ნაწილი 2
ნინო ელბაქიძე, პროფესიული განათლების პოლიტიკის ექსპერტი
– როგორც წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის ავტორი შესაძლებელია იყოს, აგრეთვე, კერძო სექტორი. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს ეს?
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის ავტორი შესაძლებელია იყოს:
√ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;
√ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება კერძო სექტორთან ერთად;
√ კერძო სექტორი.
კერძო სექტორის კონტექსტში, განვიხილოთ ბოლო ორი შესაძლებლობა – პროგრამის განხორციელება კოლეჯთან ერთად ან დამოუკიდებლად.
ბუნებრივია, პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა, რა შემთხვევაში და როდის გადაწყვეტს კერძო სექტორი, რომ შექმნას მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამა. კერძო კომპანიებს, მრავალრიცხოვანი თანამშრომლებითა და სწრაფად მზარდი ბიზნესით, უკვე ჩამოყალიბებული აქვთ პერსონალის განვითარების სტრუქტურა, ანუ კომპანია, თანამშრომელთა შეფასების საფუძველზე, ასევე, დარგში მიმდინარე სიახლეებზე დაყრდნობით, პერიოდულად, ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებებს, ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, თანასწორთა თანამშრომლობას და სხვა. ორგანიზაციები, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ მსგავს საქმიანობას, კარგად იცნობენ კომპეტენციების მუდმივად განვითარების აუცილებლობას. ხოლო შედარებით ახალგაზრდა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, ბუნებრივად დგებიან ამ გამოწვევის წინაშე, როდესაც კვალიფიციური კადრი ესაჭიროებათ.
პროფესიული განათლებით განსაკუთრებით ინტერესდებიან სამშენებლო პროფილის, ტურიზმის, IT ტექნოლოგიების კომპანიები. კომპანია, რომელსაც კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს, იმ კადრით ინტერესდება, რომელიც სწავლობს შესაბამის პროფესიას ან კომპანია თავად ქმნის პროგრამას, რათა შეასწავლოს მომავალ კადრებს მისთვის საჭირო პროფესია და კომპეტენციების განვითარებაში დაეხმაროს.
პირველი შემთხვევა, როდესაც პროფესიული მომზადება-გადამზადების ავტორია პროფესიული კოლეჯი, განხილული იქნა წინა სტატიაში – იხილეთ ბმული
მეორე შემთხვევა – კომპანია, კოლეჯთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს პროგრამას. ამ დროს, კომპანიის მიერ, ხდება საჭირო კომპეტენციების იდენტიფიცირება და კოლეჯის შესაბამისი პროფესიის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად, იწყება სასწავლო გეგმაზე მუშაობა, აგრეთვე იმის დაზუსტება, რომელ პროფესიულ სტანდარტს, საგანმანათლებლო სტანდარტსა და მოდულებს მოიცავს დამსაქმებლისთვის საინტერესო კომპეტენციები. კოლეჯთან ურთიერთობა კომპანიას სასწავლო გეგმის შემუშავებასა და სწავლის შედეგების იდენტიფიცირებას უადვილებს. ასევე, კოლეჯის გამოცდილება პროგრამების ავტორიზაციის საკითხებში, ორივე მხარეს ეხმარება, რომ შედგენილმა პროგრამამ განხორციელების უფლება მიიღოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან.
კომპანიისა და კოლეჯის მიერ ერთობრლივად შემუშავებული პროგრამა, ასევე, იძლევა პროფესიული მასწავლებლისა და კომპანიის პროფესიონალის თანამშრომლობის შესაძლებლობას. კომპანიის წარმომადგენელი, შესაძლებელია, კოლეჯმა მასწავლებლად მოიწვიოს. ამ შემთხვევაში, მოწვეული მასწავლებელი, ასევე, პოტენციური დამსაქმებელიცაა, რომელიც სწავლის პერიოდში ეცნობა პროფესიულ სტუდენტებს და მათ შორის საუკეთესოებს კომპანიის მომავალ თანამშრომლებად მოიაზრებს.
მესამე შესაძლებლობა – კომპანია თავად ხდება მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის ავტორი. ამ გზას, ძირითადად, ის კომპანიები მიმართავენ, რომელთაც სწავლებისა და საკუთარი პერსონალის პროფესიული განვითარების გამოცდილება უკვე აქვთ. დამოუკიდებლად პროგრამის შედგენას იგივე წინაპიროებები აქვს, როგორიც წინა ორ შემთხვევაში. მომზადება-გადამზადების პროგრამა უნდა ეფუძნებოდეს პროფესიულ სტანდარტს, საგანმანათლებლო სტანდარტსა და სასწავლო მოდულებს, სწავლის შედეგებიც ფორმულირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ განვითარებულ კომპეტენციათა ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლეოდეს; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო გარემოს ადეკვატურობა და მდგრადობა. თუკი კომპანია წარმატებით მოიპოვებს პროგრამის განხორციელების უფლებას, მას საშუალება ეძლევა, ავტორიზაციის განმავლობაში, რამდენჯერმე განახორციელოს სასწავლო ჯგუფების განვითარება.
სამივე შემთხვევაში, კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს მიიღებენ.
– რა განსხვავებაა მომზადებისა და გადაზადების პროგრამებს შორის?
– პროფესიული მომზადების პროგრამა ისეთი პირებისათვისაა, რომელთაც არ აქვთ კონკრეტულ პროფესიაში მიღებული ფორმალური განათლება და არც მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება. პროფესიული მომზადების პროგრამამ სტუდენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პროფესიის ფუნდამენტური საფუძვლების შესახებ და დაეხმაროს მას, ამ პროფესიისათვის რელევანტური და აუცილებელი უნარების განვითარებში. როგორც წესი, პროფესიული მომზადების პორგრამა იმ პირებისთვისაა, რომელთაც პროფესიის შეცვლა სურთ, ან სხვა სფეროში გადასვლა, ან სრულიად ახალი პროფესიის დაუფლება შედარებით მოკლე დროში.
პროფესიული გადამზადების პროგრამა კი ისეთი პირებისთვისაა რეკომენდებული, რომლებიც კონკრეტულ პროფესიას უკვე ფლობენ, მაგრამ დარგის განვითარებასთან ერთად პროფესიაში ახალი უნარების განვითარებაა აუცილებელი. ასეთ პირებს ესაჭიროებათ, რომ მათი პროფესიული ცოდნა და უნარები შესაბამისობაში იყოს დარგის სიახლეებთან. მათი დამსაქმებელი საჭიროებს ისეთ კადრებს, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით მუშაობას შეძლებენ, იქნება ეს ტექნიკური თუ ჰუმანიტარული პროფესია.
პროგრამის რომელი სახეობაა პროფესიული სტუდენტისთვის უფრო რელევანტური, ამას თავად დაინტერესებული პირი გადაწყვეტს. მომზადება-გადამზადების პროგრამა ზრდასრულთა განათლების სისტემაა და შესაბამისად, ზრდასრული თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი პროფესიული ასპარეზის შესახებ.
ორივე პროგრამას აქვს დაშვების და შერჩევის წინაპიროებები, ამიტომ, გარდა ზრდასრულის არჩევანისა, ის ასევე შერჩეული იქნება სპეციალური კომისიის მიერ, დაშვების წინაპირობების შესაბამისად.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი