სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ოთხ თვითმმართველ ქალაქში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი – არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განახორციელა. აღნიშნული ქალაქები შეირჩა მათი სიდიდის, სერვისით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობისა და დაფინანსების მოცულობის გათვალისწინებით. ანგარიში სრულ ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფენ ჩამოთვლილი ქალაქების სააღმზრდელო დაწესებულებები ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ პროცესებს და როგორ პასუხობს თითოეული მათგანი ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს – უზრუნველყოფს უსაფრთხო და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას.
აუდიტის კითხვებად განისაზღვრა – რამდენად უზრუნველყოფს თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტები საბავშვო ბაღების განვითარების პროცესს ისე, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა შეძლონ მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება, კერძოდ: 1. რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებენ თვითმმართველობები ბაღების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის; 2. მენეჯმენტის მიერ განხორციელებული და მიმდინარე (ოპერაციული) ღონისძიებები რამდენად უზრუნველყოფს საბავშვო ბაღებში სერვისების გასაუმჯობესებლად დასახული გრძელვადიანი მიზნების მიღწევას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, საბავშვო ბაღების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელია და აქვს ნაკლოვანებები. მათგან რამდენიმეს გამოვყოფთ, რაც უშუალო გავლენას ახდენს მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლების სერვისის შექმნაზე.
ბავშვების ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ინვენტარი
ბავშვების ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სათამაშოები და სხვადასხვა ტიპის წიგნები, რომლებიც ეხმარება მათ სამყაროს შეცნობაში. აღნიშნული ინვენტარი უმნიშვნელოვანესია აღმზრდელობითი ფუნქციის შესასრულებლად. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში, ქუთაისის ბაღებში, 5 წლის განმავლობაში, შეძენილია მხოლოდ 19.1 ათასი ლარის ღირებულების სათამაშოები და საბავშვო წიგნები, რაც მთლიანი ხარჯის 0.04%-ია, რუსთავში ეს ხარჯი 215.6 ათასი ლარია, მთლიანი ხარჯის – 0.7%, ხოლო ფოთში დახარჯულია 20.7 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების – 0.2%. სათამაშოებისა და საბავშვო წიგნების შეძენაში ყველაზე დიდი თანხა, 475.6 ათასი ლარი დახარჯულია თბილისის ბაღებში, თუმცა, ბაღების ჯამურ დაფინანსებაში მისი წილი მცირეა და 0.08%-ს შეადგენს. მონაცემებიდან ჩანს, რომ საბავშვო ბაღები არ ახორციელებენ ისეთი მნიშვნელოვანი ინვენტარის შეძენასა და განახლებას, როგორებიცაა, სათამაშოები და საბავშვო წიგნები.
თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების დანახარჯების სტრუქტურის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას. აღნიშნული ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯები, ბაღების მთლიან გადასახდელებში, 0.04%-დან 0.7%-მდე მერყეობს მაშინ, როცა საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარის და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. რეალურად აღმოჩნდა, რომ ბაღებში აღნიშნული ინვენტარის შეძენას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და მასზე თანხები პრაქტიკულად არ იხარჯება.
რეკომენდაცია პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის და სერვისის გაუმჯობესების მიზნით: მიზანშეწონილია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მოიძიონ დამატებითი ფინანსური რესურსები და საბავშვო ბაღები უზრუნველყონ საკმარისი ადამიანური რესურსით; ასევე უმნიშვნელოვანესია, სასკოლო მზაობის პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის, ბაღებმა შეისყიდონ საჭირო ინვენტარი და დამხმარე მასალა; შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შეიმუშაონ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყონ კანონით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პერსონალის ფორმირება; დაგეგმილი რეფორმების საპასუხოდ მნიშვნელოვანია, ბაღებმა შეიმუშაონ აღმზრდელ-პედაგოგების უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის სისტემა.
პერსონალის კვალიფიკაცია
როგორც ვიცით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ განასხვავებს აღმზრდელ-პედაგოგებსა და აღმზრდელებს. აღმზრდელ-პედაგოგი არის პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს, ხოლო აღმზრდელი არის პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს ეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს ახორციელებს.
მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებით „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ განისაზღვრა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ბაღის აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდეს. კანონის მოქმედი რედაქციით, დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგის განათლება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
- ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
- ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება. მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ ვალდებულება, დანერგონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი, მათ შორის, უზრუნველყონ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
რა ხდება რეალურად? აუდიტის მიერ შემოწმებული ბაღებიდან წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე გამოვლინდა, რომ პერსონალის ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია ან აქვს ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება. თბილისში აღმზრდელ პედაგოგების, დაახლოებით, 10%-ს – 267 დასაქმებულს არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია და არც გადამზადება გაუვლია; ფოთში აღმზრდელ-პედაგოგების 35%, ჯამში 53 პედაგოგი, ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ ნორმებს. მათ არ აქვთ შესაბამისი განათლება და არც გადამზადება გაუვლიათ; აღნიშნულ მოთხოვნას ქუთაისში ვერ აკმაყოფილებს 5 პედაგოგი, ხოლო რუსთავში – 3.
აქედან გამომდინარე, საბავშვო ბაღების საქმიანობის ხარისხის ასამაღლებლად, აღმზრდელ-პედაგოგთა სტაბილურად გადამზადების სისტემის შექმნა ანგარიშში უმნიშვნელოვანეს ამოცანად სახელდება: „მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, აუცილებელია საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების პერიოდული გადამზადება უწყვეტი განათლების სისტემის უზრუნველყოფის მიზნით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არ ატარებენ სათანადო ღონისძიებებს, რათა პერიოდულად გადამზადდნენ პედაგოგები და ამ გზით მნიშვნელოვნად აიმაღლონ კვალიფიკაცია. უწყვეტი განათლების პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია, პედაგოგების შესაბამისი ტრენინგებისა და გადამზადების კურსების ორგანიზებას სისტემატური ხასიათი ჰქონდეს.“
აუდიტის მიერ შემოწმებული ბაღების ძირითად ნაწილში პრობლემატურია გადატვირთული ჯგუფები. შესაბამისად, ჯგუფებში ბავშვების სიმრავლე, მათი და პედაგოგთა რაოდენობის თანაფარდობის დარღვევა, მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. ისეთ ჯგუფებში, სადაც აღმზრდელთა რაოდენობა საკმარისი არ არის, სათანადო ყურადღება ვერ ექცევა თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს.
კანონის მიხედვით, 2024 წლიდან, იცვლება საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა მიმართ არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამოქმედებული ცვლილების მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგს უნდა ჰქონდეს შემდეგი კვალიფიკაცია:
♦ ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
♦ ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების კურსი.
თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქუთაისშ, 656 აღმზრდელიდან, 388-ს აქვს პედაგოგიური ან ჰუმანიტარული განათლება, დანარჩენები სხვადასხვა პროფესიის არიან; რუსთავში, 176 აღმზრდელიდან, 113-ს აქვს პედაგოგიური და ჰუმანიტარული განათლება; ფოთში, 157 აღმზრდელიდან, შესაბამისი განათლება მხოლოდ 67 დასაქმებულს აქვს; თბილისში გადამზადებას საჭიროებს 267 პედაგოგი. გამომდინარე იქიდან, რომ საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა წლების განმავლობაში მზარდია, იმ აღმზრდელი პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც 2024 წლისთვის აუცილებელ გადამზადებას დაექვემდებარებიან, იმ დროისთვის, რამდენიმე ასეულს მიაღწევს. შესაბამისად, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გარეშე, ბაღები არ აღმოჩნდებიან მზად ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ანგარიშის დასკვნაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაციის მქონე საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. ეს კი, თავისთავად, სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე აისახება, რადგან პედაგოგთა კვალიფიკაცია არსებითი კომპონენტია სასკოლო მზაობისთვის. ამის გარდა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმ პედაგოგების გადამზადებას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ბაღებში, ასევე, არ არის დაცული პედაგოგების უწყვეტი განათლების ორგანიზების პრინციპი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სერვისის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
ხარისხიანი სერვისის უზრუნველსაყოფად საჭირო ადამიანური რესურსი
ამ მიმართულებით, 2014-2019 წლების მონაცემების შესწავლით, გამოვლინდა, რომ თბილისისა და ქუთაისის საბავშვო ბაღებში არ არის დაცული ჯგუფებში ბავშვთა დასაშვები რაოდენობა. კერძოდ, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს, ჯამურად, 83 ჯგუფი ფუნქციონირებდა. აქედან, 79 ჯგუფში ბავშვთა დასაშვები რაოდენობა კანონით განსაზღვრულ ნორმას აჭარბებდა, ხოლო მათ შორის 17 ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 40-ზე მეტი იყო. თბილისში — ფუნქციონირებადი 830 ჯგუფიდან 298-ში აღსაზრდელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარზე მეტი იყო. რაც შეეხება რუსთავისა და ფოთის ბაღებს, მათ კანონის ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქვთ, რაც განპირობებულია მოსახლეობის მხრიდან ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნით. ეს, ერთგვარად, დადებითი ტენდენციაა, თუმცა, არსებული რესურსები ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას და შეზღუდული ფინანსური რესურსების ფარგლებში, მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ მყისიერ რეაგირებას.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით დადგენილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების მოცულობა და აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების და ბავშვების რაოდენობის თანაფარდობა:
ასევე გამოვლინდა, რომ საბავშვო ბაღებში არ არის დაცული აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობის კანონით დადგენილი მოთხოვნა.
