21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მიაშურეთ მთას, სადაც ცხოვრებაც და ზაფხულიც განსხვავებულია

spot_img

 

 

 

              ✔️🔵  ნინო ჭიჭინაძე

სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების ფსიქოლოგი, პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ სასწავლო გეგმების განვითარებისა და დანერგვის სპეციალისტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი

 

ზაფხული ყველასთვის ნიშნავს ახლებურ დღეებს, ახალ თუ ნაცნობ გარემოში განსხვავებული  საქმეების კეთებას  ან საყვარელი თუ უცხო თამაშებით გართობას. ისეთის, რაც აქამდე არ გვიკეთებია. სწორედ ეს ხდის არდადეგებს მეტად დასამახსოვრებელს და ამ დღეებში მიღებული ემოცია მიგვყვება მთელი წელი, ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც.

მე გავიზარდე და ახლაც ვცხოვრობ რაჭაში. მთაში განსხავებული და საინტერესოა ცხოვრებაც და ზაფხულიც.

გირჩევთ თქვენც.

✅ მიაშურეთ მთას, სოფელს სადაც ყველაფერი ნატურალურია. დაუახლოვდით ბუნებას, არდადეგების ყოველი დღე გამოიყენეთ იმისთვის, რომ იაროთ მდინარეზე, ირბინოთ ქვიშასა და ქვებზე შიშველი ფეხით, ამას მოაქვს დაუვიწყარი შეგრძნებები.

✅ გაიჩინეთ ახალი მეგობრები  ისაუბრეთ სკოლაზე, წიგნებზე და ყველაფერ იმაზე, რაც გაინტერესებთ, ლაღად დასვით შეკითხვა, ეძიეთ ყველა მოვლენის მიზეზები და ივარაუდეთ ქმედებათა შედეგები.

✅ დაგეგმეთ ოჯახური ლაშქრობები, ლაშქრობის გეგმა შეიმუშავეთ, სადაც გაწერთ თუ რა ნივთები დაგჭირდებათ, რომელი საკვები და რა რაოდენობით უნდა წაიღოთ, ასევე როგორ დაიცვათ უსაფრთხოება და როგორ იზრუნოთ გარემოზე?

შექმენით სამეგობრო გუნდი და განახორციელეთ სასურველი ამოცანები

  1. გარემოსდაცვითი აქტივობები, რადგან შენგან მცირედი ნაბიჯით გარემოზე დიდ გავლენას მოახდენ. მაგალითად, დაალაგეთ შენი ეზოს ირგვლივ არსებული გარემო ან მახლობელი ქუჩები. გაასუფთავეთ მდინარის კალაპოტი ან შლამით ავსებული სანიაღვრეები.
  2. დაეხმარეთ სოფლად მცხოვრებ ბებო-ბაბუებს, ვისაც არ ჰყავს ახალგაზრდა ოჯახის წევრი. მათი დახმარებით შეიძენთ ადამიანებს, ვისაც მთელი ცხოვრება ეყვარებით. მაგ., მაღაზიიდან მოუტანთ პურს ან სხვა პროდუქტებს, მოუტანთ წყალს ან სხვა საჭირო ნივთს, მოურწყავთ ბაღს და ბოსტანს. ასევე, მისგან მოისმენთ საინტერესო ისტორიებს. სხვისი დახმარებით მიღებული სიამოვნება გახდება შენთვის დაუვიწყარი. გაგიზიარებთ ჩემს მოგონებებს, დღემდე მახსოვს მცირეწლოვანი როგორ ვეგზავნებოდი ჩემს მოსახელე ბებოს წყალზე, ჩამოვუტანდი და ის მიმასპინძლდებოდა ხან გემრიელი კერძით, რომელსაც ახლა მეც სიამოვნებით ვამზადებ ან ხილით.
  3. მოაწყვეთ შემეცნებითი პიკნიკები

ა) შეარჩიეთ სასურველი წიგნი, გადით ბუნებაში პიკნიკზე, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე და წაიკითხეთ მონაცვლეობით, ხმამაღლა. ჯგუფის წევრები კი მოისმენენ, შემდეგ ისაუბრეთ პერსონაჟებზე, ისაუბრეთ წიგნში არსებულ თემასა და იდეაზე. თქვენ მიხვდებით, რომ წიგნი არის დროის მეტად სასიამოვნოდ გატარების კარგი საშუალება.

ბ) მოიფიქრეთ ისეთი ამოცანები ან ცდები, რომელიც შენი ახალი მეგობრებისთვის იქნება უცხო, წარადგინე მათთან და ამითაც განსაკუთრებულ მოგონებებს შეიძენ. მეგობრების გაკვირვება ან აზარტი, ამოხსნან ის ამოცანა, რასაც შენ წარუდგენ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას შეგძენს.

როგორც გითხარით, ზაფხულის არდადეგები თავისუფლებით, სილაღით, პასუხისმგებლობით, სითბოს განაწილებით და ახალი შთაბეჭდილებებით აავსეთ. ნაკლები დრო დაუთმეთ ციფრულ ტექნიკას, რომელსაც სასწავლო პერიოდშიც ხშირად იყენებდით.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები