ფონდმა „სოხუმი“, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის „Brot für die Welt“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, ახალი კვლევა განახორციელა სახელწოდებით — „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება — ქალთა დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისათვის“. პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილია ის ბარიერები, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და დასაქმებას უშლის ხელს და აფერხებს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციას და მასზე ეფექტიან რეაგირებას.
დასაქმების გრაფიკის და ბაღის/სკოლის სამუშაო ხანგრძლივობის შეუთავსებლობა — რეალურად, ქალს უწევს არჩევანის გაკეთება უმუშევრობას და დასაქმებისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გაღებას შორის (კერძო დაწესებულების ან ძიძის მომსახურებისთვის). დასაქმების საშუალება შეზღუდული აქვთ იმ ქალებსაც კი, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი და შედარებით მოქნილი გრაფიკი აქვთ. მოუქნელი სამუშაო გრაფიკის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმ მშობლებისთვის, ვინც რაიონული ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობს. ძალზე რთულია მშობლისთვის ყოფით პრობლემებთან და ფინანსურ ხარჯებთან გამკლავება, როდესაც არ არსებობს ბავშვთა მოვლის სერვისები მუნიციპალიტეტებში:
⇒ პრობლემას წარმოადგენს, დამსაქმებლის მხრიდან, მოწყვლადი კატეგორიის ქალების მდგომარეობის უგულებელყოფა — მოუქნელი გრაფიკის გამო, ქალებს მუდმივად უწევთ დამსაქმებლისთვის თხოვნა შეღავათის შესახებ, რაც არასახარბიელოდ აისახება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობაზე.
⇒ ქალები მიუთითებენ ბაღების/სკოლების მოკლე სამუშაო დროზე და მათ სამუშაო გრაფიკთან შეუთავსებლობაზე, რაც ფინანსური და ადამიანური რესურსების ნაკლებობითაა გამოწვეული და ხელს უშლის სერვისების განვითარებას: „მართალია, რჩება რამდენიმე თანამშრომელი (ბაღში, 5 სთ-ის შემდეგ), მაგრამ იმ ანაზღაურებით, რაც მათ აქვთ, ნაკლებად სურთ ზედმეტი დატვირთვა და ეს არც მიკვირს“ — ვანი, მარტოხელა დედა, ძალადობის მსხვერპლი.
⇒ საზაფხულო ბაღების არარსებობას დასაქმების ერთ-ერთ ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევს კვლევაში მონაწილე პრაქტიკულად ყველა მონაწილე (როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულები). მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული სერვისი უნდა იყოს უსასყიდლო, სულ მცირე, მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ის რესპონდენტებიც კი, ვისაც, საქმიანობიდან გამომდინარე, ზაფხულში არ უწევს მუშაობა, მაგ., სკოლის ექიმი და მანდატური, მაინც საჭიროებენ ბავშვთა მოვლის სერვისებს ზაფხულობით, მაგალითად, სეზონური დასაქმებისთვის, რაც მათ ფინანსურად მეტად გააძლიერებს. კვლევამ გამოკვეთა საზაფხულო ბაღების მომსახურების გაფართოების და ხელმისაწვდომობის ზრდის საჭიროება არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც.
⇒ სკოლებთან მიმართებაში, თვისებრივი კვლევის ფარგლებში, განსაკუთრებით გამოიკვეთა გახანგრძლივებული ჯგუფების არსებობის საჭიროება. ზოგიერთ სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფები ფუნქციონირებს, თუმცა, მომსახურების მისაღებად, მშობელს გარკვეული თანხის გადახდა უწევს, რაც აღნიშნულ სერვისს მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხელმიუწვდომელს ხდის. ასევე დასახელდა საზაფხულო ბანაკების საჭიროება სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ბაღების მომსახურების მსგავსად, მოცემულ შემთხვევაშიც, კვლევის ყველა მონაწილემ მიუთითა, რომ სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფების/საზაფხულო ბანაკების მომსახურება უნდა იყოს უსასყიდლო, სულ მცირე მოწყვლადი კატეგორიისთვის.
⇒ მწვავედ დგას ბავშვების სპორტულ და ხელოვნების მრავალპროფილურ წრეებში ჩართვის ხელმისაწვდომობის პრობლემა. წრეების უმეტესობა კონცენტრირებულია დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. შესაბამისად, სოფლებში გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა, ქალების შეზღუდული მობილობა, წრეების საფასური და ტერიტორიული სიშორის გამო სატრანსპორტო გადასახადი, არა მარტო ართულებს აღნიშნული სერვისისადმი ხელმისაწვდომობას, არამედ საკმაოდ მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს, განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიის ქალებისთვის. მაგალითად, მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი, სადაც მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებს შეუძლიათ არაფორმალური განათლების მიღება, ზემოთ აღნიშნული ბარიერების გამო, ხელმიუწვდომელია საკმაოდ დიდი რაოდენობის მსურველისთვის.
⇒ მორგებული და მოქნილი გრაფიკის მქონე დღის ცენტრების ნაკლებობა/არარსებობა. მნიშვნელოვანია დღის ცენტრების განვითარება მუნიციპალიტეტის ბაზაზე, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ჩარიცხვისას, პრიორიტეტი მიენიჭება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს (სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი).
ბავშვთა მოვლის სერვისების უკმარისობის/ხელმიუწვდომლობის გამო, ქალებს ასევე უწევთ განათლებასა და კარიერულ ზრდა-განვითარებაზე უარის თქმა.
♦ „ქვეყანა იმაზე არ ფიქრობს, რომ ამ სერვისების გაუმართაობის გამო, შეიძლება ძალიან კარგი რესურსი დაკარგოს. რამდენი წარმატებით ინსტიტუტდამთავრებული ქალი ზის სახლში და ზრდის შვილებს. არ აქვს კარიერულად განვითარების საშუალება.“ — წალენჯიხა, მრავალშვილიანი დედა (ჩაღრმავებული ინტერვიუ).
♦ „ძალიან მონდომებული ვარ, რომ ვისწავლო, დავეუფლო პროფესიას და შემდეგში ამ მიმართულებით დავსაქმდე. მიჭირს, რომ მივიდე სასწავლებელში ლექციებზე. მქონია შემთხვევა, ბავშვებით ხელში დავმჯდარვარ ლექციაზე ან გარეთ დამიტოვებია პატარა შვილები, დიდებთან ერთად… მე ძალიან მინდა, ჩემს შვილებს ჰყავდეთ ძლიერი და დამოუკიდებელი დედა, მაგრამ არის რაღაცები, რაც მჭირდება, რომ გავძლიერდე. მაგალითად, საზაფხულო ბაღები, სკოლებში დამატებითი აქტივობები, ბანაკები ან სხვა.“ — სენაკი, მრავალშვილიანი დედა (ჯგუფური დისკუსია).
♦ „მე მარტო რომ ვყოფილიყავი, უფრო ადრეც გავრისკავდი წამოსვლას, მაგრამ ბავშვების გამო მაინც მქონდა შიში. ამიტომ უნდა იყოს ისეთი სერვისი, რომ ქალს ხელმოსაჭიდი ჰქონდეს, რომ წამოვიდეს და თავი დააღწიოს.“ — ბაღდათი, ძალადობის მსხვერპლი.
♦ „აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მშობლების გარკვეული ჯგუფის მიმართვამ თვითმმართველობისადმი (ბავშვთა მოვლის დამატებითი სერვისის დანერგვასთან დაკავშირებით) შედეგი გამოიღო და კონკრეტული საბავშო ბაღის ბაზაზე გაიხსნა ე.წ. ბაგას (2 წლამდე ბავშვების) ჯგუფი, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა მათი ეკონომიკური გაძლიერებისათვის.“ — ბაღდათი, მარტოხელა დედა (ჩაღრმავებული ინტერვიუ).
♦ „ქალი უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქალის ეკონომიკურ სიძლიერეზე, იგი ოჯახის კეთილდღეობაზე გადის, შვილების კარგად ყოფნაზე და იმის გამო, რომ მას არ აქვს ალტერნატიული სერვისები, ეს ბევრ თანხლებ პრობლემას ქმნის. უნდა მოხდეს შესწავლა, რა საჭიროებები აქვთ ასეთ მშობლებს, გადაიხედოს არსებული სერვისები და განახლდეს.“ — სამტრედია, მარტოხელა დედა (ფოკუს ჯგუფი).
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდებულ მოქმედებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ფონდი „სოხუმის“ პუბლიკაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე, ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: http://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/11591-2021-09-27-05-57-02