დიაგრამაზე ნაჩვენებია ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში, ჯგუფების მიხედვით, იმ ბაღების რაოდენობა, სადაც დარღვეულია სტანდარტები.
პედაგოგებისა და აღსაზრდელების თანაფარდობის მხრივ, დადგენილი ნორმები დარღვეულია თბილისის ბაღებშიც. ჯამში, 298 ჯგუფში ერთ პედაგოგზე ბავშვების რაოდენობა აჭარბებს კანონით განსაზღვრულ ნორმას. ამის გამომწვევი მიზეზი აღმზრდელ-პედაგოგების არასაკმარისი რაოდენობაა. ადამიანური რესურსების ნაკლებობა კი, ერთი მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს შეზღუდული ფინანსური რესურსებით, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების ნაკლებობით. აუდიტის დასკვნა ამ პუნქტთან მიმართებაში ასეთია: „თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღმზრდელთა არასაკმარისი რაოდენობა აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რაც შესაძლებელია აღსაზრდელთა სათანადო ხარისხით სასკოლოდ მზაობისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს. ასევე, პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები საკითხის გადასაჭრელად. ამასთანავე, არ არსებობს კონკრეტულ დროში გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვით პედაგოგებისა და აღსაზრდელების რაოდენობა კანონთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. ის გარემოება, რომ საკითხი გადაუჭრელია, მნიშვნელოვნად აფერხებს სკოლამდელი აღზრდის სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას.“
ინფრასტრუქტურა
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გასაზრდელად, 2014-2019 წლებში, ახალი ბაღების მშენებლობაზე გადახდილია 43,999.4 ათასი ლარი, ხოლო არსებული ბაღების რეაბილიტაციაზე 5,591.2 ათასი ლარი დაიხარჯა, არსებული ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. „გამოვლენილი გარემოება მიუთითებს მენეჯმენტის მხრიდან სტანდარტების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე, რადგან შესაძლებელი იყო, მინიმუმ, ახლად აშენებული ბაღების მოქმედ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა. საჯარო ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურის მოცულობა ვერც სერვისზე არსებული მოთხოვნის სათანადო დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ შენობები სრულად არ არის აღჭურვილი კანონმდებლობით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენობაში ბავშვების დიდი რაოდენობით კონცენტრაციის დროს. შესაბამისად, 2014-2019 წლებში, მუნიციპალიტეტების მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე განხორციელებული ღონისძიებები, მიწოდებული სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას,“ — ვკითხულობთ ანგარიშში.
ავტორიზაცია
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი საკითხია ბაღების ავტორიზაცია. მოქმედი კანონმდებლობით, როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღების ავტორიზაციის პროცესს ახორციელებს მუნიციპალიტეტი. საბავშვო ბაღები ავტორიზაციის პირობებს იმ შემთხვევაში აკმაყოფილებენ, თუ: დაწესებულებაში სწავლა/სწავლება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად; დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა-ნაგებობის მოწყობა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს; დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს; დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს; დაწესებულებაში ადამიანური რესურსის კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და სხვა პერსონალისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაპირველი რედაქციის მოთხოვნების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინათ. კანონის მიღებამდე, მასზე მუშაობის პროცესში, საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებთან და შესაბამის კომპეტენტურ პირებთან ერთად, განიხილავდნენ ახალი რეგულაციების მოთხოვნებს. შესაბამისად, ორგანიზაციები რეგულაციის მიღებამდე ბევრად ადრე იყვნენ ინფორმირებული ახალი მოთხოვნების შესახებ. ამასთანავე,საბავშვო ბაღების საქმიანობის სტანდარტების შეცვლის შემდგომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე, უნდა შეექმნათ მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნებოდა განახლებული სტანდარტის პირობებში ავტორიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ.
მიუხედავად კანონის მოთხოვნებისა, თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღებს არ განუხორციელებიათ სათანადო ქმედებები, რათა დაეკმაყოფილებინათ ავტორიზაციის პირობები. მუნიციპალიტეტებში არ შექმნილა დოკუმენტი, სადაც ასახული იქნებოდა ხედვა, თუ როგორ აპირებდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტორიზაციის პროცესის დაწყებას. ა(ა)იპ-ების მენეჯმენტს არ განუხორციელებია სათანადო ღონისძიებები, რომლებიც ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე უზრუნველყოფდა საბავშვო ბაღების კანონით განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, არსებული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების პირობებში, ავტორიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო, ამიტომ მათ ვერ მოახერხეს ავტორიზაციის პროცესის დაწყება. იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებმა ვერ დააკმაყოფილეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ გაუხანგრძლივდათ ავტორიზაციის დასრულების ვადა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე. მიუხედავად ამისა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა ვერ შეძლეს ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ავტორიზაციის დასრულების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
ლალი ჯელაძე