გაგაცნობთ კიდევ ერთ მასწავლებელს „მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსიდან“ , რომელიც საქართველოში მიმდინარე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ეგიდით ჩატარდა და რომლის ფინანსური მხარდამჭერი სამ რეგიონში – კახეთი, იმერეთი და შიდა ქართლი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი გახდა. დღევანდელი ჩვენი სტუმარი მარეხ დიდებაშვილი, რომელიც ჟიურიმ კითხვის სწავლებაში საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა, სწორედ ამ რეგიონებიდან ერთ-ერთს – კახეთს წარმოადგენს, კერძოდ, გომბორის საჯარო სკოლას.
– ქალბატონო მარეხ, საუბარი რეგიონული კონკურსით დავიწყოთ – რას ნიშნავს თქვენთვის ამ კონკურსში გამარჯვება და რა შეცვალა ან რას შეცვლის ეს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
– ეს გამარჯვება ჩემთვის დიდი სიხარულიცაა და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაც. უკვე ვფიქრობ სექტემრიდან რა სიახლეები შევთავაზო მოსწავლეებს, როგორ მოვარგო სასწავლო პროცესი თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებას,რომ უფრო სახალისო და საინტერესო იყოს მათთვის; როგორ ვაქციო ცოდნა მოქმედებად,როგორ ვასწავლო პრობლემებთან გამკლავება, დამოუკიდებელი,სწორი გადაწყვეტილების მიღება. ზოგადი განათლების რეფორმა საშუალებას მაძლევს, ჩემი საყვარელი საქმე შემოქმედებითად ვაკეთო და მოსწავლემ მიღებული ცოდნა ყველა საჭირო სიტუაციაში გამოიყენოს.
დიდი მადლობა USAID საბაზისო განათლების პროგრამას და გუდავაძე -პატარკაციშვილის ფონდს მასწავლებელთა რეგიონული აღიარების კონკურსის მხარდაჭერისთვის და მასწავლებლის საქმიანობის წარმოჩენისთვის.
– რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლის პროფესია და რატომ აირჩიეთ ეს გზა?
– მასწავლებლობა ჩემი სიცოცხლის ნაწილია, ბავშვების სიყვარულმა ამარჩევინა ეს გზა და დღესაც მათი სიყვარულით ვსაზრდოობ, სკოლაში ვიპოვე ჩემი თავი.
– რა იყო თქვენი პირველი პროფესიული წარმატება ან მარცხი?
– მარცხი არ მახსენდება, მაგრამ მახსენდება პირველი გაკვეთილები… ღამეები არ მეძინა იმაზე ფიქრით, როგორ მიმეწოდებინა მასალა სახალისოდ და საინტერესოდ; რა თვალსაჩინოება შემექმნა ამისთვის, მაშინ ისტ ტექნოლოგიები ჯერ არ იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ის არის, ჩემს მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ სახლში წასვლა რომ არ უნდათ ხოლმე – „ვიქნებით რა თქვენთან, თქვენ ხომ არ მიდიხართ? – ამბობენ და მუდარით გიყურებენ, – ნეტავ, დედა მალე არ მოვიდეს, თქვენთან ვიქნები“…ასეთ წუთებსაც ვჩუქნი. ვიტოვებ არასაგაკვეთილო დროს და სახალისო თამაშებით ვერთობით…
– როგორია მარეხი მასწავლებლის გამორჩეული გაკვეთილები, რის გამოც გამორჩეულ მასწავლებელთა რიცხვში აღმოჩნდით…
– ჩვენს სკოლაში ერთმანეთის გვერდით სწავლობენ ქართველები და აზერბაიჯანელები. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერი. ამ პრობლემის დასაძლევად, სხვადასხვა ხერხს და გზას ვიყენებ. წიგნი ყველასთვის ხელმასწვდომი რომ ყოფილიყო, კლასში საკლასო ბიბლიოთეკა შევქმენით, წიგნის ერთობლივი კითხვა გვიყვარს, ვკითხულობთ რიგ-რიგობით, გზადაგზა ვხსნით გაუგებარ სიტყვებს. წიგნს სახლშიც ვატან, მერე წაკითხულის ირგვლივ ვსჯელობთ, როლებად ვკითხულობთ – მკითხველთა თეატრი ჩვენი საყვარელი აქტივობაა, ვდგამთ მინი-სპექტაკლებს და პერსონაჟი თუ არ გვყოფნის, მეც ვთამაშობ მათთან ერთად.
ხშირად თვითონ ვქმნით წიგნებს, თითოეული მოსწავლე თავის გვერდს აკეთებს, წერს, აფორმებს, ხატავს, მერე ვკინძავთ და გვიხარია, რომ ჩვენ ვართ ავტორებიც, მხატვრებიც, დამკაბადონებლებიც. ძალიან გვიყვარს მოთხრობების გაგრძელება და კეთილი დასასრულით დასრულება. ეს ყველაფერი ერთ დიდ წიგნად შევკარით და „სიკეთის წიგნი“ დავარქვით და კეთილი პერსონაჟები ჩავასახლეთ შიგ.
ბავშვები ყოველთვის გრძნობენ, რომ მათი თანატოლი ვარ, ერთად ვხატავთ, ვჭრით, ვაწებებთ, ვძერწავთ, ვქმნით დიორამებს და ვაწყობთ გამოფენებს. პანდემიამდე ვიწვევდით მშობლებს, სხვა კლასის მოსწავლეებს და ვაჩვენებით ჩვენს ნამუშევრებს.
გვიყვარს ღია გაკვეთილები ბუნებაში, როცა ამინდი გვიწყობს ხელს. პროექტებით სწავლება გვიხალისებს სასწავლო პროცესს. ბავშვმა უნდა იგრძნოს დიდი სიყვარული, სხვანაირად ვერ აიყოლიებ. უამრავ ბავშვში გამოვარჩევ პირველკლასელის თვალებს, გამოხედვაში რაღაც გაურკვეველი შიში ჩანს, მუდმივად ეძებს დედას, ეხუტება, სახლში უნდა. უნდა შეძლო დედობაც და მასწავლებლობაც, უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს და ახალი, ლამაზი სამყარო გადაუშალო თვალწინ.
– თქვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე ახსენეთ, რომ ამონაშვილის სკოლაში გაიარეთ პრაქტიკა – რა მოგცათ ამ სკოლამ?
– დიახ, მართლაც გამიმართლა, როცა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში გამაგზავნეს პრაქტიკაზე. ამონაშვილის სკოლამ დამანახა, როგორი მასწავლებელი მინდოდა რომ ვყოფილიყავი. სულ სხვა გარემო დამხვდა, არ მწყინდებოდა იქ ყოფნა. იმდენი დადებითი რამ წამოვიღე, რომ დღემდე მომყვება და მასაზრდოვებს. მეტიც, ვფიქრობ, თუ რაიმე კარგი მაქვს დღეს, როგორც მასწავლებელს და მასწავლებლად თუ შევდექი, ამაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ამ სკოლაში გატარებულ დღეებს. მეამაყება ისიც, რომ ბატონი შალვას სტუდენტობაც მხვდა წილად. დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას ამონაშვილის აკადემიასთან.
– საინტერესოა, რას ფიქრობთ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე – რა როლი შეასრულა სქემამ მასწავლებლის პროფესიაში?
– სქემამ საშუალება მოგვცა, უწყვეტად გვეზრუნა პროფესიულ განვითარებაზე.
– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ფიქრობთ, რა არის დღევანდელი მასწავლებლის მთავარი საჭიროება?
– მასწავლებელი მუდმივად უნდა სწავლობდეს, ზრუნავდეს ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაზე, იყოს შემოქმედი.
– ქალბატონო მარეხ, როგორ ფიქრობთ, ქალაქისა და სოფლის ან რეგიონისა და დედაქალაქის მოსწავლისთვის განათლება თანაბრად ხელმისაწვდომია? თუნდაც, პანდემიის პერიოდში?
– განათლება თანაბრად ხელმისაწვდომია, მაგრამ დისტანციურმა სწავლებამ მეტი პრობლემა შექმნა სოფლად, ინტერნეტის არქონის გამო.
– პირველ რიგში, რას შეცვლიდით ჩვენი ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემაში, თქვენ რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოთ?
– სასკოლო სახელმძღვანელოებს გადავხედავდი.
– ურჩევთ თუ არა ახალგაზრდებს, გახდნენ მასწავლებლები? თუ კი, რატომ?
– მე მიყვარს, როცა ახალგაზრდა დაინტერესებული კადრი შემოდის სკოლაში. ვცდილობ, ყველანაირად დავეხმარო პირველი სირთულეების დაძლევაში და გავუზიარო გამოცდილება. ვურჩევ მათ, გაბედონ ამ პროფესიაში შემოსვლა და დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო დღე, მოვლენა, გაკვეთილი და თავგადასავალი ელოდებათ, პატარებთან ერთად, რაც მათ ცხოვრებას მართლა ძალიან საინტერესოდ აქცევს. რაც მთვარია, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, შეცვალონ ის, რაც სულ რამდენიმე წლის წინ თავად არ მოსწონდათ სკოლაში. არ შეუშინდეთ სიახლეებს, არ დაიჯეროთ, რომ მასწავლებლობა რთული პროფესიაა, დიდი შრომით ყველაფერი დაძლევადი და მიღწევადია.
ბოლოს, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ყველა ჩემს მასწავლებელს, მოსწავლესა და მათ მშობლებს, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევდგებოდი, როგორც მასწავლებელი. ასევე, დიდი მადლობა „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერ პროექტს ასეთი აქტიური თანამშრომლობისთვის და კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივრსიტეტის მოწვეულ პროფესორს, N89 საჯარო სკოლის დირექტორს, ტრენერს, ქალბატონ მიმოზა ტყებუჩავას, პროექტის მენეჯერს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ ნინო ნახუცრიშვილს. ამ პროექტმა ხელი შეუწყო ლიდერ მასწავლებელთა თანამშრომლობას რეგიონის მასშტაბით და დიდი გამოცდილება შეგვძინა.
ლალი ჯელაძე