ საახალწლო ფერად ნათურებს, ჩართულს დენის წყაროში. კონტეინერს ვახურავთ თავსახურს და მთელ ზედაპირზე ვყრით ფქვილს.
მოსწავლეს ვუთითებ, კონკრეტული ასო მოხაზოს ფქვილიან ზედაპირზე. ის იწყებს წერას და ამ დროს, უეცრად, ქვემოდან ნათდება ნაწერი. მოსწავლეთა აღფრთოვანებას საზღვარი არ აქვს, როდესაც მათ მიერ გამოწერილი ასოები იწყებენ ციმციმს.
⇒ სიტყვების კედელი
კედელზე, თვალსაჩინო ადგილას, გამოკრულია სიტყვები, რომელიც ანბანური პრინციპითაა დალაგებული და თითოეული ასოს გვერდით, განლაგებულია მასზე დაწყებული ცნობილი სიტყვა (ხილი, ბოსტნეული, ცხოველები, ფრინველები). სიტყვები მოთავსებულია ბარათებზე, რაც მათ ხშირ ცვლას მოსახერხებელს ხდის.
„სიტყვების კედელი“ მოსწავლეს ეხმარება, დაიმახსოვროს და ადვილად აღიქვას სიტყვის ვიზუალური ხატი; ანბანის შესწავლისას ყურადღება გაამახვილოს ასოების რიგისა და მეზობელი ასოების ჩვენებაზე; ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
⇒ ორცხობილაზე დაწერილი ასო-ბგერები
აქტივობის მიზანია, მოსწავლემ თამაშით შეისწავლოს ასო-ბგერების მოხაზულობა, დააკვირდეს მის დეტალებს, გამოწეროს, ამოიკითხოს.
მოსწავლეს ვაძლევ შპრიცში ჩასხმულ საკონდიტრო ჟელატინს და ვთხოვ, ორცხობილაზე გამოწეროს ასო. ის ასახელებს ორცხობილაზე მოთავსებულ ასო-ბგერებს, მათი გამოყენებით კი, ვადგენთ მარცვლებსა და სიტყვებს, რაც სახალისოსა და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.
⇒ ასო-ბგერები ნაძვის ხეზე
პირველკლასელთათვის საახალწლო განწყობის შექმნა მნიშვნელოვანია. საახალწლო ნაძვის ხის მორთვა, სიხარულთან და დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული. სწორედ ეს სიხარული გახდა ჩემთვის ინსპირაცია, რომ ნაძვის ხე ქართული ასო-ბგერებით მომერთო, რაც საუკეთესო და მიმზიდველი რესურსი აღმოჩნდა საანბანო პერიოდში.
⇒ სიტყვების ლოტო
მოსწავლეს/მოსწავლეებს (ინდივიდუალურად, წყვილებში, მცირე ჯგუფში) ეძლევათ სიტყვებით შედგენილი ლოტოს ბილეთები. მასწავლებლის მიერ გამოცხადებული სიტყვა მოსწავლემ უნდა ამოიკითხოს საკუთარ ბილეთზე და მონიშნოს.
„სიტყვების ლოტოს“ გამოყენება ხელს უწყობს სიტყვის ამოკითხვის/ამოცნობის უნარის განვითარებას; მოსმენისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარ-ჩვევის გააქტიურებას; თამაშის პროცესი საინტერესო და მოულოდნელი ემოციებით სავსეა.
⇒ გასულიერებული ასოები
პრაქტიკამ მაჩვენა, რომ ასო-ბგერების შესწავლისას, მოსწავლეებს ის ამბები მოსწონდათ, რომლებიც პირადად ასო-ბგერებს უკავშირდებოდა. ასე დავიწყე მათი გასულიერება და პატარა ისტორიების შექმნა. მამაცი „მ“ მთაში ცხოვრობს და ყველას დამხმარეა; ცეროდენა „ც“ ციბრუტივით ტრიალებს და სადაც არ გგონია, სწორედ იქ ცანცარებს; ზარმაცი „ზ“ სიზმარეთის სამეფოში გაემგზავრა და წიგნ-ბალიშში დაიდო ბინა…
გასულიერებული ასოების ამბებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ფანტაზიის უნარის განვითარებას. პატარებმა ისეთი საოცარი ამბები შექმნეს, რასაც ზრდასრული ვერასდროს მოიფიქრებს. მათი თავგადასავლები ბევრად უფრო ზღაპრული, ფერადი და საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი გამოგონილი. ასო-ბგერები სასწაული ძალის მქონე სუპერგმირებად და ანგელოზებად წარმოადგინეს, რომლებიც დედამიწაზე მოფრინავენ, სიკეთისა და სიყვარულის გადასარჩენად.
გასულიერებული ანბანის საოცრებებმა, ჩვენი ყოველი გაკვეთილი, ზღაპრების დღესასწაულად აქცია…
⇒ საანბანო ვიდეოები
დისტანციურმა სწავლებამ სასწავლო პროცესი სხვა განზომილებაში გადაიტანა და მასწავლებლებს დღის წესრიგი შეგვიცვალა. ის, რითაც მოსწავლეებს პირისპირ სწავლებისას ვახარებდი, სრულიად მოულოდნელად გაქრა სასწავლო პროცესიდან. კომპიუტერის მონიტორიდან მოციმციმე პირველკლასელებისთვის უნდა შემეთავაზებინა ახალი და ბევრად საინტერესო სასწავლო პროცესი, რაც თავისთავად რესურსების გაციფრულებასთან იქნებოდა დაკავშირებული.
პირველ ეტაპზე, ვქმნიდი ტექსტს, რათა კონკრეტული ასო-ბგერა საინტერესო ისტორიით გაგვეცნო და დაგვემახსოვრებინა. შემდეგ ვაკეთებდი პრეზენტაციას, ვაფორმატებდი და ვუგზავნიდი მოსწავლეებს. ასე გაჩნდა „ზაზუნა ზუზუ“, „წეროს წნევა აწუხებს“, „საზამთრო და სანდრო“ და ბევრი სხვა სახალისო ისტორია.
ვიდეოებმა იმდენად დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა განწყობაზე, გადავწყვიტე, სხვა ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო და შევქმენი ჩემი Youtoobe არხი – „ლიაკოს გაკვეთილები“, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. მასზე განთავსებული ვიდეოები ხელს უწყობს მოსწავლეებში კითხვის უნარის განვითარებას, პოზიტიური განწყობის შექმნასა და სახალისოდ სწავლებას.