19 მარტი, სამშაბათი, 2024

სკოლამდელი და ზოგადი განათლება სამინისტროს ათწლიანი გეგმის ჭრილში

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მინისტრმა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა დაასახელა და განაცხადა რომ, ამ მიზნით სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რომელშიც პედაგოგებიც აქტიურად იქნებიან ჩართული. ამისა გარდა, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლების რეფორმირების პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან და პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

ასევე ვიგებთ, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს სკოლის მართვის ახალი მოდელის შემუშავებასა და რესურსცენტრების გაძლიერებაზე სკოლების მხარდაჭერის პროცესში. მუშავდება სკოლის მართვის ახალი მოდელი. კერძოდ, მუშავდება სკოლების დიფერენცირებული მართვის მოდელი, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

მინისტრმა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით სკოლებში მოსწავლეთა შეფასებისა ალტერნატიული მოდელების შექმნის აუცილებლობას, ბილინგვური განათლების დანერგვას, ასევე, მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შეთავაზებას გაუსვა ხაზი. ასევე ისაუბრა, ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით მიმდინარე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესზე, „რაც გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების თვალსაჩინო მაგალითს სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის დანერგვა წარმოადგენს.

 …ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესი სკოლებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის გაძლიერებასა და ორენოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ სამინისტრო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს სკოლებში ციფრული სახელმძღვანელოებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარების კუთხით. “

პრეზენტაციის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მათი ინტერნეტიზაციის მნიშვნელობასაც შეეხო და დაასახელა ციფრი, რამდენი სკოლა აშენდა ან რეაბილიტირდა 2012 წლიდან დღმდე. მინისტრის განცხადებით, აშენდა 174 საჯარო სკოლა, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა. მისივე თქმით, შენება-რეაბილიტაციის პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება და 2026 წლისთვის, საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად იქნება გამართული. ასევე, ამავე წლისთვის იგეგმება ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის ინტერნეტიზაცია და  მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი; სკოლების მოწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურით.

განათლების და მეცნიერების მინისტრი ათწლიანი გეგმის წარდგენისას მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნასაც შეეხო და გვითხრა, რომ ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო კაბინეტებით უზრუნველყოფის პროცესი დაწყებულია, ასევე, სკოლებში ძლიერდება სოციალური კომპონენტი, რაც განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდას გულისხმობს. უსაფრთხო სასკოლო გარემოს გასაძლიერებლად გაიზრდება მანდატურების რიცხვიც. ამის გარდა, სამინისტროსთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებიც არიან. მინისტრმა აღნიშნა, რომ „სამინისტრო მუშაობას ეფექტიანი სისტემის შექმნაზე, რათა დროულად მოხდეს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა და მყისიერი რეაგირება.“

რაც შეეხება ადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობას ამ მიმართულებით, ათწლიანი გეგმის წარდგენისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გვითხრა, რომ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა და ამ ეტაპზე სისტემაში ინერგება ბილინგვური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. რაც შეეხება აღმზრდელი პედაგოგების მხარდაჭერას, მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წელს პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დაიწყეს აღმზრდელი პედაგოგის უმაღლესი პროფესიული პროგრამის განხორციელება. ამასთან, დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის ხელფასის ეტაპობრივი ზრდაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები