28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესია ძალიან საამაყო და დასაფასებელია – ინტერვიუ მომავალ მასწავლებლებთან

spot_img
20 ივლისს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები საბუნებისმეტყველო საგნებსა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ადასტურებდნენ კომპეტენციას. ტესტირებაზე გამოცხადდა 77%-მდე მონაწილე, დაიგვიანა ორმა აპლიკანტმა.
გთავაზობთ ინტერვიუს მასწავლებლობის მსურველებთან – თემურ შავაძესა და ნანა ძაძამიასთან, რომლებმაც გამოცდა ქიმიის საგანში ჩააბარეს და ფიქრობენ, რომ  მასწავლებლობა ძალიან საამაყო და დასაფასებელი პროფესიაა, რადგან ამ ადამიანებს შეუძლიათ ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. თუმცა, მათი აზრით, მასწავლებლის ცოდნა მხოლოდ ასეთი ტესტებით არ უნდა მოწმდებოდეს, საგნის ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია პედაგოგიური უნარები.

თემურ შავაძე: ქიმიის საგანი ჩავაბარე, თუმცა უპირატესობას მაინც ბიოლოგიას ვანიჭებ და ორი წლის წინ ჩავაბარე ბილოგიის საგანში გამოცდა. რადგან ქიმიკოსი ვარ, ჩემი გადმოსახედიდან, ქიმიის ტესტს, 10-ბალიანი შეფასების სისტემიდან, 7-8 ქულით შევაფასებდი. ვიტყვი, რომ სირთულე საშუალოზე ცოტა მაღალი იყო.  საერთოდ, როცა მეუბნებიან,  გამოცდას კი აბარებ, მაგრამ მასწავლებლად მუშაობის დაწყება არ იქნება იოლიო, მე პირიქით ვფიქრობ. არ მგონია, რომ გამიჭირდეს მასწავლებლის ადგილის პოვნა, რადგან ვაკანსიებიც საკმაოდ ბევრია ხოლმე  და თან არც დასაქმების ბაზარზეა ბევრი ახალგაზრდა კადრი. თუმცა, ცუდი ის არის, რომ ანაზღაურება არ არის ისეთი, რომ გულმა გაგიწიოს.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა – მაშინ, რატომ ვაბარებ გამოცდებს? იმიტომ, რომ უკეთეს მომავალს ველოდები და ვქმნი წინაპირობას, რომ შემდეგ დავსაქმდე. ახლა სხვაგან ვარ დასაქმებული, მაგრამ ამ გამოცდებით გონებასაც ვავარჯიშებ, თან თუ სერტიფიცირებული მასწავლებელიც გავხდები, ეს ხელს არაფერში არ შემიშლის. მეტიც, ვფიქრობ, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვეტ მასწავლებლის პროფესიით მუშაობას. თეთრიწყაროს რაიონიდან ვარ, სკოლაც იქ დავამთავრე, მაგრამ მასწავლებლად მუშაობას თუ გადავწყვეტ, ალბათ, მაინც თბილისის სკოლას შევარჩევ. ზოგადად, ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესია ძალიან საამაყო და დასაფასებლია. მასწავლებლის როლი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ფორმირებაში. ჩემ შემთხვევაში, ბიოლოგიის მასწავლებელმა განაპირობა ჩემი ასეთი სიყვარული ბიოლოგიისადმი და, თავისთავად, პროფესიის არჩევანიც ამას უკავშირდება. ბევრი რამაა დამოკიდებული მასწავლებელზე, მათ შორის მოსწავლის ბედიც.

აუცილებლად მინდა ორი სიტყვით გითხრათ თვითონ გამოცდის შესახებ – ეს გამოცდა რეალურად ასახავს რა ცოდნა აქვს მასწავლებელს კონკრეტულ საგანში, მაგრამ არ ამოწმებს იმ უნარებს, როგორ შეუძლია მისი გადაცემა მოსწავლისთვის. ანუ, ჩემი აზრით, ტესტი შედგენილია ისე, რომ ამოწმებს აპლიკანტის ცოდნას საგანში, მაგრამ მისი მეთოდოლოგიური მხარე, პედაგოგიური მიდგომები შეუმოწმებელი რჩება. იქნებ, ესეც გაითვალისწინონ მომავალში. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ეს ყველაფერი პედაგოგიკის მაინორ პროგრამაში ან ერთწლიან 60-კრედიტიან პროგრამაში ისწავლება. კიდევ ერთი გზაა, მაძიებლად სკოლაში შესვლა, მაგრამ იმდენად მინიმალური ხელფასია მაძიებელი მასწავლებლისთვის გათვალისწინებული, რომ, ალბათ, არ ღირს მაძიებლობა. ერთწლიანი პროგრამის უპირატესობა ისიც არის, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, უფროსი  მასწავლებლის სტატუსი გეძლევა და სრულფასოვან კონკურენციაში შედიხარ კოლეგებთან. რაც მთავარია, პედაგოგიური ცოდნაც გაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლა მზად ხარ სკოლაში შესასვლელად.

ბოლოს გეტყვით, რომ ჩემი გამოცდები წელს ამით არ მთავრდება, რადგან რამდენიმე დღეში, 29 ივლისს, სამაგისტრო გამოცდას ვაბარებ.

ნანა ძაძამია: პროფესიით ქიმიკოსი ვარ. მაგისტრატურას ვამთავრებ, ხვალ სამაგისტროს დაცვა მაქვს, მაგრამ მიუხედავად ასეთი დატვირთული ზაფხულისა, მაინც გადავწყვიტე, მასწავლებლობის პროფესიის მსურველის გამოცდა ჩამებარებინა.  რატომ? იმიტომ, რომ ეს პროფესია ძალიან მიყვარს. ერთადერთი რა არ მესმის იცით, მასწავლებლის პროფესია მხოლოდ ასეთი გამოცდით რატომ ფასდება?  ცხადია, საგნის ცოდნაც უნდა შეფასდეს, მაგრამ სხვა აქტივობები არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს პედაგოგიური უნარების შესამოწმებლად. ეს არის, რეალურად, მინიმალურ დონემდე დაყვანილი ტესტებით შემოწმებული ცოდნა იმ ადამიანისა, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობა უნდა ვანდოთ აღსაზრდელად.

მეორად პროფესიად უნივერსიტეტში ფარმაცია ავირჩიე და ამ მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, ამ ეტაპზე, ვმუშაობ კიდეც ფარმაცევტად, მაგრამ გულმა მაინც მასწავლებლობისკენ გამიწია და დღეს ჩავაბარე გამოცდა. დაველოდები შედეგებს და დიდი სურვილი მაქვს, შემდეგ მასწავლებლად გავაგრძელო მუშაობა ოღონდ რეგიონში, ჩემს მშობლიურ მარტვილში.

თვითონ საგამოცდო პროცესს რაც შეეხება, მშვენიერი პირობები იყო, დისკომფორტი არაფრით არ შემქმნია; ტესტის სირთულეს თუ შევაფასებ, გეტყვით, რომ არ იყო რთული. მით უფრო, ეს რთული არ იქნებოდა მოქმედი მასწავლებლებისთვის. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის და გარკვეული გამოცდილებაც აქვს, ასეთი სირთულის ტესტის დაწერა საერთოდ არ უნდა გაუჭირდეს – 60-ქულიანი ტესტიდან 60 თუ არა  55 მაინც უნდა აიღოს. ყოველდღიურად რასაც ასწავლის მოსწავლეს, იგივე საკითხებია ტესტში. მე პირადად, ექვსი წლის წინ მაქვს იგივე ქიმია ნასწავლი და კარგა ხანია, არ მქონია შეხება, მაგრამ მასწავლებელს, რომელსაც ყოველდღიურად უწევს კლასში ამ თემების ახსნა,  თვალდახუჭულს უნდა შეეძლოს ტესტის დაწერა.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, თუმცა, იყო რამდენიმე საკითხი ტესტში, სადაც უკეთესად შემეძლო წარმომეჩინა თავი, მაგრამ წინასწარ არ მოვმზადებულვარ და ეს ალბათ ამის ბრალია. ვნახოთ, რა ქულას ავიღებ, ამის შემდეგ კი დაგეგმილი მაქვს მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩაბარება, რომ ჩემს საბოლოო მიზანს მივუახლოვდე – უკვე სტატუსიანი მასწავლებელი გავხდე.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები