საქართველოს 15 საჯარო სკოლაში, დაწყებით საფეხურზე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემის დანერგვა დაიწყო.
სისტემის პილოტირების ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით, აქტიური ინტერვენციები იგეგმება: მასწავლებელთა პროფესიული გაძლიერება, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნა, მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ჩართვა პროცესში, სკოლებში პროგრამის სამუშაო ჯგუფების შექმნა და ა.შ.
რა არის მხარდამჭერი მრავალშრიანი სისტემა? არის თუ არა შესაძლებელი, ყველა მოსწავლეს წარმატების თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ? – ამ შეკითხვებს USAID საბაზისო განათლების პროგრამის ინკლუზიური განათლების მიმართულების დირექტორი ეკა დგებუაძე პასუხობს.
⇒ მხარდამჭერი მრავალშრიანი სისტემა გულისხმობს მოსწავლეებში აკადემიური, სოციოემოციური და ქცევითი უნარების გაუმჯობესებას, რაც ავლენს ყველა მოსწავლის საჭიროებას და, მტკიცებულებაზე დაფუძნებით, ინდივიდუალურად მათზე მორგებულ სასწავლო გარემოს ქმნის. მხარდამჭერი მრავალშრიანი სისტემის პილოტირების ფარგლებში, რომელიც საქართველოს 15 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, I-VI კლასების დაწყებითი საფეხურის ქართულისა და მათემატიკის ყველა მასწავლებელი, ასევე, სპეციალური მასწავლებელი გადამზადდება სწავლების ისეთი მეთოდოლოგიის გამოყენებაში, როგორიც არის: სწავლის უნივერსალური დიზაინი, მოსწავლეზე დაკვირვება, განმავითარებელი შეფასება, დიფერენცირებული სწავლება, კლასის მართვა და ა.შ.
⇓ როგორ გამოიყურება მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემა?
⇒ სისტემა სამი ძირითადი შრისგან შედგება. პირველი შრე გულისხმობს მასწავლებლის დაკვირვებას კლასში ყველა მოსწავლეზე, წელიწადში სამჯერ, კითხვასა და მათემატიკაში დიაგნოსტირებას და მიღებული მონაცემების დამუშავებას. მონაცემების დამუშავების საფუძველზე, მასწავლებელი ადგენს, რომელ მოსწავლეს აქვს პრობლემა ცოდნასა და უნარ-ჩვევებში, რაც შესაძლებელს ხდის, რომ მასწავლებელმა დროულად განავითაროს მოსწავლის უნარები და განამტკიცოს ცოდნა.
იდენტიფიცირებული საჭიროებების განვითარების მიზნით, მასწავლებელი იყენებს სწავლის უნივერსალურ დიზაინს, დიფერენცირებულ სწავლებას, რემედიაციას, კლასის მართვის სტრატეგიებს და სხვა საჭირო მეთოდოლოგიას.
გამოვლენილ საჭიროებაზე მუშაობა მოსწავლეს ეხმარება არსებული და ახალი უნარის/უნარების ათვისებაში, ახალი მასალის ძველზე დაშენებაში, რაც მას, სასწავლო პროცესში, უფრო აქტიურს, მოტივირებულსა და თვითდაჯერებულს ხდის.
მასწავლებლის მოსწავლეზე მუდმივი დაკვირვების, სწორი, მიზანმიმართული ჩარევის შემთხვევაშიც, შესაძლებელია გამოვლინდეს მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც უფრო ინტენსიური და მცირე ჯგუფებში მუშაობის საჭიროება აქვს, რაც გულისხმობს შრეებს შორის მოძრაობას, ანუ ერთი შრიდან მეორეზე გადასვლას.
⇓ რა რეკომენდაციები ეძლევა მასწავლებელს იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეს უფრო ინტენსიური მხარდაჭერა ესაჭიროება?
⇒ თუ ინტენსიური ჩარევის შემთხვევაშიც და მცირე ჯგუფებში მუშაობის დროსაც მოსწავლე სასურველ შედეგს ვერ აღწევს და მას კიდევ უფრო ინტენსიური მხარდაჭერა ესაჭიროება, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მშობელთან შეთანხმებით და შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლისთვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ქმნის, რაც მესამე შრეზე გადასვლას გულისხმობს.
ეს არის შრეებს შორის მოძრაობის უწყვეტი პროცესი, რასაც მოსწავლე აღწევს მასწავლებლის მიერ სწორად განსაზღვრული მეთოდოლოგიის, სტრატეგიებისა და ინსტრუქციების გამოყენებით.
მრავალშრიანი მხარდაჭერის სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენი საკლასო გარემო ნამდვილად მოსწავლეზე ორიენტირებული იყოს და ბავშვებს სწავლის უფრო მაღალი მოტივაცია გავუჩინით.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისთვის. პროგრამის ტრენინგები, ქოუჩინგის სესიები, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები განკუთვნილია როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისთვის, სპეციალური მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორისთვის. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და მას RTI International ახორციელებს.
ესაუბრა ლალი ჯელაძე