ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მე-2 სესია თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი – 15:00 საათზე. პირველი აბიტურიენტი, საგამოცდო ცენტრში შესვლიდან, 15 წუთში გამოვიდა. „საკითხებს გადავხედე, არ მომეწონა და გამოვედი“, – გვითხრა მან.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვეულებისამებრ, აბიტურიენტებს მშობლები, მეგობრები და ახლობლები გულშემატკივრობენ. „მგონი, გიორგიზე უფრო მეტად მე ვნერვიულობ. 12 წელი მეც მასთან ერთად ვწერდი და ვკითხულობდი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, გამოცდაზეც ერთად შევიდოდით“, – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტის დედა – ლალი გულია. გულშემატკივრები გამალებით ელიან გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს, რომ საკითხები გაიგონ და შემდგომ ერთად იმსჯელონ ტესტის სირთულეზე. „პირველი სესიის აბიტურიენტებს „ალუდა ქეთელაური“ შეხვდათ. ნეტავ მსგავსი პროგრამული თემა შეხვდეთ ახლაც. ისე ვნერვიულობ, თითქოს მე ვაბარებდე გამოცდას.“ – განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჩვენთან საუბრისას.
„ვნერვიულობდი ძალიან, რამდენიმე წუთი დასამშვიდებლად დამჭირდა, სულ საათს ვუყურებდი, მეგონა დრო არ მეყოფოდა. რედაქტირება მეადვილა, რასაც დანარჩენზე ვერ ვიტყვი. პროგრამულიდან „ოთარაანთ ქვრივი“ შემხვდა, ესე კი – კანონმორჩილებაზე. თეზისს ზუსტად ვერ ვიხსენებ.“ – ამბობს ვანო ნაცვლიშვილი.
„დავწერე ესე „სახელმწიფოს საფუძველი ძლიერია, თუ ერი სახელმწიფოს კანონმორჩილია“, თემა მომეწეონა, კარგად დავწერე და დარწმუნებული ვარ, მაღალ ქულას ავიღებ. რედაქტირება დავწერე პირველად, მგონი ეგეც კარგად დავწერე“ – მარიამ თუთისანი.
„ისეთი სიცხე იყო, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. არაფერი არ მახსოვს გარდა იმისა, რომ დავწერე და მოვიშორე ეს უბედურება.“ – გუგა მორგოშია.
დღევანდელი ინფორმაციით, გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94%-ზე მეტი გამოცხადდა, აქედან ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. თუ კოვიდ სტატისტიკას გადავხედავთ, დღეს, დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით 30-მდე აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა. შესაბამისად, ისინი გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ.
საგამოცდო სესიები ორშაბათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით განახლდება.
ანი კვარაცხელია