24 ნოემბერი, კვირა, 2024

„ამ შემოთავაზებასაც აქვს თავისი პლუსები“ – აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები გამოცდაზე შესვლამდე 1+4 პროგრამის შესახებ საუბრობენ

spot_img

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 20 ივლისს, სრულდება. 21 ივლისიდან დამატებითი სესიები დაიწყება.

დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდ ინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში, დამატებით, მხოლოდ ერთი სესია შეიძლება დაინიშნოს.

ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

დღეს, 175-ე საჯარო სკოლაში განთვასებულ საგამოცდო ცენტრში, მეორე სესიაზე შესასვლელად მისული აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები ჩავწერეთ. ისინი პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ.

ელვინ ბაირამოვი: დღეს ვაბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ახლა შევდივარ დასარეგისტრირებალად. ცოტას ვნერვიულობ, რადგან ამბობენ, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ცოტა რთულია. არ ვიცი რა გამომივა. სკოლა ბოლნისის რაიონში დავამთავრე, მთელი წელი ვემზადებოდი, ამიტომ იმედი მაქვს, თავს გავართმევ. ფაკულტეტი ჯერ არ ამირჩევია, თავიდან ჩვენ ერთი წელი (თუ ჩავაბარებ) ქართული უნდა ვისწავლოთ, ამიტომ არ ვჩქარობ და ფაკულტეტსაც მერე ავირჩევ.

საერთოდ მომწონს კომპიუტერული ტენქოლოგიების მიმართულების სპეციალობები, თუმცა, არ ვიცი მერე სამსახურს როგორ ვიშოვი. საბოლოოდ არ ვარ ჩამოყალიბებული. ჯერ მთავარია, ჩავაბარო და პირველი წელი ქართული ვისწავლო კარგად. ძალიან მინდა, სტუდენტი რომ გავხდე – 12 წელია ამას ველოდები.

ნარგიზა გურბანოვი: აზერბაიჯანული სკოლა (64-ე) დავამთავრე თბილისში. ახლა ვაბარებ გამოცდას პროფესიულ უნარებში. ძალიან კარგია, რომ ჩვენთვის სახელმწიფოსგან დაწესებულია ეს შეღავათი – ერთი გამოცდით შეგვიძლია უმაღლესში ჩაბარება „1+4 პროგრამაზე“. საერთოდ, ვფიქრობ, ეს პროგრამა ძალიან კარგი შეთავაზებაა არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის და არც სირთულედ არ მიმაჩნია შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ქართული ენის კარგად შესწავლა, რადგან საბაზისო ცოდნა რეალურად გვაქვს. ამიტომ, არ მგონია, რომ გამიჭირდეს არც ჩაბარება და არც სწავლა.

ადრე ინფორმატიკაზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ახლა გავდავწყვიტე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარო.  ვფიქრობ, ინგლისური ენის ცოდნა ძალიან დამეხმარება შემდეგ დასაქმებაში.  უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, თავისთავად, სამსახურსაც საქართველოში მოვძებნი, აქ მინდა დავსაქმდე. რაც შეეხება უმაღლესს, ჩემი სურვილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა, რადგან მირჩიეს, რომ იქ კარგი სწავლაა.

შარშან 24 ქულა უნდა აგეღო, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხულიყავი, წელს ჯერჯერობით არ ვიცით რამდენია ზღვარი. 

ქამილ მუსაევი: მე სამედიცინო უნივერსიტეტში ვაბარებ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენთვის, არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის, დაწესებულია შეღავათი – ერთი გამოცდით, რომელსაც მშობლიურ ენაზე ვაბარებთ, შეგვიძლია მოვხვდეთ უმაღლეს სასწავლებელში. ამიტომაც, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, კარგად გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას/შანსს. თუმცა, ქართულიც კარგად ვიცი, რადგან თავიდან ქართულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ გადავედი აზრებაიჯანულ სკოლაში და დავამთავრე საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს სკოლა. როგორც გითხარით, ქართულიც კარგად ვიცი, მაგრამ მაინც მშობლიურ ენაზე მირჩვენია გამოცდის ჩაბარება, თან ამ შემოთავაზებასაც აქვს თავისი პლუსები. 1+4 პროგრამით ვისწავლი და სახელმწიფო ენის ცოდნას 1 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გავიუმჯობესებ.

საერთოდ, ამბობენ, რომ წელს პროფესიული უნარების ტესტი რთულია, მოკლედ, არ დაგვინდეს, პანდემიის მიუხედავად (ეს ხუმრობით), მაგრამ არა მგონია რომ გამიჭირდეს, რადგან რეპეტიტორთანაც ვემზადებოდი და დარწმუნებული ვარ კარგად გავართმევ თავს.

ჩემი პროფესიის არჩევანი ღრმა ბავშვობას უკავშირდება – პატარა ასაკში აღმოვჩნდი საავადმყოფოში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით. იქიდან გამომყვა ექიმების სიყვარული – სულ მახსოვს როგორ თბილად მეპყრობოდნენ და ზრუნავდნენ ჩემზე. ამიტომ, პატარობიდანვე გადავწყვიტე, მეც გავმხდარიყავი მათნაირი ადამიანი, მესწავლა სამედიცინოზე და დავხმარებოდი სხვა ადამიანებს. მინდა მივაღწიო ამ მიზანს და ავიხდინო ბავშვობის ოცნება. 80 ქულიდან 37-ს თუ ავიღებ, რეალური შანსი მაქვს გავხდე სტუდენტი – ვფიქრობ, გამომივა.

ახლა, პანდემიის დროს, კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი რა დასაფასებელია ექიმის პროფესია – ყოველდღიურად ვხედავ, როგორ იბრძვიან ექიმები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. რაღაცნაირი მადლიანი პროფესიაა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები