20 აპრილი, შაბათი, 2024

„ინტერის“ პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია საუნივერისტეტო ბაზაზე გაიხსნება

spot_img

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ დამსახურებით, გაზაფხულიდან, საქართველოში, მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის ისეთი გიგანტი შემოვა, როგორიც იტალიური „ინტერია“ – უნივერსიტეტის ბაზაზე მუშაობას დაიწყებს ამ საქვეყნოდ ცნობილი კლუბის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. ეს, მსოფლიოში, „ინტერის“ მე-20 აკადემია იქნება, თუმცა საქართველოში – პირველი.

ამ თანამშრომლობის შესახებ განაცხადა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ, რომელიც, პარალელურად, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ახალი მფლობელიცაა. მან ეს სიახლე რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, როცა ჯერ კიდევ არ იყო „ტორპედოს“ მფლობელი – თუ ის გახდებოდა კლუბის ახალი მეპატრონე, ქუთაისს „ინტერის“ აკადემია შეემატებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, იტალიური კლუბის აკადემია თბილისში დაიდებს ბინას. საქართველოზე გადაღებული სარეკლამო რგოლი თავად „ინტერის“ საიტმაც გამოაქვეყნა.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობა სრულად იზიარებს „ინტერის“ აკადემიის პრინციპებს, რომელიც თანაბრად ეყრდნობა და ეფუძნება მოზარდების სპორტულ, პიროვნულ და საგანმანათლებლო განვითარებას. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში „ინტერის“ აკადემია ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ამის მყარი გარანტი ისეთ წამყვან კლუბთან თანამშრომლობაა, როგორიც „ინტერია“. ეს ამბავი იმიტომ მიხარია, რომ საქართველოში ამ აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს წაადგება“ – განაცხადა დავით კერესელიძემ.

ამ ფაქტს იტალიური კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ალესანდრო ანტონელოც გამოეხმაურა: „მილანის „ინტერის“ აკადემიის საქართველოში გახსნა განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებელს ხდის ჩვენი კლუბის პროექტის გაფართოებას, არამედ იმიტომ, რომ შეთანხმება დადებულია უნივერსიტეტთან, რომელიც სრულად იზიარებს „ინტერის“ ხედვას ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლებასთან დაკავშირებით“.

აკადემიას ანა წერეთელი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, თურმე მოლაპარაკებები თავიდან მილანის მეორე საკლუბო გიგანტთან – „მილანთან“ მიდიოდა, რადგან მან 2019 წელს, ბათუმში, საზაფხულო კემპი მოაწყო, რაც წარმატებული პროექტიც გამოდგა, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო „მილანმა“ მთელ მსოფლიოში შეაჩერა აკადემიების გახსნა, ამ პირობებში კი, თანამშრომლობაზე, „ინტერი“ წამოვიდა.

ანა წერეთლის თქმით, „ინტერს“ აკადემიების გახსნაზე ლიცენზია მთელ საქართველოში აქვს, მალე რეგიონებშიც გახსნის, რიგით მეორე, დიდი ალბათობით, იმერეთი იქნება.

მან ერთი საინტერესო დეტალიც გაამხილა – თურმე გახსნაზე „ინტერის“ სიმბოლოდ ქცეული არგენტინელი მცველი ხავიერ ძანეტის ჩამოსვლაც იგეგმებოდა, მაგრამ კოვიდ რეგულაციების გამო გადაიდო – მას თურმე სამშობლოში დაბრუნებისას 10-დღიანი კარანტინი უწევდა. შეგახსენებთ, რომ ძანეტი 19 წელიწადი იცავდა „ინტერის“ ღირსებას, მის რიგებში 615 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. არგენტინელის როლზე ისიც კარგად მიუთითებს, რომ ფეხბურთიდან მისი წასვლის შემდეგ კლუბმა 4-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო, ძანეტი კი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

აკადემია 5-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს მიიღებს, რომლებთანაც მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ფერარი იმუშავებს. სწორედ მან ააწყო „ინტერის“ აკადემია ჩინეთში. ამასთან, ყოველწლიურად, „ინტერში“ სტაჟირებას, მინიმუმ, 10 ქართველი მწვრთნელი და 20 ფეხბურთელი გაივლის.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები