20 აპრილი, შაბათი, 2024

აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აფასებენ – პირველი სესია

spot_img

9 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გაგრძელდა. 39-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდასა და, ზოგადად, წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებს აფასებენ.

 

ლუკა ადამია: მათემატიკის გამოცდა მარტივი იყო, რომ მოვმზადებულიყავი, მაგრამ არ მოვემზადე, რადგან მეგონა, ისედაც კარგად დავწერდი. მაღალ ქულებზე ვსაუბრობ, თორემ, ისე , რა თქმა უნდა, ჩემი გათვლით, ზღვარსაც გადავლახავ და, დაახლოებით, 35-ზე მაღალ ქულასაც მივიღებ. ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობები სწორად არ შევაფასე, ინფორმაციის ნაკლებობამ განაპირობა, რომ   ისე კარგად ვერ დავწერე, როგორც მე მინდოდა – ინფორმაციულად არ ვიცოდი რაღაც საკითხები, ტერმინები და ა.შ.

ბოლოსკენ, სამ და ოთხქულიანი რთული ამოცანები, უკეთესად ვწერე (ცხადია, სადაც მახსოვდა ტერმინები, ბოლოს ორი წლის წინ მოვემზადე მათემატიკაში), მაგრამ, სადაც ფორმულები არ მახსოვდა, პასუხებამდე ვერ მივედი. ამიტომ ვფიქრობ, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა მომზადება, არა მაინცდამაინც რეპეტიტორთან, მე თვითონ რომ მემეცადინა მეტი – მხოლოდ ბოლო ორი დღე ვიმეცადინე დამატებით. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეროვნული გამოცდები გაცილებით მარტივია, ვიდრე, მაგალითად, ვეკუას სკოლაში ჩაბარება.

წინა გამოცდები – ქართული და ინგლისური მართლა ძალიან მარტივი იყო. ქართულში „ნელი ტანგო“ დავწერე და ძალიან საინტერესო იყო ეს თემა ჩემთვის. დღეს მათემატიკით დავასრულე ეროვნული გამოცდები და ძალიან მიხარია. ბიზნეს მენეჯმენტზე ვაბარებ და იმედია, მოვხვდები.

საერთოდ ვიტყვი, რომ საგამოცდო ცენტრებში ნორმალური გარემოა, ზოგჯერ ბავშვები ვერ აკონტროლებენ თავს, დანარჩენი ყველაფერი კარგადაა. ერთადერთი პირპადემ შემიშალა ძალიან ხელი, ფილტვები ამატკივა. რაც შეეხება ნერვიულობას, არ ვნერვიულობდი, ალაბათ, ამიტომაც არ მოვემზადე.

არ ვიცი რამდენად უკეთესად მოვემზადებოდი, პანდემია რომ არ ყოფილიყო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამ მდგომარეობამ ბევრ აბიტურიენტს შეუშალა ხელი.

ლუკა კილაძე: დიდად არ ვღელავდი, ჩემზე მეტად დედა ნერვიულობდა. მათემატიკა არ იყო ძალიან რთული, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, რომ ძალიან მარტივი იყო და ოც წუთში დავწერე. წინა გამოცდებიც კარგად ჩავაბარე. ზოგადად, საგამოცდო ცენტრებში ძალიან კარგი სიტუაციაა, არაფერი არ მიშლიდა ხელს, მთავარი იყო მობილიზება და კონცენტრირება საკითხებზე. გამომცდელებიც ძალიან გვიწყობდნენ ხელს. კალმებზე იყო დიდი ამბავი ატეხილი – არ წერსო, ამიტომ თავი დავიზღვიე და ჩემი კალამი წავიღე.

მათემატიკის წერა არ გამრთულებია, რადგან კარგად ვიცოდი საკთხები, კარგად ვიყავი მომზადებული, უბრალოდ, დროის ფაქტორი იყო – დიდხანს მომიწია წერა. რაც მთავარია, დროც მეყო. 45-ე საჯარო სკოლა დავამთავრე, თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებზე ვაბარებ. ჩემი გათვლებით, კარგი ქულები მექნება.

საერთოდ, რომ შევაჯამო სამივე გამოცდა, კამაყოფილი ვარ, განსაკუთრებით, ქართულში გამიმართლა, ძალიან მინდოდა ილია ჭავავაძის რომელიმე ნაწარმოები მეწერა. გამიხარდა, რომ ჩემს სესიაზე „ოთარაანთ ქვრივი“ მოვიდა, ვფიქრობ, კარგად დავწერე. არგუმენტირებული ესე ვწერე – „კანონმორჩილი და ერთმანეთის სოლიდარული ადამიანი ქვეყნის სიძლიერეს გამოხატავს“. საინტერესო თემა იყო – დემოკრატიაზე ავაგე მთლიანად და არგუმენტად ამერიკის   სახელმწიფო მოვიყვანე, რომელიც მთლიანად სწორედ ამ ღირებულებებზე დგას – მისი მოქალაქეები კანონმორჩილი და ერთმანეთის მიმართ სოლიდარული ადამიანები უნდა იყვნენ. ასევე, მოვიყვანე არგუმენტად ოქოს ხანის მაგალითი და კონკრეტულად „დიდგორის ბრძოლა“, სადაც გამარჯვება სწორედ კანონმორჩილების და ერთმანეთის გვერდში დგომის შედეგია, იმ პირობებშიც კი, როცა რიცხობრივად გაცილებით ბევრია მტერი.

ძალიან მიხარია, დავამთავრე გამოცდები და კარგ შედეგებსაც ველოდები. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ჩასაბარებელი დარჩა გამოცდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები