26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენთვის წარმატებული ოლიმპიადა – ჯერჯერობით 8 განაღდებული მედალი

spot_img

როგორც იქნა, მრავალტანჯული ზაფხულის XXXII ოლიმპიადა შედგა – ოლიმპიზმის ისტორიაში პირველი გადადებული თამაშები 23 ივლისს გაიხსნა ტოკიოში და უკვე დასასრულს უახლოვდება. პანდემიის გამო ლამის ექსტრემალურ სიტუაციაში ჩატარებული თამაშები ჩვენთვის ფრიად წარმატებული გამოდგა: ძალოსანთა, განსაკუთრებით ლაშა ტალახაძის ფანტასტიკური გამოსვლა; ნინო სალუქვაძის სარეკორდო – მეცხრე ოლიმპიადა; ძიუდოს ნაკრების შთამბეჭდავი ასპარეზობა; სარეკორდო ოდენობის მედალი, ანუ მორიგი გაუმჯობესებული მაჩვენებელი…

არადა, ჯერ კიდევ დარჩენილია 3 საშეჯიბრო დღე და ჩვენი რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის – თავისუფალ სტილში მოჭიდავენი, ანუ მედლის კანდიდატები.

დღეის მონაცემებით, 8 განაღდებული მედალი გვაქვს, თუმცა ერთის ხარისხი ჯერ არ ვიცით – თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) დღეს, შუადღისას, იჭიდავებს ფინალში და მერე შევიტყობთ, რომელი სინჯის მედალს მოიპოვებს. მანამ კი, უკვე რაც ვიცით იმ 7 ჯილდოზე, 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო გვაქვს. აქამდე ოლიმპიადებში, მაქსიმუმ, 7 ჯილდო მოგვიპოვებია, დღეს, შუადღისას კი, ამ მაჩვენებელს ოფიციალურად გავაუმჯობესებთ. ოღონდ პეტრიაშვილი ჩემპიონი თუ გახდება, მაშინ ხარისხობრივ რეკორდს გავიმეორებთ – ყველაზე მეტი, 3 ოქრო მხოლოდ ერთხელ გვქონდა, 2008 წელს, პეკინში, ახლა კი ორი უკვე გვაქვს.

ამ 7 მედლიდან ლომის წილი ძიუდოისტებზე მოდის – 4 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი), 2 ძალოსნების ნაკრებზეა – ოქრო-ბრინჯაო, 1 ვერცხლი კი – ბერძნულ-რომაულზე.

ჩვენთვის მთავარი ამბავი, ალბათ, ტალახაძის ტრიუმფალური გამოსვლა იყო. მას რომ კონკურენტი არ ეყოლებოდა, წინასწარ ვიცოდით – ჯერ ხომ ისედაც ვერავინ უწევდა მეტოქეობას, სომხებმაც „მარად მეორე“ გორ მინასიანი არ წაიყვანეს – სომხეთის ძალოსნობის ფედერაცია,, დოპინგის გამოყენების გამო, დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ოლიმპიადაზე მხოლოდ 2 სპორტსმენის გამოყვანის ნება დართეს, ისიც კვოტირებულად – თითო ქალი და ვაჟი. სომხებმაც „მარად მეორე“ მინასიანს (ყველა ტურნირზე ის მეორეზე გადის, ტალახაძის შემდეგ) 109 კილოგრამის ძალოსანი არჩიეს, რადგან მიიჩნიეს, რომ მას უფრო ჰქონდა, თავის წონაში, გამარჯვების შანსი, თუმცა, ისიც მეორეზე გავიდა. მინასიანის გამოკლების შემდეგ ტალახაძე საერთოდ უკონკურენტოდ დარჩა და ოქრო ლამის გარანტირებული იყო, თუმცა ყველა ელოდა, რომ ქართველი ძალოსანი რაღაც განსაკუთრებულს ამზადებდა. საბოლოოდ ასეც მოხდა – პირველივე მისვლებზე ოლიმპიური ან მსოფლიო რეკორდები და ასევე მსოფლიო რეკორდით მოგებული ორჭიდი! ტალახაძე გახდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (თან ზედიზედ მოიპოვა ეს ტიტულები). ორივე მოძრაობაში მას სულ ბოლოს უწევდა გამოსვლა, რადგან ყველაზე მეტი ჰქონდა შეკვეთილი. ერთი ფაქტი შედარებისთვის: მეორეზე გასულმა ირანელმა ალი დაუდიმ ატაცში გამოსვლა 200 კილოგრამით დაამთავრა (ატაცში ეს მეორე შედეგი იყო, ანუ სხვებს კიდევ უფრო ნაკლები ჰქონდათ), ტალახაძემ კი 208-ით დაიწყო და ფანტასტიკური წონით – 223-ით დასრულა, რაც ატაცის მსოფლიო რეკორდია; აკვრაში იმავე დაუდიმ 241-ით დაასრულა გამოსვლა (ესეც მეორეა ამ მოძრაობაში), ტალახაძემ კი 245-ით დაიწყო და წარმოუდგენელი 265-ით დაამთავრა! ორჭიდში მან საკუთარივე რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა – 488 კილოგრამი დააგროვა და ირანელს 45-ით გაუსწრო, ხოლო მესამეზე გასულ სირიელ მან ასაადს – 64 კილოგრამით.

ამ წონაში უკვე ისეთი რეალობაა, ტალახაძე საკუთარ თავს და საკუთარ რეკორდებს ებრძვის, თორემ კონკურენტი აღარ დარჩა. არადა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ტალახაძეს უფრო მეტის აწევაც შეეძლო, მაგრამ არ გარისკა – ცხოვრება ხომ გრძელდება, წინ კი XXXIII ოლიმპიადაა, რომელიც, სულ რაღაც 3 წელიწადში, პარიზში გაიმართება…

ძალოსნობაზე ვლაპარაკობთ და ბარემ აქვე ანტონ პლესნოის (96) გმირობაზეც ვთქვათ, ნატკენი მუხლით რომ აჰკრა 210 კილოგრამი და ორჭიდში ბრინჯაო მოიპოვა 387 კლოგრამით. ამდენივე ასწია ვენესუელელმა კეიდომარ ჯოვანი სანჩეს ვალენილამაც, მაგრამ მან უფრო ადრე დაასრულა გამოსვლა და პლესნოიმაც ამიტომ დაკარგა ვერცხლი.

ამ თამაშების ერთ-ერთ მოვლენად ნინო სალუქვაძის ამბავიც იქცა – ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა ცხრაგზის ოლიმპიელი, თუმცა, ქალთა შორის ერთადერთია, ვისაც ამდენ თამაშებში მიუღია მონაწილეობა… ლიცენზია მან 2018 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ყველამ იცოდა, რეკორდსმენი რომ გახდებოდა, თუმცა მაინც დიდი რეზონანსი გამოიწვია: CNN-დან დაწყებული, ამ ფაქტს უამრავი უცხოური სააგენტო გამოეხმაურა. მათ არც ცალკეული ვარსკვლავები ჩამორჩნენ. მაგალითად, ამის შესახებ ცნობილმა ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

შთამბეჭდავად გამოვიდნენ ჩვენი ძიუდოისტებიც, თუმცა არა მხოლოდ ვაჟები, ქალთა ტურნირში ბრინჯაოსთვის იჭიდავა ეთერ ლიპარტელიანმა (57). მართალია, უმედლოდ დარჩა, თუმცა ესეც ისტორიული მიღწევაა – ქალებში პირველად მოვიპოვეთ ლიცენზია ჩვენივე აღზრდილი სპორტსმენებით და ასევე პირველად მივედით თუნდაც მეხუთე ადგილამდე.

ვაჟთა ნაკრებმა 7-დან 4 წონაში ფინალი იჭიდავა, 5-ში კი – ნახევარფინალი. 7 წევრიდან 4-მა მედალი მოიპოვა, 2 მეხუთე ადგილზე გავიდა, 1 – მეშვიდე. პრაქტიკულად, ყველა შევიდა მედლის ზონაში, რაც იშვიათი შემთხვევაა და მხოლოდ გამორჩეული გუნდები თუ აღწევენ, გუნდურ ჩათვლაშიც მარტო მასპინძელ იაპონიას ჩამოვრჩით. ბოლო დღემდე ოქროს მედლებს მხოლოდ ჩვენ და იაპონია ვინაწილებდით, მხოლოდ ბოლო წონაში დაგვემატა ჩეხეთი და იქაც გურამ თუშიშვილს სულ ოდნავი ყურადღება რომ გამოეჩინა, ეს ოქროც ჩვენ დაგვრჩებოდა და ბევრად უკეთესი სტატისტიკა გვექნებოდა – პრაქტიკულად, მოგებული შეხვედრა წააგო.

რაღაც დაუწერელი კანონით, ოქრო ისევ 90 კილოგრამში ვირგუნეთ, რაც 21 წლის ახალგაზრდა ლაშა ბექაურის ნავაჟკაცარია: დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში, აქამდე, სულ 3 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავდა და აქედან ორი 90-ში იყო: ზურაბ ზვიადაური – 2004 წელს და ირაკლი ცირეკიძე – 2008-ში, ბექური კი მესამეა.

ბექაურის ისტორია ზღაპარს ჰგავს: ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და ლამის მის შეცვლაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს და დღეს არხილოსკალოელი ფალავანი ოლიმპიური ჩემპიონია (წლეულს მან ევროპის პირველობაც მოიგო, ექიმებმა კი პლესნოის შემთხვევაშიც მაგრად იყოჩაღეს: მან მუხლი აკვრაში პირველივე ცდაზე იტკინა, მაგრამ რამდენიმე წუთში შეძლეს მისი ფეხზე დაყენება).

ძიუდოისტებმა მედლების მოპოვება დასაწყისიდანვე დაიწყეს, როცა გორელებმა – ვაჟა მარგველაშვილმა (66) და ლაშა შავდათუაშვილმა (73), ერთმანეთის მიყოლებით, მოიპოვეს ვერცხლის მედლები, მათი საქმე კიდევ უფრო მეტი წარმატებით ბექაურმა გააგრძელა, ხოლო თუშიშვილმა დააგვირგვინა.

შავდათუაშვილი აქამდეც ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი იყო, ახლა კი სულ მთლად ქართული ძიუდოს ისტორია გადაწერა და ყველაზე წარმატებული გახდა: ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მან მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმა და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, ვინც სამივე დიდი ტურნირის ჩემპიონია – ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის პირველობების; პირველი ქართველი ძიუდოისტია,რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს (2012 წელს ლონდონში გაიმარჯვა, 2016-ში რიო დე ჟანეიროში ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი – ვერცხლი) და მიჯრით სამ თამაშებზე ავიდა კვარცხლბეკზე, თუმცა ასეთი ათლეტი მსოფლიოს ძიუდოსაც არ ეყოლება ბევრი.

გუნდმა ძალიან მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა. ჭიდაობის ხარისხი თითქმის ყველა კომპონენტში გაუმჯობესებული იყო, ჩვენთვის „აქილევსის ქუსლად“ ქცეულ ფიზიკურ მომზადებაში კი რამდენიმე ნაბიჯით წინ ვიყავით – ამ მხრივ, არც ერთზე არ გვეთქმის საყვედური. შავდათუაშვილმა ბოლო ორი შეხვედრა მარათონული გამართა – კორეელ მეტოქესთან 9, იაპონელ შოჰეი ონოსთან კი 10 წუთამდე იჭიდავა და თვითონ კი არ დაიღალა, იქით დაღალა ისინი. დაუმარცხებელ ონოსთან ეს 10 წუთი სულ შეტევასა და წინ სვლაში გაატარა და ოდნავ რომ გამართლებოდა, ჩემპიონობა სულაც არ იყო შორს… ონო, 2015 წლის მერე, დაუმარცხებელი იყო (ჩვენ შემდეგ კი წააგო გუნდურში), მაგრამ ქართველმა ისეთი ბრძოლა გაუმართა, ჯერ ტატამზევე ხომ ანიშნა ხელის ჟესტკულაციით, მაგარი ხარო, მერე გასახდელში მიმავალმა გზიდან გადაუხვია (არადა, პანდემიის გადამკიდე, ოლიმპიადაზე ყველაფერს მკაცრად აკონტროლებენ), შავდათუაშვილთან მივიდა და კიდე ერთხელ გადაეხვია – ონო ამას მილიონში ერთხელ თუ იზამს… მარგველაშვილს და შავდათუაშვილს ფინალში მეტოქეებად მართლაც დაუმარცხებელი მასპინძლები ჰყავდათ და ამ ეტაპზე, ვერცხლი მათი მაქსიმუმია.

ძიუდოს ნაკრების ასეთი წარმატება საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბის შეთანხმებული, სწორი და გეგმიური მუშაობის შედეგია. ტოკიოდან დაბრუნებულმა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, აქამდე ოლიმპიადებზე მედალს ნიჭის ხარჯზე ვიღებდით, ახლა კი ეს წარმატება გეგმიურმა მუშაობამ მოიტანაო, რაც აბსოლუტური სიმართლეა. წარმატებული პროექტი გამოდგა მავანთაგან არაერთხელ გაკრიტიკებული პროგრამა „2020“ – სწორედ მისი წევრია ბექაური, მეხუთეზე გასული ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81), რამდენიმე კი ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა, თუმცა უკვე ამბობს თავის სიტყვას: ილია სულამანიძე (100) უკვე მსოფლიოს მესამე პრიზიორია, ხოლო გელა ზაალიშვილი მძიმე წონაში მეორე ნომრად იქცა. თუმცა, იმ პროექტიდან ბევრი უნიჭიერესი ძიუდოისტია, რომლებიც მალევე იტყვიან საკუთარ სათქმელს. იმედია, მის ნაცვლად დაწყებული პროგრამა „2024“ არანაკლებ წარმატებული გამოდგება.

ირაკლი თავაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები