1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

„Another Brick in The Wall“, ანუ შაბლონური აზროვნება, როგორც განათლების სისტემის მეტაფორა

spot_img

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ქართულის გაკვეთილია და მასწავლებელი ახალ მასალას ხსნის. რას ხედავთ? მე პირადად – მკაცრი სახის მასწავლებელს, რომელიც იძახის: „დიდი ილია ჭავჭავაძე“, „ვაჟა – ბუნების დიდი მესაიდუმლე“… და ფონად სათაურში ნახსენები მუსიკა ჩამესმის.

მე ის თაობა ვარ, ვისთვისაც მასწავლებელი ურყევი ავტორიტეტი იყო, მისი ყოველი სიტყვა კი – უცილობელი ჭეშმარიტება. რაც თავად გავხდი მასწავლებელი, გავაცნობიერე, რომ ავტორიტეტები არ არსებობენ. ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. მათ შორის, ჩვენი საყვარელი ავტორებიც. თანამედროვე ბავშვებისთვის არანაირად არაა საინტერესო კოსმიურ სიმაღლეზე მყოფი მწერალი თუ პოეტი, რომელსაც ვერასდროს შესწვდება. მას „მოშინაურებული“ ავტორები და ტექსტები სჭირდება. ეს დაზეპირებული ფრაზები, რომელიც მასწავლებელს ვიღაცის წიგნიდან აქვს ამოკითხული, მათთვის ძალიან მოსაწყენია. ამ დროს მხოლოდ ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მუშაობს, ანუ მოსწავლე ძირითადად ინფორმაციის დამახსოვრებაზეა ორიენტირებული. არ არის ჩართული მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც შემოქმედებით აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ არ იქმნება ის  მუხტი, რომელიც მას გაკვეთილში ჩართვას აიძულებს.  შეიძლება ვიღაცამ, მასწავლებლის საამებლად და კარგი ნიშნის მისაღებად, ყოველგვარი პროტესტის გარეშე მიიღოს და თავადაც გამოიყენოს მსგავსი ფრაზები, მაგრამ გულში საგანიც შეიზიზღოს და თქვენი ნალოლიავები ავტორებიც. რატომ? პასუხი მარტივია! იმიტომ, რომ მას მზა ფორმულები მიაწოდეს ისე, რომ აზრიც არ ჰკითხეს და აღმოჩენის სიხარულიც წაართვეს. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობასაც აფუჭებს და კლასის მართვაც უფრო და უფრო რთული ხდება.

მგონი, დროა, ყველა მასწავლებელმა დაამსხვრიოს მეტაფორა „თავში ჩადება“ და გადავიდეს „ევრიკაზე“. ხომ არ სჯობს,  ცარიელი ფრაზების ნაცვლად, უშუალოდ ტექსტებით ვესაუბროთ მოსწავლეებს, მივცეთ მათ საშუალება იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, თავისუფლად გამოხატონ აზრი, თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი, და თავად დაინახონ თითოეული ავტორის განსაკუთრებულობა.

წყალი სათავიდან იმღვრევაო, ნათქვამია და ამ პრობლემაში განათლების სისტემის როლიც იკვეთება. ასეთი მოსწავლე-მასწავლებლები მისი პროდუქტია. Pink Floyd-ის ცნობილი სიმღერის სათაური მეტაფორულად შეიძლება  სწორედ სისტემას დავუკავშიროთ. იქნებ დადგა დრო ამ პროდუქტის განახლებისა? სანამ, იმ კლიპისა არ იყოს, ყველაფერი თავზე ჩამოგვემხო.

ხო, კიდევ, ინდივიდუალურობაში ცუდი არაფერია და შიში ვერ იქმს სიყვარულს!

 ლალი კუკავა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები