2021 წლის გaმოცდები დღეს, პირველ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან კი გამოცდებში მასწავლებლებიც ჩაერთვებიან. ცნობილია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა სტუდენტმა და 12 800-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გამოთქვა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის 3,700-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.
წელსაც ისევე, როგორც შარშან მოსწავლეებს ტესტის წერა პანდემიის პირობებში უწევთ,უცილებელია დისტანციის დაცვა და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გასცა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს ეროვნული გამოცდების ცენტრი მზარ არის ისეთი აბიტურიენტების მისაღებად, რომლებსაც სიცხე დაუფიქსირდათ, მათთვის სპეციალურად გამოიყო სივრცეები, სადაც ისინი განთავსდებიან.
ქვეყნის მასშტაბით, კვლავ 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, მათ შორის, უცვლელია გორის საგამოცდო ცენტრი გორის მე-3 საჯარო სკოლაში, სადაც პროცესი კარგად მიმდინარეობს. გასული წლის მსგავსად, აქ თითოეული სამუშაო მაგიდა, წინა მხრიდან, აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება, მინიმუმ, 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.
„პირველად შევდივარ წელს, ძალიან ვნერვიულობ, რადგან პირბადეები უნდა გვეკეთოს და ძნელია ამ სიცხეში, თუმცა, მაინც დიდი შემართებით ვარ და ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავუმკლავდები“- განაცხადა ნანიკო ოქროპირიძემ.
,,სახლში ნამდვილად ვერ დავრჩები. ახლა წყდება ჩემი შვილის მომავალი. სხვა დროს ვეცდები, გავითვალისწინო და ნიღბით მოვიდე“, – გვითხრა გულშემატკივარმა, მანანა ქობულაშვილმა.
,,ძალიან ვნერვიულობ და სულ დამავიწყდა ნიღბის გაკეთება, იმედია, გამოცდაზეც ასე არ დამემართება“ – ამბობს ქეთევან ავაზაშვილი.
აბიტურიენტების უმეტესობა თვლის, რომ საკმაოდ რთული იყო წელს გამოცდებისთვის მომზადება – „ზოგჯერ ონლაინ ვიყავით, ზოგჯერ მასწავლებელთან დავდიოდით “. ასევე, აღნიშნავენ, რომ დისკომფორტი ექმნებათ პირბადეებში წერის გამო, მაგრამ იმედოვნებენ, რომ პროცესი კარგად ჩაივლის.
,,ხალხის ნაკადი გარე პერიმეტრზე პოლიციამ უნდა აკონტროლოს. ჩვენ პასუხს შიდა პერიმეტრზე ვაგებთ და აქ ყველაფერი წესრიგშია“, – გვითხრეს გორის საგამოცდო ცენტრში.
საგამოცდო ცენტრებთან მობილეზებულია საპატრულო პოლიცია, თუმცა, ჩვენი ადგილზე ყოფნის დროს, აბიტურიენტების გულშემატკივრები დისტანციის დარღვევის გამო არ გაუფრთხილებიათ.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოს მაშტაბით, კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა!
სალომე სოლომკო