15 ივლისს აბიტურიენტებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქიმიის გამოცდა ჩააბარეს. დღევანდელ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულთა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი.
დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო, დღევანდელ ტესტირებაზე არ გამოცხადდა 15-მდე გამოსაცდელი. 16 ივლისს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს გეოგრაფიის გამოცდით გააგრძელებენ, სამედიცინოს მიმართულებით დარეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა კი გამოცდები დაასრულეს. როგორი იყო საგამოცდო გარემო მათთვის და რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ წლევანდელ აბიტურიენტებს, ამის შესახებ გვიყვება სამედიცინო უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტი დენის ზალდასტანიშვილი.
– დენის, უკვე ოთხივე გამოცდა ჩააბარეთ და პოტენციური სტუდენტი ხართ. ამ გადმოსახედიდან, როგორი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და ყველაზე მეტად რომელი გამოცდის ჩაბარებისას ინერვიულეთ?
– ქრონოლოგიურად გავყვები გამოცდებს და გავიხსენებ მნიშვნელოვან დეტალებს – ზოგადად, იყო სირთულეებიც, მღელვარებაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ კარგი გარემო იყო შექმნილი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პანდემიის პერიოდია და გარკვეული რეგულაციები დაწესდა. 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მომიწია გამოცდების ჩაბარება. დამკვირვებლებისგან კარგი განწყობა მოდიოდა, ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს, არ გვენერვიულა და არ ვყოფილიყავით დაძაბულები (ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი დამკვირვებლები შემხვდნენ, იმედია სხვა აბიტურიენტებსაც), მიუხედავდ მათი პოზიტიური განწყობისა, თავისთავად, მაინც ვნერვიულობდი.
პანდემიის პერიოდის სწავლაზე ორი სიტყვით გეტყვით, რომ პანდემიამ, გარკვეულწილად, მაინც შემიშალა ხელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში. ჯერ ერთი, ორი წელი სკოლაში არ გვივლია, ამას დამატებული ონლაინ სწავლება, სრულიად ახალი გამოწვევა, რომლის გამოც, შემიძლია ვთქვა, რომ ეს წელი არ იყო სათანადოდ პროდუქტიული. თვითონ მასწავლებლებისთვისაც (რეპეტიტორები) ახალი იყო გაკვეთილების ონლაინ ჩატარება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უფრო მეტი ენერგიაც იხარჯებოდა ონლაინ მომზადებისას, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებ ცოდნას ვიღებდი.
ყველაზე მეტად მაინც პირველ გამოცდაზე ვინერვიულე, რადგან პირველი იყო. შემდეგ ძალიან ვინერვიულე ბიოლოგიის გამოცდაზე, რადგან ეს გადამწყვეტი საგანია სამედიცინოს მიმართულებით. ქართულის გამოცდა მაინც ისეთი საგანია, რომელსაც მეტი შემოქმედებითობა სჭირდება – მაგალითად, არგუმენტირებული ესეს წერისას უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუნდაც, ის, რომ შენი აზრით სხვას ზიანი, შეურაცხყოფა არ მიაყენო. ამიტომ, წერისას, ვცდილობდი დამეცვა რაღაც „ჩარჩოები“, რომელიც გარკვეულ უკმაყოფილებასაც კი იწვევს ჩემში. არ მომწონს, რადგან საკუთარი აზრი, როგორიც არ უნდა იყოს, შეუზღუდავად უნდა გამოხატო, მაგრამ, ცხადია, ეს აზრი უნდა იყოს არგუმენტირებული. ამის გარდა, ქართულის გამოცდა სანერვიულო იმის გამოც იყო, რომ ძალიან დიდი მასალაა და, ბოლოს და ბოლოს, ქართული ენაა და გამართულად წერა უნდა შეგეძლოს. მეორე გამოცდაზე – ინგლისურ ენაზე საერთოდ არ მინერვიულია იმიტომ, რომ დღევანდელ საქართველოში სამწუხარო რეალობა ასეთია – გაცილებით უკეთ აბარებენ აბიტურიენტები ინგლისურ ენას, ვიდრე ქართულს. თავისთავად, მეც მათ რიცხვში ვარ. ამიტომ, ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და ვფიქრობ, კარგადაც ჩავაბარე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩიოდა, კარგად არ ისმოდა მოსასმენი ნაწილიო. მე ეს პრობლემა არ შემქმნია.
რაც შეეხება ბიოლოგიის გამოცდას, აქ სერიოზული პროტესტი გამიჩნდა. ისეთი ორაზროვანი საკითხები იყო ტესტში, რომ დამაბნეველი აღმოჩნდა. ორივე ლოგიკით რომ წასულიყავი, საბოლოო ჯამში, მიდიოდი იმ აზრთან, რომ ორივე სწორია. ამიტომ, ძალიან რთული იყო პასუხების დაფიქსირება. ჩემი აზრით, დახურულ საკითხებში სიტყვებიც არასწორად იყო ფორმულირებული. არ ვიცი, საიდან გადმოთარგმნეს, ან უბრალოდ, სპეციალურად შეადგინეს ასე დამაბნევლად, რომ დაბალი ქულები დაიწეროს?
პროტესტის გრძნობა იმიტომაც გამიჩნდა, რომ, ვფიქრობ, ბიოლოგია კარგად ვიცი (კარგად ვარ მომზადებული). აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ცოდნის შესამოწმებლად არ იყო ბიოლოგიაში ტესტები შედგენილი. ამიტომ არ ვარ კმაყოფილი, ვფიქრობ, მაღალ ქულაზე ვერ დავწერე. რაც შეეხება ბოლო – ქიმიის გამოცდას – ძალიან კმაყოფილი ვარ, მარტივად გავართვი თავი ყველა საკითხს და კარგ შედეგსაც ველოდები.
საერთო ჯამში კი, კარგ შედეგებს ველოდები, მიუხედავად იმისა, როგორც გითხარით, ბიოლოგიის გამოცდით არ ვარ კმაყოფილი. თუმცა, ბიოლოგიაში, როგორც ჩანს, მაღალი ქულები წელს არ დაიწერება, რადგან ჩემსავით ბევრი აბიტურიენტი ფიქრობს ბიოლოგიის ტესტის სირთულეზე. ანალოგიურად, ჩემსავით გაუჭირდა დანარჩენ აბიტურიენტებსაც ბიოლოგიის ტესტის დაწერა. აქედან გამომდინარე, კონკურენციაც, ბიოლოგიის საგანში, შედარებით დაბალ ქულაზე იქნება მიმართული და ეს ბევრს არაფერს შეცვლის საერთო ჭრილში.
– რა რჩევას მისცემდი მომავალ აბიტურენტებს – რაზე გააკეთონ მეტი აქცენტები?
– დახარჯეთ ნაკლები ემოცია იმაზე ფიქრში როგორ ჩავაბარებ გამოცდას, ნუ დაიტანჯავთ იმაზე წუხილით თავს, რომ იმედი არ გავუცრუო ოჯახს – დედას, მამას, ახლობლებს. არ დაისტრესოთ თავი ამაზე ფიქრით. პირადად განვიცადე ეს ყველაფერი და შემოდგომაზე დეპრესიაც კი დამეწყო ამის ნიადაგზე. უბრალოდ, ამ ყველაფერს შეხედეთ უფრო მარტივად, რომ ეს არის თქვენი ცხოვრება და გამოცდაზე რა შედეგსაც დადებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ, თავს უნდა გაუფრთხილდეთ და მეტი იშრომოთ, ისწავლოთ. თავისთავად, ასეთ დროს შედეგიც უკეთესია და ემოციურადაც უფრო მშვიდი ხარ – თავდაჯერებული შენს ცოდნაში. გვერდით რა ხდება, ოჯახის წევრები რას ფიქრობენ, როგორ ღელავენ, ვინ რას იტყვის – ეს ყველაფერი გამოცდის წინ მეორეხარისხოვანი ხდება. არ ღირს ამაზე ზედმეტად ემოციის ხარჯვა.
რაც შეეხება უშუალოდ წინა საგამოცდო პერიოდს, გეტყვით, რომ გამოცდის წინა დღეს საერთოდ არაფერი არ უნდა გააკეთო. მე, მაგალითად, ბიოლოგიის გამოცდის წინა დღეს წავედი მასწავლებელთან და ვიმეცადინე. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი ვიყავი გაკვეთილზე, მაინც ძალიან გამოვიფიტე და მეორე დღეს არ ვიყავი ისეთი შემართებით. თუმცა, რაც წინა დღეს განვიხილეთ, გაკვეთილზე, გამოცდებზე ის საკითხები შემხვდა, მაგრამ, ალბათ, მაინც დასვენება აჯობებდა.
რაც მთავარია, გამოცდის შემდეგ არ იმსჯელოთ და იანგარიშოთ ქულები, ეს კიდევ უფრო სტრესულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ.
– რატომ აირჩიე ეს პროფესია და სწორად მიგაჩნია სამედიცინოზე ორივე საგნის – ბიოლოგიისა და ქიმიის ჩაბარება.
– პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თავიდან ჰუმანიტარული საგნებისკენ ვიყავი მიდრეკილი. ერთი პერიოდი გადაწყვეტილი მქონდა, ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარება, მერე იურისტობაც მინდოდა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება უცებ შეცვალა ბიოლოგიის საგნით დაინტერესებამ – საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, რომ სამედიცინოზე ჩავაბარებდი. ამ დროს გავიაზრე ისიც, რომ ექიმობა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა და ამით ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარები. ამის გარდა, თუ სწორად დაგეგმავ შენს კარიერას სამედიცინო სფეროში, შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიო კიდეც და თან არც თუ ურიგო ანაზღაურება გექნება. მოკლედ, ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ჩემი საბოლოო არჩევანი. რაც მთავარია, უდიდეს სიამოვნებს მანიჭებს, როცა ვინმეს ვეხმარები, ალბათ, უმთავრესიც ეს არის. საკმაოდ ამბიციური ადამიანი ვარ და მინდა წინ წავიწიო და ქვეყნისთვისაც კარგი საქმე გავაკეთო ამ სფეროში. იმედია, გამომივა.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რომელ მიმართულებას ავირჩევ, ეს უფრო სწავლის პროცესში გამოჩნდება, რა დამაინტერესებს, ამ გადმოსახედიდან, ჩემს თავს უფრო ქირურგიაში ვხედავ – შეიძლება ნეიროქირურგია ავირჩიო ან კარდიოქირურგია. ვნახოთ, თუმცა, გეზი მაინც ქირურგიაზე მაქვს აღებული.
რაც შეეხება იმას, რომ სამედიცინოზე უნდა ბარდებოდეს თუ არა ქიმიაც და ბიოლოგიაც, გეტყვით, რომ აუცილებლად. თუმცა, მე უფრო ვისურვებდი, რომ ბიოლოგიის და ქიმიის ტესტებში აქცენტი მეტად გაკეთდეს იმ საკითხებზე, რაც უშუალოდ სამედიცინო მიმართულებით გამოგვადგება. ხანდახან ზედმეტი (არასაჭირო ინფორმაცია) ისე გადაგტვირთავს, რომ მათავარი გვერდზე გრჩება და ახალი ინფორმაციის აღქმაც გიჭირს.
– დენის, როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა მნიშვნელობა მიზნის მისაღწევად, რომელ სკოლაში სწავლობ, ე.წ. „პრესტიჟულ“ სკოლაში თუ ჩვეულებრივ სტანდარტულ სკოლაში?
– ჩემი აზრით, მთავარია, გქონდეს მიზანი და გააკეთო სწორი არჩევანი – რა გინდა, რომ მომავალში აკეთო. რა მნიშვნელობა აქვს, ამ მიზნის მისაღწევად რომელ სკოლაში ისწავლი – ერთშიც და მეორეშიც შენზეა დამოკიდებული როგორ იშრომებ, როგორ ისწავლი, როგორ მოემზადები. ყველა სკოლა ერთნაირ განათლებას გაძლევს, ამიტომ შენ თვითონ უნდა იყო მოტივირებული მიუახლოვდე მიზანს.
– დაბოლოს, ასეთი მძიმე და დატვირთული წლის შემდეგ, როგორია შენი ზაფხულის გეგმები?
– მეგობრებთან ერთად ხვალვე მივდივარ ზღვაზე დასასვენებლად. ვიდრე უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება, ბოლომდე უნდა გამოვიყენო დრო გასართობად, მთელი წლის დანაკლისი უნდა ავინაზღაურო.
ლალი ჯელაძე