1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაიწყო

spot_img

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს  სასწავლებლებში 2021 წლის  ერთიანი მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო წელი დაიწყო.

სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო ევროპული სტანდარტების შესაბამისმა ახალმა პროფესიულმა კოლეჯმა „მოდუსმა“ ქალაქ მარნეულში, რომელიც საზეიმოდ გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა.

თამარ ქიტიაშვილმა სტუმრებთან ერთად „მოდუსის“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო დაათვალიერა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობისთვის ევროპული ხარისხის პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე. თამარ ქიტიაშვილის თქმით, მარნეულში ახალი პროფესიული სასწავლებლის არსებობა ხელს შეუწყობს ადგილბრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

მარნეულის თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯის „მოდუსის“ შენობა სრულად ადაპტირებულია, მოწყობილია თანამედროვე სასწავლო სივრცეები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი. აღსანიშნავია, რომ კოლეჯში პროგრამები მარნეულისა და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებითა და ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით დაინერგა.

მარნეულში, კოლეჯ „მოდუსში“ წელს ოთხ პროფესიულ პროგრამაზე განხორციელდა მიღება: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ელექტრობა, მებოსტნეობა და ბუღალტრული აღრიცხვა. კოლეჯი მომავალში მნიშვნელოვნად გაზრდის შეთავაზებული პროგრამების რაოდენობას და ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს აირჩიოს მისთვის სასურველი პროფესია.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ერთიანი მიღების ფარგლებში განხორციელდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა როგორც საჯარო, ისე ყველა კერძო დაწესებულებაში. ახალმა მიდგომამ გაზარდა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და უზრუნველყო ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში.

 2021 წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობაც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.

2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს მოუწიათ. რაც შეეხება სხვა პროგრამებზე მიღებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის დამსაქმებლებთან ერთად, თავად უზრუნველყოფენ სტუდენტთა შერჩევის პროცესის ორგანიზებას.

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები