20 აპრილი, შაბათი, 2024

„ყველა ჯოხი ჩვენზე გადატყდა“ – პანდემიის პერიოდის აბიტურიენტის და სტუდენტის გამოცდილება

spot_img

პანდემიის პერიოდის აბიტურენტებს და შემდეგ, უკვე პირველკურსელებს, განსაკუთრებული სირთულეების გადალახვა მოუხდათ ერთ მხრივ, ძალიან სტრესულ სიტუაციაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და მეორე მხრივ, სტუდენტობის გაგრძელება დისტანციურად, მკაცრი რეგულაციებისა და დისტანცირების დაცვით. პირველმა წელმა მათთვის სტუდენტობის ხიბლის გარეშე ჩაიარა. რა სირთლეების გადალახვა მოუწიათ და იქონია თუ არა გავლენა პანდემიამ სწავლების ხარისხზე ამის შესახებ გვიამბობს სოფიკო გელაშვილი, რომელმაც აბიტურიენტობაც და სტუდენტობის პირველი წელიც პანდემიის პერიოდში გაატარა. ცხადია, მისთვისაც ისევე, როგორც დანარჩენი ახალგაზრდებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა აბიტურიენტობაც და სტუდენტობაც, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ექსტრემალურმა სიტუაციებმა დიდი გამოცდილება დაუგროვა, რომელსაც აუცილებლად საკეთილდღეოდ გამოიყენებს. იმედია, ბევრი თანატოლი გაითვალისწინებს მის „რჩევებს“, როგორ არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი მაშინაც კი, როცა უგარანტიო მომავალზე გიწევს ფიქრი.

დავიწყებ 2020 წლის აბიტურიენტობის პერიოდით, რომელიც ყველა ჩვენგანის მახსოვრობაში სამუდამოდ ჩაეწერება თავისი სირთულეებით, მოულოდნელობით, გაუგებრობით, შიშით, უიმედობით, დამარცხებით, წამოდგომითა და გამარჯვებით. 2020 წლის აბიტურიენტობა რთული იყო. ყველა სიახლე, კარგიც და ცუდიც, პირველებმა გადავიტანეთ. რბილად რომ ვთქვათ, „ყველა ჯოხი ჩვენზე გადატყდა“. თვალით უხილავმა შავმა ძალამ – ასე ვუწოდებ კორონას, ხალხის ფსიქიკა დაამახინჯა. სამწუხაროდ, შეგვიწირა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. სტრესის ზოგადი სურათი და მაჩვენებელი, ალბათ, დამეთანხმებით, საგრძნობლად გაზრდილია. საკუთარ თავზე დაკვირვებითაც მარტივად შესამჩნევია.

თავისუფლებაზე შეყვარებული ხალხი, ასე მოულოდნელად, სახლებში გამოგვკეთა, გალიაში ჩამწყვდეულ ჩიტებს დაგვამსგავსა. იყო მოსაზრება, თითქოს, ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გაიცნესო, თუმცა, რეალურად, ეს ყოველივე, იძულებითი და ძალდატანებითი სენტიმენტები იყო ერთმანეთის მიმართ. მე თუ მკითხავთ, კორონამ კი არ დაგვაახლოვა, გაგვაცივა, როგორც უკიდურეს ჩრდილოეთში გაყინული აისბერგი, იმდენად გაგვაცივა და ერთმანეთის მიმართ შიში ჩამოგვიყალიბა, რომ სამედიცინო პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარის გარეშე ერთმანეთს აღარ ვკითხულობთ, არც ვესალმებით, შესაბამისად. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი, უდავოდ, სამართლიანია, რადგან საკითხი ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ყველაზე ღირებულს, რაც კი გაგვაჩნია. ამაზე ამდენს იმიტომ ვსაუბრობ, რომ, ვფიქრობ, მკითხველს სათანადოდ განაცდევინებს რიგითი აბიტურიენტის მიერ დანახულ რეალობას, რის ფასად მოგვიწია დღემდე მოსვლა.

რა თქმა უნდა, ჩვენს თავს მსოფლიოს გვერდით განვიხილავთ და ის „სიკეთეები“, რომლებიც კორონამ მოიტანა, ჩვენც შეგვეხო. უპირველესად, რთული იყო ონლაინ რეჟიმზე გადართვა. ჩვენთვის, ვგულისხმობ ქართულ რელობას, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ფუფუნება. არასათანადო ცოდნამ, ტექნიკის არასაკმარისმა რაოდენობამ, გაუმართაობამ და სხვა ტექნიკურმა თუ ეკონომიკურმა პრობლემებმა ერთი ორად გაზარდა კორონას მიერ მოტანილი „სიკეთეების“ სია. პანდემია სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როცა ყველაზე მეტად მძაფრდება აბიტურიენტის ფსიქოფიზიოლოგიური სუმარული მაჩვენებელი, მოახლოებული გამოცდების შესაბამისად. გაღვიძებასა და დაძინებას შორის არსებულ შუალედში, როცა „ჩვენი თავი ყველაზე უკეთ ვიცით“ და „ჩვენადვე გვეყუდნის“, ვიცოდით და ვფიქრობდით უგარანტიო მომავალზე, დღეზე, რომელიც, შესაძლოა, ვერც გათენებულიყო. ასე მძაფრად სწორედ იმიტომ ვწერ, რომ თავი დავიზღვიო და კითხვის შემთხვევაში აქვე იპოვოთ პასუხი: – ნუთუ არსებობდა სტრესი? კორონა ერთი დიდი სტრესული გამოწვევა იყო ჩემი თაობის ყველა აბიტურიენტისთვის. გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით, ნამდვილად შეუშალა ხელი კორონამ, ჩემი ჩათვლით, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას, რომელმაც საკუთარი თავის მიმართ დადებული პირობა და მიზანი სრულყოფილად ვერ განახორციელა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო „პირველი არხის“ უდიდესი სიკეთე – „ტელესკოლა“, აგრეთვე, El.Ge-ის მიერ მოწოდებული გაკვეთილები, რომლებიც მთლიანად მიმართული იყო აბიტურიენტისკენ, ცოდნისა და სიახლეების მიღებისკენ. უშუალოდ გამოცდის პერიოდზე რომ ვისაუბრო, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. საგამოცდო ცენტრებში იმაზე უკეთესი მდგომარეობა დაგვხვდა, ვიდრე ველოდით –  მოწესრიგებული საგამოცდო ოთახები, დისტანცია. მოკლედ, ბავშვებზე მორგებული გარემო, რამაც, საბოლოო ჯამში, სტრესი შეგვიმსუბუქა.

ახლა კი, დროა, გადავიდე სტუდენტობის პირველ წელზე. მე, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის სტუდენტი, ჩემს უნივერსიტეტზე და მის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე ვისაუბრებ, რამაც შეშინებული პირველკურსელები, და არა მარტო, დიდ საგონებელში ჩაგვყარა. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე, მეორე ტალღის გამო, უკვე ამოქმედებული და ცხოვრების ძველ რეჟიმს დაბრუნებული ხალხი ისევ ჩაგვკეტეს, გამკაცრდა რეკომენდაციები.

სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა. იმის მაგივრად, რომ უნივერსიტეტსაც იმავე რეჟიმზე გადავეყვანეთ, სემესტრი ოფლაინ რეჟიმზე დატოვა. ამას, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი მოჰყვა და საბოლოოდ, აჟიოტაჟის შემდეგ, სტუდენტებს არჩევანის უფლება მოგვცეს – ონლაინსა და ოფლაინს შორის. 98%-იანი დასტურის შემდეგ სწავლა ონლაინ განახლდა.

კორონას „სიკეთეების“ სია გრძელდებოდა, თუმცა, არც დადებითი გამომრჩენია მხედველობიდან – ჩვენი ურთიერთობა ტექნოლოგიებთან იმაზე მარტივი იყო, ვიდრე პირველი ტალღის შემთხვევაში. ზოგადად, კორონას უდიდესი დადებითი მხარეა ის, რომ მომავალში განვითარდება/დაიხვეწება ჩვენი და ტექნოლოგიების, ონლაინ რესურსების გაცნობა და სასწავლო პრაქტიკაში დანერგვა.

სწავლის ხარისხს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე, აუცილებელია ონლაინ პრაქტიკის დანერგვა, თუმცა, ზომიერად. მოგეხსენებათ, ქმედებები ჩვევაში ადვილად გადადის, ამიტომ ჩვევად არ უნდა გავიხადოთ ყველა საკითხის ამ სახით გადაჭრა. ეს, ჩემი აზრით, მომავალ თაობას სიზარმაცეს უქადის, თან ამას ემეტროპული (ნორმალური მხედველობა) დარღვევის პრობლემებიც ემატება. ჩემი გამოცდილებით, ლექციები ერთი მეორეს მიყოლებით გვიტარდებოდა, შესვენების მცირე შუალედებით, რაც თვალისთვის და, ზოგადად, ფსიქიკისთვის დამანგრეველია.

უდავოა, რომ ონლაინ სწავლების დროს სათანადო განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია. ესეც ინდივიდუალურია, ხარისხი, აბსოლუტურად, პიროვნების მიდგომაზე, დამოკიდებულებაზე, მოტივაციის დონესა და ქცევაზეა დამოკიდებული. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ჩვენ ბიოსოციალური არსებები ვართ, ურთიერთობა ისევე გვჭირდება, როგორც ჰაერი და წყალი. შესაბამისად, ურთიერთობისა და ინტერაქციის დეტერმინიზმი განსაზღვრავს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს, რომელიც წარმატებული მომავლისკენ იქნება გადადგმული. შესაბამისად, როგორც თეთრისა და შავის გარჩევა შეიძლება მარტივად, ისე განირჩევა ონლაინ და ოფლაინ სწავლების ხარისხი, თუმცა, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ასე მოიტანა და ჩვენც რაღა დაგვრჩენია, ფეხი უნდა ავუწყოთ „უკიდურეს“ სიხლეებს.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ სემესტრის წარმატებით დასრულებაში ხელი შემიწყო მოტივაციამ, იმის გააზრებამ, რომ აქამდე მოვედი, აქ ვარ და ახლა, და რომ ყველაფერი წარმავალია, მათ შორის, ეს მდგომარეობაც და მომავალი ჩვენს ხელშია. მთავარია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ „ბედნიერება გზის ბოლოს არასდროს არ გველოდება, ბედნიერება გზაა“. ამ გზაზე გვიწევს ყველას სიარული, მეც და თქვენც, ვინც ჩემს წერილს კითხულობთ. ამიტომ, თუ თქვენ ამ კონკრეტულ მონაკვეთს კითხულობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ხართ, გთხოვთ, ეს ყველაფერი თქვენც მიიღოთ მხედველობაში და თუ კიდევ მოგვიწევს ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, თქვენს თავს გაუმკლავდეთ და შეიქმნათ მოიტივაცია, რომელიც ბედნიერების გზის გარანტია იქნება.

საბოლოო ჯამში, პირველი წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, იმაზე მეტად, ვიდრე მოველოდი. სწორედაც, რომ სირთულეები გვაძლიერებს. ჩემი თაობის თითოეულ წარმომადგენელს საკმაო გამოცდილება დაუგროვა ექსტრემალურმა სიტუაციებმა, რაც, ისევ და ისევ, ჩვენ საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ.

სოფიკო გელაშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები