23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ვანის განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი წარმოგიდგენთ

spot_img

23 ივლისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, ახლად გახსნილ მუზეუმში ვანის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაში  საჯარო სკოლების 20 პედაგოგი მონაწილეობდა. მათ დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“, რომელსაც ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 2021 წლის 18 ივლისიდან მასპინძლობს.

მასწავლებლებმა საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება სამუზეუმო სწავლების თანამედროვე ინტერაქტიურ პრაქტიკასთან შეაჯერეს და ახალი გამოცდილება მუზეუმის თანამშრომლებს გაუზიარეს.

დათვალიერების შემდეგ, პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია მუზეუმის სხვადასხვა გამოფენისა და ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო რესურსებისა და პროგრამების შესახებ, აგრეთვე, გაეცნენ სპეციალურად პედაგოგებისთვის შექმნილ სასწავლო რესურსებს.

ღონისძიება ჩატარდა ექსეტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საქმიანობაში მონაწილეობის გაფართოება და ხელმისაწვდომობის ზრდა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ექსეტერის უნივერსიტეტისა და ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის საბჭოს (AHRC) მიერ.

∴ ∴ ∴

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ფარგლებში, დამთვალიერებლებს სთავაზობს კურატორის ტურს, რომელსაც გაუძღვება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე.


ტურის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან და გაეცნონ ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი გარკვეული ეპიზოდების მაგალითზე.

ვანი ანტიკური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ისტორიის და კულტურის ათვლა სწორედ აქედან იწყება. ნაქალაქართან ერთად, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა, მთავარ ღირსშესანიშნაობას ვანის არქეოლოგიური მუზეუმი წარმოადგენს, რომელიც განახლებული სახით გასულ წელს გაიხსნა და უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მასპინძლობს დამთვალიერებლებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები