თამარ ჯაყელი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტი
განათლების მეცნიერებები ცოდნის კატეგორიზების სხვადასხვა კლასიფიკაციას გვთავაზობენ, თუმცა ინფორმაციის გადამუშავებისა და ცოდნის აგების პროცესის კონსტრუქტივისტული პარადიგმიდან განხილვისას და ცოდნის საკვანძო განზომილებებზე ყურადღების გამახვილებისას, მეცნიერები ცოდნის სამ კატეგორიაზე შეთანხმდნენ. ესენია: დეკლარატიული ცოდნა, პროცედურული ცოდნა, პირობისეული ცოდნა (Anderson, J. (1990); Marzano, R.J. (1988); Flavell, J. H. (1976)1.
შერბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი ჟ. ტარდიფი, რომელმაც პედაგოგიკისთვის კოგნიტური ფსიქოლოგიის ყველა საგულისხმო მონაპოვარს მოუყარა თავი, ცოდნის სამ კატეგორიას შემდეგნაირად2 განიხილავს:
დეკლარატიული ცოდნა გულისხმობს არსებითად თეორიული რიგის ცოდნებს, იქნება ეს ფაქტები, ტერმინები, წესები, კანონები, განმარტებები, თეორიები, პრინციპები, ფორმულები და სხვა. ცოდნის ეს კატეგორია უპასუხებს შეკითხვას „რა მახსოვს? “.
თავის დროზე საგანმანათლებლო ლიტერატურაში სწორედ დეკლარატიული ცოდნა სახელდებოდა „ცოდნად“. დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა – მას მოქმედებაში ვერ ვიყენებთ. იმისთვის, რომ შევძლოთ ამ ცოდნის გამოყენება, ის უნდა გარდავქმნათ პროცედურულ და პირობისეულ ცოდნად. მოვიყვანოთ ერთი-ორი მაგალითი:
♦ შესაძლებელია, მოსწავლეს დამახსოვრებული ჰქონდეს ზმნის განმარტება, მაგრამ ეს ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან შეძლოს ამ ცოდნის გამოყენება, მაგალითად, შეძლოს წინადადებებში ზმნის ამოცნობა.
♦ შესაძლებელია, მასწავლებელმა თეორიულად იცოდეს განვითარების ფსიქოლოგიის თეორიები და ტესტურ შეკითხვებსაც შესანიშნავად უპასუხოს, მაგრამ ამ კატეგორიის ცოდნის ფლობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან შეძლოს მოსწავლეებთან მუშაობისას ამ ცოდნის გათვალისწინება და გამოყენება. ამისთვის საჭიროა პროცედურული და პირობისეული ცოდნა.
დეკლარატიული ცოდნის ათვისებას ძალიან უწყობს ხელს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხების გამოყენება, მაგალითად, შეძენილი ცოდნის რაიმესთან ასოცირება, მისი კონტექსტში გამოყენება, გარკვეული პერიოდულობით გახსენება (საღამოს, ორი დღის შემდეგ, 1 კვირის თავზე, 1 თვის თავზე, 6 თვის თავზე, 1 წლის თავზე). გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლე, და ზოგადად ადამიანი, ინფორმაციას ამუშავებს და იმახსოვრებს მუშა მეხსიერების საშუალებით. ამ უკანასკნელის „ტევადობა“ კი შეზღუდულია. თუ გვსურს გავუადვილოთ მოსწავლეებს ინფორმაციის დამუშავება და დამახსოვრება, აუცილებელია, იგი ურთიერთდაკავშირებული, ორგანიზებული სახით მივაწოდოთ მას, რისთვისაც შეიძლება ასოციაციური რუკებისა და სხვადასხვა ტიპის მაორგანიზებელი სქემების გამოყენება. მართლაც, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციათა სიმრავლის დამუშავება-დამახსოვრება იმგვარ რესურსებს მოითხოვს, რომლებსაც მოკლებულია მუშა მეხსიერება და, შესაბამისად, დამუშავების პროცესში ბევრი ინფორმაცია იკარგება. მაორგანიზებელი სქემები გონებისთვის საყრდენი ინსტრუმენტებია, რომლებიც ინფორმაციის დამუშავებასაც უწყობს ხელს და მის დამახსოვრებასაც.
პროცედურული ცოდნა შეესაბამება პროცედურებს, რომლებიც მოქმედებების განხორციელების საშუალებას იძლევა. პროცედურული ცოდნა უპასუხებს შეკითხვას: როგორ განვახორციელო? საგანმანათლებლო ლიტერატურაში მას მოიხსენიებენ, როგორც უნარს, უნარ-ჩვევას. განსხვავებით დეკლარატიული ცოდნისგან, პროცედურული ცოდნა დინამიკური ხასიათისაა და მოქმედებათა განხორციელების საშუალებას იძლევა. ამ კატეგორიის ცოდნის მაგალითებია: არითმეტიკული ოპერაციების განხორციელება, ცდის ჩატარება, ტექსტის წაკითხვა, წერილობითი ტექსტის შედგენა, გეგმის შედგენა, ამოცანის ამოხსნა და სხვა. ამ ცოდნის „გადაცემა“ შეუძლებელია – ის მხოლოდ მოსწავლის მიერ შესრულებული პრაქტიკული მოქმედებების საფუძველზე შეიძლება განვითარდეს. პროცედურული ცოდნის შეძენისას მასწავლებელი შუამავალია შესაძენ ცოდნასა და მოსწავლეს შორის. მას შეუძლია მისცეს რჩევები ან უკუკავშირი გამოსაყენებელ თუ გამოყენებულ სტრატეგიებზე, გადასადგმელ ნაბიჯებზე, მიღებულ პროდუქტზე, შესრულების ხარისხსა და სიჩქარეზე.
მანამდე, სანამ პროცედურული ცოდნა არ არის ავტომატიზებული, მისი ათვისება მუშა მეხსიერების საშუალებით ხდება, ასე ვთქვათ, მუშა მეხსიერება მისი ათვისებითაა დაკავებული. ხოლო, როცა პროცედურული ცოდნა ავტომატიზებულია, მისი გამოყენება მუშა მეხსიერების ჩართვას აღარ საჭიროებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია კითხვაში გაუწაფავი მოსწავლე, რომლის გონებაც კითხვის პროცესში მთლიანადაა დაკავებული პროცედურული ოპერაციებით, როგორებიცაა: ასოების დაკავშირება ბგერებთან, ბგერების გაერთიანება მარცვლებად, მარცვლების – სიტყვებად, სიტყვებისა – წინადადებად. ამიტომ მას თითქმის აღარ რჩება მუშა მეხსიერებაში სათანადო რესურსები სააზროვნო ოპერაციების საწარმოებლად და ტექსტიდან აზრის გამოსატანად. გაწაფულ მკითხველს კი ავტომატიზებული აქვს კითხვის უნარი, მისი მუშა მეხსიერება, ამ თვალსაზრისით, თავისუფალია და, შესაბამისად, მკითხველს თავისუფალი გონებრივი რესურსები აქვს ტექსტის შინაარსის გააზრებისა და მრავალმხრივი დამუშავებისათვის. იგივე ითქმის ნებისმიერი ტიპის პროცედურულ ცოდნაზე, რომლის დაუფლებას საჭიროებს სხვადასხვა საგანი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სწავლების პროცესმა ხელი შეუწყოს პროცედურული ცოდნის რაც შეიძლება დროულად ათვისებას ავტომატიზებულ დონეზე, რაც, ცხადია, მოითხოვს ვარჯიშსა და წვრთნას. მასწავლებლის ფუნქციაა, პირველ რიგში, თვალსაჩინო გახადოს პროცედურები (მაგ., მოდელირების გზით); მეორე რიგში, მოსწავლეს შესთავაზოს სასწავლო სიტუაციები, რომლებშიც მას სამიზნე პროცედურების გამოყენება მოუწევს; მესამე რიგში უკუკავშირი მიაწოდოს პროცედურის გამოყენების ხარისხზე, შემდეგ კი, როცა შესრულების ხარისხი გაუმჯობესდება – შესრულების სისწრაფეზე.
პირობისეული ცოდნა უკავშირდება მოქმედების „პირობებს“ – როდის, რა კონტექსტში უნდა გამოვიყენო ესა თუ ის დეკლარატიული თუ პროცედურული ცოდნა?
მოვიყვანოთ მკაფიო მაგალითი არითმეტიკული ოპერაციების გამოყენებით:
♦ მოსწავლე ასახელებს გამრავლების, გაყოფის, მიმატების, გამოკლების წესებს – ეს იქნება დეკლარატიული ცოდნა;
♦ მოსწავლე ამრავლებს, ყოფს, უმატებს, აკლებს რიცხვებს – ეს იქნება პროცედურული ცოდნა;
♦ მოსწავლემ უნდა გაარკვიოს, ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნა რომელი მათემატიკური ოპერაციის გამოყენებას მოითხოვს – ეს იქნება პირობისეული ცოდნა. მოსწავლემ უნდა უპასუხოს შემდეგ შეკითხვას: ამ შემთხვევაში რომელი არითმეტიკული ოპერაცია უნდა გამოვიყენო? რატომ? მან უნდა გამოავლინოს ის პირობები, ის არსობრივი მოდელი, რომელიც ამა თუ იმ ოპერაციის გამოყენებას მოითხოვს.
როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, პროცედურული ცოდნა, ფუნქციური თვალსაზრისით, გამოუყენებელი რჩება პირობისეული ცოდნის გარეშე. სწორედ პირობისეული ცოდნაა პასუხისმგებელი ცოდნის ტრანსფერზე, რადგანაც ის ცოდნის არსისეული ასპექტების წვდომას გულისხმობს. ცოდნის არსისეული ასპექტები უნივერსალურია, თავისუფალია კონკრეტული კონტექსტის მოცემულობებისგან და ამიტომაც იძლევა იგი ერთი კონტექსტიდან მეორეში ცოდნის გადატანისა (ტრანსფერის) და მისი ფუნქციურად გამოყენების საშუალებას. მაგ., თუ გავიაზრებ მხატვრული ხერხის, მეტაფორის, არსებით ნიშან-თვისებებს, მაშინ მე შევძლებ მეტაფორის შეცნობას ნებისმიერ ლიტერატურულ ნაწარმოებში, ანუ ცოდნის გადატანას განსხვავებულ კონტექსტებში:
♦ თუ მხატვრული ხერხი ემყარება ორი საგნის მსგავსებას რაიმე მხრივ (თუნდაც ასოციაციურად);
♦ თუ ერთი საგნის თვისება გადადის მეორეზე, ოღონდ არა შედარებით, არამედ თითქოს გაიგივებით;
მაშინ ეს მხატვრული ხერხი არის მეტაფორა.
პირობისეული ცოდნის მაგალითებია:
♦ მართკუთხედისა და ტრაპეციის ერთმანეთისაგან გარჩევა; ამოცანებს შორის იმ ამოცანის ამოცნობა, რომლის ამოხსნაც გამრავლებას მოითხოვს; ტექსტში არსებითი და არაარსებითი ინფორმაციის გარჩევა;
♦ ტექსტის ჟანრული მახასიათებლების გამოვლენა, უცხოურ ენაში სათანადო ზმნური ფორმების შერჩევა და სხვ.
თუკი პროცედურული ცოდნა მოქმედებათა თანმიმდევრობას შეესაბამება, პირობისეული ცოდნა, არსებითად, შეესაბამება კატეგორიზებას და მოცემული კონკრეტული სიტუაციის ერთგვარ დიაგნოზირებას არსებითი მახასიათებლების მიხედვით (მაგ., რომელი ოპერაციის გამოყენებას მოითხოვს ამ ამოცანის ამოხსნა? რატომ ვფიქრობ ასე? მწერლის მიერ გამოყენებული ეს მხატვრული ხერხი არის თუ არა მეტაფორა? რატომ ვფიქრობ ასე? რატომ გამოიყენა ის მწერალმა, რის ხაზგასმა სურდა მას ამ მხატვრული ხერხით?)
პირობისეული ცოდნის განვითარება მოითხოვს ერთი და იმავე საკითხის მრავალმხრივ დამუშავებას სხვადასხვა კონტექსტში, რათა მოსწავლემ შეძლოს განსხვავებულ კონკრეტულ მოცემულობებში საკითხთან დაკავშირებული ცოდნის უნივერსალური, არსობრივი სტრუქტურების გამოკვეთა, მისი შეცნობა (მაგ., სხვადასხვა ზომის, ფაქტურის, ფერის, მასალის ობიექტებში მართკუთხედების ამოცნობა მისი არსებითი მახასიათებლების გამოკვეთის საფუძველზე).
საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ, თუკი პროცედურული ცოდნა გულისხმობს ერთ პირობას და არაერთ მოქმედებას, პირობისეული ცოდნა, პირიქით, გულისხმობს ერთ მოქმედებას და მრავალ პირობას. საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი:
კოგნიტური ფსიქოლოგიის მიერ გამოვლენილ ცოდნათა კატეგორიებიდან დარგის სპეციალისტები ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენად სწორედ პირობისეულ ცოდნას მიიჩნევენ, რადგანაც ცოდნის ეს კატეგორია ქმნის პროცედურულ და დეკლარატიულ ცოდნათა ფუნქციურად გამოყენების საფუძველს – მართლაც, რა აზრი აქვს ცოდნის შეძენას, თუ მას ვერ გამოვიყენებთ განსხვავებულ კონტექსტებში, ვერ გამოვიყენებთ რეალური ამოცანების გადასაჭრელად. თუკი საგანმანათლებლო სისტემებში ფიქსირდება ცოდნის ტრანსფერის პრობლემა, ამის მიზეზი პირობისეული ცოდნის სასწავლო პროცესში უგულებელყოფაა. მისი გამოვლენა საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სივრცეებში უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ამ კატეგორიის ცოდნის განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლების სტრატეგიებს.
პირობისეული ცოდნის გასავითარებლად ეფექტიან გზას გვთავაზობს ცნებებზე ორიენტირებული პედაგოგიკა. სწორედ ცნებათა მნიშვნელობა, მათი საზრისი წარმოადგენს ცოდნის იმ არსისეულ, უნივერსალურ სტრუქტურებს, რომელთა შეცნობა ცოდნათა მრავალფეროვან კონტექსტებში გადატანისა და ფუნქციურად გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ ვრცელდება მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემებსა თუ პროგრამებში ცნებებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება, სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გრძელვადიანი მიზნები წარმოდგენილი სამიზნე ცნებებისა და ქვეცნებების სახით.
დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნები ცალ-ცალკე განვიხილეთ მათი ნიშან-თვისებების უკეთ წარმოჩენის მიზნით, არ უნდა გვეგონოს, რომ ისინი ხანგრძლივ მეხსიერებაში ერთმანეთისაგან დისოცირებულია. პირიქით, ისინი მჭიდროდ ერწყმიან ერთმანეთს, სისტემური სახით არიან გაერთიანებული ეგრეთ წოდებულ „აზრობრივ სქემებში“. განათლების მკვლევრები „აზრობრივ სქემებს“ უწოდებენ მეხსიერებაში ცოდნათა ორგანიზების ფორმებს. სწორედ ეს აზრობრივი სქემები წარმოადგენს გონების ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ვამუშავებთ მიღებულ ინფორმაციას და გაგების აქტებს ვახორციელებთ. რაც უფრო მეტადაა განვითარებული, ორგანიზებული და იერარქიზებული აზრობრივი სქემები, მით უფრო ძლიერდება ადამიანის გონებრივი რესურსები.
მოვიყვანთ მაგალითს: განათლების ფსიქოლოგის, ბონი მეიერის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წაკითხულის გააზრებასა და დამახსოვრებაში უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ის მოსწავლეები, რომლებმაც იციან ტექსტის სტრუქტურა. ტექსტის სტრუქტურის მცოდნე მოსწავლეები შინაარსსაც უკეთ იაზრებენ და უფრო მეტი ინფორმაციაც ამახსოვრდებათ. საქმე ისაა, რომ ვინც იცის ტექსტის სტრუქტურა, მას მეხსიერებაში აქვს ტექსტობრივი სქემა, რომელშიც ლაგდება წაკითხული ინფორმაცია. ეს აადვილებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციათა შორის აზრობრივი კავშირების გაბმას. მოსწავლემ, რომელიც მოკლებულია ამ დამხმარე კოგნიტურ იარაღს (ანუ არ აქვს სათანადო სქემა), მუშა მეხსიერებაში დიდხანს უნდა შეინარჩუნოს სხვადასხვა წაკითხული ინფორმაცია, რათა შეძლოს მათი ურთიერთდაკავშირება აზრობრივად. დანაწევრებული ინფორმაციის ამგვარი დამუშავება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოითხოვს გაცილებით მეტ კოგნიტურ რესურსს. ამიტომ ხდება მუშა მეხსიერების გადატვირთვა, ანუ „მოკლე ჩართვა“, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ. ამის შედეგად ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება – მკითხველი ტექსტს ხარვეზებით იაზრებს და იმახსოვრებს.
ამგვარად, აზრობრივი სქემები, რომლებიც ორგანიზებულად და იერარქიზებულად აერთიანებს ცოდნათა კომპონენტებს, ერთიორად აძლიერებს ინფორმაციის გააზრების, დამახსოვრებისა და გამოყენების შესაძლებლობებს. ამიტომაც არის ცოდნათა ურთიერთდაკავშირება კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო პარადიგმის ერთ-ერთ პრინციპი: სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთერთდაკავშირებას (იხ. ეროვნული სასწავლო გეგმის შესავალი).
ამ აზრობრივ სქემათა განვითარებისა და ორგანიზებისათვის აუცილებელია ცოდნის სამივე კატეგორიაზე მუშაობა, როგორც ამას აცხადებს ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთიდან ერთ-ერთი საგანმანათლებლო პრინციპი: „სწავლა-სწავლება“ უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას“. ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მოსწავლეთათვის კომპლექსური სასწავლო სიტუაციების შეთავაზება, რომლებშიც მათ მოუწევთ დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნების ურთიერთდაკავშირებულად გამოყენება – ესაა აუცილებელი პირობა დინამიკური ცოდნის გასავითარებლად. მართლაც, ცოდნის გააზრებულად გამოყენებას ახერხებს არა ის, ვინც დაქუცმაცებულად დაისწავლის ცოდნათა ცალკეულ კომპონენტებს, არამედ ის, ვინც მათ სწავლის პროცესში ინტერაქტიურად იყენებს. სწორედ ესაა კომპლექსური დავალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – მისი შესრულება მართლაც მოითხოვს ცოდნათა სამივე კატეგორიის ურთიერთდაკავშირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში.
[1] Anderson, J. (1990). Cognitive psychology and its implications (3rd ed.). New York: Freeman; Flavell, J. H. (1976). Metacognitive Aspect of Problem Solving. In L. B. Resnick (Ed.), The Nature of Intelligence (pp. 231-235). Hillsdale, NJ: Erlbaum. Assn for Supervision & Curriculum; Marzano, R. J. (1988) Dimensions of Thinking: A Framework for Curriculum and Instruction;
[2] Tardif, J. (1997). Pour un enseignement stratégique, L’apport de la psychologie cognitive. Montréal: les éditions logiques