19 მარტი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლის ხმა მხოლოდ უკეთეს მომავალს ეკუთვნის!

spot_img

„რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ – ამ სახელწოდების პროექტის განხორციელება დაიწყო განათლების კოალიციამ და ორგანიზაციამ „ღია სივრცე კავკასია,“ განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების არამართლზომიერად გამოყენების პრევენციიის მიზნით, ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი. ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდასაჭერად, პროექტის ფარგლებში, რეგიონული ნდობის ჯგუფები ჩამოყალიბდა. მათი მთავარი მისია განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობა და მათი პოლიტიკური გავლენებისგან დაცვაა. ნდობის ჯგუფებისგან შექმნილი სამოქალაქო აქტივისტების ქსელი, ჩვენს რეალობაში, პირველად შეეცდება, ღიად და გაცხადებულად იმუშაოს სასკოლო თემის წარმომადგენელთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დასაცავად, რაც, საბოლოო ჯამში, დეპოლიტიზების პრობლემისადმი სისტემური მიდგომის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

დეპოლიტიზების პროცესში პროექტი აქცენტს სამ მიმართულებაზე აკეთებს, რაც ძირითადი პრობლემებისგან გამომდინარეობს და ერთგვარი პასუხია იმაზე, თუ როგორ შევქმნათ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი საგანმანათლებლო გარემო. პროექტის სტრატეგიისა და მიმართულებების შესახებ საუბრობს განათლების პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი, განათლების სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი რევაზ აფხაზავა.

რევაზ აფხაზავა, პროექტის მენეჯერი:

განათლების კოალიცია, დიდი ხანია, რაც განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან,  არამართლზომიერი გავლენისგან განთავისუფლების შესახებ საუბრობს. ზოგადად,  სამოქალაქო სექტორში ამაზე საუბარი ყოველთვის იყო, აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, სკოლების დეპოლიტიზება კოალიციის სტრატეგიული მიზანია. ეს კონკრეტული პროექტი, გარკვეულწილად, ჩვენი აქტივობების ერთ-ერთ მორიგ ფაზას წარმოადგენს, რომელიც, ცხადია, საბოლოო ჯამში, სკოლაში დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არაერთი შემთხვევა გახმაურდა, როცა მასწავლებლები და  სკოლის ადმინისტრაცია განიცდიან ზეწოლას პოლიტიკური ნიშნით. ბუნებრივია, ასეთი არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენები არსებითად აზიანებს სასკოლო სისტემას და, ზოგადად, დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ სკოლების დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობა, განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების უფლებების დასაცავად.

პროექტი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს, სამივე მიმართულება კი, რასაკვირველია, ძირითადი პრობლემებისგან გამომდინარეობს და ერთგვარი პასუხიცაა მათზე:

პირველი, ინფორმაციული დეფიციტის აღმოფხვრა, ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებაა. მასწავლებლებმა კარგად უნდა იცოდნენ  თავიანთი უფლებებიც და პასუხისმგებლობა-მოვალეობებიც; რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ამ პოლიტიკურ გარემოში, მაგალითად, შეუძლიათ თუ არა საარჩევნო აგიტაციაში ან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა. კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რა შეიძლება მიიჩნიონ ზეწოლად, იძულებად და ა.შ. ან სულაც მუქარად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლებს ჰგონიათ, რომ მათი აქტივობები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, სინამდვილეში კი, ან მასწავლებლის ეთიკის ნორმებს არღვევს, ან  კანონს.

მეორე მიმართულება რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბებაა. გადავწყვიტეთ, ადგილებზე შეგვექმნა ნდობის ჯგუფები, რომელშიც გავაერთიანეთ მცოდნე, მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ, თავიანთი პრობლემებისა და კონტექსტის გათვალისწინებით და უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, ინფორმაციის მიღება-გაცვლას და ა.შ.

ჩვენ შევქმენით ისეთი ადამიანების ქსელი, რომლებიც დაინტერესებულები არიან სკოლის მხარდაჭერით და სკოლის დაცლით მსგავსი არამართლზომიერი ზეგავლენისგან. ყველა რეგიონში გვყავს კოორდინატორი და ნდობის ჯგუფის წევრები, აპოლიტიკური სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც იზიარებენ პროექტის პათოსსა და იდეებს, აქტიურად მუშაობენ, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიწოდებაზე და, მეორე მხრივ, მზად არიან ნებისმიერ მსურველს გვერდში დაუდგნენ, მოუსმინონ, დააკვირდნენ პროცესებს და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში, იქნება ეს იურიდიული მხარდაჭერა თუ საგანმანათლებლო.

სამწუხაროდ, მასწავლებლები, განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები,  წლების განმავლობაში, პოლიტიკური წნეხით შექმნილი დილემიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ, რადგან, გარკვეულწილად, შეშინებულები არიან და ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ნდობის ჯგუფები სწორედ ამ დილემიდან გამოსვლაში დაეხმარებიან. ნაცნობ, იმავე რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაცია და საკუთარ პრობლემებზე საუბარი უფრო იოლია. ისიც ეცოდინებათ, რომ მათი უფლებების დასაცავად ვიღაც კი არ ჩამოვა დედაქალაქიდან (ან საერთოდ ვერ ჩამოვა), არამედ ადგილზე ეყოლებათ მხარდამჭერები, მათი ინტერესების გამტარებლები. რაც მთავარია, ჩვენი სურვილია, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ პროექტის ინიციატივად კი არ დარჩეს, არამედ გასცდეს პროექტის მასშტაბებს და, გარკვეულწილად, სამოქალაქო მოძრაობის სახე შეიძინოს; შეიქმნას ამ პრობლემით დაინტერესებული ადამიანების ქსელი – სამოქალაქო მოძრაობა დეპოლიტიზებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ვერც ერთი ცალკე არსებული სამოქალაქო ორგანიზაცია ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ მოაგვარებს, თუ ეს საკითხი საზოგადოებაში არ გააქტიურდა.

და მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება ხელისუფლების მხრიდან სკოლაზე იმ ბერკეტების მოხსნას გულისხმობს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში გვაქვს. სკოლა უნდა განთავისუფლდეს  ზეწოლისგან, დაშინებისგან ან სადამსჯელო მეთოდებისგან.  განათლების სამინისტრო სკოლების პარტნიორი, მხარდამჭერი, გვერდში მდგომი და კოლეგიალური ორგანოა, რომელიც მათთან ერთად უნდა მუშაობდეს პრობლემების მოგვარებაზეც და წინსვლაზე ორიენტირებულ გეგმებზეც. ვიდრე წნეხის ბერკეტები იარსებებს, დეპოლიტიზება ძალიან რთული იქნება. ჩვენ გვინდა, რომ  საკანონმდებლო დონეზე ვცადოთ ამ საკითხის მოგვარება. ამ ქსელისა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, გვინდა, ამ მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება მოვახდინოთ, რაც  მთლიანად სისტემის გაჯანსაღებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სკოლაამ პრობლემებისგან არ დავცალეთ  და თუ ჩვენ ჩაგრული მასწავლებლები და დირექტორები გვეყოლება, ვერც ასეთი გარემო და ვერც ასეთი მასწავლებელი ვერ შეუწყობს ხელს ზოგადი განათლების მიზნების მიღწევას;  ვერ შეუწყობს ხელს თავისუფალი, აქტიური, საღად მოაზროვნე და დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მქონე ადამიანების აღზრდას. შეუძლებელია მსგავსი შეზღუდვების გარემოში თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეების აღზრდა, ეს კლიმატი ბუნებრივად ამახინჯებს ბავშვების აზროვნებას. მით უმეტს, სასკოლო თემში ეს არ იმალება და ყველამ ყველაფერი იცის, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს და მერე ვეღარ დააჯერებ ბავშვებს, რომ ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია. ღირებულებები აკადემიური განათლება არ არის, ის სწორედ ასეთი კლიმატითა და ატმოსფეროთი მკვიდრდება. სამწუხაროდ, დაქვემდებარებულობა და სასკოლო სისტემის  ჩაგრულობა შესაბამის შედეგს გამოიღებს.

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ პრობლემის იდენტიფიცირება და გასაჯაროება, ჩვენი მიზანია, დავიცვათ მასწავლებლები და სკოლაში დასაქმებული ადამიანები, ადმინისტრაცია და მთლიანად სასკოლო თემი პოლიტიკური გავლენისგან. სწორედ ამიტომ, კონფიდენციალურობის დაცვითაც, დავდგებით მასწავლებლების გვერდით, რადგან ეს პროექტი დარღვევების მრავლობითი ჩამონათვალისთვის კი არ ხორციელდება, არამედ ადამიანების მხარდაჭერისთვის, მათი უფლებების დასაცავად.

პროექტის გრძელვადიანი მიზანიც ესაა, გავათავისუფლოთ სკოლები პოლიტიკური წნეხისგან, ხოლო სტრატეგიული ხედვა და მდგრადობა, როგორც გითხარით, საზოგადოებრივი მოძაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, რომელსაც სულ პულსზე უნდა ედოს ხელი, რომ აღარავის წაუცდეს ხელი სკოლაზე რაიმე სახის ზეწოლის განსახორციელებლად. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე საკვანძო სკოლაა, სადაც ჩვენი შვილები გვყავს მიბარებული და წარმოიდგინეთ,  გაგიხარდებათ გავლენების ქვეშ მყოფ დაწესებულებაში შვილის მიყვანა? ამიტომ არის საზოგადოების ხმა მნიშვნელოვანი – მკაფიოდ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი ტიპის გავლენების განხორციელებას და სკოლების შიდა ცხოვრებაში პოლიტიკური პარტიების ხელის ფათურს – მასწავლებლების პოლიტიკურ არჩევანში არავინ არ უნდა ჩაერიოს.

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ასეთ პირობებში თავის კომფორტზე ზრუნავს – ხელისუფლებები იცვლება, ხალხს პოლიტიკური გემოვნებები ეცვლება და ყოველთვის კომფორტულად ვეღარ იგრძნობენ თავს. ამიტომ, დირექტორებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც, პოლიტიკური ვალდებულებებისგან განთავისუფლება და მოსწავლეებზე ორიენტირება ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რაც შეიძლება საკუთარი თავისთვის და ქვეყნისთვის გააკეთონ. გაუგებარი პოლიტიკური ვალდებულებებისგან თავისუფლები მოსწავლეებზე ორიენტირებას მეტად შეძლებენ, მათი მისიაც ხომ ეს არის – დაკავდნენ მოსწავლეების მომავალზე ფიქრით. თავისუფალი თაობის აღსაზრდელად გვჭირდება მასწავლებელი, რომელიც არ იქნება ჩაგრული და დირექტორი, გავლენებისგან გათავისუფლებული, საბოლოო ჯამში კი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი საგანმანათლებლო გარემო.

ნდობის ჯგუფის კოორდინატორები – რა მისია აკისრიათ სკოლების დეპოლიტიზების კამპანიაში 

რა მისია აკისრია ნდობის ჯგუფებს, მის კოორდინატორებს, რეალურად შეძლებენ თუ არა მასწავლებლების ნდობის მოპოვებას და მათ ჩართვას კამპანიაში, რომელიც მათივე უფლებების მხარდასაჭერად დაიწყო – ამის შესახებ თავად ნდობის ჯგუფების კოორდინატორები საუბრობენ.

 

ანა შალიკიანი

ქვემო იმერეთის რეგიონული „ნდობის ჯგუფის“ კოორდინატორი:

 

 

სკოლების პოლიტიზაცია მრავალმხრივი ზიანის მომტანი პროცესია, უპირველესად კი, აზიანებს განათლების სისტემას, თავად საჯარო პოლიტიკას, სამოქალაქო საზოგადოებას, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის განვითარების პროცესს აფერხებს. სკოლა, რომლის ადმინისტრაციაც შებოჭილია თავისივე სისტემის სადამსჯელო მექანიზმებით, ვერ იქნება დამოუკიდებელი და, შესაბამისად, ეფექტური. სამწუხაროდ, სახელისუფლო პარტიები ვერ უძლებენ ცდუნებას, გამოიყენონ საჯარო რესურსი, ასე ვთქვათ, „გარანტირებული ელექტორატის“ მობილიზების პირობებში, კარგავენ ჯანსაღი განვითარების უნარს. ამის ფონზე, საჯარო პოლიტიკა არათანაბარ პირობებს სთავაზობს სხვა პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლებისთვის „ბრძოლის“ მარათონში. ეს ყველაფერი ერთად კი, განაპირობებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების სისუსტეს. ამ სისუსტის შედეგებს კი, ყოველდღე ვგრძნობთ, ყოფით ყოველდღიურობაში.

ჩემი ამ პროექტში ყოფნის მნიშვნელობის განსაზღვრა ცალმხრივი არ ყოფილა, ჩემს სამუშაო გამოცდილებებზე დაყრდნობით, რეგიონული კოორდინატორის მისია ძალიან ორგანულად მიმაჩნია. ადგილობრივ დონეზე აქტიურ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის უწყვეტობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, ამ ყველაფერს წინ უსწრებს მთავარი სურვილი – ვიყო სარგებლის მომტანი განათლების სისტემის გაჯანსაღების პროცესში.

ჩემთვის, როგორც რეგიონული კოორდინატორისთვის, მთავარი ამოცანაა ისეთი მხარდამჭერი გარემოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს თავად გაუჩნდებათ ნდობა და მზაობა, ისაუბრონ პრობლემებზე. სწორედ ასეთი გარემოს ხელშემწყობი აქტივობების ციკლის ფორმირებაზე ვმუშაობთ ახლა. თუმცა, იქამდე, მასწავლებლებს უნდა განუვითარდეთ მძაფრი აღქმა იმისა, თუ როგორ გამოიყურება გავლენის მოხდენა და კონტროლი პრაქტიკაში, თავისი შეფარული თუ ხისტი გამოხატულებით და რა გავლენას ახდენს ეს იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობთ. სწორედ ამ აღქმის რეცეპტორების განვითარებაზე მიმართული სამუშაოებია გასაწევი დროულად და ხანგრძლივად. მნიშვნელოვანია, დავანახოთ პედაგოგებს, რომ ჩვენს მოძრაობას აქვს რესურსი, პრობლემით მოსულ ადამიანებს მივცეთ როგორც ტრიბუნა მეტი საჯაროობისთვის (თუკი მათ ამის სურვილი აქვთ) და, რაც მთავარია, აღმოვუჩინოთ საჭირო სამართლებრივი დახმარება.

ამ ეტაპზე, რეგიონებში, ინფორმაციის გავრცელება მიმდინარეობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე პედაგოგების დონეზე. ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,  სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს ვგეგმავთ, ჩვენი მოძრაობის შესახებ მეტი ადამიანის ყურამდე ინფორმაციის მისატანად.

 

გიორგი პაპაშვილი,

კახეთის რეგიონული „ნდობის ჯგუფის“ კოორდინატორი:

 

 

 

 

სკოლების დეპოლიტიზირება მნიშვნელოვანია, რადგან, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში განმანათლებელი თავს თავისუფლად და დაცულად უნდა გრძნობდეს, რათა შეეძლოს, ეფექტურად წარმართოს აკადემიური პროცესი. პოლიტიზირებულ სკოლას და მასწავლებელს უარყოფითი გავლენა აქვთ მოსწავლეზე, იმ მოსწავლეებზე, რომელთაც სახელმწიფომ შესაფერისი და ობიექტური გარემო უნდა შეუქმნას განათლების მისაღებად.

ყოველთვის მქონდა პროტესტის გრძნობა იმ ჩვევად ქცეული პოლიტიკური დარღვევების მიმართ, რომელიც ჩემ თვალწინ ხდებოდა. მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, მჯერა, რომ ეს პროექტი საშუალებას მომცემს, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, დავუპირისპირდე ამ მავნე პრაქტიკას და მის აღმოსაფხვრელად ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო.

მოცემულ პროექტში კახეთის დეპოლიტიზირების ჯგუფს ვხელმძღვანელობ, რომელიც რეგიონში მომუშავე ნდობის ჯგუფის 11 წევრითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, მასწავლებლებსა და ნდობის ჯგუფს შორის თანამშრომლობა შედგა, თუმცა, ვისურვებდი, რომ განათლების სფეროს წარმომადგენლები ბევრად გააქტიურებულები იყვნენ, რომ შესაძლო პრობლემების იდენტიფიცირება უფრო გამარტივდეს. სამწუხაროდ, მასწავლებელთა უმრავლესობა პოლიტიკურ წნეხზე არ საუბრობს, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, როცა კონკრეტული პედაგოგები, საკუთარ შემთხვევაზე საუბრისას, სრულად აღწერენ დღევანდელ პოლიტიკურ წნეხს სკოლებსა და საგანმანათლებლო სფეროებში.

 

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

აჭარის რეგიონული „ნდობის ჯგუფის“ კოორდინატორი:

 

განათლება, თავისთავად, იმაზე მიუთითებს, რომ ის არ უნდა იყოს არც ერთი პოლიტიკური აქტორის გავლენის ქვეშ იმიტომ, რომ ეს არის სისტემა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის წარმატების საფუძველი უნდა იყოს. სწორედ სკოლაში მიღებული განათლებით და იქ შეძენილი უნარ-ჩვევებით ქმნიან ადამიანები სამოქალაქო საზოგადოებას და ეს საზოგადოება კი, შემდეგ სახელმწიფოს ავითარებს. ასე ყალიბდება ის ღირებულებები და დემოკრატიული კურსი, რომელზცე ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია. უკვე რამდენი წელია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, სახელისუფლებო მმართველი ძალა, ცდილობს სკოლების ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. თავისთავად, ეს არ შეიძლება იყოს პოზიტიური, მეტიც, არასახელმწიფოებრივია კონკრეტული მიზნებისთვის ამ რესურსის გამოყენება. ცხადია, სკოლაში დასაქმებული ადამიანები, ადმინისტრაცია, დირექტორი ამომრჩევლები არიან და მათ ნებაზე ზემოქმედება ნიშნავს, რომ ეს ადამიანები შენი მიზნებისთვის გამოიყენე. ამის შემდეგ, როცა პედაგოგები კლასში მოსწავლეებთან შედიან, მათ ორმაგი სტანდარტებით მოქმედება უწევთ – პირდაპირ ვიტყვი, ვიღაცის მორჩილებაში მყოფი ადამიანი, რასაკვირველია, თავისუფალი აზროვნების, 21-ე საუკუნის მოქალაქეების აღზრდას ვერ შეძლებს. ძალიან მარტივია – თუ მორჩილი ხარ, ბუნებრივია, თავისუფლებაზე და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ ღირებულებებს ბავშვებს ვერ გადასცემ ან თუ მოსწავლეს ამაზე საუბარს დაუწყებ, მან უკვე იცის, რომ გულწრფელი არ ხარ და მისი დამოკიდებულებაც შესაბამისია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ სწორედ იმ საზოგადოებას, რომელიც, სამწუხაროდ, ძალადობას ახორციელებს, ან ანტივაქსერულ კამპანიებშია ჩაბმული, ფეისბუქ ჯგუფებში გაუგონარ ინფორმაციას ავრცელებს და ა.შ., რაც, თავისთავად, სახელმწიფოს განვითარებას გარკვეულ ბარიერს უქმნის, აფერხებს.

ვფიქრობ, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამ კამპანიაში ჩავბმულიყავი. დიდი ხანია, ჟურნალისტიკაში ვარ, გარდა ამისა, მაქვს არასამთავრობო ოგანიზაციებში, სხვადასხვა პროექტებში მუშაობის გამოცდილება. ამასთანავე, რამდენიმე პროექტის ფარგლებში, სწორედ მოსწავლეებთან და არასრულწლოვნებთან მქონდა შეხება. რეალურად, გარკვეული პარქტიკული გამოცდილება დამიგროვდა და კარგად ვიცი, რა ხდება სკოლებში, როგორი მასწავლებლები გვყავს. თუმცა, საბედნიეროდ, გარკვეული ნაწილი ისეთებიც არიან, რომლებზეც, საბოლოოდ, შეიძლება ჩვენი განათლების სისტემა დადგეს და განვითარდეს. სამწუხაროდ, უმეტესობა მაინც ისეთია, არასასურველ ამინდს რომ ქმნის ჩვენ გარშემო. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა, რომ ამაზე თვალის დახუჭვა მიჭირს. დღეს, განათლების სისტემისთვის, მოსწავლე მთავარი პრიორიტეტი არ არის, უფრო სტატისტიკაა – მიდის გაკვეთილზე ან არ მიდის. თუ არ მიდის, არც არავინ მოიკითხავს და განათლების სისტემისთვის, თვეების და წლების განმავლობაშიც კი, შეიძლება შეუმჩნეველი აღმოჩნდეს მოსწავლე, რომელიც სკოლაში აღარ დადის, მანამდე, ვიდრე დამნაშავე არ გახდება. ამის თქმის უფლებას ის გამოცდილება მაძლევს, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციასთან – „იალქანი“ – თანამშრომლობამ მომცა. აჭარაში, ხუთი წელია, „იალქანი“ ქუჩაში მყოფ და მომუშავე ბავშვებთან, ასევე სკოლამიტოვებულ მოსწავლეებთან მუშაობს. ისინი ორგანიზაციის დღის ცენტრში მოგვყავს, საბაზისო განათლებას ვაძლეთ და შემდეგ, სკოლებში ვაბრუნებთ. სწორედ ამან განაპირობა კამპანიაში ჩემი ჩართვაც, რადგან ჩემთვის მთავარია, სკოლაში ბავშვი იყოს პრიორიტეტი და თუ მასწავლებელი ან დირექტორი პოლიტიკური ამინდის შემქმნელის გავლენის ქვეშაა მოქცეული, ის ვერც განვითარებისთვის და ვერც იმ პრიორიტეტებზე საზრუნავად იცლის, რომელიც ბავშვებზე უნდა იყოს მორგებული. და საერთოდ, ასეთი ცენტრალიზებული განათლების სისტემა რომ გვაქვს, ჩემთვის ესეც მიუღებელია.

ვფიქრობ, ასეთ მოცემულობაში ეს პროექტი წყალივით აუცილებელია და სასიცოცხლოდ მიშვნელოვანი. ფაქტობრივად, ყამირივითაა განათლების სისტემა და მით უფრო, კონკრეტულად ამ მიმართულებაზე, მასწავლებლებთან არავინ მუშაობს. ამიტომ ჩავთვალე, რომ რაღაცის გაკეთება შემეძლო. შესაძლოა, ამბიციური განაცხადია, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი შემიძლია შევასრულო ამ სიტუაციაში. ჩვენ ნდობის ჯგუფიც იმიტომ გვქვია, რომ მასწავლებლების ნდობა მოიპოვოთ, უნდა გვესაუბრონ პრობლემების შესახებ, თუკი ასეთი აქვთ.

ჯგუფის სახელწოდებაც პირდაპირ მიუთითებს ჩვენი წვლილისა და როლის შესახებ – თუკი მასწავლებლები იმ მდგომარეობაში არიან, რომ არ შეუძლიათ პრობლემებზე ღიად, საჯაროდ ლაპარაკი, რადგან მათი იდენტიფიცირება საფრთხეების წინაშე დააყენებთ (შეიძლება სამსახური დაკარგონ, რაზეც პირდაპირაა მიბმული მათი ეკონომიკური მდგომარეობა), ჩვენ უნდა შევძლოთ მათი ნდობის მოპოვება, რომ გაგვენდონ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მათ თავიანთი უფლებების შესახებ არაფერი იციან, არ იცნობენ კანონს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსს, რომელიც მათ აგიტაციაში ჩართვას უკრაძალავს და ა.შ. ჩვენი როლიც, პირველ რიგში, ამაში მდგომარეობს,  მსგავსი ინფორმაცია რაც შეიძლება მეტი მასწავლებლისა და დირექტორისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, გავაცნოთ თავიანთი უფლებები, რა ეკრძალებათ და რა არა. რაც მთავარია, დავარწმუნოთ, რომ, საჭიროების შემთხვევაში,  ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. ასე ვხედავ პროექტში ჩემსა და ნდობის ჯგუფის წევრების როლს – მოვიპოვოთ მათი ნდობა, დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, დავაფიქროთ იმაზეც, რომ მუდმივად ასე საფრთხის, შიშის, რისკის განცდის ქვეშ არ უნდა იცხოვრონ. პირველ რიგში, თუკი რაიმე ზეწოლა შეინიშნება, რაღაც აიძულებს პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვას ან სამსახურიდან განთავისუფლებით ემუქრებიან და ამას იტყვიან, იმის გარანტია უნდა ჰქონდეთ, რომ პრობლემის პირისპირ მარტო არ აღმოჩნდებიან და მხარდამჭერები ეყოლებათ. ამაში ვხედავ ჩემს როლს, ამ პროცესში ჩართვით.

იმდენად ჩაკეტილი კასტაა, რომ არც გვქონია იმის ილუზია, რომ უცებ დაირაზმებიან, ყველა ერთად გაიხსნება და ღიად ალაპარკდება პრობლემებზე. თუმცა, პირად საუბრებში მაინც გვენდობიან, ასეთი რამდენიმე ქეისი მაქვს. აჭარის რამდენიმე სკოლიდან მყავს მასწავლებლები, რომლებმაც თქვეს, რომ იყო მინიშნება – მოვა სამი ოქტომბერი და თუ არ დაგვიჭერთ მხარს, ნახავთ, რაც მოგივათო. ეს რამდენიმე მასწავლებელი ის „პირველი მერცხლები“ აღმოჩნდნენ, რომლებმაც ჩვენთან პრობლემებზე საუბარი დაიწყეს. თუმცა, გვთხოვენ, მათი იდენტიფცირება არ მოხდეს, რადგან საფრთხეებს ხედავენ და ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები, რომ ბოლომდე დავიცავთ და მათ გვერდით ვიქნებით. აქ ეკონომიკური ფატორიც დიდ როლს თამაშობს, რომელიც მათ სამსახურზეა პირდაპირ მიბმული – თუ ეს მასწავლებლები სამსახურის გარეშე დარჩებიან, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვას გარკვეული დრო დასჭირდება, ამ პერიოდში კი, თავისთავად, ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების პრობლემების მოგვარებას. სამწუხაროდ, ასეთი ქეისები ერთი და ორი არ არის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი არჩევნების შემდეგაც არ უნდა დასრულდეს, განუწყვეტლივ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს, რადგან ყოველი შემდგომი არჩევნების მოახლოებისას უფრო მეტად იყოს სკოლებში დეპოლიტიზების ნიშნები შესული.

რაც მთავარია, მასწავლებლებმა უნდა გაიაზრონ, რას ავნებენ სახელმწიფოს, თუკი მორჩილ არჩევანს გააკეთებენ. ზოგს მართლა ჰგონია, რომ ამით არაფერს აფუჭებს, მერე რა, თუ ხმას თავისივე ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს მისცემს, ამით რა დაშავდება. სწორედ რომ დაშავდება და მეტიც, უკეთესი მომავლის შექმნისთვის აუცილებელ სისტემურ ცვლილებებს ხელს შეუშლის. სწორედ ამის გაგებაში ვეხმარებით, რომ საარჩევნო ყუთებთან მისული თითოეული ადამიანისთვის წართმეული თავისუფალი არჩევანი საზიანოა ქვეყნისთვის და ამით უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში ხელის შემშლელის როლს შეასრულებენ, იმ საზოგადოების, რომელშიც თვითონ, მათმა შვილებმა და ახლობლებმა უნდა იცხოვრონ.

 ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები