24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ხანჯალი

spot_img

აზიური ორნამენტებით გაფორმებულ აივანზე ქართულ კაბაში მოკაზმული ქალი ბოლთას სცემდა. ერთგან კაბის არშია წამოსდო და წაქცევას ხის ტახტმა გადაარჩინა. სხვა შემთხვევაში, მსგავსი რამ არ მოუვიდოდა, ქართულ კაბას დასაბამიდან ატარებდა, თუმცა ეს სხვა დრო იყო… ახლა ქალი მოაჯირთან მივიდა და ქალაქის გალავნის ბურჯზე დაშენებული სასახლიდან ჩამოიხედა. მზე ჯერ ძლივს იყო ამოწვერილი, თუმცა რუსულ ყაიდაზე ჩაცმული ჯარისკაცების, აგრესიული გამომეტყველებითა და ნადავლის ხელში ჩაგდების სურვილით აჟიტირებულების, გარჩევა არ გასჭირვებია. ისინი გალავნის გარშემო გროვდებოდნენ, მეთაურის ბრძანების მოლოდინში. „ციციანოვი…“, „ლაზარევი…“, „დედოფალი…“, „მეფე…“, „პეტერბურგი…“ – სულ უფრო ხშირად ისმოდა რუსული საუბრიდან.

– რაღა მიხვედრა ამას უნდა, ზედვე ეტყობათ, საქმის ბოლომდე მისაყვანად არიან მოსულები, – თქვა ქალმა და სასახლეში შებრუნდა.

დერეფანში პირფარეშები, მოსამსახურეები, სეფექალები და  სასახლის სხვა მოხელეები ჩოჩქოლებდნენ, ერთმანეთს ფეხებში ებლანდებოდნენ, როგორც გემის ჩაძირვისას სასოწარკვეთილი მეზღვაურები.

– ნეტავ, თუ იცის, რა ხდება? – ჩაუჩურჩულა დედა დედოფლის ერთმა პირფარეშმა მეორეს, როდესაც ქალმა გვერდზე ჩაუქროლა.

– როგორ არ ეცოდინება, ადრე თუ გვიან ამის დრო მოვიდოდა.

ე.ი. ოთახში არავინა, – ჩაილაპარაკა თავისთვის ქალმა პირფარეშების დანახვაზე, ფეხის წვერებზე შედგა და ნელი ნაბიჯებით დედა დედოფლის ოთახის კარებთან მივიდა. ირანული ორნამენტებით გაფორმებული კარის ლილისფერ სახელურს ხელი მოჰკიდა და შეაღო. ოთახი ცარიელი აღმოჩნდა, როგორც თავად ვარაუდობდა. ჩუმად, თუმცა ძალიან სწრაფად შევიდა, მუხის კარადა გამოაღო, ჩაიმუხლა და ძებნას შეუდგა. რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ ხელში უკვე ვერცხლისტარიანი ხანჯალი ეჭირა, ზურმუხტის თვლებით მორთული, თვით ერეკლეს ნაქონი. ხანჯალს ადგილი მალევე მოუძებნა – კაბის ჯიბეში ჩაიმალა და კარებს მიუგდო ყური. კაპასი დედა დედოფალი, დადიანების ქალი, ყოველთვის ბრაზობდა, როდესაც მის ოთახში უნებართვოდ შედიოდნენ, თუნდაც სამყაროს აღსასრული ყოფილიყო.

როდესაც თავის სამეფო საძინებელში შებრუნდა, საწოლზე ნაცნობი სანახაობა დახვდა: სამი წლის ანა, ბაბუს სეხნიას, ოთხი წლის ერეკლეს, ჩაეხუტებინა და ასე ეძინათ. გარშემომყოფთაგან განსხვავებით, არც ციციანოვი იცოდნენ ვინ იყო და, მით უმეტეს, არც ლაზარევი. საწოლთან თხუთმეტი წლის თამარი აივანზე მყოფი დედის მანერებს იმეორებდა, ბოლთას სცემდა.

– შვილო, ჯიბრაელი საით არის?

– ახლავე დავუძახებ! – თქვა თამარმა, ბედნიერმა, რომ ყურადღების სხვა რამეზე გადატანის საშუალება მისცეს.

ჯიბრაელი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ესაუბრა დედას. თამარი მეორე ოთახის კედელს უახლოვდებოდა, თითქმის მიეწება, თუმცა მათი საუბრიდან არა ესმოდა რა. ბოლოს ძმამ კარები ნერვიულად გახეთქა და დედას უკან მოუბრუნდა.

– შენ თუ ამას გააკეთებ, მერე მე ნუღარაფერს დამაბრალებ! – თქვა მან და წავიდა.

ქალი ახლა ოთახში ხატებით სავსე კედლის გვერდით გიორგი მეთორმეტეს პორტრეტთან მივიდა.

– ეს რა დღეში ჩაგვყარე, რა დროს დაგვტოვე? – უსაყვედურა და ხატების კუთხესთან პირჯვარი გადაისახა. – შემინდე უფალო, რამეთუ სხვა გზა არ დამრჩენია.

ქალი ახლა ბავშვებთან მივიდა. ფეხზე გაიხადა და გვერდით მიუწვა. მალევე ჩასთვლიმა. ესიზმრა, რომ ახალგაზრდა იყო, ისეთი ახალგაზრდა, როგორიც გიორგი მეფემ გაიცნო, ჯერ კიდევ თოთხმეტი წლის. თერთმეტივე შვილი გვერდით ედგა, უდროოდ გარდაცვლილებიც. მოულოდნელად ეს ლამაზი  სანახაობა ჭექა-ქუხილმა შეცვალა, ქუხილს კი კაკუნის ხმა ჰქონდა, მუხის კარზე კაკუნის, რომელიც უფრო და უფრო ხშირდებოდა. დედოფალმა გამოიღვიძა,  გონება თანდათან დაეწმინდა. ახლა აღარავინ აკაკუნებდა, რადგან კარი შემოემტვრიათ და რუსი ოფიცრები ოთახს მოსდებოდნენ. მარიამს მათ დანახვაზე შეაჟრჟოლა, თითქოს დედამიწას მოსწყდა, თვალთ დაუბნელდა. გულის წასვლამდე, იმედად შეამჩნია, როგორ მიერეკებოდნენ ჯიბრაილი და თამარი, მამისა და ბაბუის ხმლებით შეიარაღებულნი, რუსის ოფიცრებს.

გონს მოსულ ქალს თავზე შუა ხნის, ულვაშიანი, ჭაღარაშერთული კაცი ედგა.

– დედოფალო, – მიმარათა რუსულად ივანე ლაზარევმა, – თქვენ უკვე გაგაფრთხილათ გენერალმა ციციანოვმა წერილით, რომ უნდა დაგეტოვებინათ ქართლი და პეტერბურგში წამოსულიყავით, ეს თქვენ არაფრად ჩააგდეთ. ახლა მოვითხოვ, რომ გააღვიძოთ ბავშვები და თან წამომყვეთ.

– და ბავშვები შევაშინო, არა? მე არანაირი სურვილი არ მაქვს, დავტოვო ჩემი ქვეყანა და წამოგყვეთ! – განრისხდა დედოფალი.

– ციციანოვმა ბრძანა, რომ…

– ციციანოვი თუ ციციშვილი? ჩვენი გვარის მოღალატე… ნუთუ ასე ექცევა სამშობლოს. დატოვეთ ჩემი ოთახი! – თქვა დედოფალმა ხმამაღლა და გენერალს შეხედა.

მაშინ ლაზარევმა, დედოფლისგან შეწუხებულმა თუ ციციანოვის მრისხანებისგან შეშინებულმა, ცხოვრებაში უკანასკნელად  საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო. დედოფალს ფეხში ხელი მოჰკიდა და საწოლიდან გადმოთრევა დაუპირა. მარიამ დედოფალმა თავი ვერ შეიმაგრა, წაბორძიკდა და წაბლის იატაკს დაარტყა თავი. წამით არ ამდგარა.

– დედოფალო! – თქვა ლაზარევმა შეშინებული ხმით, მას დედოფალი ცოცხალი სჭირდებოდა.

დედოფალმა შეხედა… თვალები მრისხანებისგან ჩასწითლებოდა. ლაზარევს გაუხარდა დედოფლის ცოცხლად დანახვა, თუმცა ღიმილი სახეზე შეახმა. დედოფალი წამოდგა, მარცხენა ხელს დაეყრდნო, მარჯვენაში ვერცხლისტარიანმა იარაღმა იელვა, მოიქნია და მტერს პირდაპირ სახეში ესროლა. ლაზარევი მოიკეცა, მუხლებზე დაეცა და შემდეგ იატაკზე გაიშოტა. მარიამმა ბოლო ძალები მოიკრიბა, წამოდგა, მიუახლოვდა, დაგდებული ხანჯალი აიღო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მკერდში ჩასცა…

– და ასე ექცევიან ქართველები მტრებს… თქვენ ჩემი უბედურება არაფრად ჩააგდეთ, ასეთი სიკვდილი დაიმსახურეთ! – თქვა და სისხლიანი ხანჯალი ხელიდან გაუვარდა, მალე თვითონაც დაეცა მის გვერდით…

 თამარ აქუბარდია

სსიპ წალენჯიხის მუნიციალიტეტის სოფელ ჭალეს თემის №1 საჯარო სკოლა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები