27 აპრილი, შაბათი, 2024

ძალოსანთა ტრიუმფალური გამოსვლა

spot_img

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველ ძალოსანთა, უპირველესად კი ლაშა ტალახაძის, გამოსვლით გამოწვეული ეიფორია ჯერაც არ ჩამცხრალა, ქართველმა ძალოსნებმა კი მორიგი ეპოქალური წარმატებით გაგვაოცეს – ამჯერად 15 და 17-წლამდელმა ჭაბუკებმა, რომლებმაც 20-27 აგვისტოს, პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვში, თანატოლთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს. საინტერესოა, რომ იქ, ბიჭებთან ერთად, გოგონებიც გვყავდა – მართალია, სულ 3 მონაწილე, მაგრამ ორმა მათგანმა ტრიუმფალურად იასპარეზა და 3-3 ოქრო მოიპოვა, თავისი ევროპის რეკორდებით. ქართულ ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონ ანასტასია ჰოტფრიდის შემდეგ, გოგონების მედლები არ გვიკვირს, მაგრამ ჰოტფრიდი თუ უკრაინიდანაა გადმობირებული, ეს გოგონები ჩვენი აღზრდილები არიან.
ჭაბუკებმა პირველივე დღეს წარმატებული სტარტი აიღეს და ესტაფეტა ერთკვირიანი ევროპირველობის ბოლო დღემდე ხელიდან არ გაუშვიათ. ჯამში, ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე ორივე ასაკში მოპოვებული 28 მედალია – 16 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო, ამ ყველაფერს კი, სხვადასხვა მოძრაობაში დამყარებული 10 ევროპული რეკორდი აგვირგვინებს.

საქართველოს პირველი მედალი და ჩემპიონის პირველი ტიტული, 17-წლამდელთა შორის, გიგა ოდიკაძემ მოუტანა 49 კილოგრამში: 2 ოქრო და 1 ვერცხლი. მან 84 კილოგრამი აიტაცა და პირველი ოქრო ამ მოძრაობაში მოიპოვა, აკვრაში მეორეზე გავიდა 102 კილოგრამით, თუმცა ორჭიდში 186 კილოგრამი დაუგროვდა და ევროპის ჩემპიონიც გახდა.
გოგონებიდან 15-წლამდელებში მარიამ მურღვლიანმა (81) და 17-წლიანებში ნათია გადელიამ (81)იყოჩაღეს. საინტერესოა, რომ ორივე მათგანი დებიუტანტი იყო, თუმცა მათ გამოსვლას ამ სტატუსის არაფერი ეტყობოდა.

ჯერ ხონელმა მურღვლიანმა იასპარეზა და თავიდანვე გამოავლინა საჩემპიონო ამბიცია – ატაცში 85 კილოგრამით გაიმარჯვა, აკვრაში კი – 105-ით. ბუნებრივია, ორჭიდშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა – 190 და 3 ოქროს მედალი. ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე მოძრაობაში მისი 6-ივე მისვლა ევროპისთვის სარეკორდო აღმოჩნდა, და ბუნებრივია, ორჭიდშიც ევროპის რეკორდით გაიმარჯვა. აკვრაში, მეორე ცდის შემდეგ, 101-ის დაძლევით გაინაღდა ორჭიდში გამარჯვება და ევროპის ჩემპიონობა, თუმცა მესამე ცდაზე მაინც წავიდა რეკორდზე და საკმაოდ ბევრიც შეუკვეთა – 105 კილოგრამი. შტანგის აკვრა და დაფიქსირება ცოტა კი გაუჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო რეკორდის გაუმჯობესება-დამყარება. მას ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ თურქმა ბუსრა ჯანმა გაუწია, თუმცა მურღვლიანმა ორივე მოძრაობაში თითო ქულით აჯობა; ქართველის რეკორდების მოხსნაც ცალკეული მისვლის შემდეგ მხოლოდ თურქმა შეძლო, თუმცა მარიამი ყოველ მისვლაზე კვლავ აუმჯობესებდა მაჩვენებელს. აკვრაში, ბოლო ცდაზე, თურქი ვა-ბანკზე წავიდა და 107 კილოგრამი შეუკვეთა, თუმცა შტანგა ვერ დაიმორჩილა.

მეორე დღეს, ასევე 3 ოქროთი, მორიგი ტრიუმფის მომსწრე გაგვხადა ზუგდიდელმა გადელიამ, თუმცა შეჯიბრება არცთუ წარმატებულად დაიწყო – ატაცში მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა, ორჯერ კი შტანგა ხელიდან გაუვარდა. თუმცა იმ ერთხელაც იმდენად დიდი შედეგი ჰქონდა შეკვეთილი – 87, მეტოქეები მაინც გვარიანად ჩამორჩნენ, 4-5 კილოგრამით. აკვრაში 3-ივე ცდა წარმატებით გამოიყენა და 117-ით გაიმარჯვა, თან მეტოქეები აქაც გვარიანად ჩამოიტოვა, ორჭიდში კი 204-ით და ახალი ევრორეკორდით გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

15-წლამდელ ბიჭებში 3 ოქროთი გამოირჩა ლევან ოჩიგავა (73), ხოლო  რევაზ მილდიანი (55) და გოგა ჯაჯვანი (61) ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ჯაჯვანმაც 3 მედალი მოიპოვა, თუმცა ოქროს გარეშე დარჩა: ვერცხლი – ატაცში და ბრინჯაო – აკვრაში, მილდიანმა კი ორჭიდის ამ მონაგარს ატაცის ვერცხლიც შეჰმატა. ორი ვერცხლით დაასრულა გამოსვლა ირაკლი ვეკუამაც (+102) – ატაცსა და ორჭიდში, საბა ადამიამ (81) ორი ბრინჯაო მოიპოვა – აკვრასა და ორჭიდში, ხოლო ლერი ნეფარიძე (55) ატაცში ბრინჯაოს დაეუფლა.

17-წლამდელებში, 3 ოქროთი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ ვეკუა (96) გამოირჩა – 325 კილოგრამი ორჭიდში; ნიკოლოზ ესართიამ (73) აკვრასა და ორჭიდში ვერცხლი, ხოლო ატაცში ოქრო მოიპოვა.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები